ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა რვა წლის ვადით აეკრძალათ.
ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ინტერესთა კონფლიქტის გაღვივების, სხვა პირის მიმართ გამოჩენილი ლოიალობისა და საჩუქრების გადაცემით ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია.
პლატინიმ ფიფას ის წესი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და ლოალობას ეხება.
ბლატერსაც და პლატინიც დისკვალიფიკაციის გარდა ფულადი ჯარიმები დაეკისრათ: შვეიცარიელს 37,1 ათასი, ფრანგს კი 74,2 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ბრალდების თანახმად, ბლატერმა პლატინის 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობისთვის თანხა გამოუყო, რომელიც ფრანგმა ჩინოსანმა 2011 წლის თებერვალში მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვის დროს აღიარეს, რომ თანხის გადაცემის თაობაზე ზეპირი შეთანხმება მართლაც ჰქონდათ.
შვეიცარიული კანონმდებლობით, დასაქმებულმა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ვალდებულების შესრულებიდან ხუთი წლის ვადაში უნდა მიიღოს, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.