„ინტერი“ „ატალანტას“ დაუზავდა

იტალიის სერია A-ს X ტური ბერგამოშ დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „ატალანტამ“ „ინტერს“ უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მე-16 წუთზე ანგარიში რიკი ალვარესმა გახსნა, თუმცა ცხრა წუთში წონასწორობა ჰერმან დენისმა აღადგინა.

„ატალანტა“ – „ინტერი“ 1:1
გოლები: დენისი 25′ – ალვარესი 16′

„ატალანტა“: კონსილი, ბრივო, სტენდარდო, იეპესი, კანინი, რაიმონდი, ჩიგარინი (ბაზელი 74′), კარმონა, მორალესი (მილიაჩ 81′), დენისი, ლივაია (მარილუნგო 65′)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარისო 46′), როლანდუ, სამუელი, ჟუან ჟეზუსი, ჯონათანი (ტაიდერი 86′), გუარინი (იკარდი 66′), კამბიასო, კოვაჩიჩი, ნაგატომო, ალვარესი, პალასიო

გაფრთხილებები: სტენდარდო, კანინი, მილიაჩო – სამუელი

ალექსანდრე მატევოსოვი

“მილანი” დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

27 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “პარმამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დააამარცხა.

თამაში საკმაოდ დრამატული გამოდგა. პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა, თავი “პარმას” ნახევარმცველმა, მარკო პაროლომ გამოიჩინა. მასპინძლებმა მეორე გოლი პირველი ნახევრის დასასრულს გაიტანეს, ამჯერად კი, “მილანის” კარი ანტონიო კასანომ აიღო.

მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე, “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მოედანზე პოლისა და ბალოტელის ნაცვლად, კაკა და მატრი შეიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო.

61-ე წუთზე, ალესანდრო მატრიმ სხვაობა ერთამდე შეამცირა, ხოლო ზუსტად ორ წუთში, მატიას სილვესტრემ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

ამის შემდეგ, წინ გასვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა 94-ე წუთზე, მარკო პაროლომ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

“პარმა” – “მილანი” 3:2

“პარმა”: მირანტე, გობი, კასანი, ლუკარელი, ფელიპე (ბენალუანი 76′), გარგანო, მარკიონი, პაროლო, კასანო (როსი 73′), ამაური (სანსონე 64′), ბიაბიანი.

“მილანი”: გაბრიელი, საპატა, სილვესტრე, აბატე, კონსტანტი, ბირსა, დე იონგი, მონტოლივო, პოლი (კაკა 52′), რობინიო (საპონარა 88′), ბალოტელი (მატრი 52′).

გოლები: 11′ პაროლო, 45+1′ კასანო, 90+4 პაროლო – 61′ მატრი, 63′ სილვესტრე.
გაფრთხილებები: 78′ პაროლო, 83′ ლუკარელი, 90′ გარგანო – 34′ ბალოტელი, 83′ დე იონგი, 90+4′ საპატა.
მთავარი მსაჯი: პაოლო ვალერი.

დიტო ჭიჭინაძე

პიანიჩის დუბლით „რომამ“ ზედიზედ მერვედ იმარჯვა (ვიდეო)

პირველი შვიდი მატჩის მოგების მიუხედავად, „რომა“ VIII ტურის წინ „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებდა. შესაბამისად, დედაქალაქურ კლუბთან მოგების შემთხვევაში, რაფაელ ბენიტესის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდებოდა. თუმცა აღნიშნული შანსი „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს. თანაბარი თამაშის ფონზე, „ჯალოროსის“ მოთამაშეებმა მორიგი გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. არადა, ნეაპოლიტანელებს რომაელებზე ნაკლები მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათთან შედარებით, რუდი გარსიას შეგირდებმა თავისი შანსების გამოყენება შეძლეს, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოიტანა.

მატჩის დასაწყისში ორივე გუნდმა თითო სახიფათო მომენტის შექმნა. თავიდან, გოლის გატანის შესაძლებლობა ჟერვინიოს მიეცა, რომელმაც საკმაოდ კარგი პოზიციიდან მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ამის ზუსტად გაკეთება ვერ შეძლო. მოგვიანებით, საკმაოდ კარგი შანსი მეკარესთან პირისპირ გასულმა გორან პანდევმა გაუშვა. ინსინიემ მაკედონიელი შესანიშნავი პასით დე სანკტისთან პირისპირ გაიყვანა, რის მიუხედავად, გამარჯვებული აღნიშნულ სიტუაციაში გამოცდილი კიპერი დარჩა, რომელმაც რეაგირების მოხდენა შეძლო და ბურთს ოდნავ შეეხო, რის შემდეგად ცარიელი კართან დანიელე დე როსიმ ივარგა, რომელმაც ბურთი დროულად მოიგერია.

ფრე – პირველი ნახევრის ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა დედაქალაქელები ბოლომდე იბრძოდნენ. პირველი ნახევრის კომპენსირებული დროის მესამე წუთზე მომხდარი ეპიზოდი მათ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო დარტყმით დასრულდა, საჯარიმო დარტყმით, რომლის გამოყენებაც მირალემ პიანიჩმა შეძლო – 1:0.

სამი წუთი მთავარმა არბიტრმა დანიელე ორსატომ იქედან გამომდინარე დანიშნა, რომ მოთამაშეთა ტრავმების გამო მას თამაშის შეჩერება არაერთხელ მოუწია. „რომას“ მხრიდან ტრავმა ფრანჩესკო ტოტიმ მიიღო, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა – მის ნაცვლად რუდი გარსიამ მოედანზე მარკო ბორიელო შეიყვანა. იძულებითი ცვლილების გაკეთება რაფაელ ბენიტესსაც მოუწია, რომელმაც მიგელ ბრიტოსის ნაცვლად თამაშში პაოლო კანავარო ჩართო.

როგორც ჩანს, საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი უმცროსმა კანავარომ უკვე დაკარგა, რადგან ჟერვინიოს წინაამღდეგ თამაშის წესები სწორედ მან დაარღვია (აღნიშნულ მომენტს საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, რომლის წყალობითაც, როგორც უკვე დავწერე, პიანიჩმა ანგარიში გახსნა). ყველაფერთან ერთად, იმ ეპიზოდში პაოლომ ყვითელი ბარათიც მიიღო. მეორე ტაიმში კი კანავარომ მორიგი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფლორენცის ჩაწოდების დროს საკუთარ საჯარიმოში მარკო ბორიელო წააქცია, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდა“. „რომამ“ კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, ნიშნულთან მირალემ პიანიჩი მივიდა, რომელმაც ზუსტი და უძლიერესი დარტყმით თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა.

პიანიჩის გოლების მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დანიელე დე როსი უნდა იყოს აღიარებული, რადგან იგი მოედნის ყველა ადგილას დომინირებდა და ტოტის არყოფნაში თავის მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებდა.

„რომა“ – „ნაპოლი“ 2:0
გოლები: პიანიჩი 45+3′, 71 (პენ)

„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, სტროოტმანი, დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი (მარკინიო 81′), ტოტი (ბორიელო 33′), ჟერვინიო (ლიაიჩი 58′)

„ნაპოლი“: რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (კანავარო 44′), მესტო, ინლერი (ჯემაილი 83′), ბერამი, ჰამშიკი, კალეხონი, პანდევი (იგუაინი 68′), ინსინიე

გაფრთხილებები: პანდევი, კანავარო, ინლერი – პიანიჩი
გაძევება: კანავარო 70′ (მეორე ყვითელი ბარათი)

 

„რომამ“ „ინტერი“ გაანადგურა, ტოტიმ დუბლი გაიფორმა

იტალიის სერია А-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ინტერმა“ „რომა“ მიიღო და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

დედაქალაქური კლუბის თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ დუბლი გაიფორმა – ჯერ მე-18 წუთზე შეარხია სამირ ჰანდანოვიჩის კარის ბადე, შემდეგ კი – მე-40 წუთზე გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. შეხვედრის 44-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი ალესანდრო ფლორენციმ გახადა. მეორე ტაიმში გოლი არ გასულა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე „რომა“ მოედანზე ათი კაცით დარჩა, რადგან მთავარმა არბიტრმა სტუმართა მარცხენა ფლაგის მცველი ფედერიკო ბალძარეტი გააძევა.

ამრიგად, გათამაშების სატურნირო ცხრილს „რომა“ უდანაკარგოდ ლიდერობს – 7 მატჩში 7 გამარჯვება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ „მგლებმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 ბურთი გაუშვეს, თავად კი 20 აქვთ გატანილი. რაც შეეხება „ინტერს“, მილანელები 14 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.

სერია А
მე-7 ტური
„ინტერი“-„რომა“ 0:3 (0:3)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, როლანდუ, რანოკია, ჟუანი, კამბიასო, გუარინი (მილიტო 69′), ტაიდერი (კოვაჩიჩი 57′), პერეირა (იკარდი 46′), ნაგატომო, პალასიო, ალვარესი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
„რომა“: დე სანკტისი, ბენატია, ლეონარდო კაშტანი, ბალძარეტი, ტოროსიდისი, დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (ტადეი 57′), ჟერვინიო, ფლორენცი (მარკინიო 76′),  ტოტი (დოდო 81′).
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ტოტი 18′, 40′ (პენ), ფლორენცი 44′.
გაფრთხილებები: ჟუანი 32′, პერეირა 39′ – პიანიჩი 15′, ბენატია 28′, ლეონარდო კაშტანი 30′, ბალძარეტი 50′, დე სანკტისი 67′, ტადეი 89′.
გაძევება: ბალძარეტი 79′.
მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბექა დოგრაშვილი

რუდი გარსია: „არ გვეშინია იმის, რომ შეიძლება „რომას გამარჯვებების სერია შეწყდეს“

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ „რომას“ უმასპინძლებს. რომაელთა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას არ ეშინია იმის, რომ შეიძლება მისმა გუნდმა გამარჯვებების სერია შეწყვიტოს.

„სან-სიროზე გასამართი მატჩი ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ მზად ვართ. გარდა ამისა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სკუდეტოზე საუბარი ჯერ ადრეა. ასე იქნება „ინტერის“ დამარცხების შემთხვევაშიც. არ გევშინია იმის, რომ ჩვენი გამარჯვებების სერია შეიძლება შეწყდეს. ამ გუნდს 200 პროცენტით ვენდობი“, – განაცხადა რუდი გარსიამ.

მატჩი „ინტერსა“ და „რომას“ შორის შაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ხავიერ ძანეტი: „მაცარი კუპერს მაგონებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტანი ხავიერ ძანეტი მიიჩნევს, რომ კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი საქმის მიმართ დამოკიდებულებით ექტორ რაულ კუპერს ჰგავს, რომელიც „ნერიაძურის“ 2001/03 წლებში თავკაცობდა.

„ჯერ ნაადრევია ჩვენი გამოსვლის შეფასება. ამას სეზონის ბოლოს გავაკეთებთ. საინტერესო სეზონი უნდა გამოვიდეს, რადგან ყველა წამყვანი კლუბი გაძლიერდა. სერიოზული კონკურენცია გაჩაღდება. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებულები ჩვენ გავხდებით. რაც შეეხება მაცარის, მან ჩემზე შთაბეჭდილება ჩვენი შეხვედრის პირველივე დღეს მოახდინა. მას შესანიშნავად ესმის, რასაც აკეთებს. მე მომწონს მისი მსოფლმხედველობა. ის ბევრს ფიქრობს სამუშაოზე და ქმნის გუნდს, რომელსაც გამარჯვება შეეძლება. საქმის მიმართ დამოკიდებულებით ის ექტორ კუპერს მაგონებს“, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ კუპერის თავკაცობით „ინტერმა“ ვერაფერი ვერ მოიგო.

ბექა დოგრაშვილი

რონალდო სერია A-ს მიმდინარე სეზონის შესახებ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი საინტერესოდ წარიმართება. მისი თქმით, სკუდეტოს მოპოვების რეალური შანსი ტურინის „იუვენტუსს“, მილანის „ინტერსა“ და „მილანს“ აქვთ.

„ინტერის“ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ევროთასებზე არ ასპარეზობს. ასე რომ, „ნერიაძურის“ შეუძლია, სრული კონცენტრაცია სერია А-ზე გააკეთოს. ვგიქრობ, „ინტერი“ კარგ სეზონს ჩაატარებს. „მილანიც“ გაძლიერდა. კაკას ვესაუბრე, ის სავსეა ამბიციითა და ენერგიით. არსებობს ასევე „იუვენტუსი“, რომელიც ძალიან ძლიერია. ასე რომ, მშვენიერი სეზონი უნდა გამოვიდეს“, – აღნიშნა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი