ლუის სუარესი: ”ლივერპული” ჯერარდის ნაწილია”

კატალონიის ”ბარსელონას” ურუგვაელი ფეხბურთელი, ლუის სუარესი ინტერვიუში თავის ძველ თანაგუნდელზე, სტივენ ჯერარდზე საუბრობს.

პრესა სტივენ ჯერარდის გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდა. ყველაფერი კი რობერტო მანჩინის ”ინტერში” მისვლას მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელ სპეციალისტს ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის შეძენა სურს. ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ურუგვაელ ფეხბურთელი ამ თემას სხვაგვარად უყურებს.

”სტივენ ჯერარდისა და ლივერპულის ქომაგისთვის დიდებული იქნება, თუ იგი კარიერას მერსესაიდულ კლუბში დაასრულებს. ამ ურთიერთობის დანგრევა არ შეიძლება. მე ვიცნობ ჯერარდს და მას გაუჭირდება გუნდის დატოვება. ეს კლუბი მისი ნაწილია”, –  თქვა სუარესმა.

ზიდანი: „ჯერარდი პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს“

ფიფას ვერსიით მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი ინგლისის პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს. გარდა ამისა, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა პოლ სქოულზის შესახებაც თქვა ორიოდ სიტყვა.

„ჯერარდს დიდებული კარიერა აქვს, მრავალი ტიტული მოიგო, თუმცა გულდასაწყვეტი იქნება, თუ პრემიერლიგის მოგებას ვერ მოახერხებს. საიდუმლო არ არის, რომ ამ ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ სურდათ. მას ევროპის ნებისმიერ კლუბში თამაში შეეძლო, თუმცა ყველას უარი უთხრა. მან მთელი კარიერა „ლივერპულს“ მიუძღვნა და პრემიერლიგის მოგებაც დაიმსახურა.

პოლ სქოულზისა და სტივენ ჯერარდის სახით ინგლისმა მსოფლიოს, შესაძლოა,  ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ნახევარმცველები აჩუქა. იყო პერიოდი, როდესაც ჯერარდი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა. ხშირად ვერ ნახავთ სრულყოფილ ნახევარმცველს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუმცა ჯერარდი სწორედ ასეთი იყო. მართალია, ახლა სტივენი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც 5-6 წლის წინათ თამაშობდა, მაგრამ გუნდში ის ფასდაუდებელ როლს ასრულებს“, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“.

ბექა დოგრაშვილი

რუნი: „ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო“

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო და ანგარიშით 0:3 განადგურდა. მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელი უეინ რუნი დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებას ვერ მალავდა.

„ეს მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. ძნელია, ამას შეეგუო, თუმცა „ლივერპულს“ პატივი უნდა მივაგოთ, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა.

არავის არ სურს საკუთარ მოედანზე დამარცხება, მით უფრო ისე, როგორც ჩვენ დაგვემართა“, – რუნის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდი: „პრემიერლიგის მოსაგებად ვიბრძვით“

„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხებით მერსისაიდულმა გუნდმა ინგლისის ჩემპიონობაზე საფუძვლიანი პრეტენზია გამოთქვა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფანტასტიური გუნდია. პრემიერლიგის გუნდების სტადიონებიდან „ოლდ ტრაფორდზე“ სტუმრად თამაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. მოედანზე მატჩის დაწყებიდან დასრულებამდე დომინანტი ჩვენი გუნდი იყო და მოოედანი ცოტა იმედგაცრუებულმაც დავტოვერთ, რადგან მეტის გატანა შეგვეძლო. ვაჩვენეთ, რომ საჩემპიონო ტიტულზე პრეტენზია გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განუცხადა სტივ ჯერარდმა „სქაი სპორტსის“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 30-ე ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა. ჯერარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმებით დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი ლუის სუარესის ანგარიშზეა.

„ენფილდროუდელებს“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი აქვთ დაკავებული და ლიდერ ლონდონის „ჩელსის“ 4 ქულით ჩამორჩებიან.

ბექა დოგრაშვილი

„ლივერპულმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დასცა

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო. როდესაც ერთმანეთს ეს გუნდები ხვდებიან, ნაკლები მნიშვნელობა ექცევა იმას, თუ რა პოზიციები უკავიათ გუნდებს სატურნირო ცხრილში, ვინაიდან ეს მატჩი გაცილებით პრინციპულ ხასიათს ატარებს. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თამაში, ტრადიციულად, მეტად მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა. შესაბამისად, ბევრი იყო ჯარიმა, პირველ ტაიმში მარუან ფელაინის სისხლიც კი ადინეს. ფეხბურთელები არც საკუთარ თავს და არც მეტოქე გუნდის მოთამაშეებს არ ინდობდნენ. მჭიდრო ბრძოლის მიუხედავად, განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებდნენ შეხვედრის საწყის წუთებში.

მატჩის პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას „წითელი ეშმაკები“ ფლობდნენ, თუმცა სათქმელია, რომ ბრენდან როჯერსის ფეხბურთელები ტაქტიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი, პოზიციურადაც მშვენივრად ირჯებოდნენ და მასპინძელთა შანსებიც მინიმუმამდე მცირდებოდა. სამაგიეროდ, სტუმრებმა განახორციელეს რამდენიმე მწვავე შეტევა. განსაკუთრებით აქტიურად ირჯებოდა სუარესი-სტარიჯის დუეტი. ურუგვაელი თავდამსხმელის ერთ-ერთი გალაშქრების დროს კი მასპინძელთა ბრაზილიელ მცველ რაფაელს საკუთარ საჯარიმო მოედანზე ბურთი ხელზე მოხვდა, რაც მთავარ არბიტრს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია. მარკ კლატენბურგმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. ბურთთან „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მივიდა და 34-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა — 0:1. ტაიმი მერსისაიდული გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ კოშმარულად დაიწყო. 46-ე წუთზე სტუმართა უელსელი ნახევარმცველი ჯო ალენი ფილ ჯონსმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე წააქცია. კლატენბურგმა უყოყმანოდ მეორე პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის შესრულება ამჯერადაც ჯერარდმა ითავა და კვლავ გაიტანა — 0:2. მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხუთ წუთში მერსისაიდელთა მცველმა გლენ ჯონსონმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ, 78-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით მესამე პენალტი დაინიშნა. მომენტის განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ ნემანია ვიდიჩს სტარიჯი არ წაუქცევია, თუმცა კლატენბურგმა თამაშის წესის დარღვევა მიიჩნია, სერბი მცველი გააძევა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. ჯერარდის დარტყმული ამჯერად კარის ძელს მოხვდა. რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილმა „ლივერპულმა“ სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ. გაფუჭებული პენალტიდან ორიოდე წუთში სტარიჯი მართლაც წააქციეს „წითელი ეშმაკების“ საჯარიმოში, თუმცა კლატენბურგმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. „ლივერპულმა“ მესამე გოლი მაინც გაიტანა. შედეგიანი კომბინაცია მეკარესთან ერთი ერთზე გასულმა სუარესმა დააგვირგვინა. მართალია, მასპინძლები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას მოითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა გოლი ჩათვალა — 0:3.

ამრიგად, „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდებულ სტილში გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მერსისაიდელებმა 62 ქულას მოიყარეს თავი და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას დაუბრუნდნენ. რაც შეეხება დევიდ მოიესის გუნდს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 48 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ინგლისის პრემიერლიგა
30-ე ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ლივერპული“ 0:3 (0:1)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი (კლევერლი 76′), იანუზაი (უელბეკი 76′), ვან პერსი, რუნი, მატა (ფერდინანდი 87′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლანაგანი, ჯერარდი (ლუკას ლეივა 86′), ალენი, ჰენდერსონი, სტერლინგი (კოუტინიო 72′), სუარესი, სტარიჯი (ასპასი 90+2′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: ჯერარდი 34′ (პენ), ჯერარდი 46′ (პენ), სუარესი 84′.
გამოუყენებელი პენალტი: ჯერარდი 78′ (ძელი).
გაფრთხილებები: რაფაელი 32′, ვიდიჩი 71′ — ფლანაგანი 31′, ჯერარდი 37′, შკრტელი 54′.
გაძევება: ვიდიჩი 78′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდი: „ჩემთვის საუკეთესო სუარესია“

„ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელ ლუის სუარესს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.

„სუარესის თამაშის აღსაწერად სიტყვების მარაგი უკვე ამომეწურა. დიდი ბედნიერებაა, რომ ინგლისში ასეთი დონის ფორვარდები თამაშობენ.

ჩემთვის სუარესი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა. ამას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ. ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს თამაშებსაც ვუყურებ. კი ბატონო, ისინი მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ გარდა არსებობენ სუარესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მათ დონეებს შორის სხვაობა თითქმის გათანაბრდა.

სუარესი ოთხი თუ ხუთი მატჩი არ იტანდა, თუმცა ბევრ საგოლე გადაცემას აკეთებდა და მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა.

ლუისი ულმობელია, ის გამარჯვებულია და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს“, – ჯერარდის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ოთხი კვირა ჯერარდის გარეშე?

„ლივერპულის“ ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგის საშობაო პერიოდის მატჩებს გამოტოვებს.

ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა „ტელეგრაფის“ ცნობით, მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა კვირას სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რის შედეგადაც გამოჩნდა, რომ 33 წლის ფეხბურთელს მუხლქვედა მყესის ტრავმა აქვს.

აღნიშნული დაზიანების გამო შესაძლოა, ჯერარდმა ოთხი კვირა იუქმოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისელი ნახევარმცველი „ტოტენჰემ ჰოთსპირთან“, „კარდიფთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ და ლონდონის „ჩელსისთან“ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

ბექა დოგრაშვილი

სტივენ ჯერარდს მოკვლით დაემუქრნენ

„ლივერპულის“ მელვუდის საწვრთნელ  ბაზაზე გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. უცნობმა პირმა მერსისაიდული გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა.

იმ დროს, როდესაც ჯერარდი თანაგუნდელ ფილიპე კოუტინიოსთან ერთად საჯარიმო დარტყმებზე ვარჯიშობდა, უცნობმა პირმა მელვუდის კედლიდან ინგლისელი ნახევარმცველის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების ყვირილი დაიწყო.

თავდაპირველად ჯერარდმა უცნობ პიროვნებას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ინგლისელ ფეხბურთელს მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც საქმე პირად შეურაცხყოფამდე მივიდა.

„ვიცი, სადაც ცხოვრობ. მე შენს დამპალ სახლს გადავწვამ“, – გაჰყვიროდა უცნობი.

„ლივერპულის“ დამხმარე მწვრთნელმა კოლინ პასკომ ძლივს დააკავა ჯერარდი, რომელიც უცხო პიროვნებასთან საქმის გასარკვევად აპირებდა მისვლას.

ლი რედკლიფმა, რომელსაც „ლივერპულის“ ფეხბურთელთა მაისურებით მომარაგება ავალია, სასწრაფოდ გავარდა მოედნიდან, რათა უცნობი პიროვნება დაეჭირა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. უცხო პიროვნება ველოსიპედს მოაჯდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, თან გაჰყვიროდა:

„შენც მოგკლავ და შენს დამპალ შვილებსაც“.

ბექა დოგრაშვილი