ვიტოლო: “მესიმ გუშინ ყველას უჩვენა, ვინ არის საუკეთესო”

“სევილიას” ნახევარმცველმა, ვიტოლომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გუშინ 100% ბოლომდე ითამაშა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ძირითადი დრო 4:4 მორჩა, ხოლო 115-ე წუთზე, პედრომ გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

“მესი – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ლეომ ქართველ გულშემატკივარს და ყველას დაუმტკიცა ვინაა პირველი,”-განაცხადა ესპანური კლუბის გარემარბმა.

“სევილია ათი შემთხვევიდან ერთხელაც კი არ დანებდებოდა. ჩვენ 4-1-ზეც ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბრწყინვალე შედეგი დავდეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა”.

რა განაცხადა თბილისში დასრულებული მატჩის შემდეგ ანდრეს ინიესტამ?

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა ანდრეს ინიესტამ თბილისში, უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტო გამოაქვეყნა.

“დიდი გუნდი, სეზონის პირველი ტიტული! Campeoooooones!!!!”

INI

ჟერარ პიკემ სუპერთასის დასრულებისთანავე კომენტარი გააკეთა!

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ თბილისში, უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტო გამოაქვეყნა.

“კიდევ ერთი თასი დაღლის შედეგად! კიდევ ერთი შენამატი მუზეუმს! Visca Barca!”

MDA

ლუის სუარესმა თბილისში მოგებული ტიტულის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა!

კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა ლუის სუარესმა თბილისში, უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტო გამოაქვეყნა.

“ვამოოოსსსსსსსს, ჩვენ ვართ ბარსა! კიდევ ერთი თასი, მთლიანი გუნდის ძალისხმევის შედეგად!!!”

bar

თბილისში გამართულ სუპერთასის მატჩში სხვადასხვა რეკორდები დამყარდა

თბილისში გამართულმა უეფას სუპერთასის მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შემდგარ დაპირისპირებაში სხვადასხვა სახის რეკორდები დამყარდა.

• ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა (80);
• უეფას სუპერთასის მატჩებში მესის სულ სამი გატანილი გოლი მოუგროვდა, რითაც არი ჰაანს, ფრანსუა ვან დერ ელსტს, გერდ მიულერს, ოლეგ ბლოხინს, რადამელ ფალკაოს, რობ რენსენბრინკსა და ტერი მაკდერმოტს გაუთანაბრდა;
• ევერ ბანეგამ გოლი მატჩის მესამე წუთზე გაიტანა. ეს უეფას სუპერთასის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია;
• დანიელ ალვესმა უეფას სუპერთასი მეოთხედ მოიგო, რითაც პაოლო მალდინის შედეგი გაიმეორა;
• ალვესმა მალდინის კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა: ბრაზილიელმა უეფას სუპერთასის მეხუთე მატჩში მიიღო მონაწილეობა;
• ლუის ენრიკე გახდა მეოთხე პირი, რომელმაც უეფას სუპერთასი მოიგო როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. მანამდე ეს მოახერხეს ხოსეპ გვარდიოლამ, კარლო ანჩელოტიმ და დიეგო სიმეონემ, თუმცა მხოლოდ ლუის ენრიკეს აქვს სუპერთასის მატჩში გოლი გატანილი (1997 წ.);
• “ბარსელონამ” უეფას სუპერთასი მეხუთედ მოიგო, რითაც “მილანის” შედეგი გაიმეორა;
• “ბარსელონამ” უეფას სუპერთასის მატჩში მეცხრედ ითამაშა. უახლოეს მადევარს ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული;
• “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას სუპერთასის ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა;
• “სევილია” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სუპერთასის მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, თუმცა დამარცხდა;
• “სევილია” სუპერთასის არსებობის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სამბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა;
• ცხრა გატანილი გოლით თბილისური სუპერთასი ყველაზე შედეგიანია;
• უეფას სუპერთასის მატჩში ესპანური დაპირისპირება მესამედ ვიხილეთ (ყოველ ჯერზე ერთ-ერთი მეტოქე “სევილია” იყო). ტიტულისთვის ერთმანეთში ორჯერ უბრძოლიათ იტალიის წარმომადგენლებს;
• საქართველომ პირველად უმასპინძლა უეფას საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩს;
• თბილისურ სუპერთასს 51 490 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებული სუპერთასის მატჩებიდან სარეკორდო მაჩვენებელია.

 

ლუის ენრიკე: “თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა”

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა.

— ბევრად უფრო რთული მატჩი აღმოჩნდა, ვიდრე თქვენ მოელოდით…
— არა, ასე არ არის. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რთული რთული მატჩი გველოდა. ყველამ დაინახა, ამ დონეზე რაოდენ რთულია გამარჯვება, როგორ იცვლება ხანმოკლე დროში ყველაფერი. მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა და ანგარიშის გათანაბრება დაიმსახურა. მიხარია, რომ გამარჯვებული ჩვენ დავრჩით.

— ჩვენ ვიხილეთ “ბარსელონას ორი მხარე. მატჩი კარგად დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა…
— როცა გუნდი აგებს, დასაკარგი აღარაფერია. მეტოქემ ბევრი გარისკა, თერთმეტმეტრიანი დარტყმითა და კარგი თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. “სევილიას” კარგი გუნდი ჰყავს. ბევრს ეგონა, რომ ადვილად მოვიგებდით, თუმცა ასე არ მოხდა.

— ნეიმარის შემცვლელად რატომ შეაჩერეთ არჩევანი რაფინიაზე?
— პედროს ტრავმის მხრივ გარკვეული პრობლემა ჰქონდეს, ამას დაემატა გუნდიდან მისი შესაძლო წასვლა. გადაწყვეტილებას ახლა რომ ვიღებდი, ამჯერადაც რაფინიას ვათამაშებდი.

— როგორი შთაბეჭდილება დატოვა ქვეყანამ? კმაყოფილი ხართ სტადიონით, პირობებითა და ორგანიზებით?
— ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილები ვართ: მოედნით, ორგანიზებით, ქომაგობით.

— “სევილიამ” გასაოცრად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ პენალტების სერია დაიმსახურა. რისი მიღწევა შეუძლიათ წელს ანდალუსიელებს?
— ჩვენ “სევილიას” კარგად ვიცნობთ. მეტოქემ კარგად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა. როდესაც იგებ, ბევრად უკეთესია თამაშის კონტრშეტევებზე აგება, მაგრამ ლეოს დახმარებით თამაში შემოვატრიალეთ. საბოლოო ჯამში, კარგად ვითამაშეთ.

 

ლიონელ მესის კითხვა მიხეილ მესხზე დაუსვეს – არგენტინელის პასუხი

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში მესიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

— თბილისი გახდა 25-ე ევროპული ქალაქი, სადაც გოლი გაიტანეთ. სუპერთასის მოგების გარდა, კიდევ რით იქნება ეს მატჩი დასამახსოვრებელი?
— ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს შინ ვთამაშობდით. კმაყოფილები ვართ.

— კარგად ითამაშეთ. ძირითად 90 წუთში მესამე გოლის გატანაც შეგეძლოთ. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ყველა მხარს გიჭერდათ — ორივე გუნდის გულშემატკივრები?
— ყველას დიდ მადლობას ვუხდი ამ მხარდაჭერისთვის.

— რამდენად არის განსხვავება საკლუბო და სანაკრებო ჯილდოებს შორის?
— ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა. დღეს ჩვენ უეფას სუპერთასი მოვიგეთ და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ტიტულია.

— მესი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში. გსმენიათ თუ არა 60-იან წლებში მოთამაშე მიხეილ მესხის შესახებ, რომელმაც არგენტინა აღტაცებაში მოიყვანა? გვარებშიც მსგავსებაა — მესი, მესხი…
— თამაში უცნაურად დაიწყო: ჯერ ვაგებდით, შემდეგ გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდევაც. მეტოქე პრესინგს გვიწყობდა. საბედნიეროდ, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება მესხს, სამწუხაროდ, მასზე არაფერი მსმენია.

— თქვენ ნამდვილად ხართ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ შეხვედრა პედრომ მოიგო. რას ფიქრობთ მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ?
— კმაყოფილი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი სწორედ პედრომ გაიტანა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი, თუმცა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, პატივი უნდა ვცეთ მის პოზიციას და მხარი უნდა დავუჭიროთ.

 

„ბარსელონას“ თბილისში რამდენიმე ისტორიული რეკორდის დამყარების შანსი აქვს

„დინამო არენაზე“ „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის უეფას სუპერთასის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. მანამდე კი ამ მატჩთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო მაჩვენებელს გთავაზობთ:

– დღეს „ბარსელონა“ უეფას სუპერთასის რეკორდულ, მეცხრე მატჩს ჩაატარებს

– გამარჯვების შემთხვევაში, „ბარსა“ მოგებული სუპერთასების რაოდენობით „მილანს“ გაუთანაბრდება („როსონერის“ ეს ტიტული ხუთჯერ აქვთ მოგებული)

– დანი ალვესს პაოლო მალდინის რეკორდის განმეორება შეუძლია. იტალიელმა „შავ-წითლების“ შემადგენლობაში ხუთი სუპერთასის მატჩიდან ოთხი მოიგო

– ლუის ენრიკეს აქვს შანსი, გახდეს მეოთხე, ვინც უეფას სუპერთასი როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში მოიგო. აქამდე მსგავს წარმატებას ხოსეპ გვარდიოლამ, კარლო ანჩელოტიმ და დიეგო სიმეონემ მიაღწიეს

– უნაი ემერის გუნდებს „ბარსელონასთვის“ არასდროს მოუგიათ. ჯამში ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ალმერიამ“, „ვალენსიამ“, „სპარტაკმა“ და „სევილიამ“ „ბარსელონასთან“ 19 მატჩი ჩაატარეს. ემერის ანგარიშზე ამ 19 შეხვედრაში 13 მარცხი და 6 ფრეა

– ლიონელ მესის ანგარიშზე ზემოხსენებულ შეხვედრებში 22 გოლია

უეფას სუპერთასი: უეფას ბავშვთა ფონდის პრესრელიზი — “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს”

უეფას ბავშვთა ფონდმა სპეციალური პრესრელიზი გამოგვიგზავნა, რომელშიც წერია, რომ სუპერთასის გახსნის ცერემონიას სიმბოლური დატვირთვა ექნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცხრა ქვეყნიდან შერჩეული ბავშვები, რომლებიც მშვიდობისა და ერთიანობის ჯაჭვს გააკეთებენ.

ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს

1000 ბავშვის, ფეხბურთელის და მსაჯისგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი მშვიდობისა და ერთობის მხარდასაჭერად

UEFA foundation for children

თბილისში, სამშაბათს, 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერ თასის მატჩი, საფეხბურთო კლუბებს – ბარსელონასა და სევილიას შორის, გამორჩეული ისტორიული მომენტი იქნება მსოფლიო ფეხბურთში. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იქნება ცოცხალი ჯაჭვი: სიმბოლური აქტი, რომელიც გააერთიანებს ფეხბურთელებს, მსაჯებს და ათასს სოციალურად დაუცველ ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს საქართველოდან და რვა მეზობელი ქვეყნიდან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს.”

თბილისი აღმოსავლეთ-ევროპული ქალაქია, რომელიც მასპინძლობს უეფას სუპერ თასს, მას შემდეგ რაც 2012 წელს ის აღარ ტარდება მონაკოში, სადაც ეს მატჩი იმართებოდა 1998 წლიდან. ახლა სხვა ქალაქებსაც შეუძლიათ უმასპინძლონ განვლილი სეზონის ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრის – უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპა ლიგის გამარჯვებულთა დაპირისპირებას. სფფ-მ, უეფას ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაწყვიტა ხელიდან არ გაეშვა შესაძლებლობა და ევროპის კონფლიქტური ზონებიდან ჩამოსული ბავშვების დახმარებით გადმოეცა მშვიდობისა და ერთობის იდეა, გვეჩვენებინა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს ხალხის გაერთიანება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციები დადებითად გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას.

სფფ-ს პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად სიჭინავამ ბრძანა: “ყველა მიიღებს მშვიდობისა და ერთიანობის გზავნილს ბავშვებისგან – გზავნილს რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ამ გზავნილის წინასამატჩო ცერემონიაში ჩართვა გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ძირითადი ღირებულებები უეფასთვის – ღირებულებები,რომლებმაც უეფას ბავშვთა ფონდის ინაუგურაციამდე მიგვიყვანა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე ასოციაციას მხარდაჭერისა და საერთო ძალსიხმევისთვის, რომ ფეხბურთის უზარმაზარი პოპულარობა გამოვიყენოთ, როგორც პლატფორმა, ამ მნიშვნელოვანი ღირებულებების ფართო საზოგადოებისათვის მისაწოდებლად.”

ბატონმა მიშელ პლატინიმ, უეფას პრეზიდენტმა, დაამატა: “ფეხბურთი გვაძლევს დიდ შესაძლებლობას გავერთიანდეთ როგორც საზოგადოება და სრულყოფილი ცხოვრების შანსი მივცეთ ბავშვებს. ბავშვობა ის დროა, როდესაც ვამჟღავნებთ ყველაზე განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ბავშვების მონაწილეობამ ამ უდიდეს ღონისძიებაში თბილისში, შეიძლება სულის შთაბეროს მათ მომავალს. მსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას, უეფას ბავშვთა ფონდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის, რომ ამ პროექტის დახმარებით უკეთესი მომავლის იმედი ჩაესახათ დაუცველი ბავშვებისთვის. უეფას ბავშვთა ფონდი დაარსდა 2015 წელს, უეფას პრეზიდენტის ინიციატივით. იგი გამოხატავს უეფას სურვილს, გამოიყენოს ფეხბურთი როგორც კეთილი ძალა საზოგადოებაში. ფონდმა მრავალი ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამა განახორციელა მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, წლის დასაწყისში, ბევრი ბავშვი დაესწრო უეფას ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს ვარშავაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს ბერლინში და უეფას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ მატჩს პრაღაში.

პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის
ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ
პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის,
ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა
სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

მონაწილეობას მიიღებენ:

20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან
20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან
15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან
720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან
10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან
19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან
9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან
15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან
20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან

უეფას ბავშვთა ფონდის პრესრელიზი

“ბარსელონა” თბილისშია! [ფოტოები]

რამდენიმე წუთის წინ, გასულ სეზონში ტრიპლეტის მფლობელი, “ბარსელონა” თბილისში ჩამოვიდა.

კატალონიელები სასტუმრო “მერიოტში” დაბინავდებიან.

ME

11870800_914726125239911_3984083781951154991_n

სტადიონის რეგულაციები უეფას სუპერთასის მატჩზე

11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, განსაზღვრულია სხვადასხვა რეგულაციები, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა.
რეგულაციების მიხედვით, გთავაზობთ სტადიონზე მოხვედრისა და ქცევის წესებს, რომელიც დადგენილია უეფას მიერ.

სტადიონზე შესვლა

სტადიონზე შესვლა დაიშვება მხოლოდ ბილეთზე მითითებულ საათებში.
სტადიონზე შესვლა უნდა შეესაბამებოდეს:

1.“პირობებს“
2.სტადიონის დებულებას;

3. ყველა მოქმედ კანონს (საწესდებო და სხვაგვარს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების ჩათვლით) რომლებიც არეგულირებენ სტადიონზე შესვლას და მატჩზე დასწრებას, ბილეთის გამოყენებას; ზოგადი უსაფრთხოების სერტიფიკატს და ნებისმიერ სპეციალურ უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომლებიც გამოიყენება სტადიონთან მიმართებაში, და რომლებსაც უშვებს ნებისმიერი უწყება, რომელიც ფლობს იურისდიქციას ან უფლებას სტადიონზე მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით და

ბ.სტადიონზე შესვლა უნდა ხდებოდეს მოქმედი ბილეთის წარდგენით ერთ ადამიანზე (ასაკის მიუხედავად) და მოთხოვნის შემთხვევაში, სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პასპორტის ან ეროვნული პირადობის ბარათის) წარდგენისას. ბილეთების მფლობელები, რომლებიც გავლენ სტადიონიდან, ხელმეორედ აღარ დაიშვებიან მასზე.
სტადიონზე მოქცევის წესები

დაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისათვის ყველა პირი, მატჩზე დასწრების დროს, თუ მას მოსთხოვენ ან როდესაც მას მოსთხოვს სტიუარტი, დაცვის პერსონალი და/ან ნებისმიერი სამართლებრივად უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენს მატჩის ორგანიზატორებს, ვალდებულია:

ა.წარადგინოს მოქმედი ბილეთი სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (პასპორტი ან ეროვნული პირადობის ბარათი);

ბ.წარუდგინოს შესამოწმებლად, სხეულის გასაჩხრეკად და შესამოწმებლად – ტექნიკური საშუალებების ჩათვლით – იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არ ფლობენ საშიშ, აკრძალულ ან ნებადაურთველ საგნებს. დაცვის პერსონალი, სტიუარდები ან პოლიცია უფლებამოსილია გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და ნივთები; და

ც.დაემორჩილოს ყველა ინსტრუქციას და მითითებას, რომლებსაც გასცემენ ასეთი პირები.

სტადიონის რეგულაციები მოიცავენ აკრძალული ნივთების და ქცევების დეტალურ სიას და ყოველი ბილეთის მფლობელი ვალდებულია სრულად დაიცვას ის შეზღუდვები, რომლებიც მასშია მითითებული. ბილეთს ასევე შეიძლება დაერთოს „პირობების“ და/ან სტადიონის რეგულაციების შემოკლებული ვერსია ან მარტივი გამოსახულებები (სურათები), რომლებიც გამოსახავენ აკრძალულ ნივთებს და აკრძალულ ქცევებს და მათი დაცვა ბილეთის მფლობელისათვის სავალდებულოა.

სტადიონს შიგნით მკაცრად იკრძალება შემდეგი, და არა მხოლოდ ეს:

ა.საზოგადოებისათვის დახურული ადგილების დაკავება ან მასში შესვლა ან იმ ადგილებში შეღწევა, სადაც ეს დაუშვებელია შესაბამისი ბილეთის კატეგორიის მიხედვით.

ბ.შეზღუდვა ან უსაქმოდ დგომა იმ ადგილებში, რომელიც ღია უნდა იყოს მოძრაობისათვის, მაყურებლის ზონების და საავარიო გამოსასვლელების ბილიკებზე და გზებზე, შესასვლელებსა და გამოსასვლელებში

ც. ისეთი საქციელის ჩადენა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნებისმიერ პირს სტადიონზე.

ქომაგები, რომლებიც მატჩში მონაწილე გუნდებს უჭერენ მხარს არ უნდა შეგროვდნენ სტადიონზე და ბილეთის ყველა მფლობელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და დაიცვას ორგანიზატორების მიერ მიწოდებული დაცვისა და უსაფრთხოების მითითებები.

სტადიონზე ასევე აკრძალულია:
1. შემდეგი ნივთების შეტანა:
– ნებისმიერი სახის ცივი იარაღი;
– ნებისმიერი სახის შუშის და თუნუქის ჭურჭელი (ბოთლი, ქილა და ა.შ.)
– 2მ x 1.5 მ. ზომაზე დიდი ბანერები და დროშები;
– მეგაფონი ან გაზის საყვირები;
– ყველანაირი პიროტექნიკული და სხვა სახის აალებადი საშუალებები;
– ლაზერული სანათი საშუალებები;
– სხვა ნებისმიერი საგანი, რომელიც მაყურებლის და ღონისძიების მონაწილეთა დაცულობისთვის შეიძლება გახდეს საფრთხის შემცველი.

2. სკამზე დგომა

3. პოლიტიკური, დისკრიმინაციული ან სხვა სახის განცხადებებისა თუ შეურაცხმყოფელი შიგთავსის მქონე ატრიბუტიკის გამოყენება.

4. საშეჯიბრო მოედანზე შესვლა (მინდორი, სარბენი ბილიკები).

5. სარეალიზაციო, სარეკლამო ან სხვა სახის კომერციული პროდუქციის არასანქციონირებული შემოტანა-რეალიზაცია.

6. ტელე და რადიო მაუწყებლობის არასანქციონირებული წარმოება.

7. შემოსასვლელ – გასასვლელებში, კიბეებზე ან სხვა სახის საფეხმავლო გამტარობის უზრუნველსაყოფ ადგილებში შეჯგუფება.

8. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.

9. ნებისმიერი ადგილის დაკავება გარდა ბილეთზე მითითებულისა.

10. სტიუარდის ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე ბილეთის წარმოდგენაზე უარის თქმა.
11. საშეჯიბრო მოედანზე (მინდორი, სარბენი ბილიკები) ნებისმიერი ნივთის სროლა.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა დასრულდება დამრღვევის დაკავებით და მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით, მათ შორის დამრღვევის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მესამე პირის (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ან/და სხვა პირის) დაჯარიმებისას, დამრღვევ პირს დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული რეგულაციები განახლებადია და ექვემდებარება კორექტირებას.
გთხოვთ, დავიცვათ წესები და წესრიგი, რათა ერთად უზრუნველვყოთ სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე და ორგანიზებულად ჩატარება.
გმადლობთ და გისურვებთ წარმატებებს!

სფფ-ის პრესსამსახური

უეფას ბროშურა სუპერთასზე დამსწრე ქომაგებისთვის

უეფამ იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც თბილისში, 11 აგვისტოს გასამართ ევროპის სუპერთასზე დასწრებას აპირებენ, სპეციალურად ბროშურა დაამზადა, რომელშიც მიშელ პლატინის მისასალმებელი სიტყვების გარდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის შესახებ ცნობები, თბილისის ღირსშესანიშნაობები, სტადიონამდე მისასვლელი გზებისა და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის შეხვედრა “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი 36 წლის შოტლანდიელი რეფერი უილიამ კოლამი იქნება. სტადიონზე შესასვლელი ყველა ჭიშკარი 19.45 საათზე გაიღება.

სუპერთასის ბროშურა