ლა ლიგის პრეზიდენტი: “ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა აუზში შარდავდა”

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით “პსჟ”-მ კატალონიის “ბარსელონას” უკვე ყოფილ ფეხბურთელში, ნეიმარში 222 მილიონი ევროს გადახდით Uefa-ს წესები დაარღვია. ტებასი ამბობს, რომ შესაბამისმა ორგანომ ტრანსფერი უნდა გამოიძიოს და სიმართლეს ფარდა ახადოს.

“ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა ის აუზში შარდავდა. დიახ, კონკრეტულად, ნეიმარი აუზის გადმოსახტომ დაფაზე იდგა და წყალში შარდავდა! ეს ფეხბურთელი და პარიზული კლუბის მესვეურები მთელს სატრანსფერო სისტემას დასცინიან.”

“აუცილებელია, თვალები გავახილოთ და გამოძიება დავიწყოთ. უეფამ საფინანსო სამართლის წესები შეადგინა. ვთვლით, რომ სწორედ ეს ნორმები დაირღვა!” – აცხადებს ლა ლიგის პრეზიდენტი.

2026 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ევროპული გუნდები ერთმანეთთან არ მოხვდებიან

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ევროპული ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ არ ითამაშებენ. ამის შესახებ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ფრანციშეკ ლავრინეცმა განაცხადა.

“2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის საკითხი განვიხილეთ. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ევროპული ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ არ ითამაშებენ, ისინი 16 სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან. ეს გადაწყვეტილება მაისში გასამართ ფიფას კონგრესზე უნდა დამტკიცდეს. ფიფას საბჭომ გუნდების ამგვარად გადანაწილების პრინციპი უკვე დაამტკიცა”, – განაცხადა ფრანციშეკ ლავრინეცმა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე ევროპის კვოტა 16-მდე გაიზარდა. ჯგუფურ ეტაპზე 16 სამგუნდიანი ჯგუფი იქნება.

ჯორჯო მარკეტი: “როგორ შეიძლება, რომ წილისყრის დროს ბურთულები თბილი ან ცივი იყოს?”

უეფას საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯორჯო მარკეტი იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის წილისყრებზე სხვადასხვა ტემპერატურის ბურთულები გამოიყენება.

“მე ამ საკითხს ხუმრობად მივიღებ. როგორ შეიძლება, რომ წილისყრის დროს ბურთულები თბილი ან ცივი იყოს? ეს შეუძლებელია. იმ დონის ადამიანებს, რომლებსაც ამ პროცედურაზე ვიწვევთ, ისეთ რამეს ვერასდროს შევთავაზებდი, რაც წილისყრის უსამართლო შედეგს დააყენებდა”, – მარკეტის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

ფრანჩესკო ტოლდო — სათადარიგო ჩემპიონი

დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 45 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.

ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო „ინტერშიც“. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, „ამსტერდამ არენაზე“, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი.

 

მხსნელი გოლეადორი
ტოლდოს „ინტერი“ ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის „იუვენტუსთან“. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის“ კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის“ კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!

 

„იების“ საგუშაგოზე
90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ მრისხანე ძალა იყო. „იების“ რიგებში მანუელ რუი კოშტა და „მკვლელად“ წოდებული ფორვარდი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში „ფიორენტინა“ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას „მილანმა“ და „ლაციომ“ გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან „ფიორენტინამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.

 

„ფიორენტინა“ ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის „არსენალთან“ სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები, ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა „ჰაიბერიზე“ ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია.

 

ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და „ინტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. გარდა ამისა, ის შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.

ყველაზე დიდი გამარჯვება
ფრანჩესკო ტოლდოს კარიერის მანძილზე 16 გუნდური ტიტული აქვს მოგებული, თუმცა იგი ყველაზე დიდ გამარჯვებად იმ სიყვარულს თვლის, რომელსაც ხალხისგან გრძნობს: „იცით, რა არის საუკეთესო? ხალხს 40 წლისა და უფრო დიდი ხნის ასაკშიც ვახსოვარ და ადამიანები ჩემზე დადებითად საუბრობენ. ჩემდამი ხალხის გულთბილი განწყობა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა“.

Toldo

კარიერის დასრულება
ფრანჩესკო ტოლდო თავმდაბალი და მოკრძალებული პიროვნებაა და კარიერაც მოკრძალებულად, გამოსათხოვარი მატჩის გარეშე დაასრულა. 2010 წლის 7 ივლისს ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა: „კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.

პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო ტოლდო გარკვეული ხნით იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, დღესდღეობით კი პროექტ “ინტერი” სამუდამოდ” ერთ-ერთი ხელმძღვანელია. პროექტი კლუბის გამორჩეულ ფეხბურთელებს აერთიანებს.

 

უეფას გენმდივნის პოსტზე ინფანტინო თეოდორ თეოდორიდისმა ჩაანაცვლა

დღეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელა, მათ შორის იმაზეც, თუ ვის უნდა ჩაებარებინა ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი. ამ თანამდებობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძენი თეოდორ თეოდორიდისი იმუშავებს, რომელიც მანამდე გენმდივნის მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას გენერალური მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად აირჩიეს.

თეოდორ თეოდორიდისი უეფაში 2008 წლიდან მუშაობს.

 

დღეს უეფას აღმასკომი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე იმსჯელებს

დღეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ამ პოსტს ჯანი ინფანტინო იკავებდა, რომელიც ფიფას პრეზიდენტად აირჩიეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკანტურ პოსტს გენმდივნის მოადგილე თეოდორ თეოდორიდისი ჩაიბარებს.

 

პლატინი: “ეს დისკვალიფიკაცია ნამდვილი მასკარადია”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ფრანგ ჩინოსანს რვა წლის ვადით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.

“ეს ნამდვილი მასაკარადი და ბინძურ გარემოში საეჭვო კანონიერებაა.
სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გარდა საჩივარს საქალაქო სასამართლოშიც შევიტან და ამ საქმისგან მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოვითხოვ. მე ვიწყებ პროცესს”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს ფრანგული პორტალი 20minutes.fr

 

ბლატერსა და პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა რვა წლის ვადით აეკრძალათ.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ინტერესთა კონფლიქტის გაღვივების, სხვა პირის მიმართ გამოჩენილი ლოიალობისა და საჩუქრების გადაცემით ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია.

პლატინიმ ფიფას ის წესი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და ლოალობას ეხება.

ბლატერსაც და პლატინიც დისკვალიფიკაციის გარდა ფულადი ჯარიმები დაეკისრათ: შვეიცარიელს 37,1 ათასი, ფრანგს კი 74,2 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ბრალდების თანახმად, ბლატერმა პლატინის 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობისთვის თანხა გამოუყო, რომელიც ფრანგმა ჩინოსანმა 2011 წლის თებერვალში მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვის დროს აღიარეს, რომ თანხის გადაცემის თაობაზე ზეპირი შეთანხმება მართლაც ჰქონდათ.

შვეიცარიული კანონმდებლობით, დასაქმებულმა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ვალდებულების შესრულებიდან ხუთი წლის ვადაში უნდა მიიღოს, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: კევინ ტრაპი (“პარი სენ-ჟერმენი”);
მცველები: დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), ტიაგუ სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”).
ნახევარმცველები: რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”), ვილიანი (“ჩელსი”), სვენ კუმსი (“გენტი”);
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ჰალკი (“ზენიტი”), ტომას მიულერი (ბაიერნი).

Champions League team of the group stage

 

პლატინი ევროპის ჩემპიონატის წილისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დისკვალიფიკაციის გამო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ზეპ ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ფრანგმა ჩინოვნიკმა ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. დისკვალიფიკაციის ვადა 2016 წლის 5 იანვარს ამოიწურება.

შეგახსენებეთ იმასაც, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა პარიზში, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ასევე: ევრო-2016: როგორ იქნებიან გუნდები წილისყრის დროს კალათებში გადანაწილებული

 

 

ჩემპიონთა ლიგის XII დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-12 დღის მატჩები გაიმართება. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ლევერკუზენი” (0 %) ფრე (12,5 %) “ბარსელონა” (87,5 %)
“რომა” (96 %) ფრე (0 %) ბატე (4 %)
“დინამო ზაგრები” (12 %) ფრე (4 %) “ბაიერნი” (84 %)
“ოლიმპიაკოსი” (17 %) ფრე (12 %) “არსენალი” (71 %)
“დინამო კიევი” (92 %) ფრე (4 %) “მაკაბი” (4 %)
“ჩელსი” (74 %) ფრე (13 %) “პორტუ” (13 %)
“ვალენსია” (88 %) ფრე (8 %) “ლიონი” (4 %)
“გენტი” (24 %) ფრე (24 %) “ზენიტი” (52 %)

 

ჩემპიონთა ლიგის XI დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-11 დღის მატჩები გაიმართება. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“პარი სენ-ჟერმენი” (89 %) ფრე (11 %) “შახტარი” (0 %)
“რეალი” (100 %) ფრე (0 %) “მალმიო” (0 %)
“ვოლფსბურგი” (40 %) ფრე (10 %) “მანჩესტერ იუნაიტედი” (50 %)
“პეესვე” (72 %) ფრე (14 %) ცსკა (14 %)
“ბენფიკა” (0 %) ფრე (33 %) “ატლეტიკო” (67 %)
“გალათასარაი” (100 %) ფრე (0 %) “ასტანა” (0 %)
“მანჩესტერ სიტი” (100 %) ფრე (0 %) “მიუნხენგლადბახი” (0 %)
“სევილია” (43 %) ფრე (28,5 %) “იუვენტუსი” (28,5 %)