ცოტა ხნის წინ, ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ საქართველოს უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო.
ამ ტურის წინ ბათუმელები 7 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ, ქუთაისელები კი მათ ოთხი ქულით დამორჩებოდნენ. სანაკრებო პაუზის წინ „ტორპედომ“ შინ გორის „დილასთან“ წააგო და მესამე ტურის ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც სახლში დამარცხდა.
პირველი ნახევარი არც თუ ისე საინტერესო გამოდგა – გუნდები სახიფათო ეპიზოდებით არ გამორჩეულან, რაც ანგარიშზეც აისახა – შესვენების წინ ტაბლოზე უგოლო შედეგი დაფიქსირდა.
სამაგიეროდ, პირველი ნახევრის უინტერესობა მეორე ტაიმმა აანაზღაურა. 46-ე წუთიდანვე თამაში ორმხვრივი შეტევებით გამოირჩეოდა.
61-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელის პასი მიიღო და მახვილი პოზიციიდან უძლიერესად დაარტყა – 0:1, სტუმრები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, რამაც შედეგი სწრაფად გამოიღო. 70-ე წუთზე დანიშნული ჯარიმის შემდეგ „ტორპედოს“ მეკარემ გელა გოგიტიძის თავური დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო – ანგარიში გათანაბრდა. ერთ წუთში „დინამოს“ კართან მეტად საეჭვო ეპიზოდი იყო, როდესაც მცველმა და მეკარემ ტორპედოელთა მოთამაშე წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რასაც იმერელთა უკმაყოფილება მოჰყვა.
შეხვედრის ბოლო წუთები მეტად დაძაბული იყო – ბათუმელებს წინ გასვლის შანსი გააჩნდათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში ბურთი „ტორპედოს“ კარს ან მცირე მანძილით სცდებოდა, ან მცველები საიმედოდ თამაშობდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე მედინამ შორიდან პასი მიიღო და თითქოს გოლის გასატანად ხელსაყრელ პოზიციას იკავებდა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ პორტუგალიელი ლეგიონერის დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოდგა. სათქმელია, რომ მანამდე ერთ წუთით ადრე საჯარიმოს გარეთ გასულმა მეკარემ მიხეილ ალავიძემ ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მეტოქე წააქცია. მსაჯმა გოლკიპერს ყვითელი ბარათი უჩვენა, რასაც „ტორპედოს“ ფეხბურთელების მორიგი უკმაყოფილება მოჰყვა.
საბოლოოდ, 1:1 და „დინამომ“ 8 ქულა დააგროვა, „ტორპეოდს“ აქტივში კი 5 ქულაა.
შემდეგ ტურში აჭარული კლუბი თბილისში „ცხინვალს“ შეხვდება, იმერლები – ფოთს „კოლხეთს“ უმასპინძლებენ.
„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 1:1
გოლები: გოგიტიძე 70′ – ქიმაძე 60′
გაფრთხილებები: ალავიძე 90′ – კლიმიაშვილი 45′