ჩავიმ დი მარიასთან შესაძლო თანამშრომლობა განიხილა

“ბარსელონამ” ანხელ დი მარიას მიმართ ინტერესი გამოხატა.

ესპანური “ასის” ცნობით, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა პირადად განიხილა არგენტინელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ანხელ დი მარიას “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

დი მარიას კარიერის გაგრძელების კიდევ ერთ ვარიანტად ტურინის “იუვენტუსი” აქვს, თუმცა იტალიურ კლუბთან ოფიციალური შეთანხმება არ მიღწეულა.

ანხელ დი მარიამ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 26 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩავი: “არცერთი ტიტულისთვის არ ვიბრძვით, მიზანი მეორე ადგილია”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

“რეალობა უნდა მივიღოთ, მაგრამ არ ვაპირებთ იმ იდეის ღალატს, რომლისაც გვჯერა. საკუთარი თავის რწმენა უნდა შევინარჩუნოთ. დიდი ესპანური კლუბები დავამარცხეთ: “ატლეტიკო”, “რეალი”, “სევილია”. იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. მე ჯერ კიდევ პოზიტიურად ვარ განწყობილი, წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

რეალობა ისაა, რომ ახლა არცერთი ტიტულისთვის არ ვიბრძვით. მოკრძალება გვმართებს ისე, როგორც არასდროს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მიზანი მეორე ადგილია. ორი-სამი კვირის წინ ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ვიბრძოდით, ახლა კი ამისგან ძალიან შორს ვართ. რეალობა მეორე ადგილისთვის ბრძოლაა. დღეს ისე ცუდად არ გამოვდივართ, როგორც ნოემბერში, მაგრამ კიდევ უკეთესები უნდა გავხდეთ“, – ჩავის სიტყვები “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში “ბარსელონა”, “სევილია” და “ატლეტიკო” მეორე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ. გათამაშების ლიდერი მადრიდის “რეალი” მათ 15 ქულით უსწრებს.

რაული: “რეალის” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა თქვა, რომ “სამეფო კლუბის” გაწვრთნაზე ოცნებობს.

“რეალის” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. მწვრთნელობა გადავწყვიტე, კლუბის სტრუქტურაში ვმუშაობ და ვცდილობ, სერიოზული გამოწვევებისთვის მოვემზადო. დრო გვიჩვენებს, რამდენად იქნება ჩემი დახმარების საჭიროება. ახლა სამწვრთნელო საქმეს ვსწავლობ, სიამოვნებას ვიღებ და კლუბის განკარგულებაში ვარ”, – რაულის სიტყვებს “მარკა” აქვეყნებს.

ესპანელმა კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესზეც:

“ჩავის სამწვრთნელო მონაცემები ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ჰქონდა. მას საქმეები კარგად მისდის, კარგი აწმყო და მომავალი აქვს. დრო ყველაფერს დაალაგებს. ჩავის აქვს ჟინი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ის კარგად იცნობს “ბარსელონას”, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩავის ყველაფერი გამოუვა”.

შეგახსენებთ, რომ რაული 2019 წლიდან “რეალის” სარეზერვო გუნდ “კასტილიას” წვრთნის.

“ბარსელონას” მომდევნო სეზონიდან ჩავი უთავკაცებს

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, რომელიც დღესდღეობით ყატარულ “ალ სადს” თავკაცობს, მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. ამ ინფორმაციას “მუნდო დეპორტივოს” ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, 40 წლის სპეციალისტმა შემოთავაზება კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ მარტომეუსგან მიიღო. ჩავიმ შეთავაზებაზე დადებითი პასუხი თქვა.

წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ამ სეზონს ჩაამთავრებს ან მას მიმდინარე გათამაშების დარჩენილ პერიოდში “ბარსელონას” მეორე გუნდის თავკაცი გარსია პიმიენტა ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ კიკე სეტიენი “ბარსელონას” 13 იანვრიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა 17 მატჩი გამართა, 11 გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე დამარცხდა.

ჩავი: “საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფრით მომხიბლა”

ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოტყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის თამაშით მოხილბული არ დარჩა. მისი თქმით, ფრანგები მუნდიალზე ზედმეტად პრაგმატულ ფეხბურთს უჩვენებდნენ.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელები ძალზედ პრაგმატულად მოქმედებენ, ვინაიდან ტურნირიდან გამოვარდნის ეშინიათ. ერთი შეცდომა და ნახვამდის. მე სხვა სკოლიდან ვარ და ის ბურთის ფლობასა და გარისკვას გულისხმობს. მუნდიალზე გუნდების 70-80 პროცენტი არ რისკავს და ელოდება მეტოქის შეცდომას. ეს ცუდია.

საფრანგეთის ნაკრებმა ვერაფრით მოგვხიბლა, მხოლოდ ის გვიჩვენა, რომ ჩემპიონია. ფრანგებს ორგანიზებული გუნდი ჰყავდათ, ბევრი კარგი თვისებით შემკული, მაგრამ სილაღე აკლდათ. ანტუან გრიზმანსა და კილიან მბაპეს მოულოდნელად აფეთქება შეუძლიათ, მაგრამ მე ამ თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ”, – თქვა ჩავიმ “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ჩავი: “ეს ფეხბურთელი ჩემ თავს მაგონებს”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” შუახაზელი მარკო ვერატი საკუთარ თავს აგონებს და იტალიელი პირველია იმ ფეხბურთელთა შორის, ვის ხილვასაც კატალონიური გუნდის რიგებში ისურვებდა.

“ვერატი ჩემ თავს მაგონებს. იგი ბურთს სიღრმეში ეძებს, შემდეგ კი წინ მიიწევს და თამაშის მიმდინარეობას კარნახობს. მარკო ჩემსავით დაბალია და ბურთს არასდროს კარგავს. იგი ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც საოცარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ვერატი “ბარსელონასთვის” იდეალური მოთამაშე იქნებოდა. მინდა, რომ იგი “ნოუ კამპზე” ვიხილო. ვერატი პირველია იმათ შორის, ვის ხილვასაც “ბარსაში” ვისურვებდი.

“ბარსელონას” თავკაცობაზე ვოცნებობ და ამ მიზნის რეალობაში მოყვანაზე ვმუშაობ. თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ამ საქმიანობაში ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგალითად, როგორ უნდა ითანამშრომლო 25 ფეხბურთელთან, ასევე დანარჩენ მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბის წევრებთან.

ლუის ენრიკეს ჩემით შეცვლაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ კიდევ ფეხბურთელივით ვფიქრობ და არა მწვრთნელივით. გამოცდებიც ჩასაბარებელი მაქვს. მომდევნო სეზონი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. შემდეგ ვნახოთ, რა იქნება”, – ჩავის კომენტარი Le Parisien-მა გამოაქვეყნა.

ჩავი: “კატალონიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდთა 15-ეულში იქნებოდა”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფიფასგან აღიარების შემთხვევაში, კატალონიის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნებოდა.

“შინ ყოველთვის სიხარულით ვბრუნდები. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული გუნდის რიგებში თამაში.

კატალონიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო10-15-ეულში იქნებოდა. კატალონიის ნაკრები კატალონიური სპორტის ძალას რეალურად ასახავს. ეჭვგარეშეა, რომ სხვადასხვა ასპექტში მართლაც ძლიერები ვართ”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.es

კატალონიის ნაკრები დროდადრო მართავს მატჩებს, თუმცა ვინაიდან გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არ არის აღიარებული, ოფიციალური შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა არ აქვს.

ჩავის “ბარსელონას” გაწვრთნა სურს

“ალ სადის” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოტყდა, რომ “ბარსელონაში” დაბრუნების იმედი აქვს, მეტიც – მას კატალონიური გუნდის გაწვრთნა სურს. 36 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს.

“არ ვმალავ, რომ “ბარსელონას” მწვრთნელობა მსურს. ეს ჩემი მთავარი მიზანია. ჩემს კლუბში დაბრუნება და მუშაობა მინდა. ეს ჩემი სახლია. კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენას ვაპირებ და მინდა, რომ ფიზიკურად მოედანთან ახლოს ვიყო. არ მინდა დახურულ ოფისში მუშაობა. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვრთავ ტელევიზორს ფეხბურთის საყურებლად. ჩემი მეუღლე ფეხბურთს ვეღარ იტანს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Four Four Two.

 

ჩავიმ ჭადრაკი ითამაშა (ფოტო)

“ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად “ალ სადის” ღირსებას იცავს, დოჰაში საჭადრაკო ტურნირს დაესწრო. ესპანელმა ფეხბურთელმა ცნობილ მოჭადრაკეებთან რამდენიმე სპარინგიც ჩაატარა.

Xavi chess

ჩავი: “მესის გარეშე “ბარსა” და “რეალი” თანაბარი ძალისანი არიან”

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესი ვერ ითამაშებს, გუნდები მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ძალით წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლიდერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მისი ყოფნა მაინც საეჭვოა.

“თუ მესი მოედანზე არ გავა, გუნდები ერთმანეთის წინაშე თანაბარი ძალით წარსდგებიან. “რეალსაც” ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ლეო არის “ბარსელონასთვის”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ძალზედ რთული საქმეა, მესის გარეშე კი ეს კიდევ უფრო გაჭირდება. ამის მიუხედავად, “ბარსელონას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და წარმატებების მიღწევა შეუძლია”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.

 

ჩავიმ ევრო-2016-ის სამი ფავორიტი დაასახელა

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის სამი ფავორიტი გუნდი დაასახელა.

“სამი ფავორიტი მყავს. ევროპის ჩემპიონატი შეიძლება მოიგოს ესპანეთის, საფრანგეთის ან გერმანიის ნაკრებმა. ჩემი აზრით, ეს გუნდები არიან მთავარი პრეტენდენტები”, – ჩავის სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

 

ჩავის “ბარსელონაში” დაბრუნება სურს

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად “ალ სადის” ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ სამწვრთნელო განათლების მიღება უკვე დაიწყო. მას “ბარსელონაში” დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

“სწავლას ვაპირებ. უკვე დავიწყე სამწვრთნელო განათლების მიღება აქ, Aspire-ის აკადემიაში. ყატარში ვთამაშობ, თუმცა ესპანურ ფეხბურთს თვალყურს კვლავაც ვადევნებ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუმცა მინდა, რომ ერთ დღეს “ბარსაში” დავბრუნდე. ეს არის ჩემი მიზანი და რაც უფრო ახლოს ვიქნები საფეხბურთო მოედანთან, მით უკეთესი”, – ჩავის კომენტარი ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.