ბლატერი: “პლატინიმ ჯერ ვისკი შემომთავაზა, შემდეგ კი…”

ფიფას ახალარჩეული პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინისთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას პლატინიმ გადადგომისკენ მოუწოდა.

“პლატინიმ ჯერ პირადი შეხვედრა მთხოვა, შემდეგ კი მეგობრულად ვისკი შემომთავაზა. როდესაც უარი ვუთხარი, მან სრული სერიოზულობით მითხრა, რომ ფიფას პრეზიდენტის პოსტი უნდა დამეტოვებინა.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა იმედები გამიცრუა. ვიცი, რომ არჩევნების წინა ღამეს პლატინიმ ყველა ფედერაციას მიწერა, ჩემ წინააღმდეგ ხმის მიცემა და პრინც ალის მხარდაჭერა სთხოვა”, – ბლატერის სიტყვები ინტერნეტპორტალ blick.ch-ზე გამოქვეყნდა.

რამდენიმე დღის წინათ თავად პლატინიმაც განაცხადა, რომ ბლატერს ფიფას პრეზიდენტის პოსტის დატოვება შესთავაზა.

 

ბეკენბაუერმა ბლატერის გამკრიტიკებელი უეფა გააკრიტიკა

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კაპიტანმა ფრანც ბეკენბაუერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა უეფას მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ფიფას ახალარჩეულ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს აკრიტიკებს.

“ბლატერი ძლიერი პიროვნებაა, დიდი რეპუტაციით სარგებლობს. უეფამ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ვერ შეძლო და მხარი ნაკლებად ცნობილ აზიელს დაუჭირა. რამის შეცვლა რომ მსურდეს, ალტერნატივას თავადვე წამოვაყენებდი”, – ბეკენბაუერის სიტყვები ინტერნეტპორტალ t-online.de-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეპ ბლატერმა ერთადერთი კონკურენტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი დაამარცხა.

 

ფიფამ პრეზიდენტი ვერ აირჩია

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულებულია.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტისთვის ერთმანეთს ფიფას მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი ეცილებოდნენ.

ხმები ასე გადანაწილდა:

ალი ბინ ალ ჰუსეინი — 73 ხმა;
იოზეფ ბლატერი — 133 ხმა.

გამარჯვებისთვის ერთ-ერთ კანდიდატს საერთო ხმების 2/3 (140 ხმა) უნდა მოეგროვებინა. რადგან უპირატესობა ასეთი საგრძნობი არ არის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების ბედს მეორე ტური გადაწყვეტს. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

 

პლატინი: “დღეს ბლატერს გადადგომა ვთხოვე, მან კი მიპასუხა…”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დღეს ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერს პირისპირ შეხვდა. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს 14 პირი კორუფციულ მაქინაციებში ამხილეს. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ფიფას გარშემო დიდი სკანდალია, ხვალ კი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებია.

მიშელ პლატინიმ ზეპ ბლატერთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

“მიყვარს ფიფა, პატივს ვცემ მის ისტორიას, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ყველანაირ საზღვარს ცდება.

ბლატერს ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ერთად გავიმარჯვეთ, მაგრამ დღეს მე შენ გადადგომას გთხოვ”.

მან მიპასუხა: “მიშელ, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ დღეს გადადგომა უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება, ვერ გადავდგები, კონგრესამდე ერთი დღე დარჩა”.

ზეპს გადადგომა ვთხოვე იმიტომ, რომ მან ფიფას იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა. რთულია, მეგობარს უთხრა, რომ ის უნდა წავიდეს, თუმცა რეალობა ასეთია. ძალიან სამწუხაროა. ფიფა უკვე ბევრმა სკანდალმა მოიცვა.

მე მას ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ბევრს გვაკრიტიკებენ”. მან კი მიპასუხა: “არც ისე ბევრს, როგორც – მე”, – პლატინის კომენტარს Get French Football News-ი აქვეყნებს.

მიშელ პლატინის თქმით, უეფას წევრ ქვეყანათა უმეტესობა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს მისცემს ხმას. როგორც ცნობილია, საქართველოც იორდანელს უჭერს მხარს.

“პრინცი ალი პრინცია და ის ფულით არ დაინტერესდება”, – აღნიშნა უეფას ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერის არჩევის შემთხვევაში, მიშელ პლატინი არ გამორიცხავს, რომ უეფა ფიფას გამოეყოს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 29 მაისს გაიმართება.

პლატინი: “ბლატერს ვუმეორებ ლენარტ იოჰანსონის მიმართ მის მიერვე თქმულ სიტყვებს”

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სანამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს იოზეფ ბლატერი უხელმძღვანელებს, ფიფას ნდობის პრობლემა ექნება.

“ჩვენ არ მოვტყუვდებით. ბლატერს ფიფას ხელმძღვანელობა იმიტომ არ სურს, რომ მისია ჯერ არ დაუსრულებია. ის ამ ორგანიზაციაშია უკვე 40 წელია და ასეთი განცხადება ნამდვილად არ არის დამაჯერებელი. მას ხვალინდელი დღის ეშინია.

მან მთელი ცხოვრება ფიფას მიუძღვნა და მესმის, რომ სიცარიელის შიში აქვს. თუმცა, თუ მას მართლა უყვარს ფიფა, ორგანიზაციაზე მანამდე უნდა ეფიქრა.

სანამ ბლატერი სათავეშია, ფიფას მუდამ ექნება ნდობის პრობლემა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს კი ორგანიზაციის ავტორიტეტზე გავლენას ახდენს.

დარწმუნებული ვარ, ალი ბინ ალ ჰუსეინი, რომელსაც პირადად ვიცნობ, შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს.

Lennart Johansson - Joseph  Blatter

უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიფას ახალი ლიდერი, ახალი სისხლი და სუფთა ჰაერი სჭირდება. პირადულად ბლატერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას პატივს ვცემ, რადგან ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიუღია. უბრალოდ ვამბობ, რომ რაღაც მომენტში წასვლის დრო დგება, ტახტის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადო. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ზეპმა ლენარტ იოჰანსონს 2007 წელს, როდესაც უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა დავაყენე”, – პლატინის სიტყვები ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

Luis Figo - Michael van Praag

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ რამდენიმე დღის წინათ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ფიგუმ მოგვინებით განმარტა, რომ წინასაარჩევნო მარათონი არადემოკრატიულ ხასიათს ატარებს.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს დარჩენილი ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი ეცილება ერთმანეთს.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარება იგეგმება

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ პალსტინის ფეხბურთის ასოციაციამ მოითხოვა, ისრაელს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალოს. პალესტინის მხარე ამტკიცებს, რომ ისრაელი თავის ფეხბურთელებს ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ებრაულ მხარეს პალესტინის ტერიტორიიდან სპორტული აღჭურვილობის იმპორტი აკრძალული აქვს.

“პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ერთ-ერთი თემა ისრაელისა და პალესტინის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩი იყო. შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მთავარია, რომ ეს ორივე მხარესთვის მშვიდობის მატჩი იქნება”, – ციტირებს ბლატერის სიტყვებს AFP.

 

მარადონა: “ახლა ბლატერისთვის უკანალში წიხლის ამოკვირისთვის კარგი შანსია”

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა თვლის, რომ ფიფას დამდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ცვლილებებისთვის შესანიშნავი დროა.

“დამდეგი არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ბლატერს უკანალში წიხლი ამოკრან”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს “ასოშეითედ პრესი”.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ: მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შედგება.

 

ბლატერი: „2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 18 დეკემბერამდე უნდა დასრულდეს“

ფიფა-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდის შესახებ ისაუბრა.

„წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ვამბობ, რომ 2022 წლის მუნდიალი ზაფხულში არ უნდა ჩატარდეს. სამუშაო ჯგუფმა ფიფა-ში თავისი წინადადება გაგზავნა – გადაწყდა, რომ ტურნირი ნოემბრისა და დეკემბრის დღეებში გაიამრთება.

ფინალის ჩატარების თარიღი? ყოველ შემთხვევაში, გადამწყვეტი შეხვედრა 23 დეკემბრამდე არ შედგება. ტურნირი 18 დეკემბრამდე უნდა დავასრულოთ. ფინალის გვიან გამართვის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ბლატერმა.

ბლატერი: “დღეს მნიშვნელოვანი დღეა”

ფიფას მოქმედმა ხელმძღვანელმა ზეპ ბლატერმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა წარვადგინე. ახლა სიტყვა კომიტეტზეა, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბლატერმა.

ზეპ ბლატერს კონკურენციას გაუწევენ: იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ჟერომ შამპანი, ყოფილი ფეხბურთელები დავიდ ჟინოლა და ლუიშ ფიგუ, აგენტი მინო რაიოლა და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე ჟოაო აველანჟი შეცვალა. მან დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წელს გაიმართება.

 

პლატინი: “ფიფასთვის კარგი იქნება, თუ ბლატერი მმართველობას დაასრულებს”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თვლის, რომ ზეპ ბლატერი ფიფას მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში აღარ უნდა იქნეს არჩეული.

“1998 წელს ბლატერს მხარს ვუჭერდი, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ ის შესაფერისი კანდიდატურა იყო, თუმცა მოვიდა დრო, მან ადგილი სხვას დაუთმოს.

დღეს ფიფას ძალიან ცუდი იმიჯი აქვს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ბლატერის მმართველობა დასრულდება, თუმცა მას წასვლა არ სურს”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს BBC.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წლის 29 მაისს კონკრეტული პიროვნების არჩევით დასრულდება.

 

ინგლისში რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიან

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბერნშტეინი 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ ფიფაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, ძლიერმა საფეხბურთო ქვეყნებმა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უნდა გამოაცხადონ.

“მხოლოდ ინგლისი სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ეს სასაცილოც კი იქნებოდა. თუმცა, თუ უეფას ყველა ქვეყანა გავერთიანდებით, გაცილებით ეფექტიანი იქნება. გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას ფეხბურთში საკმაოდ მძიმე წონა აქვთ და მათ გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია. ახლა ისევ რომ ვიყო ასოციაციის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პოზიციაზე გადმოგვეყვანა. ვთვლი, რომ ფიფაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, პრეზიდენტმა ბლატერმა კი დაკავებულოი პოსტი უნდა დატოვოს. თუ ასე არ მოხდება, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს ბერნშტეინის სიტყვებს BBC.

 

ბლატერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

ფიფას 78 წლის პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის პოსტზე.

“სან პაულუში გამართულ კონგრესზე ძლიერი მხარდაჭერა ვიგრძენი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, თუ როგორ მთხოვენ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას.
ჩემი გადაწყვეტილების შესახებ აღმასრულებელ კომიტეტს ვაცნობებ და კანდიდატურას წარვადგენ. ჩემი მისია ჯერ არ დასრულებულა”, – ბლატერის სიტყვებს Fox Sports-ი აქვეყნებს.

ცნობილია ისიც, რომ უეფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა გადაიფიქრა.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. ბლატერმა დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წლის მაისში, შვეიცარიაში ჩატარდება.