შუქურა – ზუგდიდი 2:1

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩში ქობულეთის “შუქურამ” საკუთარ მოედანზე ზუგდიდის “ზუგდიდი” დაამარცხა.

შუქურა 2:1 ზუგდიდი 

გოლი: 1:0 ზვიად მეტრეველი (24), 1:1 შოთა ლომია (46), 2:1 გიორგი ჩელებაძე (59, პენალტით)

ზუგდიდელთა რიგები კიდევ სამი ფეხბურთელით გაძლიერდა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღე დარჩა და საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“   მზადებას „ბაიას“ ბაზაზე აგრძელებს.  ერთკვირიანი მოსამზადებელი ციკლის დასრულების შემდეგ, გუნდი 5 აგვისტოს შეიკრიბა და ვარჯიშები განაახლა. ზუგდიდელთა შემადგენლობას დაუბრუნდა ფორვარდი,ირაკლი ეხვაია და მარცხენა მცველი ოთარ ჯავაშვილი, რომელიც გასულ სეზონის საგაზაფხულო ეტაპზე, „ზუგდიდის“ შემადგენლობაში თამაშობდა. გარდა ამისა „ზუგდიდი“, კიდევ ერთი თავდამსხმელით, გაძლიერდა. დღეიდან ზუგდიდელთა მაისურს ვახტანგ კვარაცხელია მოირგებს. მან,  გასული სეზონის ბოლო პერიოდი, გორის „დილაში“ გაატარა.

რაც შეეხება ირაკლი ეხვაიას-იგი წინა სეზონის საგაზაფხულო ეტაპზე ცხინვალის „სპარტაკის“ რიგებში ირჯებოდა, ხოლო ახალი სეზონისთვის მზადება მან, ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში დაიწყო, თურქულ შეკრებაზეც ახლდა ფოთელებს და კონტრაქტიც გაფორმებული ჰქონდა ამ გუნდთან,   თუმცა ბოლოს მხარეების შეთანხმების შედეგად, მან  მაინც საკუთარ გუნდში თამაში არჩია. ზუგდიდელთათვის უდაოდ კარგი შევსებაა, ვინაიდან, შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ამის ფონზე შემადგენლობაც დაიცალა.

fczugdidi.ge

ზუგდიდი ახალგაზრდა უკრაინელებს გასინჯავს

კვირას კიევი – ქუთაისის რეისით ჩვენს ქვეყანას „კნიაჟას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი სამი უკრაინელი ახალგაზრდა ფეხბურთელი ეწვევა. საქართველოში საკუთარი საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას გეგმავენ დმიტრი ცვილიკი, ვადიმ პეტრენკო და მიხაილო იუშიშენი – სამივე მათგანი 1997 წელს გახლავთ დაბადებული.

პერსპექტიული უკრაინელი ფეხბურთელები, საკუთარ შესაძლებლობებს ზუგდიდს საფეხბურთო კლუბში მოსინჯავენ. ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად Fanebi.com ირაკლი ხვედელიანს დაუკავშირდა, რომელმაც კლუბი და ახალგაზრდა მოთამაშეები ერთმანეთთან დააკვაშირა.

ირაკლი ხვედელიანი: “უკრაინაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოზარდმა ფეხბურთელებმა საკუთარი საფეხბურთო ბედის ძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადაწყვიტეს. ერთ–ერთი მათგანი, კერძოდ კი დმიტრი ცვილიკი დამიკავშირდა და მთხოვა მას და მის მეგობრებს დავხმარებოდი. ახალგაზდა ფეხბურთელების საქმეში ნახვა უმაღლესი ლიგის წარმომადგენელმა, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბმა ისურვა. ზოგადად ეს გუნდი ყოველთვის იმით გამოირჩევა, რომ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს ხშირად უცხადებს ნდობას. ზუგდიდური კლუბი 17–18 წლის ფეხბურთელებს ხშირად აძლევს უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალებას, მაღალ დონეზე გამოცდილების მიღების შემდეგ კი ამ კლუბიდან არაერთი ბიჭი გვინახავს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მიწვეული.

10589958_4516118517983_1257876067_n

რაც შეეხება თავად სამეულს: დმიტრი ცვილიკი 1997 წლის 26 თებერვალს გახლავთ დაბადებული, ფეხბურთის თამაში მან 6 წლიდან დაიწყო. ტანმაღალი (სიმაღლე: 1,83 / წონა: 63 კგ.) დმიტრი ცვილიკი ამპლუით ცენტრალური ფორვარდი არის, საჭიროების შემთხვევაში შეტევის გაძლიერება ფლანგებიდანაც შეუძლია და არც სისწრაფეების განვითარება უჭირს. ზუგდიდს ეწვევა მისი მეგობარი და თანაგუნდელი ვადიმ პეტრენკო, რომელიც 1997 წლის 30 იანვარს არის დაბადებული. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე (სიმაღლე: 1,87 / წონა: 64 კგ.) ხშირად თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზეც. კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე 1997 წლის 16 ივლისს დაბადებული ვადიმ იუშიშენი (სიმაღლე: 1,78 / წონა: 65 კგ.) არის, რომელმაც უკანასკნელი სეზონი ოდესის ჩერნომორეცის ასაკობრივ გუნდში გაატარა. იგი ძირითადად შეტევას ნახევარდაცვის ფლანგებიდან აძლიერებს. იმედი მაქვს, ეს ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენასა და საფეხბურთო კარიერის საქართველოში გაგრძელებას მოახერხებენ.”

„ზუგდიდმა“ შეკრება, „ლაზიკასთან“ მარცხით დაასრულა

ერთკვირიანი შეკრების ბოლო დღეს,  ს.კ. „ზუგდიდი“, საკონტროლო მატჩში,  ისევ თანაქალაქელ, პირველიგელ, „ლაზიკას“  შეხვდა. ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ, ამ შეხვედრაში   სამი ახალწვეული, ლომიძე, ქურდაძე და ხუჭუა გამოსცადა ძირითად შემადგენლობაში. მცირე ტრავმის გამო ზუგდიდელთა რიგებს, ლევან წურწუმია, ვაკო ტყემალაძე, დათა ქირია და ლევან გულორდავა დააკლდათ. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში კი ვიხილეთ, თუმცა მან მინდორზე  მხოლოდ ხუთი წუთი დაჰყო და შესაცვლელი შეიქმნა. პირველი ტაიმი უმაღლესლიგელთა უპირატესობით წარიმართა და მათი მოგებით 2:0 დასრულდა. გოლები მეტოქის კარში შოთა ლომიამ და გურამ სამუშიამ გაიტანეს.
მეორე ნახევარში მუმლაძემ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. შემცვლელთა შორის ამჯერადაც, მიდორზე კვლავ ვიხილეთ ახალბედა ბექა კაკაჩია (1997 წწ), რომელიც პირველად ძირითად შემადგენლობაში, წალენჯიხის „სქურის“ წინააღმდეგ,  წინა მატჩში გამოჩნდა. მეორე ტაიმში კი „ლაზიკამ“,  საკუთარი გუნდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით  გააძლიერა და ეს შედეგზეც აისახა.  სამი გატანილი გოლით  შეხვედრა „ლაზიკას“  მოგებით 3:2 დასრულდა.
შეკრების შემდეგ,  მუმლაძემ კი საკუთარ გუნდს ერთ დღიანი დაასვენების უფლება მისცა, ხოლო გუნდი ვარჯიშს 5 აგვისტოს განაახლებს. რაც შეეხება ახალწვეულებს – თუ ვინ დარჩება გუნდში, სწორედ 5 აგვისტოს გაცხადდება. როგორც ირკვევა „ზუგდიდი“ ხვალ, კიდევ ორ ახალწვეულს  ელოდება.   დღევანდელ შეხვედრაში „ზუგდიდმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ზუგდიდი:  თევდორაძე, რიგვავა, ქურდაძე, ლომაია, ხუჭუა, ლომიძე, კობერიძე, ფარჯიკია, ლომია, სამუშია, კუკავა
შეცვლა:  ნ.ქირია, ქომეთიანი, ჭაავა, აკობია, კ.ახალაია, გვაზავა, საბეკია, გულორდავა (კაკაჩია), თოლორაია, გ.ქირია, ჩანგელია

fczugdidi.ge

ზუგდიდის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს შეხვდა

ერთკვირიანი მოსამზადებელი შეკრების დაწყებამდე, ს.კ. „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობა ბაიას ბაზაზე გულშემატკივრებს შეხვდა. ქომაგებთან შეხვედრა გუნდის დირექტორმა, გელა ინალიშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნესტორ მუმლაძემ დაგეგმეს. მოგვიანებით მათ ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხიაც შეუერთდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივართა შორის ძირითადი სასაუბრო თემა, გუნდში არსებულ  ვითარებას შეეხო. ასევე, ქომაგთა მხრიდან  დაისვა კითხვები, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის  გუნდის მომზადება და რა ცვლილებებია შემადგენლობის მხრივ. გარდა ამისა იყო კითხვები, დაფინანსების საკითხზეც და გუნდის სამომავლო გეგმებზეც, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
გელა ინალიშვილი (გუნდის დირექტორი):  „სასიხარულოა, რომ თქვენთან შეხვედრა, ჩვენი დანიშვნიდან სულ რაღაც ერთ კვირაში მოხდა.  გუნდში არსებული პრობლემები ისედაც ცხადია და დეტალებს არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ  საკითხები – რა ცვლილებები  ხდება გუნდში და სამომავლოდ რა უნდა განხორციელდეს. იცით, რომ კლუბის მესვეურთა მხრიდან აქტიური მხარდაჭერა გვაქვს და მოკლე დროში ერთად დგომით, შევეცდებით, რომ ახალ სეზონს ნორმალურად შეხვდეთ, მცირე დროის მიუხედავად რაც არ უნდა ზედაპირულად ჩანდეს ჩემი სიტყვები. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ გუნდის ძირითადი ამოცანა წლევანდელ სეზონზე არის უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ ეტაპობრივად  მთავარ ორიენტირი გუნდის მშენებლობაზე კეთდება. სასაუბრო, კლუბის გარშემო ბევრად    მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, ამ ეტაპისთვის უპირველესი ამოცანა გუნდის გადარჩენა და შენარჩუნებაა. სამომავლოდ კი ს.კ. „ზუგდიდის“ აღზრდილების, საკუთარ გუნდში დაბრუნება იგეგმება. კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის თემას – ნესტორ  მუმლაძის დიდად გვეიმედება და გუნდში მიმდინარე შემადგენლობის მხრივ მიმდინარე ცვლილებებზე, სიტყვა სწორედ მას მინდა გადავცე“.

ნესტორ მუმლაძე (მწვრთნელი):  გუნდში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩავატარეთ უკვე. შემადგენლობის მხრივ კი გეტყვით იმას, რომ ჩვენთან ვარჯიშობენ მეკარე რევაზ თევდორაძე,  მცველები, ლაშა ტუღუში და დათო ლომაია. ასევე გუნდს დაუბრუნდა თქვენთვის კარგად ნაცნობი ვაკო ტყემალაძე. ვმუშაობთ რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოყვანაზე და ეს პროცესიც თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ თამამად შემიძლია განვაცხადო თქვენს წინაშე, რომ არცერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის მოწვევა არ იგეგმება ამ ეტაპისთვის. როგორც კლუბის დირექტორმა მოგახსენათ, ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად, მაგრამ მინდორზე ნებისმიერ თამაშზე ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩემი მთავარი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ახალბედა ფეხბურთელი მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში. ადრე რომელ გუნდშიც ვიყავი ყველგან ასე ხდებოდა და აქაც ანალოგიური იქნება. ჩვენი მიზანია  ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და ვფიქრობთ მივაღწევთ ამას.

გულშემატკივარი:  სხვა რგოლთან ერთად იგეგმება თუ არა შეტევის ხაზის გაძლიერება, ვინაიდან ფორვარდის პრობლემა ყველგანაა…

ნესტორ მუმლაძე:  გეთანხმებით დღეისათვის ერთი გამოკვეთილი შემტევი გვყავს ლაშა კუკავა, რომელიც წელს დაუბრუნდა გუნდს. ბუნებრივია ამ მხრივაც მიდის მუშაობა, მაგრამ განვმეორდები, ძვირადღირებული ფეხბურთელის გუნდში მოყვანა ამჟამად არ იგეგმება. გაძლიერება  უდაოდ გვჭირდება, თუმცა პარალელურად ადგილობრივი კადრების მომზადებას მიექცევა უდიდესი ყურადღება. საბედიეროდ ამის პოტენციალი ამ ქალაქში არის“.

ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხია კიდევ ერთხელ შეეხო კლუბში არსებულ პრობლემებს , მათ შორის მერმა კლუბის დავალიანებაზეც ისაუბრა.

ირაკლი გოგოხია (ზუგდიდის მერი): „ არ მინდა ერთიდაიგივე საკითხის გარშემო ტრიალი, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ ის, რომ გუნდი ქალაქის მერიამ ჩაიბარა 177 000 ლარიანი ვალით. ამის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ გუნდის წინსვლისთვის. მინდა შევეხო იმ თემას, რომ ამ დღეებში კლუბში არსებულ დავალიანებას აუდიტი შეისწავლის, რის შემდეგაც გავსწევთ  შესაბამის სამუშაოებს. დავიწყეთ აქტიური მუშაობა და კლუბის დაქვემდებარებაში უახლოეს პერიოდში უნდა გადავიდეს, რუხის ბაზა და ზედაეწერის სტადიონი, ამასთან ერთად კლუბს ოფიციალურად  უნდა გადაეცეს განმუხურის სტადიონიც. ეს კი ინვესტორთა მოზიდვისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ინვესტორებთანაც უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, რაც შეეხება ცენტრალურ სტადიონს – ველოდებით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას და ახალი სტადიონის მშენებლობას ფუნდამენტი,  2015 წლის დასაწყისში ჩაეყრება. წელიწადნახევარში კი ის ექსპლუატაციაში შევა“.

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ დღეიდან ერთკვიან შეკრებაზე გადავიდა  ბაიას ბაზაზე და ხვალიდან, ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელი, ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთავს“.

fczugdidi.ge

ზუგდიდელთა პირველი სპარინგი

ზუგდიდელთა დამრიგებელმა ნესტორ მუმლაძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა გუნდში ოფიციალურად, დღეს პირველი ამხანაგური მატჩიც გამართა.  ს.კ“ზუგდიდი“  ბაიას ბაზაზე, თანაქალაქელ, პირველი ლიგის ბინადარს, „ლაზიკას“ დაუპირისპირდა. მუმლაძეს ფაქტიურად საუმაღლესო გუნდის მშენებლობა საწყისი ეტაპიდან  უწევს, ვინაიდან,  წინა სეზონის დასრულების შემდეგ, ზუგდიდელთა ძირითადი შემადგენლობა წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. ამით იყო გამოწვეული, რომ მუმლაძემ, ზუგდიდელთა რიგებს წინა დღეს შემოერთებული რამდენიმე ფეხბურთელი, დღევანდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.  დღეიდან, ზუგდიდელთა რიგებს  შეუერთდნენ, მეკარე, რევაზ თევდორაძე, მცველები ლაშა ღონღაძე და  დათო ლომაია.  გარდა ამისა ზუგდიდს ვაკო ტყემალაძე დაუბრუნდა, რომელიც ბოლო დროს მარტვილის „მერანში“  ვარჯიშობდა.

რაც შეეხება თამაშს – პირველი ამხანაგური მატჩის კვალობაზე, უინტერესო არ ყოფილა და ბაიას ბაზაზე შეკრებილმა, საკმაოდ მრავალრიცხოვანმა პუბლიკამ 4 გატანალი გოლი იხილა. შეხვედრის საწყის წუთებზე  „ლაზიკა“ დაწინაურდა, გოლი მეტოქის კარში მამუკა ჭკადუამ გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ, „ზუგდიდი“ გააქტიურდა და ორჯერ კუკავას, თითოჯერ ლომიას და სამუშიას მიეცათ გოლის გატანის რეალური შანსი, თუმცა  უშედეგოდ. „ზუგდიდმა“ პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიში მაინც გაათნაბრა. წურწუმია–ლომიას ჩინებული გადაცემა, კობერიძემ ეფექტური გოლით დაასრულა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდში შემდგენლობები მთლიანად შეიცვალა. ახალბედა ფეხბურთელებიც,  მეორე ნახევარში  თითო გოლს გამორჩნენ. თავდაპირველად „ზუგდიდი“  წინ გულორდავამ გაიყვანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე წონასწორობა ჩხაიძემ აღადგინა–ამ უკანასკნელის გოლიც აღნიშვნის ღირსია.  გუნდებმა კი ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

ზუგდიდი:  თევდორაძე (საბეკია), რიგვავა (დ.ქირია), ლ.ღონღაძე (კალანდარიშვილი), დ.ლომაია (კ. ქომეთიანი), კ.ახალაია (აკობია), ტყემალაძე (ჭაავა), გვაზავა ( კობერიძე), სამუშია (გ. ქირია), ლომია (ჩანგელია), წურწუმია (თოლორაია), კუკავა (ფარჯიკია)

 

ლაზიკა:  რ.მაქაცარია, ბ.ქირია (ჩქვანავა), ხუხია (გაგუნი), ჭითანავა (მამულია), კოპალიანი (გვასალია), კუტალია (ქარდავა),, შონია  (ჩხაიძე), ლომაია (დემიანისი), ჭკადუა  (ცაავა), ლაგვილავა (ხარაბაძე), ცაგარეიშვილი

http://fczugdidi.ge/

“ზუგდიდი” მუმლაძემ ჩაიბარა

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნესტორ მუმლაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მუმლაძემ გიორგი დარასელია შეცვალა.

55 წლის სპეციალისტი “ვიტ-ჯორჯიაში”, “ტორპედოში”, “მეტალურგში” და თბილისის “დინამოში” მუშაობდა.

2008/09 წლების სეზონში მუმლაძის გაწთვრნილმა “ვიტ ჯორჯიამ” უმაღლესი ლიგის მოგება შესძლო.

“ზუგდიდის” დუბლებმა “ზესტაფონი” დაამარცხეს

2014 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზაზე, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გაგოშიძე, მოსიძე, გელაშვილი, ენდელაძე (ჭურაძე, 35), მაკარიძე (ბარბაქაძე, 68), მარგველაშვილი, კაკუშაძე, კალაჯიშვილი, კანდელაკი (ეგუტიძე, 86), კაპანაძე (მიქელთაძე, 53).

დღევანდელი დაპირისპირების პირველ ნახევარში სტუმრები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ტაიმის მსვლელობისას სტუმრებს ანგარიშში დაწინაურებას რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცათ – მიზანთან ახლოს დემურ კანდელაკი, ბექა კაკუშაძე და იონა კალაჯიშვილი იყვნენ. ზესტაფონელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველი 45 წუთი უგოლოდ 0-0 დასრულდა…

მომენტების გაფლანგვა ზესტაფონელებმა მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილშიც განაგრძეს და ამისათვის მალევე დაისაჯნენ – 60-ე წუთზე, დღევანდელ შეხვედრაში ზუგდიდელთა პირველივე სახიფათო შეტევა კონსტანტინე საბეკიას გოლით დასრულდა. მატჩის ბოლოს, მას შემდეგ რაც ბექა მიქელთაძემ მეორე ყვითელი მიიღო, იმერლები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. 78-ე წუთზე ზუგდიდელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამყარდა – გოლი ცოტნე სამუშიამ გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ბექა ტუღუშმა “ზუგდიდს” ცენტრიდან გაუტანა

2 მაისს, საქართველოს ჩემპიონატში, “ტორპედოსა” და “ზუგდიდს” შორის გამართულ მატჩში, ქუთაისელთა ფეხბურთელმა ბექა ტუღუშმა ზუგდიდელთა კარი ცენტრიდან აიღო.

“ტორპედოს” საჭირო ქულები ზუგდიდელებთან

30 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულს შორის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „ზუგდიდმა“ მიიღო.

დღევანდელი თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. ასე რომ არა, მოედანზე მოასპარეზე ფეხბურთელები ძნელად გაუძლებდნენ ზღვისპირას მდებარე სტადიონზე გაზაფხულისთვის შეუფერებელ სიცივეს. მატჩის პირველი ტაიმი ძირითადად ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა ტორპედოელთა შეტევები უფრო გააზრებული და მწვავე გახლდათ. საწყის ნახევარ საათში შექმნილი სახიფათო მომენტები მხოლოდ ქუთაისელთა აქტივში ჩაიწერა. მე-11 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ჩიკვილაძის ჩაწოდებით ბურთს მარკოზაშვილი გამოეხმაურა ნახტომში, მახვილი კუთხიდან თავით დარტყმულ ბურთს ზარქუა დაეუფლა პირველივე ცდაზე. მე-17 წუთზე, „ტორპედოს“ ლატვიელი მცველის ჩაწოდებულს ჩიკვილაძის არაზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა. 27-ე წუთზე, შორი მანძილიდან ლექვთაძემ ვერ მოახვედრა „ჩარჩოში“. 31-ე და 33-ე წუთებზე, მარკოზაშვილი იყო ორჯერ ახლოს ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ ჯერ მცველები გადაეღობნენ მის თავურ დარტყმას, მეორედ კი მან მეკარე ზარქუას „დაუფარა“ ფეხი, როცა ეს უკანასკნელი ბურთს იგერიებდა საჯარიმოდან, “მარკიზიოს” ოდნავ არ გაუმართლა და მასპინძლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. 44-ე წუთზე, რეაქციის გამოვლენა მოუწია კვასხვაძესაც, „ტორპედოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ერთ-ერთმა ზუგდიდელმა ფეხბურთელმა დაჰკრა ბურთს, რომელიც ტორპედოელმა მეკარემ არ გაუშვა. აქამდე იყო სამუშიას დარტყმა, ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა. გუნდები უგოლოდ გავიდნენ შესვენებაზე – 0:0.

მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო „გამოცოცხლდა“ და საგოლე ეპიზოდებიც მეტად მოხშირდა. 47-ე წუთზე, ც. სამუშიას ჩაწოდებით „ზუგდიდის“ მაკედონიელი ლეგიონერის თავური დარტყმით ბურთი ხარიხამ აისხლიტა. 48-ე წუთზე, სამუშია გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა კიდეც, მაგრამ კვასხვაძემ იმოქმედა დამაჯერებლად. 53-ე წუთზე, მარჯვენა მხრიდან ჩიკვილაძემ ჩაჰკიდა კუთხურიდან საჯარიმოში, ბურთს ჰაერში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შეუცვალა მიმართულება, რის შემდეგაც ფხიზლად იმოქმედა მამუკა ღონღაძემ, რომელმაც ყველას დაასწრო და მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა იგი მეტოქის კარში – 0:1. 59-ე წუთზე, „კანუს“ შეეძლო მისი გუნდი აღარ ენერვიულებინა დარჩენილ დროში, მაგრამ მარკოზაშვილის პასით მან მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა. მდევრის რანგში მყოფებმა ერთ წუთში „მწარე“ პასუხის გასაცემად ცოტა დააკლდათ, კრკელიჩის მიერ თავით გადაგზავნილმა ბურთმა, სტუმართა კარს მცირე მანძილით ჩაუარა „გარედან“. შემდგომმა 20-წუთიანმა მონაკვეთმა ასევე დაძაბულად ჩაიარა. 85-ე წუთზე, კვერნაძემ დაჰკრა სახიფათოდ ზუგდიდელთა საჯარიმოში შესვლის შემდეგ, ბურთი ზარქუამ მოიგერია კუთხურზე, რომლის მოწოდებას მოჰყვა ღონღაძის მიერ მარცხენა ფეხით ოდნავ არაზუსტად შესრულებული დარტყმა. საბოლოოდ, ქუთათურებმა მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანეს(1:0) და საჭირო ქულებიც მოიპოვეს.

შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=238

FCTorpedo.GE

უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

“ზუგდიდის” ორი ტესტი და ახალი ლეგიონერი

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ზუგდიდმა” უკანასკნელი ორი ტესტ-მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში ქართველებს რუსული “ტომის” ახალგაზრდულ გუნდთან სიახრულიას და ფარჯიკიას გოლებმა მოუტანეს გამარჯვება.
მეორე მატჩი კი, რომელშიც ზუგდიდელები ბულგარულ “მონტანას” შეხვდნენ, დარასელიას გუნდის მარცხით – 1:4 დასრულდა. “ზუგდიდის” მხრიდან ერთადერთი გოლი სამუშიამ 50-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა.

ასევე “ზუგდიდში” კიდევ ერთი პოტენციური ახალწევული გამოჩნდა. 23 წლის მონტენეგროელი ფორვარდი ჯორჯე კრკელიჩი ბოლოს მაკედონიის უმაღლესი ლიგის ბინადარ “ნაპრედოკში” თამაშობდა და 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა. კრკელიჩს ასევე საშობლოში და ისრაელში თამაშის გამოცდილება აქვს.