ზურა ხიზანიშვილი 21 წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეა – მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თანაშემწედ გამოცდილი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი დაინიშნა.

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გუნდს ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინეს. “ძალიან სასიხარულოა, რომ ზურა წარმატებული აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ, რჩება ქართულ ფეხბურთში და აქვს სურვილი, რომ თავისი გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდა თაობას, რაც ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ნაკრებისათვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ზურა ინგლისში თამაშის პერიოდიდან ფიქრობდა, რომ ის კარიერას მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელებდა და ამისთვის შესაბამისი განათლება და გამოცდილებაც აქვს. ამ თაობაში ცოტაა ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტეს და მე მიხარია, რომ ზურა ჩვენთან არის და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა დადებითად აისახება ჩვენს 21-წლამდე ნაკრებზე,”-განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

35 წლის ზურა ხიზანიშვილმა ფეხბურთელის კარიერა აზერბაიჯანულ “ინტერში” დაასრულა – გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. იქამდე კი თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივში”, შოტლანდიურ “დანდისა” და “რეინჯერსში”, ინგლისურ “ბლექბერნში”, “ნიუკასლსა” და “რედინგში”, თურქულ “ქაისერისფორში”, ასევე თბილისის “დინამოში” და “სამტრედიაში” უთამაშია.

ზურაბ ხიზანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ის ერთ-ერთი რეკორდსმენია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით (93 მატჩი).

ახალგაზრდულ ნაკრებში ზურა ხიზანიშვილის გარდა გია გეგუჩაძის ასისტენტები არიან გია ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე და ივან ვუჩეტიჩი.

შეგხსენებთ, რომ 8 და 12 ივნისს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ბულგარეთს ეწვევა, შემდეგ კი – მონტენეგროს.

Gff.Ge

ბაქოს “ინტერმა” ხიზანიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო (ვიდეო)

დღეს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მეოცე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბაქოს “ინტერი” სტუმრად “ყარაბღს” დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი სტუმართა ქართველი ლეგიონერი, ზურაბ ხიზანიშვილი გახდა. 35 წლის მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ ხიზანიშვილის გუნდს 36 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება. მას მეორეადგილოსან “ყარაბაღამდე” რვა, ხოლო ლიდერ “გაბალამდე” ცხრა ქულა აშორებს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

(იხილეთ ხიზანიშვილის გოლი 5:26 წუთიდან)

“ევროსპორტმა” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხიზანიშვილი დაასახელა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დუბლინში ირლანდიის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრის 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დამარცხდა.

“ევროსპორტმა” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი დაასახელა. 10-ბალიან შეფასებაში ვეტერან ქართველ მოთამაშეს 8 ქულა დაუწერეს, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

“33 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ორწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში კვლავ გამოიძახა, სტუმართა შორის დაცვაში გამორჩეული იყო. მეორე სართულზე ორთაბრძოლები მოიგო, გამოცდილების ხარჯზე წინასწარ ჭვრეტდა ირლანდიელთა საკმაოდ ზანტ შეტევებს. “რეინჯერსის” ყოფილი მცველის სამწუხაროდ, მისი გუნდი დუბლინში დამარცხდა”, – წერს “ევროსპორტი”.

საქართველოს ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებს “ევროსპორტისგან” შემდეგი ქულები ერგოთ:

რევიშვილი 7, ლობჟანიძე 7, კვერკველია 6, კაშია 6, ამისულაშვილი 7, ნავალოვსკი 6, კანკავა 6, ყაზაიშვილი 7, ოქრიაშვილი 7, მჭედლიძე 7, ცინცაძე 6, ყენია 6, პაპუნაშვილი 7.

„ინტერმა“ ხიზანიშვილი ევროპის ლიგის განაცხადში შეიყვანა

ბაქოს „ინტერმა“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საბოლოო განაცხადში 33 წლის ახალწვეული, ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი შეიყვანა.

უეფა-ს რეგლამენტის მიხედვით, ევროპის ლიგის პირველი რაუნდის განაცხადში კლუბს ერთი მოთამაშის დამატების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა ქართველმა მცველმა ბაქოელებთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასული სეზონის პირველ ნახევარში ზურაბმა თბილისის „დინამოშ“ ითამაშა, ზამთარში კი „სამტრედიაში“ გადაბარგდა.

ხიზანიშვილი ერიკ აბიდალისა და ფილ ჯონსის წინააღმდეგ (ვიდეო)

ხიზანიშვილმა უმაღლესში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

“სამტრედიასა” და “სიონს” შორის გამართულ უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე ზურაბ ხიზანიშვილმა გახსნა.

33 წლის ცენტრალური მცველისთვის ეს უმაღლეს ლიგაში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გატანილი პირველი გოლია. უკანასკნელად, ზურამ შედეგიანი დარტყმა საქართველოს ჩემპიონატში 1999/00 წლების სეზონში შეასრულა, როდესაც თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. 2001 წლიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ბრიტანეთში ასპარეზობდა.

სამტრედიული კლუბისთვის “სიონთან” მატჩი კიდევ რამდენიმე მიზეზით იყო გამოსარჩევი. გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი ლეგიონერი ლეონარდო რამოსი, რომელიც “სამტრედიას” რიგებში პირველ ეტაპზე ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია. გარდა ამისა, სამტრედიალთა განაცხადში პირველად იყვნენ სანდრო გურული და 37 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც “სიონის” წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. აღსანიშნავია, რომ “სამტრედია” – “სიონის” შეხვედრას კახა კალაძე დაესწრო.

კალაძე

ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში 100 მატჩის ჩატარებაზე ოცნებობს

ზურაბ ხიზანიშვილმა გასული წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრები თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ გუნდში კვლავ დაბრუნდეს. ხიზანიშვილს საქართველოს ნაკრებში 93 მატჩი აქვს ჩატარებული და ოცნებობს, რომ 100 შეხვედრამდე ავიდეს.

“მე მწვრთნელს განვუდექი და არა ქვეყანას. ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგულად და სანამ ვთამაშობ, მანამდე არ წავალ. ვოცნებობ, რომ ნაკრებში 100 ჩატარებულ მატჩს მივაღწიო”, – ციტირებს ხიზანიშვილის სიტყვებს futbolgrad-ი.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველი სამშობლოში დაბრუნდა და ახლა “დინამო თბილისის” ღირსებას იცავს.

ზურაბ ხიზანიშვილმა ქეცბაიას შესახებაც ისაუბრა:

“ის გენერალია, თუმცა ჯარის გარეშე ეს არაფერს ნიშნავს. ნაკრები ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა იმიტომ, რომ ქეცბაია ღიად აკრიტიკებდა მათ. ჩვენ ხორვატიის ეროვნული გუნდი დავამარცხეთ და რამდენიმე თვის შემდეგ მწვრთნელი ამბობს, რომ მესი არ გვყავს და ვინც გვყავს, ისინი ცუდი მოთამაშეები არიან”.

 

ოფიციალურად: ხიზანიშვილი დინამოს ფეხბურთელია

დინამოს ზურაბ ხიზანიშვილი შეუერთდა. 32 წლის მცველმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში, დინამოში დაიწყო, შემდეგ კი წლების მანძილზე გამოდიოდა ბრიტანეთში: დანდი, რეინჯერსი, ბლექბერნი, ნიუკასლი, რედინგი. ხიზანიშვილის ბოლო კლუბი თურქული ქაისერისფორი გახლდათ. ზურაბ ხიზანიშვილი 13 წლის მანძილზე იცავდა საქრთველოს ნაკრების ღირსებას.

ზურაბ ხიზანიშვილი – “მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით. დავბრუნდი იმ გუნდში სადაც დავიწყე და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩავატარე. ძალიან მიხარია დინამოში და ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა. დინამოს ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს, სხვაგვარად ალბათ არც შეიძლება. მადლობელი ვარ დინამოს ხელმძღვანელობის. პირველი შთაბეჭდილებები საუკეთესოა, კლუბში ისეთი სულისკვეთებაა, როგორც ერთ დიდ ოჯახში. არაფერს ვიტყვი იმ პირობებზე, რომელიც განახლებულ დინამოში დამხვდა. რომან ფიფია ეროვნულ საქმეს აკეთებს. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ- ერთი-ორი ასეთი ადამიანი, რომ გვყავდეს ქართული ფეხბურთის დონე საგრძნობლად აიწევდა.”

fcdinamo.ge

ხიზანიშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

ფაქტობრივად გადაწვყეტილია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელი ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელი გახდება.

ხიზანიშვილის დამატატება “ზესტაფონსაც” სურდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ლადო ბურდულის გუნდზე შეაჩრა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხიზანიშვილი ინგლისურ და შოტლანდიურ პრემიერლიგებში, ასევე თურქულ სუპერლიგაში ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებში კი გამოცდილ მცველს 90 მატჩი აქვს ჩატარებული.

ხიზანიშვილი – “ლიდსი” თუ “ბლექბერნი”?

შესაძლოა, თურქული “ქაისერისპორის” 32 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისის ჩემპიონლიგაში ვიხილოთ, ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

2013-14 წლების სეზონში, “ქაისერისპორმა” თურქეთის სუპერ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რაც შეეხება ზურას, მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა თურქებმა მას ახალი ხელშეკრულება შეთავაზეს.

როგორც ირკვევა, ხიზანიშვილის მიმართ ინტერესს თურქული და ინგლისური კლუბები იჩენენ, რომელთა შორის “ლიდსი” და მისი ყოფილი გუნდი “ბლექბერნია” ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონლიგის გასულ სეზონში “ლიდსმა” მე-15 ადგილი დაიკავა, ხოლო “ბლექბერნი” მე-8 პოზიციას დაჯერდა.

დიტო ჭიჭინაძე

ზურაბ ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა თავისი ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ დაწერა.

”მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.”

დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე. მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან სამწუხაროდ უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში 400- მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და ტურქეთის უმაღლეს ლიგებში, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორცმენისთვის ყველაზე დიდი პატივია. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს ვისთან ერთადაც მქონია პატივი ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუტრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას.

არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.

პატივისცემით
ზურა ხიზანიშვილი”, – დაწერა ხიზანიშვილმა.

ზურაბ ხიზანიშვილი: „ავხსნი, თუ რატომ არ ავედი ავტობუსში“

საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) განაცხადში ზურაბ ხიზანიშვილი შეყვანილი არ იყო, რაზეც „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა. ძირითადში არ იყო და ალბათ, ეწყინა და ავტობუსში არ ამოვიდა“.

აღნიშნულ ფაქტზე ზურაბ ხიზანიშვილმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. გუნდის გამოცდილი ფეხბურთელი მომხდარ ინციდენტზე ვრცელ განცხადებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

„წაგებული მატჩი ჩემზეც გადმოდის. როგორც ბიჭები დარჩნენ გულნატკენი, ასევე ვგრძნობ მეც და ცხელ გულზე კომენტარის გაკეთება არცერთი მხრიდან არ იქნება სასურველი. თურქეთში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, როცა დავლაგდები და დავწყნარდები, სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთებ განცხადებას და ავხსნი, თუ რატომ არ ავედი ავტობუსში“, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.