“აინტრახტის” 30 000 ფანი “ნოუ კამპზე” გამარჯვებას ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა (ვიდეო)

14 აპრილს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ფრანქფურტი” მიიღო და 2:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში, გერმანულმა კლუბმა 4:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ყველასათვის მოულოდნელად, “ნოუ კამპზე” გამართულ ამ შეხვედრას 30 000 ფრანქფურტელი გულშემატკივარი ესწრებოდა. თამაშის დასრულების შემდეგ, მათ წარმატება ფეხბურთელებთან ერთად იზეიმეს.

მოთამაშე ბუღალტერი, რომელმაც რენჯ-როვერი მოიგო და 150 ათასი ლარი გაათამაშა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში კითხავდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს.

დღეს დილით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლეილა წკრიალაშვილის დაკავების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სულ მითვისებულია და ონლაინტოტალიზატორში გადაირიცხა 143 985 ლარი.

“ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს “თიბისი ბანკში” და სს “ლიბერთი ბანკში” გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

როგორ გავიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბუღალტრის კვალზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს შემოწმება მოულოდნელად დაიწყო. საქმე ისაა, რომ გორის მერიასაც ჰყავს შიდა აუდიტის სამსახური და მერიას დაქვემდებარებულ აიპ-ებს ის ამოწმებს, თუმცა ამ საქმეში პირდაპირ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაერთო და ბიუჯეტისთვის მიყენებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზარალი აღმოაჩინა. დიდი ოდენობით თანხის დაკარგვის შესახებ, აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აცნობა, დაიწყო გადარიცხვების და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა. დაკითხვაზე დაიბარეს ფინანსური მენეჯერი. გამოძიების პროცესში დაახლოებით 145 ათასი ლარის ტრანზაქცია აღმოაჩინეს. ბუღალტერი ჯერ პირად ანგარიშზე ირიცხავდა საბიუჯეტო თანხას, შემდეგ კი იქიდან აზარტული თამაშების ინტერნეტანგარიშებზე ათავსებდა.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია იმ ინტერნეტტოტალიზატორის შესახებ, სადაც გორის საბიუჯეტო თანხა შედიოდა. რადიო თავისუფლებას გორის მერიაში დასაქმებული ერთ-ერთი წყარო ეუბნება, რომ ბიუჯეტის ფინანსების მითვისებისა და ბუღალტრის საქმის კვალზე, გამოძიება გიორგი ქვათაძემ გაიყვანა. ქვათაძე რამდენიმე თვის განმავლობაში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. მისი სახელი უკავშირდება ე.წ. ბიტკოინის საქმეს. ის ამ დრომდე დაკავებული არ არის და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

კრიპტომაინერების საქმე

გიორგი ქვათაძე რამდენიმე წლის განმავლობაში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ბოლო თვეებში კი ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. მან კულტურის ცენტრის სარდაფში მაინერების ფერმა მოაწყო და ამ ფერმისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი ბიუჯეტიდან იფარებოდა. თვეში დაახლოებით 6 ათასი ლარი იყო ხარჯი. 3 თებერვალს სუს-მა მაინერები გორის კულტურის ცენტრიდან ამოიღო, დაიწყო გამოძიება. ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა. იგი არ დაუკავებიათ. სხვა დეტალები უსაფრთხოების სამსახურს არ გაუხმაურებია. წყაროს ცნობით, სწორედ ამ გამოძიების პროცესში, ქვათაძემ სამართალდამცავები უფრო დიდი თანხის მითვისება-გაფლანგვის კვალზე გაიყვანა. ამჟამად გიორგი ქვათაძე დუმილს ინარჩუნებს. მხოლოდ ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას უთხრა, რომ ყველაფერს გამოძიების დასრულების შემდეგ იტყვის.

აიპ-ის თანამშრომლები და ხელმძღვანელებიც მედიის წარმომადგენლების კითხვებს გაურბიან და ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადევნებენ თვალყურს.

სამი დღის წინ, ფინანსურმა მენეჯერმა ლეილა წკრიალაშვილმა აიპ-ში განცხადება დისტანციურად გაგზავნა და სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. ამ დროს უკვე „მოდულის“ შენობაში დაკითხვებზე დადიოდა. ის პარალელურად ტრანსპორტის სააგენტოს ბუღალტრადაც მუშაობდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა წკრიალაშვილის განცხადება ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო და მისი თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სწრაფად დააკმაყოფილა. ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ ბუღალტრის გარეშე სამსახურის პარალიზება მოხდებოდა და გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიეღო.

მოგებული „რეინჯ როვერის“ ნაცვლად ფული
2021 წელს ლეილა წკრიალაშვილს, ტელევიზიიდან, ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მის მიერ ონლაინტოტალიზატორში ჩარიცხული თანხების შესაბამისად, დოლურაში განთავსებული ბილეთებიდან ერთ-ერთი ამოვიდა და ამ გათამაშებიდან მან ახალი „რეინჯ როვერის“ მანქანა მოიგო. სატელევიზიო გადაცემის დროს, ტელეფონში გახარებული წკრიალაშვილის ხმა ისმის და ის მადლობას ეუბნება წამყვანებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბუღალტერმა მანქანის წამოყვანაზე უარი თქვა და მის ნაცვლად თანხა მოითხოვა. მანქანის ღირებულებაზე ბევრად ნაკლები, 98 ათასი ლარი მიიღო ამისთვის.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების აიპ-ის ყოფილი თანამშრომლები, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ სამსახურიდან, წელიწადში ორჯერ, მათი სურვილის წინააღმდეგ შვებულებით უშვებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ასე იყო საჭირო, რადგან თანხა აღარ იყო საკმარისი. ეს ხდებოდა ივნისისა და დეკემბრის თვეებში. ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ იძულებითი შვებულება, სწორედ ამ ფინანსური სქემის ნაწილი იყო.

წყარო: რადიო თავისუფლება  

ამას ეს ბავშვი არასდროს დაივიწყებს – მარიუპოლელმა გამარჯვების გოლი გაიტანა (ვიდეო)

დონეცკის “შახტარი” მსოფლიოში სხვადასხვა გუნდთან ამხანაგური მატჩების ჩატარებას აპირებს. ამჯერად, “შახტარი” პოლონურ “ლეხიას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2-3 დაამარცხა.

თამაშის ბოლო წუთზე მოედანზე 12 წლის უკრაინელი ბიჭი გამოვიდა, რომელიც მარიუპოლში სიკვდილს გადაურჩა და გამარჯვების გოლიც შეაგდო.

ეს მომენტი დმიტრო კედს არასდროს დაავიწყდება.

რუსული მედია: მამუკა ჯუღელი “რუბინზე” შურს იძიებს?

რუსული მედია აქტიურად წერს, რომ ყაზანის “რუბინი” ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას ერთ წელიწადზე მეტხანს ამზადებდა, მისგან 15-20 მილიონი ევროს მიღებას ფიქრობდა, დღეს კი თუ რამე მცირე წილს მიიღებს, ამაზეც კმაყოფილი უნდა იყოს.

მაგალითად, Sport-express ციტირებს ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის სიტყვებს. ბერიძე ამბობს, რომ “რუბინთან” ყველაფერი მამუკა ჯუღელმა მოაგვარა და ყველა კითხვა მისი მისამართით უნდა წავიდეს.

იგივე ვებ-გვერდი ჯუღელის “რუბინის” გენერალურ დირექტორთან, რუსტემ საიამანოვთან ახლო ურთიერთობაზე და მის მიერ ბევრი ფეხბურთელის ყაზანში მიყვანაზე წერს.

მიუხედავად ამისა, ჯუღელს “რუბინთან” ურთიერთობა მაშინ დაეძაბა, როდესაც კვარაცხელიას ევროპაში ტრანსფერის თემაზე კლუბმა მოქმედების უფლება ლეონიდ სლუცკის აგენტ კრისტიან ემილსა და რაფაელ ვარანისა და სონის წარმომადგენელს, ფრენკ ტრიმბოლის მისცა.

როგორც ჩანს, “რუბინი” კვარაცხელიას ტრანსფერისგან რამე წილს მიიღებს თუ არა, სრულად მამუკაზე არის დამოკიდებული, მას კი ძალიან არ მოსწონს, როცა სხვათი ანაცვლებენ.

“ნაპოლი” ქართველის სანაცვლოდ 8-10 მილიონ ევროს გადაიხდის. როგორ გადანაწილდება მხარეებს შორის თანხა, ეს დაახლოებით მაისი-ივნისის პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი.

სალაჰი: “იტალიაში ფანები მეტოქეს პატივს სცემენ, ინგლისში – არა”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა იტალიური და ინგლისური სპორტული კულტურა ერთმანეთისგან განასხვავა.

“როდესაც “რომაში” ვთამაშობდი, ფანები ფრანჩესკო ტოტის აპლოდისმენტით შინაც ეგებებოდნენ და სტუმრადაც. ასე ხდებოდა დანიელე დე როსის, ჯანლუიჯი ბუფონისა და ალესანდრო დელ პიეროს შემთხვევაშიც. ინგლისში ასე არ არის. აქ ფანები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის საწინააღმდეგოდ არიან განწყობილნი. ბუფონი იტალიის რომელ ქალაქშიც არ უნდა წავიდეს, ყველგან დამსახურებულ პატივისცემას იღებს”, – ციტირებს სალაჰის სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.

ეგვიპტელმა საუკეთესო მეკარეებიც დაასახელა, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია:

“ერთ კონკრეტულ მეკარეს ვერ გამოვარჩევ, ამიტომ ოთხს მათგანს დავასახელებ: კასილასი, ბუფონი, ალისონი და ნოიერი. ბევრი სხვა დიდებული კიპერი არსებობს, მაგრამ ამ მომენტში ისინი არ მახსენდება. ერთი მათგანის დასახელება რთულია. როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, ბუფონი შეუდარებელი იყო. საოცარი გრძნობაა მის წინააღმდეგ თამაში. მან კარიერაში ყველაფერი მოიგო და ეს წარმოუდგენელია”.

უკრაინის მოქალაქეებს “დინამო ბათუმის” საშინაო მატჩებზე დასწრება უსასყიდლოდ შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს “დინამო ბათუმის” საშინაო მატჩებზე დასწრება უსასყიდლოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

“დინამო ბათუმის” დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გუნდის მომავალ საშინაო მატჩებზე დასწრებას უკრაინის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. ძვირფასო უკრაინელებო, adjarabet Arena-ს სალაროებში უკრაინის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, მატჩზე დასასწრები ბილეთი უსასყიდლოდ გადმოგეცემათ. აღნიშნული ინიციატივით გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი სოლიდარობა და გვჯერა, რომ ჩვენს საოცარ არენაზე მიღებული ემოციები მცირედით მაინც გააფერადებს თქვენს ყოვედღიურ ფიქრებს”.

შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის თარიღი ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია. დღეს უეფამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული შეხვედრა 1-ელ ივნისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის უელსის ნაკრებს 5 ივნისს უნდა დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ ყატარში, წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბერს გაიხსნება და 18 დეკემბერს დაიხურება.

“სამგურალის” კარში ნინუამ არარსებული პენალტი დანიშნა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის გადადებულ მატჩში წყალტუბოს “სამგურალმა” “გაგრა” მიიღო და მატჩი 1-1 დასრულდა. ანგარიში ჩიხლაძემ მე-19 წუთზე გახსნა, “გაგრამ” კი 52-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა.

მსაჯმა ბაკურ ნინუამ მათე ვაწაძის წაქცევის შემდეგ არარსებული პენალტი დანიშნა. კარგად ჩანს, რომ ბაშელეიშვილმა ბურთზე ითამაშა.

იხილეთ ვიდეო:  

“როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს კაცი” – სტერლინგმა ამერიკაში ინტერვიუს დროს სვანური ქუდი დაიხურა

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ ქამარი დაიცვა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიამარჯვა. ალჯამეინის გუნდში ქართველი მერაბ დვალიშვილია, რომელსაც მებრძოლი გასულ წელს საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი. სტერლინგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სვანია და გვარად სტერლიანია, ამჯერად, კი ამერიკაში ინტერვიუს დროს თავზე სვანური ქუდი დაიფარა.

“როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს კაცი” – ასე გამოეხმაურა მერაბი.

იხილეთ ვიდეო:

“ხვიჩას” ნაპოლიში” გაუჭირდება, ცხოვრების დონე განსხვავებულია” – ვეტერანი რუსი ფეხბურთელი

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა, ყაზანის “რუბინის” ყოფილმა მცველმა ალეკსეი პოპოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, გადაწყვეტილია, რომ ახალგაზრდა ქართველი გარემარბი ზაფხულში “ნაპოლის” შეუერთდება. პოპოვი თვლის, რომ კვარაცხელიას იტალიაში ძალიან გაუჭირდება.

“მე არ ვიცი, როგორ შეეწყობა ის “ნაპოლის”. იქ განსხვავებული ატმოსფეროა, ცხოვრების დონეც განსხვავებულია. ხვიჩა ვერ იქნება ისეთივე კომფორტში, როგორშიც რუსეთსა და საქართველოში იყო. როცა “რუბინში” თამაშს იწყებდა, რუსული ენაც კი არ იცოდა, ახლა იტალიური არ იცის და როგორ გაივლის ადაპტაციას იტალიაში?

ყველას ესმის, რომ ხვიჩა მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მასთან ბევრია სამუშაო. სლუცკი ამას აკეთებდა და შედეგიც მიიღო. “ნაპოლიში” ეს არ მოხდება, ამიტომ მას ძალიან გაუჭირდება”, – განაცხადა პოპოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

ფოტო: დინამო ბათუმი

რონალდო: “წლებია ვიძახი, რომ ბენზემა ოქროს ბურთს იმსახურებს და მაკრიტიკებენ”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემაზე მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფრანგი ოქროს ბურთს იმსახურებს.

“ბენზემა ოქროს ბურთს იმსახურებს. უკვე წლებია ამას ვამბობ და მაკრიტიკებენ. თუმცა, ის დიდებული თავდამსხმელია, ეს ჯილდო დაიმსახურა”, – თქვა რონალდომ Sky Sport Italia-ს ეთერში.

ბენზემამ, მიმდინარე სეზონში, მადრიდის “რეალის” მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ინციდენტი გვირაბში – “ატლეტიკოსა” და “სიტის” ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)