ლევანდოვსკი: “გვარდიოლამ ფეხბურთისადმი ჩემი შეხედულება შეცვალა”

“ბარსელონას” ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ “მანჩესტერ სიტის” თავკაც ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობითაც მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა.

“პეპისთან ტაქტიკის შესახებ ბევრს ვსაუბრობდი. ამის შემდეგ ნებისმიერ ტაქტიკურ სისტემას ადვილად ერგები. მან ფეხბურთისადმი ჩემი შეხედულება შეცვალა, შეიცვალა თამაშისადმი ჩემი გაგება. მისი დახმარებით მარტივი უნდა იყოს იმის გაგება, რასაც ჩემგან ჩავი მოითხოვს”, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს “მარკა”.

პეპ გვარდიოლას თავკაცობით რობერტ ლევანდოვსკიმ 2014-2015 და 2015-2016 წლების სეზონში ასი მატჩი ჩაატარა, 67 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა გუნდის ფეხბურთელი ორჯერ დაგვიანებისთვის დასაჯა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის მიმართ დისციპლინური ზომები მიიღო.

“სანის” ცნობით, 52 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი მოთამაშე ორჯერ დაგვიანების გამო დასაჯა.

ფეხბურთელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გუნდის აზიურ და ავსტრალიურ შეკრებაზე ორჯერ დაიგვიანა, რის გამოც მწვრთნელმა ის გუნდის სასტარტო შემადგენლობიდან მოკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ზაფხულს დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ინგლისის პრემიერლიგის ახალი გათამაშება სტარტს 5 აგვისტოს აიღებს. “მანჩესტერ იუნაიტედი” პირველ ტურში “ბრაიტონს” უმასპინძლებს. შეხვედრა 7 აგვისტოს ჩატარდება.

ხვიჩა კვარაცხელია: “ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი უპირველესი ოცნებაა”

იტალიურმა ინტერნეტპორტალმა ilmattino.it-მა “ნაპოლის” ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

— რას ნიშნავს თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა?
— ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთთან დაკავშირებული ჩემი პირველი ოცნებაა. ამ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. “ნაპოლიში” ამ მხრივ ძალზედ მიმზიდველი ატმოსფეროა და მოუთმენლად ველი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მოედანზე გასვლას.

— თქვენს მაისურზე “კვარა” იქნება გამოსახული?
— მირჩევნია, რომ სრული გვარი იყოს დაწერილი. ასე რომ, ჩემს 77-ნომრიან მაისურზე გამოსახული იქნება “კვარაცხელია”.

— რას გვეტყოდით კრიშტიანუ რონალდუზე?
— კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი პროფესიონალია. მე მისით ყოველთვის შთაგონებული ვიყავი. საქართველოში ბევრს მესი უფრო მოსწონს, რომელიც თითქოს სხვა პლანეტიდან არის ჩამოსული. რონალდუთი აღფრთოვანებული ვარ, რადგან ის მესის დონეს დიდი მუშაობისა და თავგანწირვის წყალობით გაუთანაბრდა. მეც ასე მსურს საკუთარი კარიერის მოწყობა.

— ფაბიო კაპელომ თქვენ მოჰამედ სალაჰს შეგადარათ.
— იმედი მაქვს, ამ დონეს მივაღწევ. ამისთვის ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.

— რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე მეტად კომფორტულად?
— ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბის ადგილია, თუმცა თითქმის ყველა პოზიციას ვერგები. მიყვარს სტანდარტულების შესრულება, მაგრამ ვხედავ, რომ “ნაპოლიში” ძალიან კარგი დამრტყმელები არიან. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. თუ ამ პასუხისმგებლობას მე დამაკისრებენ, ძალზედ მოხარული ვიქნები.

— როგორი ურთიერთობა გაქვთ სპალეტისთან?
— ის აჩვენებს, რომ დიდი მასწავლებელია. ყოველდღე მასწავლის რაღაც ახალს და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამას ყველასთან აკეთებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენამდე საკუთარი იდეები მოიტანოს.

— როგორ ფლობს რუსულ ენას?
— რამდენიმე სიტყვა მითხრა რუსულად, თუმცა შემდეგ ინგლისური ენა ვამჯობინეთ, რათა ურთიერთობა უფრო პირდაპირი იყოს.

— და თქვენ როგორ ხართ იტალიურთან?
— მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური ენა უნდა შევისწავლო, შემდეგ კი – იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, თუმცა გუნდში კარგი მასწავლებლები მყავს, რომლებიც დამეხმარებიან. ადგილობრივი სამზარეულოს, პიცის, მოცარელასა და ყავის შესახებ უკვე ვისწავლე რაღაცები.

— მამათქვენი ბადრი ფეხბურთელი იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი ზრდისთვის?
— მე მის წინაშე ვალდებული ვარ თუნდაც იმ თავისუფლებისთვის, რომელიც მან მომცა. მან გზის არჩევის საშუალება დამიტოვა: “შვილო, დაკავდი სპორტის იმ სახეობით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს”.

ხვიჩა “ნაპოლიში” გატარებული პირველი კვირის შესახებ

“ნაპოლის” ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლურ კლუბში გატარებული პირველი კვირის შესახებ ისაუბრა.

“მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური ენა უნდა შევისწავლო, შემდეგ კი – იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, თუმცა გუნდში კარგი მასწავლებლები მყავს, რომლებიც დამეხმარებიან. ადგილობრივი სამზარეულოს, პიცის, მოცარელასა და ყავის შესახებ უკვე ვისწავლე რაღაცები.

თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. ყველას ვუყვარვარ. მათ მე თავისიანად მიმიღეს და თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეს”, – ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს Il Mattino.

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ამ ზაფხულს შეუერთდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლური გუნდის რიგებში 77-ნომრიანი ფორმით თამაშობს.

მარადონას ბუცებს კოსმოსში გაუშვებენ

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას ბუცებს კოსმოსში გაუშვებენ.

“ფრანს პრესის” თანახმად, აღნიშნული იდეა ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეკუთვნის. ფირმამ გულშემატკივრების ვიდეო და აუდიომიმართვები ჩაწერა და მარადონას ბუცებთან ერთად კოსმოსში გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ინტერმა” ლუკაკუ დიეტაზე დასვა

მილანის “ინტერში” დაბრუნებულ რომელუ ლუკაკუს წონის დაგდება მოუწევს.

“ნერიაძურიში” ფიქრობენ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი ზედმეტი კილოგრამებისგან უნდა გათავისუფლდეს. უცნობია, რამდენს იწონის ლუკაკუ ამჟამად, თუმცა მისი წონა 101 კილოგრამამდე უნდა შემცირდეს. ამისთვის 29 წლის თავდამსხმელი სპეციალურ დიეტაზე დასვეს: სალათები, თევზი, ქათამი და პასტა შირატაკი.

2019 წელს, როდესაც ლუკაკუ “ინტერში” პირველად მივიდა, გუნდის მაშინდელმა თავკაცმა ანტონიო კონტემ მას წონის 104-დან 101-98 კილოგრამამდე დაკლება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ “ინტერში” ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს.

ჰოლანი: “გვარდიოლა ცოტა გიჟია”

“მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანმა “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“გვარდიოლა ცოტა გიჟია და ეს მე მომწონს. მასთან მუშაობა მხიარული იქნება. კლუბში ჩემი მოსვლიდან მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ბევრს ვვარჯიშობ და ვემზადები “, – ციტირებს ჰოლანის სიტყვებს VG.

წუხელ ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონ გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი ბურთი მიუნხენის “ბაიერნის” კარში შეხვედრის მე-12 წუთზე დებიუტანტმა ერლინგ ჰოლანმა გაიტანა.

დაძაბულობა “კლასიკოში” (ვიდეო)

24 ივლისს, ლას ვეგასში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

 

სპორტის სამინისტრო მარტო გოგიტა არქანიას დააფინანსებს

სპორტის სამინისტრო კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენის საფუძველზე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც დაკავშირებულია ფედერაციაში მის საქმიანობასთან. კახა ბასილიას მიმართ სასჯელების სახით გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით. მას, ასევე, ორი წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების უფლება.
ზემოაღნიშნული დარღვევებისა და განაჩენის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კარატეს ეროვნულ ფედერაციას 2022 წლის წლიური დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება აღარ გაუფორმა.

თუმცა, სპორტის სამინისტრომ გამონახა დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმი და კვლავ გააგრძელა საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ლიდერის, გოგიტა არქანიას სპორტული საქმიანობისათვის საჭირო ყველა ღონისძიების დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანია გახლავთ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კარატისტი, რომელმაც, მიმდინარე წლის მაისში, სამინისტროს აქტიური მხარდაჭერის პირობებში, თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზემოაღნიშნული განაჩენის შედეგად, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა. ფედერაციაში გამოიკვეთა ორი სხვადასხვა გუნდი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, სათავეში ჩასდგომოდა ფედერაციას.

სპორტის სამინისტროსათვის, ფედერაციის ახალი წესდების მიღება და მასთან შესაბამისობაში ჩატარებული სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, ასევე, ორ ზემოხსენებულ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა და მათი შემდგომი ჰარმონიული თანაცხოვრება ფედერაციის ფარგლებში გახლავთ ფედერაციისათვის დაფინანსების აღდგენის წინაპირობა. სპორტის სამინისტროს ორივე გუნდთან ჰქონდა ერთობლივი შეხვედრები და ორივე მათგანისათვის მოცემული წინაპირობების შესახებ ზედმიწევნით არის ცნობილი.
ორ გუნდს შორის სამინისტროს მედიატორობით გამართულ ხანგრძლივ მოლაპარაკებებში იყო პროგრესიც, მაგრამ მათი პოზიციების ბოლომდე დაახლოება ვერ მოხდა.

ბოლოს, 2022 წლის 14 ივლისს, სპორტის სამინისტრომ, რომელსაც მანამდე თავისი პოზიცია არც საჯაროდ და არც მოცემულ შეხვედრებზე არ გამოუხატავს და არც ერთი გუნდისათვის პრეფერენცია არ მიუნიჭებია, ერთ-ერთ მხარეს შესთავაზა გამოსავალი. მოცემულმა მხარემ შეთავაზება განიხილა და ის უარყო. შესაბამისად, პროცესი შევიდა ჩიხში.

ის მხარე, რომელმაც სპორტის სამინისტროს შეთავაზება რეალურ გამოსავალთან დაკავშირებით უარყო, ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ხვალ, 2022 წლის 23 ივლისს, მოწვეულია ყრილობა და ტარდება არჩევნები. სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ მოცემულ მხარეს არ აქვს სპორტის სამინისტროს თანხმობა არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან არც ერთი ზემოჩამოთვლილი წინაპირობა შესრულებული არ არის. ახალი წესდებაც კი, რომელსაც 2 კვირის წინ ეყარა კენჭი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი არჩევნები მხოლოდ ძველი წესდების მიხედვით შეიძლება ჩატარდეს, რაც მიუღებელია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვალია, არჩევნებში მონაწილე დელეგატებს ამ განცხადებით გააცნოს რეალური ვითარება.

რასაკვირველია, ყველა ფედერაცია თავისუფალია თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. თუმცა, სპორტის სამინისტრო ვალდებულია, იხელმძღვანელოს სპორტის ინტერესებით, მიიღოს ზომები მის მიერ გაცემული თანხების კანონიერად გამოყენების კონტროლისათვის და არ დაუშვას ისეთი ფედერაციის დაფინანსება, რომელიც ვერ ახერხებს თანამშრომლობას სპორტის სახეობაში ჩართულ ყველა პროფესიონალთან, ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს წარმატებული სპორტსმენების ერთი ჯგუფის გარიყვას და ამით უარს ამბობს ეროვნული ფედერაციის შიგნით მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებაზე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ რჩება ორივე მხარის განკარგულებაში შესაძლო გამოსავლის ძიების მიზნით” – წერია განცხადებაში.

ვახო სანაია: “საქართველოში ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია”

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ბათუმის “დინამო” 5-0 განადგურების შემდეგ სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარი დაწერა.

5-0 წაუგია ბათუმს პოლონეთში. სანამ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ, სულ გვეგონება, რომ კუთხურიდან “შემთხვევით” გაშვებული გოლით გამოვეთიშეთ ტურნირს.

საქართველოში ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია.”

სანაია მუდმივად გამოირჩევა კრიტიკული კომენტარებით და მათ შორის, ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერდა.

“დინამომ” “დილას” პაატა ღუდუშაურში 100 ათასი ლარი გადაუხადა?

გორის “დილას” შემტევი პაატა ღუდუშაური კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.

ჟურნალისტ სალომე საგინაშვილის ინფორმაციით, “დინამომ” პაატას სანაცვლოდ “დილას” 100 000 ლარი გადაუხადა.

ეს თანხა გუნდმა თორნიკე გაფრინდაშვილის პოლონეთში გაყიდვისთვის მიიღო. პოლონელებმა გაფრინდაშვილში 200 ათასი ევრო გაიღეს.

დღესვე ღუდუშაურის მოსვლას უარყოფითად გამოეხმაურა “შავი ზღვის პირატები”.

“გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ რომ ბათუმის დინამოს სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.
ასევე გუშინდელ „მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განცხადებას.” – წერია “პირატების” განცხადებაში.

ღუდუშაური “ვიტ ჯორჯიაში” თამაშის დროს მატჩების ჩაწყობაში იყო ბრალდებული, თუმცა პროკურატურამ მას ბრალდება მოუხსნა და სრულად გამართლდა.

პ.ს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დინამომ” 120 ათასი ევრო გადაიხადა, თუმცა ეს თანხა გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა და 100 ათასი ლარია.

ჯერ კიდევ 1 წლის წინ “დილამ” თბილისის “დინამოს” ირაკლი ბუღრიძის სანაცვლოდ 80 ლარი გადაუხადა.

შავი ზღვის პირატები: “ბათუმში ღუდუშაურს არავინ ელის!”

ბათუმის “დინამოს” ფანებმა (შავი ზღვის პირატები) პაატა ღუდუშაურის დამატების შესახებ განცხადება გაავრცელეს.

“გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ რომ ბათუმის დინამოს სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.
ასევე გუშინდელ „მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განცხადებას.” – წერია განცხადებაში.

პაატა ღუდუშაური “ვიტ ჯორჯიაში” თამაშის დროს მატჩების ჩაწყობაში იყო ბრალდებული, თუმცა პროკურატურამ მას ბრალდება მოუხსნა და სრულად გამართლდა.