ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გაზეთ “სპორტ ბიზნესს” ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. გთავაზობთ მონაკვეთს მისი ინტერვიუდან.
– “რუბინის” ფეხბურთელთაგან სატრანსფერო ბაზარზე როგორც მინიმუმ ხვიჩა, ურემოვიჩი და მაკაროვი იქნებიან მოთხოვნადი. იგეგმება რაღაც მომენტში გაყიდვა?
– როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ წინაშე არ დგას ამოცანა, მოვამზადოთ მოთამაშეები შემდგომი გაყიდვისთვის. ჩვენ ვქმნით გუნდს და თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ თუ რომელიმე მოთამაშესთან დაკავშირებით სათანადო წინადადებას მივიღებთ, საკითხის განსახილველად ყოველთვის მზად ვართ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო – სათანადო წინადადება.
– ხვიჩას თაობაზე ფაქსებს იღებთ?
–დარწმუნებული ვარ, რომ საკმაო რაოდენობით შეტყობინებას მივიღებთ. უხეშად რომ ვთქვათ, ის ოცი წლის გუშინ გახდა. ხვიჩა 19 წლის ასაკში ათამაშდა და სკოლის ჩანთა სულ ცოტა ხნის წინ მოიხსნა. ნიჭიერია! ძალიან მინდა, რომ ის მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ერთად იყოს. ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ჩვენთან დარჩეს. ამავდროულად მესმის, რომ ხვიჩას ჩვენთან დაკავება არ შეიძლება.
– როგორ გსურთ მისი შენარჩუნება? ახალი კონტრაქტის შეთავაზებით?
– რატომაც არა? მისი მოქმედი კონტრაქტი ისედაც გრძელვადიანია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შრომითი ხელშეკრულება გავახანგრძლივეთ სტარფელტთან. მის კონტრაქტს მანამდე ვადა 2023 წლამდე ჰქონდა, ჩვენ კი ხელფასი მოვუმატეთ და ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გავუხანგრძლივეთ. სტარფელტს თავდაპირველად დაბალი ანაზღაურება ჰქონდა. ახლა კი ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და შვედეთის ნაკრების ფეხბურთელია. შესაბამისად, ხელფასი მოვუმატეთ, ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ და ისიც სიამოვნებით დაგვთანხმდა. ერთი წლის წინ კონტრაქტი გავუხანგრძლივეთ ურემოვიჩსაც. ეს საფეხბურთო ბიზნესის ნაწილია. თუ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ თანხმდება, ჩემთვის ესეც პასუხია. ეს ნიშნავს იმას, რომ მას საკუთარი მომავლის ჩვენს კლუბთან დაკავშირება არ სურს და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
–პრესაში კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონს ასახელებენ, მაგრამ ევროპაში დღესდღეობით თითქოს არ არის რეალური ფული. ყველა გარიგება გაცვლით ხდება: “იუვენტუსს” დიბალას გაცვლა სურს, “ბარსელონას” – გრიზმანის…
– მზად ვარ, დიბალაში გავცვალო (იცინის).