მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში ქართველებსაც გვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბატონ სულხან იაშვილს შევხვდით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი წესის თანაავტორი გახლავთ. მოგეხსენებათ, მეკარეს ბურთის ხელში აღება არ შეუძლია, როცა მას გადაცემას მისივე გუნდის მოთამაშე ფეხით აწვდის. თავის დროზე აღნიშნული წესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სწორედ ბატონმა სულხანმა შესთავაზა.
„ეს წესი 20 წელზე დიდი ხანია, რაც დაინერგა. ამის საშუალებით სათამაშო ტემპი ნარჩუნდება. ფიფას ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებისგან – ჟოაო აველანჟისა და ზეპ ბლატერისგან მადლობის წერილებიც მაქვს მიღებული. 2006 წელს ბლატერმა წიგნი გამომიგზავნა ფიფას 100 წლიანი ისტორიის შესახებ. თბილისის „დინამოს“ ძველი გულშემატკივარი ვარ. თავის დროზე ფეხბურთს მეც ვთამაშობდი. თავისუფალ დროს საფეხბურთო სტატისტიკის მოძიებით ვარ დაკავებული“, – აღნიშნავს ბატონი სულხანი.
სულხან იაშვილმა გაგვანდო, რომ კიდევ აქვს შემუშავებული სხვადასხვა საფეხბურთო წესები.
„ერთ-ერთი წესის მიხედვით, თავით პასის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაფიქსირდეს. აღნიშნული იდეა ფიფას შევთავაზე, თუმცა იქიდან წერილი მოვიდა, რომ ეს ჯერ ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გამოსცადოს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაინტერესება არ მოჰყოლია. მეორე წესიც მაქვს: კუთხურის ჩაწოდების, საჯარიმო და თავისუფალი დარტმების დროს მეკარის ბაქანზე მოედნის ფეხბურთელები არ უნდა შევიდნენ. ასეთ დროს მოთამაშეთა შორის ერთი გაწამაწია იმართება ხოლმე, თან მეკარესაც ხელს უშლიან. ეს წესი ამ პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებს“, – გვითხრა ბატონმა სულხანმა.
შესაძლოა, აღნიშნული წესების დანერგვა გამოსაცდელი ვადით მაინც ღირდეს.
სულხან იაშვილის თქმით, ის საფეხბურთო წიგნის – „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ გამოცემას აპირებს, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა საინტერესო საკითხები: ფეხბურთის ისტორია, ფეხბურთის როლი ეროვნულ მოძრაობაში, ფეარ-პლეის პრინციპი და სხვა. წიგნის გამოცემას გარკვეული თანხა სჭირდება. სამწუხაროდ, ამის დამფინანსებელი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული წიგნი გამოიცემა, თუნდაც იმიტომ, რომ „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს ფაქტია.