“ბარსელონა” მოლაპარაკებას ოსკართან აწარმოებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს. ბრაზილიელ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას “ბარსელონა” აწარმოებს. ეს ინფორმაცია თავად ოსკარმა დაადასტურა.

“ბარსელონასთან” მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელების დამატებას. მათ მოთამაშეებიც უნდა გაუშვან გუნდიდან”, – აღნიშნა ოსკარმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის ევროპულ კარიერაში მხოლოდ ლონდონის “ჩელსია”, რომლის ღირსებასაც 2012-2017 წლებში იცავდა. ამის შემდეგ ოსკარმა ჩინურ “შანხაი პორტს” მიაშურა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ნოემბერს ეწურება.

თავის მხრივ, “ბარსელონა” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ამის გამო ფეხბურთელების უსასყიდლოდ დამატებასა და იაფფასიან ტრანსფერებზეა ორიენტირებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ოსკარის სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

ოსკარს “ჩელსიში” დაბრუნება სურს

ჩინური “შანხაი სიპგ”-ის ნახევარმცველ ოსკარს სამომავლოდ ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნება სურს.

“ჩინეთიდან აბარგებაზე არ ვფიქრობ. აქ მშვენიერი პროექტი ხორციელდება, მაგრამ კარიერის ბოლოს “ჩელსიში” დაბრუნება მინდა. პრემიერლიგაში ლამაზი ისტორია დავწერე, ამ ლიგაში მაშინ გადავედი, როდესაც ფანები ბრაზილიელ ფეხბურთელებს დიდად არ ენდობოდნენ.

მე ამ სტერეოტიპის შეცვლაში გარკვეული წვლილი შევიტანე. მინდა, რომ ასაკში შესვლის შემდეგ ეს ნაბიჯი გავიმეორო. ამ დრომე მშვენივრად ვთამაშობ, კარგი სტატისტიკა მაქვს და “ჩელსიში” ჩემთვის ადგილი უნდა გამოინახოს”, – 29 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Yellow and Green Footbal-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ოსკარი “ჩელსიში” 2012 წელს, ოცი წლის ასაკში გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის შემადგენლობაში ხუთი არასრული სეზონი ჩაატარა, მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ევროპის ლიგა და ინგლისის ლიგის თასი.

ოსკარი: “ბოლო პერიოდში ორივე მილანურ კლუბთან მქონდა მოლაპარაკება”

ჩინური “შანხაი სიპგ”-ის ნახევარმცველმა ოსკარმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კომუნიკაცია “მილანისა” და “ინტერის” წარმომადგენლებთან ჰქონდა.

“ბოლო კვირების განმავლობაში ორივე მილანურ კლუბთან მქონდა მოლაპარაკება. დეტალებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა ერთს დანამდვილებით გეტყვით: იტალიაში თამაში მინდა”, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Football Italia.

ბრაზილიელ ფეხბურთელსა და ჩინურ კლუბს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ოსკარის სატრანსფერო ღირებულებას 28 მილიონ ევროდ აფასებს.

27 წლის ფეხბურთელმა “შანხაი სიპგ”-ის ფორმით მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ოსკარი მანამდე ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა.

ოსკარმა 11 წუთის განმავლობაში ორი პენალტი გააფუჭა (ვიდეო)

ოსკარს დღეს წარუმატებელი დღე ჰქონდა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ურავა რედსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა 11 წუთის განმავლობაში ორი პენალტი გააფუჭა. მისმა “შანხაი სიპგ”-მა შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო.

ოსკარმა “შანხაი სიპგ”-ის რიგებში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა (ვიდეო)

“შანხაი სიპგ”-ის ახალწვეულმა ოსკარმა ჩინური კლუბის რიგებში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ტაილანდური “სუხოთაის” წინააღმდეგ გამართული მატჩის 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ოსკარის გუნდმა, საბოლოო ჯამში, ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

ოსკარი: “იუვენტუსში” არ გადავალ”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ოსკარმა განაცხადა, რომ კლუბის გამოცვლას არ აპირებს.

“ამ ზაფხულს “იუვენტუსში” არ გადავალ. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემმა აგენტმა პრესაში უკვე განაცხადა, რომ “ჩელსიში” ვრჩები და მე ამას ვადასტურებ.
ინგლისში ყველაფერი მაკმაყოფილებს. მინდა, რომ მეტი სათამაშო დრო მეძლეოდეს, თუმცა ძლიერი კონკურენციაა და ვცდილობ, რომ კონკურენტუნარიანი ვიყო”, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Calcio Mercato.

 

“იუვენტუსს” ოსკარი და რამირესი სურს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველებს — ოსკარსა და რამირესს დაადგა თვალი. იტალიური კლუბი რამირესს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებს, რომელმაც შესაძლოა, “ბიანკონერი” დატოვოს. რაც შეეხება ოსკარს, “ბებერი სინიორა” აქამდეც ცდილობდა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში რამირესმა 19 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. ოსკარის ანგარიშზე 24 ჩატარებულ შეხვედრაში ექვსი გატანილი გოლი და შვიდი საგოლე პასია.

 

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი

ოსკარი: „ბრაზილიის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოსკარი „სელესაოს“ ქომაგებს ჰპირდება, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელებს ტიტულის მოგების შესაძლებლობას არ მისცემს.

„გუნდს, რომელსაც მუნდიალის მოგება სურს, ბრაზილიის ნაკრების დამარცხება მოუწევს. ვისაც ამის სურვილი აქვს, სიქა უნდა გაიძროს, მთელი ძალისხმევა დახარჯოს იმისთვის, რომ ჩვენი, მასპინძლების ბარიერის დაძლევა შეძლოს. თუ რომელიმე გუნდი ამ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას მოახერხებს, ეს ნამდვილად ისტორიული მატჩი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.

რაც შეეხება არგენტინას, ჩვენ ამ ნაკრებს გამარჯვების შესაძლებლობას არ მივცემთ! არგენტინელებს მშვენიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე მათ გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Goal.com-ი.

ბექა დოგრაშვილი