რობერტო კარლოსი: “რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღლესთან”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ძველი დრო გაიხსენა, როდესაც “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები ვარჯიშებზე საკუთარი თვითმფრინავებით მიფრინავდნენ.

“როდესაც იმ წლებს ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვახერხებდით ამას. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. თითოეული მატჩის შემდეგ საკუთარი თვითმფრინავებით ვმგზავრობდით. ერთმანეთს მადრიდის აეროპორტის დახურულ ტერმინალში ვხვდებოდით. ბექჰემი ერთი მიმართულებით მიფრინავდა, ფიგუ და ზიდანი – მეორე მიმართულებით, მე და რონალდო კიდევ სხვა გეზით მივემგზავრებოდით… მომდევნო დღეს კი ისევ ვარჯიში გვქონდა და უკან უნდა გამოვფრენილიყავით.

ვლოცულობდი, რომ მატჩი შაბათ დღეს გვქონოდა. ასეთ შემთხვევაში, კვირას ფორმულა 1-ის რბოლაზე დასწრების შესაძლებლობა მეძლეოდა. კერძო თვითმფრინავები ყველგან იყო, რაღაც სიგიჟე ხდებოდა.

რონალდოს პირველად 1993 წელს შევხვდი. იმ პერიოდიდან ყოველთვის ერთ ოთახში გვეძინა. ასე რომ, რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღლესთან”, – ციტირებს რობერტო კარლოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

რობერტო კარლოსი: “რეალი” “ბარსელონაზე” ძლიერია”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა კომენტარი გააკეთა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში “ბარსელონასა” და “სელტას” შორის გამართულ მატჩში (6:1) ლიონელ მესის მიერ გათამაშებულ პენალტზე.

“არც ესპანეთში და არც ჩემპიონთა ლიგაზე საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. როდესაც საუბრობენ “ბარსელონაზე”, მხედველობაში ჰყავთ სამი ფეხბურთელი. “რეალზე” საუბრისას კი ვგულისხმობთ მთლიან გუნდს. “სამეფო კლუბი” “ბარსელონაზე” ძლიერია. რას ვიტყვი მესის მიერ შესრულებულ პენალტზე? ფეხბურთში შოუს ადგილი არ არის”, – ციტირებს რობერტო კარლოსის სიტყვებს Cadena Ser-ი.

 

რობერტო კარლოსი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელს ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო შტაბში უნდა დაეწყო მუშაობა, თუმცა რობერტო კარლოსი “რეალის” სასწავლო ცენტრში იმუშავებს, სადაც კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეებს მოამზადებს. ბრაზილიელი აზიაში “რეალის” საპატიო ელჩიც გახდა.

 

ზიდანს თავის შტაბში რობერტო კარლოსის ხილვა არ სურს

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს, რომ კლუბის სამწვრთნელო შტაბში “ბლანკოსის” ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი იხილოს. ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ბრაზილიელი გუნდს თავისი გამოცდილებით დაეხმარება, თუმცა “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამ აზრს ეწინააღმდეგება. ფრანგი ამბობს, რომ მას დახმარება არ სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი და რობერტო კარლოსი “რეალის” ღირსებას ერთად 2001-დან 2006 წლამდე იცავდნენ.

 

რობერტო კარლოსი: “ნეიმარი “რეალში”? უბრალოდ ვიხუმრე”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა აღნიშნა, რომ უბრალოდ გაიხუმრა, როდესაც “ბარსელონადან” “სამეფო კლუბში” ნეიმარის შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

“უბრალოდ ვიხუმრე, თუმცა ზოგიერთებმა ეს სერიოზულად აღიქვეს. “რეალი” ისედაც მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებს იმატებს.
ნეიმარი ძალზედ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს იგი “ოქროს ბურთისთვის” რეალურად იბრძოლებს.
მოხარული ვარ, რომ “რეალი” სამსახურს მთავაზობს, თუმცა აქ ჯერ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ გუნდის საწვრთნელ პროცესს დავაკვირდე. მინდა, რომ უმაღლესი დონის სამწვრთნელო კურსები გავიარო. რუსეთში, თურქეთსა და ინდოეთში მიმუშავია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი”, – ციტირებს რობერტო კარლოსის კომენტარს Goal.com-ი.

 

რობერტო კარლოსი: “მე შემიძლია, რომ ნეიმარი “რეალში” გადმოვიყვანო”

მადრიდის “რეალის” ყოფილ მცველ რობერტო კარლოსს “სამეფო კლუბში” ნეიმარის ხილვა სურს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტო კარლოსი შესაძლოა, ზინედინ ზიდანის თანაშემწედ დაინიშნოს.

“ნეიმარი ძალზედ ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ “ოქროს ბურთის” მომდევნო გამოკითხვაში იგი უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს. მე შემიძლია, რომ ნეიმარი “რეალში” გადმოვიყვანო”, – ციტირებს რობერტო კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

 

რობერტო კარლოსმა რჩეული გუნდი შეადგინა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მცველ რობერტო კარლოსს საოცნებო გუნდის დასახელება სთხოვეს. “სელესაოს” ლეგენდარულმა მარცხენაფლანგელმა იდეალურ გუნდში საკუთარი თავის ჩათვლით ოთხი ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიყვანა.

რობერტო კარლოსის რჩეული გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: იკერ კასილასი (ესპანეთი);
მცველები: კაფუ (ბრაზილია), ბიქსენტ ლიზარაზუ (საფრანგეთი), ფაბიო კანავარო (იტალია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია);
ნახევარმცველები: კლარენს ზეედორფი (ჰოლანდია), კლოდ მაკელელე (საფრანგეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია);
თავდამსხმელები: რონალდინიო (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია).

 

რობერტო კარლოსი ყატარში მიდის

რობერტო კარლოსი ყატარის “ალ არაბის” ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას ESPN-ის ბრაზილიური ბიურო ავრცელებს.

მხარეებს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

“ალ-არაბიში” დიდი მოლოდინით მივდივარ. კლუბის წინაშე სერიოზული მიზნებია დასახული. დიდი გუნდის დასაყენებლად გამოვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც მოთამაშისა და მწვრთნელის ამპლუაში დავაგროვე”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს ESPN.com.br

შეგახსენებთ, რომ რობერტო კარლოსი უკანასკნელად თურქულ “აკჰისარ ბელედიესპორში” მუშაობდა, რომელმაც თურქეთის სუპერლიგის 2014/15 წლების გათამაშება მე-12 პოზიციაზე დაასრულა.

 

რობერტო კარლოსმა თურქეთი დატოვა

“სივასპორის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა თურქული კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

“სივასპორის” ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. მიჭირს გამომშვიდობება. აქ ყველაფერი შესანიშნავი იყო. ყველას მადლობას გიხდით. ნახვამდის”, – დაწერა სოციალურ ქსელში რობერტო კარლოსმა.

ბრაზილიელი “სივასპორის” თავკაცის პოსტზე 2013 წლის ივნისიდან მუშაობდა. თურქული კლუბი მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გუნდი იყო.

 

რობერტო კარლოსი: “ფილიპე ლუისი პაოლო მალდინის მაგონებს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი და თურქული “სივასპორის” მოქმედი თავკაცი რობერტო კარლოსი დარწმუნებულია, რომ “სელესაოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა გუნდს კვლავ დააბრუნებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.

“ბრაზილიურმა პრესამ უნდა შეიგნოს, რომ დუნგას საკუთარი სტილი აქვს. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. საერთოდაც, ვერ გამიგია, რატომ გაათავისუფლეს ის 2010 წელს. ადრე თუ გვიან, ბრაზილიის ნაკრები დაბრუნება და ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოს ჩემპიონები. უახლოესი ტურნირი კოპა ამერიკაა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”, – ციტირებს კარლოსის სიტყვებს Goal.com-ი.

მან ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, ფილიპე ლუისის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ის ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.

“ფილიპე ლუისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მე ის პაოლო მალდინის მაგონებს, ისეთივე კლასიკურ სტილში თამაშობს, აუჩქარებელი მანერით”, – აღნიშნა რობერტო კარლოსმა.

“სელესაოს” ყოფილმა მცველმა მარსელოზეც ჩამოაგდო სიტყვა:

“მარსელო იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე მე ვაკეთებდი. მან დაცვითი უნარებიც გააუმჯობესა. მარსელომ მადრიდის “რეალისთვისაც” ბევრი გააკეთა და ეროვნული გუნდისთვისაც. ჩემი აზრით, ის დღესდღეობით საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია”.

 

რობერტო კარლოსმა სკოლარის გუნდი დაუწუნა

„სელესაოს“ ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„ალბათ, იმ ფეხბურთელებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, რომლებსაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნაკრებში არ უხმო, თუმცა მე გუნდში კაკას, რონალდინიოს და რობინიოს გამოვიძახებდი. სკოლარის საკუთარი სტილი და შეხედულება აქვს.

აშკარაა, რომ ბრაზილიის ნაკრები ნახევარდაცვაში უკეთ უნდა თამაშობდეს. გუნდს აკლია ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ნაკრების გაძღოლა, ბურთის ფლობა და უკან ჩამოსვლა შეუძლიათ. ისიც სათქმელია, რომ თითოეულ გუნდს რაღაც აკლია“, – განაცხადა რობერტო კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, მესამე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც 3 ქულა აქვს, ბოლო პოზიცია კი უქულოდ დარჩენილ კამერუნს უკავია.

თითოეული ჯგუფის სატურნირო მდგომარეობის გასაცნობად გადადით გვერდზე: ცხრილი

 

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი