ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ბერლინში წარსულის ვარსკვლავები ითამაშებენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ბერლინში ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება.

პარასკევს მსოფლიოს ნაკრები ტურინის “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარ ერთობლივ გუნდს შეხვდება.

მსოფლიო ნაკრების რიგებში ითამაშებენ: იენს ლემანი, კაფუ, იური ჯორკაეფი, რობერ პირესი, პრედრაგ მიატოვიჩი, ჯოვანე ელბერი, კლარენს ზეედორფი, რაი, კრისტიან კარამბუ, სტივ მაკმანამანი, პიერ ვან ჰოიდონკი და მარკო მატერაცი.

“იუვეს” და “ბარსას” ერთობლივი გუნდი ასე დაკომპლექტდა: ედვინ ვან დერ სარი, ჩირო ფერარა, ლუიშ ფიგუ, ლიუდოვიკ ჟიული, ალესანდრო დელ პიერო, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, ედმილსონი, ფაბიო კანავარო, დავიდ ტრეზეგე, მარკ ვან ბომელი, ჯანლუკა ძამბროტა, დეკუ, ერიკ აბიდალი და კრისტიან ვიერი.

 

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი