ზიდანი: „ნოიერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მოთამაშის ზინედინ ზიდანის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი „ოქროს ბურთს“ მიიღებდა, თუ მის კონკურენტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ არ იქნებოდა.

„მესმის, რომ გერმანელების აზრით, „ოქროს ბურთი“ სწორედ ნოიერს უნდა მოეგო. კამათი იმაზე, იმსახურებს თუ არა იგი რონალდუზე უფრო მეტად ამ ტიტულს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთსა და ესპანეთშიც იყო. ვფიქრობ, მანუელმა „ოქროს ბურთი“ ნამდვილად დაიმსახურა, რადგან იგი ფანტასტიკური მოთამაშეა და მან მეკარეთა თამაშის ახალი სტანდარტი დაამყარა.

ამავდროულად, რონალდუ სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია. სინამდვილეში, ნოიერს იმედიც კი არ ჰქონდა, რადგან მისი კონკურენტი კრიშტიანუ იყო“, – ციტირებს ზიდანს გერმანული პრესა.

ნოიერი: “ეს მარცხი კატასტროფა არ არის”

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ვოლფსბურგთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ სიტუაციის დრამატიზება არ ღირს. გერმანელი მეკარის თქმით, ბუნდესლიგაში განცდილი პირველი მარცხი კატასტროფა არ არის.

“ცხადია, რომ მეორე წრე კარგად ვერ დავიწყეთ. სრულიად განსხვავებულად წარმოვჩინდით. ეს კატასტროფა არ არის, თუმცა ისიც გვესმის, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. შუა კვირის მატჩი სწორედაც რომ დროულია. ცუდი იქნებოდა, მომდევნო შეხვედრის ჩატარება რვა დღის შემდეგ რომ გვიწევდეს. სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ”, – ნოიერის სიტყვები “ბიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩს შინ, “შალკეს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დამდეგ სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

მანუელ ნოიერს ისევ ვეღარ აჩერებენ – რა მოხდა დღევანდელ მატჩში? (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი ისევ თავის სტიქიაშია. 17 იანვარს, “ალ ჰილალის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გერმანელმა კარის დარაჯმა თავისი საჯარიმო დატოვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელისათვის ბურთის წართმევა დააპირა.

წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად კროოსი დასახელდა

2014 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს.

კროოსმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გამოკითხვაში ხმათა 40,6 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა რომის “ლაციოს” ვეტერანმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას ხმათა 38,7 პროცენტი ერგო.

მესამე ადგილი მიუნხენის “ბაიერნის” კიპერ მანუელ ნოიერს მიაკუთვნეს. მან ხმათა მხოლოდ 6,6 პროცენტი მიიღო.

 

ლიოვი: „ოქროს ბურთი“ ნოიერმა უნდა მოიგოს“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთს წოდებას მისი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი იმსახურებს.

„ოქროს ბურთი“ ნოიერმა უნდა მიიღოს. სხვა შედეგის შემთხვევაში, გული დამწყდება. ბოლო წლებში იგი ისეთ თამაშს აჩვენებს, რომელიც მეკარეთა შესრულებით არასდროს გინახავთ. მუნდიალის დროს მან თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა“, – განაცხადა ლიოვმა.

IFFHS: 2014 წლის საუკეთესო მეკარეები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო მეკარეთა სია გამოაქვეყნა.

წლის საუკეთესო კიპერად გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა.

წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული ასე გამოიყურება:

1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”/გერმანია)
2. ტიბო კურტუა (“ატლეტიკო”/”ჩელსი”/ბელგია)
3. კეილორ ნავასი (“ლევანტე”/”რეალი”/კოსტა რიკა)
4. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”/იტალია)
5. კლაუდიო ბრავო (“რეალ სოსიედადი”/”ბარსელონა”/ჩილე)
6. სერხიო რომერო (“მონაკო”/”სამპდორია”/არგენტინა)
7. გილერმო ოჩოა (“აიაჩო”/”მალაგა”/მექსიკა)
8. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”/ჩეხეთი)
9-10. უგო ლორისი (“ტოტენჰემ ჰოთსპური”/საფრანგეთი)
9-10. ვინსენტ ენიამა (“ლილი”/ნიგერია).

 

მარადონამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეებს შორის ფავორიტი დაასახელა.

“არც მესი და არც რონალდუ. ჩემი ფავორიტი მანუელ ნოიერია. 2014 წლის მიხედვით, ის ყველაზე მეტად იმსახურებს “ოქროს ბურთს”, – განაცხადა მარადონამ ვენესუელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.

“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.

Shevchenko

ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.

თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

Lionel Messi - Cristiano Ronaldo - Manuel Neuer

სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

ნოიერი ევროპის წლის საუკეთესო სპორტსმენთა სამეულში მოხვდა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი ევროპის 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის მოხვდა. აღნიშნული გამოკითხვა ევროპის სპორტული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს შორის ჩატარდა.

პირველი ადგილი ფორმულა 1-ის ავტომბრბოლელმა ლუის ჰემილტონმა დაიკავა, რომელმაც სულ ერთი ხმით გაუსწრო მეორე პოზიციაზე გასულ ნოიერს, მესამე კი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღმოჩნდა.

 

ნოიერი: „რონალდუსა და მესის მოგების მეტი შანსი პოპულარობის გამოც აქვთ“

„ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მას მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ლიდერებთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და ლიონელ მესისთან შედარებით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგების ნაკლები შანსი მათი პოპულარობის გამოც აქვს.

„ამ პრიზის მოგების კანდიდატთა შორის ყოფნის გამო ვამაყობ. ჩემი ორივე მეტოქე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს და, შესაძლოა, მათ მოგების უფრო მეტი შანსი ამის გამოც ჰქონდეთ“, – ციტირებს ნოიერს „Suddeutsche Zeitung“-ი.

The Guardian-მა წლის ფეხბურთელი დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian, წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. გთავაზობთ ამ რეიტინგის მოწინავე ათეულს.

1. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, პორტუგალია);

2. ლეო მესი (ბარსელონა, არგენტინა);

3. მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია);

4. არიენ რობენი (ბაიერნი, ჰოლანდია);

5. თომას მიულერი (ბაიერნი; გერმანია);

6. ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი);

7. ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია);

8. გარეთ ბეილი (რეალი, უელსი);

9. ფილიპ ლამი (ბაიერნი; გერმანია);

10. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, არგენტინა);

ლიდერთა სამეული “ოქროს ბურთის” კანდიდატთა სიას ემთხვევა, რომლის გამარჯვებულიც 12 იანვარს, ციურიხში გამოვლინდება.

კურტუა: “ნოიერი დრიბლინგებით უფრო იქცევს ყურადღებას”

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა ტიბო კურტუამ საფეხბურთო საზოგადოებას მიანიშნა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს და არც “ოქროს ბურთის” დასაკუთრება განუზრახავს მიზნად. გარდა ამისა, ბელგიელმა მეკარემ მანუელ ნოიერზეც ჩამოაგდო სიტყვა.

“ინდივიდუალური ჯილდოებისთვის არ ვცხოვრობ. “ოქროს ბურთის” მოგება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ჩემთვის გუნდური ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია. თასების მოგების შემთხვევაში, ინდივიდუალური ჯილდოების დასაკუთრების შანსიც მომეცემა.

ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა? მე მგონია, რომ ის დრიბლინგებით უფრო დიდ ყურადღებას იქცევს”, – ციტირებს კურტუას სიტყვებს “მირორი”.