ჟორჟე ჟეზუში: „საუკეთესო გუნდმა ევროპის ლიგის ფინალი ვერ მოიგო“

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ ვიხილეთ, საოცარი ფინალი გამოვიდა. გახსნილი თამაში მიმდინარეობდა. „სევილიამ“ უკეთ დაიწყო, მაგრამ ჩვენ თამაშის გამოსწორება მოვახერხეთ და მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც. ჩვენი სიძლიერე ვაჩვენეთ, შევქმენით საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, უძლიერესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. ჩემს ფეხბურთელებს მაინც ვულოცავ, გასაკრიტიკებელი არაფერი აქვთ. ტურინს აწეული თავით ვტოვებთ. კვირას კიდევ ერთი ფინალი გველის (პორტუგალიის თასის ფინალი).

საიდუმლო არაა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ. სხვა შემთხვევაში, სულეიმანის ტრავმის შემდეგ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. ყველა ცვლილება იძულებითი ხასიათისა იყო, თუმცა მახარებს ის ფაქტი, როგორ რეგირებს ჩემი გუნდი სიძნელეებზე. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს. პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. სხვადასხვა ემოციები გამოვცადეთ, თუმცა ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ლისაბონში გასამართი ფინალისთვის მოვემზადოთ. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა „სევილიამ“ და მე მათ ვულოცავ“, – ჟეზუშის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჟორჟე ჟეზუში: „ფინალში ფავორიტი არ არსებობს“

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში თვლის, რომ ევროპის ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში „ბენფიკა“ ესპანურ „სევილიას“ დაუპირისპირდება.

„ვფიქრობ, ფინალში ფავორიტი არცერთი გუნდი არ იქნება. ორივე მხარეს წარმატების თანაბარი შანსი აქვს. ფინალში ძლიერი გუნდები გადიან. ამიტომ, „სევილიას“ დიდი პატივისცემით ვუდგებით“, – ჟეზუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 14 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ტურინში შედგება. მატჩს ფელიქს ბრიხის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

კიელინი: „ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს ანგარიშით 2:1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფინალში გასვლას „იუვენტუსი“ იმსახურებდა.

„ბენფიკას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თითოეული ჩვენგანი იმედგაცრუებულია, რომ საშინაო ფინალში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ეს გაკვეთილად უნდა იქცეს. ვწუხვარ, რომ ფინალში არ ვიქნებით“, – კიელინის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის 14 მაისს, ტურინში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ნედვედი: „ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. „ბებერი ქალბატონის“ ელჩი პაველ ნედვედი აღნიშნულ წყვილში ფავორიტად პორტუგალიურ გუნდს თვლის.

„ძალიან რთული მეტოქე გვერგო. გასულ წელს „ბენფიკა“ ფინალში „ჩელსის“ შეხვდა. ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს ფინალურ მატჩში, ძალიან უნდათ თასის მოგება. ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი. პორტუგალიელები ბოლო წლებში ევროპის ლიგაზე წარმატებით გამოდიან. 2011 წელს „ბენფიკამ“ ნახევარფინალამდე გააღწია, გასულ სეზონში კი – ფინალამდე. ამიტომ, ვთვლი, რომ „ბენფიკას“ უფრო დიდი შანსი აქვს“, – განაცხადა ნედვედმა „ევროსპორტის“ ეთერში.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში გაიმართება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

ნუნუ გომეში: „იუვე“ ძლიერი გუნდია, თუმცა შეუძლებელი არაფერია“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პორტუგალიური „ბენფიკა“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუწყვილდა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა შარშან ფინალშიც ითამაშეს, თუმცა ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდნენ. „ბენფიკას“ ყოფილი თავდამსხმელი და კლუბის ამჟამინდელი წარმომადგენელმა ნუნუ გომეში თვლის, რომ მეტოქე სერიოზულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ნახევარფინალურ ეტაპზე რთული მატჩები გველის. „იუვენტუსი“ ძლიერი, დიდებული კლუბია. ჩვენი მეტოქე იტალიის ჩემპიონია, „ბებერ ქალბატონს“ სხვადასხვა სახის ბევრი ტიტული აქვს მოგებული. მოედანზე მუყაითად უნდა ვიმუშაოთ, შეუძლებელი არაფერია. იმედი მაქვს, ტურინში გასამართ ფინალურ მატჩში სწორედ ჩვენ ვითამაშებთ“, – განუცხადა ნუნუ გომეშმა „ევროსპორტს“.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში შედგება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 3 და 10 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ალკმაარი“ — „ბენფიკა“
„ლიონი“ — „იუვენტუსი“
„ბაზელი“ — „ვალენსია“
„პორტო“ — „სევილია“

 

„ვალენსიას“ კიევში თამაში არ სურს

ხუთშაბათს, ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიხსნება. კიევში ადგილობრივი „დინამო“ ესპანურ „ვალენსიას“ უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის დედაქალაქში მასობრივი არეულობები გრძელდება, სამართალდამცავებსა და ევრომაიდნის აქტივისტებს შორის შეტაკებები დღეს დილიდან დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა, სამწუხაროდ, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, დაშავებულთა რიცხვი 150 კაცს აღწევს.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ „ვალენსიას“ მატჩის სხვა ქალაქში ჩატარება სურს, თუმცა უეფა შეხვედრის ადგილმდებარეობის შეცვლას ან გაუქმებას არ აპირებს.

„დინამოს“ პრეზიდენტი იგორ სურკისი „ვალენსიას“ ინიციატივას ტელეკომპანია „ფუტბოლის“ ეთერში გამოეხმაურა.

„უეფადან მივიღეთ წერილი, აქ შექმნილი მდგომარეობა აინტერესებდათ. ჩვენ მათ გარანტია უნდა მივცეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლის. ეს სპორტია, ფეხბურთია და არა პოლიტიკა. რომ ვგრძნობდე, რომ მეტოქეს ან ჩემს გუნდს რაიმე ხიფათი ემუქრებოდეს, თავადაც ხვდებით, მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვის პირველი ინიციატორი მე ვიქნებოდი, თუმცა კიევში ვცხოვრობთ და ვხვდებით, რომ მატჩის მშვიდად ჩატარება შეგვიძლია. შეხვედრა სტადიონ „დინამოზე“ რომ იმართებოდეს, ეს მეორე საკითხი იქნებოდა და გამოვიდოდით ინიციატივით, რომ მატჩი უკრაინის სხვა არენაზე, ან სულაც სხვა ქვეყანაში შემდგარიყო“, – განაცხადა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა.

„დინამოსა“ და „ვალენსიას“ შორის კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართი მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი