გიბრალტარის ნაკრების მოთამაშემ საბერძნეთს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გიბრალტარსა და საბერძნეთს შორის შეხვედრა გაიმართა. მატჩი, სტუმრების გამარჯვებით, 1-4 დასრულდა.

გიბრალტარიდან ერთადერთი გოლის გატანა ლიამ უოქერმა შეძლო. მან ულამაზესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

ამ ციკლში მესამე გამარჯვეა მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. კახა ცხადაძის გუნდმა “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ, პენლატი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, ერთი ბურთი კი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პირველი გოლი 30-ე წუთზე გავიდა. გიბრალტარის ნაკრებისთვის გოლი ასე გვიან ჯერ არცერთ გუნდს არ გაუტანია.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
საქართველო — გიბრალტარი 4:0
გოლები: ვაწაძე 30′, 45′, ოქრიაშვილი 35′ (პენ), ყაზაიშვილი 87′.
გაფრთხილებები: ოქრიაშვილი 31′ — კაბრერა 15′.

 

სენსაციურად დამარცხდა გერმანიის ნაკრები. “ბუნდესთიმმა” დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ისე წააგო, რომ გოლის გატანაც ვერ შეძლო, რაც პოლონეთთან გასული წლის 11 ოქტომბერს გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ პირველად მოხდა. ირლანდიამ ანგარიშით 1:0 იმარჯვა, ეს ერთადერთი გოლი კი მატჩის 70-ე წუთზე შეინ ლონგმა გაიტანა.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
ირლანდია — გერმანია 1:0
გოლი: ლონგი 70′.
გაფრთხილებები: ჰულაჰანი 89′ — ჰუმელსი 86′.

 

საინტერესოდ წარიმართა გლაზგოში შოტლანდიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა. სტუმრები მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეტ რიჩიმ შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე კი სტივენ ფლეტჩერის ლამაზი და ზუსტი დარტყმის წყალობით მასპინძლები სულაც წინ გავიდნენ. პოლონელები მარცხისგან ისევ ლევანდოვსკიმ იხსნა, რომელმაც მე-4 კომპენსირებულ დროში წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
შოტლანდია — პოლონეთი 2:2
გოლები: რიჩი 45′, ფლეტჩერი 62′ — ლევანდოვსკი 3′, 90+4′.
გაფრთხილებები: ბრაუნი 56′, ჰატონი 67′ — რიბუსი 22′, კრიხოვიაკი 83′.

 

გუნდი მიღ გაშ +/-
Germany   გერმანია 9 6 1 2 22 8 14 19
Poland   პოლონეთი 9 5 3 1 31 9 22 18
Republic of Ireland   ირლანდია 9 5 3 1 18 5 13 18
Scotland   შოტლანდია 9 3 3 3 16 12 4 12
Georgia   საქართველო 9 3 0 6 9 14 -5 9
Gibraltar   გიბრალტარი 9 0 0 9 2 50 -48 0

 

კახა ცხადაძე: “როცა ვიგებთ, “ქართული” გვემართება ხოლმე”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. კახა ცხადაძის გუნდმა “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრების მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ცხადაძემ აღნიშნა, რომ კმაყოფილია როგორც შედეგით, ასევე თამაშის ხარისხით.

“მადლობა ფეხბურთელებს იმისთვის, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ვულოცავ გამარჯვებას”, – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ცხადაძემ.

— როგორ შეაფასებდით დებიუტანტების თამაშს?
— ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. თავიდან იყო ნერვიულობა, თუმცა შემდეგ ეს ბარიერი გადალახეს. ვულოცავ გამარჯვებას.

— თითქოს, გუნდს სისწრაფე აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ სუსტ მეტოქეს ეთამაშებოდა…
— პირველ ნახევარში ყველა მომენტი რომ გაგვეტანა, ასტრონომიული შედეგი იქნებოდა. მეორე ნახევარში გუნდს დავალება მივეცი, რომ ბურთი დაგვეჭირა. მეტოქეც მიხვდა, რომ ზემოთ როცა ამოდიოდა, მეტი პრობლემა ექმნებოდა. ამიტომ, დაცვაში თამაშობდნენ. ჩვენც არ გვინდოდა ბურთის ხშირად დაკარგვა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მეტი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევდა. ნაკლები რისკი გავწიეთ, რადგან თამაში უკვე “გაკეთებული” იყო. გერმანიასთან, რა თქმა უნდა, სხვანაირი თამაში იქნება.

— მეტოქიდან გამომდინარე, დებიუტანტებს შანსი მიეცით. გერმანიის ნაკრებთანაც ასე ხომ არ იქნება?
— შეგნებულად დავასვენე რამდენიმე ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრებთან ბურთის ფლობის ასეთი უპირატესობა არ გვექნება, უფრო დაცვაში ვითამაშებთ. დღეს მეც მინდოდა მეტი გოლის გატანა, მაგრამ სხვა დავალება იყო. მნიშვნელოვანია მენტალიტეტის შეცვლა. გერმანია ჯგუფში პირველ ადგილზე იქნება თუ სხვა რომელიმე პოზიციაზე, ყოველთვის ერთნაირად მაღალ დონეზე თამაშობს. ეს არის სწორი მენტალიტეტი. პრაგმატული, მაგრამ სწორი მიდგომაა, რასაც მაღალი შედეგი მოაქვეს არამხოლოდ ერთი თამაშით.

— კვეკვესკირი პირველ ტაიმში კარგი იყო, მაგრამ თითქოს ნელი ჩანს. გიბრალტარის ნაკრებზე ძლიერ მეტოქეებთან რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება?
— ძნელია პროგნოზირება. ფაქტია, მეტოქემ ასეთი თამაშის საშუალება მისცა. ვთვლი, რომ პირველ ტაიმში ნელა არ მოქმედებდა. მეორე ნახევარში კი მენტალიტეტის პრობლემამ იჩინა თავი. როცა ვიგებთ, “ქართული” გვემართება ხოლმე. აღსანიშნავია, რა პასიც გააკეთა კვეკვესკირმა პირველ ტაიმში, დაცვაში აგრესიულად თამაშიც შეუძლია. ალბათ, დაინახეთ, ძალიან ვბრაზდებოდით, როცა ბურთს ზედმეტად ფლობდა, რადგან ამ პოზიციის მოთამაშეს უფრო სწრაფად თამაში და მეტი აზროვნება მოეთხოვება.

 

გიბრალტარის ნაკრების თავკაცი: “საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი მიიღო და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის თავკაცმა ჯეფ ვუდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.

“ჩვენთვის რთული მატჩი გამოვიდა, როგორც სხვა შეხვედრები. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. პირველ და მეორე ტაიმებში საკმაო პრობლემები შევუქმენით, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა. საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში”, – ამ სიტყვებით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე ჯეფ ვუდი.

— როგორ შეაფასებდით მატჩის პირველ ტაიმს და მასთან შედარებით მეორე ნახევარს?
— პირველი ტაიმის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგან მეტოქე უფრო ცენტრიდან გვიტევდა. გუნდმა მთლიანობაში კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი – მეორე ნახევარში. ჩვენთვის თითოეული თამაში ახალი გამოცდილებაა. ცენტრალური მცველების თამაშს გამოვარჩევდი. შეგვიძლია, კვირას, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩშიც გადავიტანოთ ეს პოზიტიური ასპექტები.

— გიბრალტარის ნაკრები შოტლანდიასთან გასამართი მატჩის შემდეგ დიდი ხნით დაისვებეს, რადგან ფიფას წევრი არ არის. ეს პროგრესი როგორ უნდა გაგრძელდეს?
— აუცილებელია, რომ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ. მაღალი დონის გუნდებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩავატაროთ. სპეციალური პროგრამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა ეს პროგრესი შევინარჩუნოთ.

 

სანდრო კობახიძე: “გიბრალტართან ფავორიტად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხვალ ბოლოსწინა მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს, უკვე 11 ოქტომბერს კი, ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამდეგი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

“ტრავმირებული ვიყავი და ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვტოვე. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვარ. ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ვიცით, რას წარმოადგენს ეს გუნდი. უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები გვაქვს”, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

 

კახა ცხადაძე: “ხვალ შეტევაში თავქუდმოგლეჯილი წასვლას არ ვაპირებთ”

ხვალ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო საშინაო მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ცხადაძემ აღნიშნა, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად, მეტოქეს პატივს ვცემს და გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის სრული სერიოზულობით ემზადება.

“შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს. ანანიძე, ყენია, მჭედლიძე და დაუშვილი მომდევნო ორ თამაშში ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ ვთვლი, რომ ოპტიმალური შემადგენლობაა და რესურსი გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ბევრ გოლს უშვებს, ჩვენ პატივისცემით ვუდგებით. მთავარია, რომ მოედანზე ქაოსურად არ ვიმოქმედოთ. შეტევაში თავჯუდმოგლეჯილი წასვლას არ ვაპირებთ. როცა საჭირო იქნება, პრესინგზე ვითამაშებთ და თავსაც დავიცავთ”, – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ცხადაძემ.

— ორი ფორვარდით ითამაშებთ? ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს თუ შეხვდით?
— შეიძლება შევცვალო სქემა. ერთი თავდამსხმელით მეტი იქნება მოედანზე. ორ სქემაზე ვმუშაობთ და შეიძლება თამაშის მიმდინარეობის დროს შევცვალოთ. ვულოცავ ლევანს და წარმატებებს ვუსურვებ. თუ წარმატებული პრეზიდენტი იქნება, ეს ქართული ფეხბურთისთვის იქნება წარმატება. პრიორიტეტი კვლავ ნაკრებია და როცა ნაკრები წარმატებულია, ქვეყანაც წარმატებულია. ლევანს ორჯერ შევხვდი, გუშინ ბაზაზეც იყო მოსული, ფეხბურთელებს გაესაუბრა. სულ ორი დღეა, რაც პრეზიდენტი გახდა და გლობალურ საკითხებზე ვერ ვისაუბრებდით. ვისაუბრეთ ნოემბრის ამხანაგურ მატჩებსა და მომავალი წლის თამაშებზე.

— რას იტყვით გიორგი ჭანტურიაზე, რომელსაც მშვენიერი დებიუტი ჰქონდა “დუისბურგში”. შეიძლება, რომ იგი გერმანიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის გუნდს დაემატოს?
— ძალიან სასიხარულოა ჭანტურიას თამაში. იმედია, ასე გააგრძელებს. სულ ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად მუშაობს. კიდევ ერთხელ დავინახეთ მისი პოტენციალი. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის გაკეთება შეუძლია. გამიხარდა, რომ გერმანიაში მოხვდა, სადაც მაღალი პროფესიული დონეა. თუ მხარს აუბამს, ძალიან კარგი იქნება და ნაკრებისთვისაც სტაბილური მოთამაშე გახდება. მას დიდ პატივს ვცემ არამარტო როგორც ფეხბურთელს, არამედ პირადულადაც.

— რამდენად გაგიჭირდათ გიბრალტარის შესახებ ინფორმაციის მოძიება? თუ ხედავთ გიბრალტარის ნაკრებისგან საფრთხეს?
— ინფორმაცია ძალიან ბევრია და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. თითქმის ყველა მატჩი ვნახე, ექვსი შეხვედრა, ფეხბურთელებსაც ვანახეთ. ასე რომ, ხვალინდელი მატჩისთვის ძალზედ სერიოზულად ვემზადებით.

— ნიკოლოზ გელაშვილი და ბაჩანა ცხადაძე რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?
— ისინი დიდი ხანია ნაკრების წევრები არიან და ამ კრიტერიუმით შევარჩიე.

— ბოლო დროს ნაკრებში ადგილი დაკარგა გიორგი ლორიამ, უთამაშებელია ნუკრი რევიშვილიც. ხვალ გიორგი მაკარიძეს ხომ არ მიეცემა შანსი?
— ხვალ გადაწყდება, ვინ დადგება კარში.

— ხვალინდელი მატჩისთვის ენდობით თუ არა ოთარ კაკაბაძეს? ჯაბა ლიპარტია და ავთო ებრალიძეც კარგად გამოიყურებიან და შესაძლებელია, რომ ნაკრებში ვიხილოთ?
— კაკაბაძე ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. ჩვენ ყველას ვამზადებთ. ფაქტობრივად გადაწყვეტილი მაქვს, ვინ ითამაშებს, მაგრამ ხვალინდელ დღეს დაველოდოთ. კიდევ ბევრი ფეხბურთელია, ვინც უცხოეთში თამაშობს და სანახავი არიან. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და თუ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გამოვიძახებთ.

— გუგა ფალავანდიშვილი ჯანო ანანიძის შემცვლელად მოიაზრება? მიეცემა თუ არა ხვალ მას სათამაშო დრო?
— რადგან გამოვიძახეთ, ესე იგი მოაზრება. ვცდილობ, ყველას ავუხსნა, რომ ვინც არის გამოძახებული, ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრია და მათი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სქემით ვთამაშობთ.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

საქართველო — გიბრალტარი: მატჩს უკრაინელები განსჯიან

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო საშინაო მატჩს გამართავს. ხვალ კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს.

შეხვედრას უკრაინელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი 38 წლის სერგეი ბოიკო იქნება.

მსაჯის თანაშემწეები: ალექსანდრ ვოიტიუკი (უკრ), ოლეგ პლუჟნიკი (უკრ);
მეოთხე მსაჯი: სერგეი ბეკერი (უკრ);
მსაჯის დამატებითი თანაშემწეები: ანატოლი აბდულა (უკრ), სერგეი ბერეზკო (უკრ).

შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა დუბლინში საქართველოს ნაკრები ჯონათან უოლტერსის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი შეინარჩუნა.

გერმანიის ნაკრებმა გასვლაზე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ჯგუფს კვლავ ლიდერობს.

მეორე პოზიციაზე დარჩა პოლონეთის ნაკრები, რომელმაც შინ გიბრალტარი ანგარიშით 8:1 გაანადგურა.

Continue reading “ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)”

როგორ უტევს გიბრალტარის ნაკრები (ვიდეო)

4 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, გიბრალტარისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:4), გიბრალტარელი ფეხბურთელების შეტევა ასე დასრულდა:

ჩვენს ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს. ფრანკფურტში გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

გერმანელთა მხრიდან დუბლი შეასრულა მარიო გიოტცემ, ერთი გოლი კი ტომას მიულერმა გაიტანა. საპასუხო ბურთი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა 16 ქულა მოაგროვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, პოლონეთმა კი, რომელსაც აქტივში 14 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

 

გერმანია — პოლონეთი 3:1

გოლები: მიულერი 12′ (1:0); გიოტცე 19′ (2:0); ლევანდოვსკი 36′ (2:1); გიოტცე 82′ (3:1).
გაფრთხილებები: კროოსი 61′; შვაინშტაიგერი 79′ – რიბუსი 8′; გროსიცკი 66′.

ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაიმართა, სადაც გიბრალტარის ნაკრები ირლანდიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. დუბლი გაიფორმა რობი კინმა, თითო-თითო გოლი კი საირუს კრისტიმ და შეინ ლონგმა გაიტანეს. ირლანდიელები 12 ქულით ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადავიდნენ. უქულო გიბრალტარს ბოლო ადგილი უკავია.

Keane

 

გიბრალტარი — ირლანდია 0:4

გოლები: კრისტი 27′ (0:1); კინი 50′ (0:2), 52′ (0:3, პენ.); ლონგი 79′ (0:4).
გაფრთხილებები: კაშარო 9′; ბარნეტი 48′ – უოლტერსი 42′.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრაში 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ირლანდია 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, საქართველოს 6 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

Kazaishvili

საქართველო — შოტლანდია 1:0

გოლი: ყაზაიშვილი 38′ (1:0).
გაფრთხილებები: კაშია 10′, ანანიძე 44′, ნავალოვსკი 78′.

გუნდი გატ მიღ +/-
Germany  გერმანია 7 5 1 1 19 5 14 16
Poland  პოლონეთი 7 4 2 1 21 6 15 14
Republic of Ireland  ირლანდია 7 3 3 1 16 5 11 12
Scotland  შოტლანდია 7 3 2 2 12 7 5 11
Georgia  საქართველო 7 2 0 5 5 13 -8 6
Gibraltar  გიბრალტარი 7 0 0 7 1 38 -37 0

რა გააკეთა იბრაჰიმოვიჩმა დე ხეას შეცდომის შემდეგ (ვიდეო)

30 ივლისს, ჩემპიონთა თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (0:2), დავიდ დე ხეამ შეცდომა დაუშვა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვერ გამოიყენა.

გიბრალტარის ნაკრებმა პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

შოტლანდიასთან 6:1 წაგებული შეხედრა გიბრალტარის ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ ოფიციალურ შეხვედრაში არსებობის ისტორიაში პირველი გოლის გატანა შეძლო, რომლის ავტორი ლი კაშიარო გახდა.