ფაულერი: “კლოპის თანაშემწედ სიამოვნებით ვიმუშავებდი”

“ლივერპულის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა რობი ფაულერმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის, იურგენ კლოპის თანაშემწედ იმუშაოს, თუ ეს უკანასკნელი მერსისაიდული გუნდის თავკაცის პოსტზე დაინიშნება.

“ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ამ კლუბს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავია და თუ რაიმე როლს შემომთავაზებენ, დავთანხმდები.

კლოპი ძალიან კარგი მწვრთნელია! აღფრთოვანებული ვიყავი “დორტმუნდში” მისი მუშაობით.

იგივეს ვიტყოდი კარლო ანჩელოტიზე. მომწონს ამ მწვრთნელების დამოკიდებულება თავიანთი კლუბების მიმართ. ისინი კარგ ფეხბურთს ათამაშებენ თავიანთ გუნდებს”, – ციტირებს ფაულერის სიტყვებს Goal.com-ი.

 

იუბილარ ფაულერის ყველა დროის სიმბოლური გუნდი

დღეს “ლივერპულის” ლეგენდარული თავდამსხმელი რობი ფაულერი 40 წლის გახდა. EA Sports-მა მას ვიდეოთამაშ FIFA 15-ისთვის ყოფილი ფეხბურთელებისგან ყველა დროის საუკეთესო გუნდის შედგენა სთხოვა.

ფაულერმა სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ერთი ინგლისელი მოთამაშე — “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი გარი ნევილი შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ფაულერმა ნახევარდაცვის ხაზში სტივენ ჯერარდისთვის ადგილი ვერ გამონახა, მის ნაცვლად ლოთარ მათეუსი, პატრიკ ვიეირა და ლუიშ ფიგუ აარჩია.

მერსისაიდული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა არც წინა ხაზში აარჩია “ლივერპულის” ლეგენდარული თავდამსხმელები — იან რაში და კენი დალგლიში. მათ ნაცვლად ფაულერმა საკუთარ თავს მარკო ვან ბასტენი შეუწყვილა.

მეკარე: პიტერ შმეიხელი;
მცველები: პაოლო მალდინი, ფერნანდო იერო, ფაბიო კანავარო, რობერტო კარლოსი, გარი ნევილი, ფრანკ დე ბური;
ნახევარმცველები: ლოთარ მათეუსი, პატრიკ ვიეირა, ლუიშ ფიგუ;
თავდამსხმელები: რობი ფაულერი, მარკო ვან ბასტენი.

“ლივერპულის” ლეგენდები სუარესის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესმა ზაფხულის სატანსფერო პერიოდში კლუბი დატოვა და “ბარსელონას” მიაშურა, მერსისაიდული გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელები მას თბილად მოიხსენიებენ. კერძოდ, ურუგვაელი თავდამსხმელისა და “ლივერპულის” ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ რობი ფაულერმა და იან რაშმა ისაუბრეს.

“სუარესი დაგვაკლდება. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, მაგრამ შედეგი ყოველთვის უნდა იყო.
სუარესმა “ლივერპულში” მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა სხვა ფეხბურთელები გვყავს და კიდევ უფრო გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ.
უშეღავათო კონკურენციაა. თითოეული მოთამაშე თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს და იმედი დავიტოვოთ, რომ კარგი სეზონი გამოვა”, – ციტირებს ფაულერის სიტყვებს express-ი.

“სუარესს წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა ჩვენ მხოლოდ “ლივერპული” გვაინტერესებს”, – აღნიშნა რაშმა.

მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ცდილობდა, სუარესი “ენფილდზე” დაეტოვებინა, თუმცა ურუგვაელმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში” გადაბარგება გადაწყვიტა. კატალონიურმა გუნდმა აღნიშნულ ტრანსფერში 75 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

ფაულერი: “რეალი” “ენფილდისკენ” დიდი სიხარულით არ გამოემართება”

“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა რობი ფაულერმა ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

“მოუთმენლად ველოდები ევროპულ საღამოებს. განსაკუთრებული მატჩები გველის. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდით. მადრიდის “რეალი” “ენფილდისკენ” დიდი სიხარულით არ გამოემართება, აქ ხომ ფანები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან?!” – ციტირებს ფაულერის სიტყვებს Liverpool Echo.

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაზე პირველ შეხვედრას შინ “ლუდოგორეცის” წინააღმდეგ ჩაატარებს, “რეალს” კი 22 ოქტომბერს მიიღებს. ჯგუფის მეოთხე გუნდი შვეიცარიული “ბაზელი” გახლავთ.

 

ფაულერი: „სუარესი „ლივერპულის“ სახელის ტალახში ამოსვრას განაგრძობს“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა ამავე კლუბის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (1:0) ჯორჯო კიელინისთვის კბენაში სდებენ ბრალს. ფაულერი ურუგვაელ ფორვარდს საქციელს არ უწონებს. მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ სუარესმა კიდევ ერთხელ მოსვარა ტალახით „ლივერპულის“ სახელი და გასაკვირი არ იქნება, თუ ის „ენფილდს“ დატოვებს.

„როგორც ფეხბურთელი, სუარესი „ლივერპულის“ ბევრ ქომაგს უყვარს, მაგრამ ის კლუბის სახელის ტალახში ამოთხვრას განაგრძობს. მისი მხრიდან ეს არასწორი საქციელია. არადა, მან ბოლო ინციდენტის დროს დიდი მხადაჭერა მიიღო.

არ გამიკვირდება, თუ სუარესი გუნდიდან წავა. მან „ლივერპულის“ სახელი კვლავ მოსვარა ტალახით. ეს დაუშვებელია. მისი დაცვა არ შეიძლება. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ფაულერმა.

 

გუშინდელ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ლივერპულის“ ადმინისტრაცია.

„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე განცხადების გაკეთებას ლუის სუარესთან მიმართებაში, რადგან საქმე განსახილველად ფიფაშია. დადგენილი წესით უნდა მოხდეს მოთამაშისა და ურუგვაის ნაკრების მიმართ რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფიფა აღნიშნული ინციდენტის განხილვას დღეს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სუარესს ბრალდება დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ორმატჩიანი, მაქსიმუმ კი — 24-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ვრცელდება ცნობაც იმის შესახებ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

ფაულერი: „ლივერპულს“ პრემიერლიგის მოგება შეუძლია“

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი რობი ფაულერი თვლის, რომ მერსისაიდულ გუნდს ინგლისის პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი აქვს.

„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგება შეუძლია. გუნდმა ამჟამინდელი ფორმა უნდა შეინარჩუნოს. თუ რომელიმე მისი კონკურენტი წაიფორხიალებს, „ლივერპული“ მზად უნდა იყოს, რომ შანსები გამოიყენოს. სტარიჯი-სუარესი თავდასხმის შესანიშნავი წყვილია, სასიამოვნოა მათი თამაშის ცქერა. ჯერარდი ფენომენალური მოთამაშეა. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ყველა პოზიციაზე თამაშიც ძალუძს“, – ფაულერის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 68 ქულით მეორე პოზიცია აქვს დაკავებული და სულ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ჩელსის“.

ბექა დოგრაშვილი