“არსენალი” კავანიზე გადაერთო

“მეთოფეები” კარიმ ბენზემაში 65 მილიონის გადახდას არ აპირებენ.

ლონდონელებს ცენტრალური თავდამსხმელი აუცილებლად სჭირდებათ, ამიტომ არსენ ვენგერი სათადარიგო გეგმის შესრულებას იწყებს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჭორები, რომ ზლატანი “პსჟ”-ში რჩება, ხოლო “ნაპოლის” ექს-ფორვარდი აღარ აპირებს ფრანგულ გუნდში გაჩერებას, რადგან შვედის ფონზე იჩრდილება.

ამან შედეგი გამოიღო და ედინსონ კავანის გუნდიდან წასვლისკენ უბიძგა. “არსენალი” ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

საინტერესოა, რომ “რეალი” ბენზემაში 65 მილიონს ითხოვს, ხოლო ურუგვაელის დამატება 50 მილიონადაა ხელმისაწვდომი.

ბინძური პროვოკატორები

მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კოპა ამერიკის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში განვითარდა, როდესაც მასპინძელთა მცველმა გონსალო ხარამ სტუმართა თავდამსხმელი ედინსონ კავანი პროვოკაციაზე წამოაგო და იმდენი ქნა, რომ არბიტრს მეტოქე მოედნიდან გააძევებინა.

ჩვენი პორტალის მომხმარებლებს ბოლო წლებში მომხდარ საფეხბურთო პროვოკაციებს გაგახსენებთ.

იყო დრო, როდესაც საფეხბურთო მოედანზე პროვოკაციის მოწყობა ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარკ ჰეიტლი, რომელიც 80-იან წლებში “მილანში” თამაშობდა, იხსენებს: “იტალიაში ეს თამაშის განუყოფელი ნაწილია. პროვოკაციების მოწყობით განსაკუთრებით მცველები არიან დაკავებულნი. ისინი ცდილობენ, რომ მეტოქე წყობიდან გამოიყვანონ. ხანდახან ანერწყვებენ კიდეც. სურთ, რომ რეაქცია გამოიწვიონ. ადრეც ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება”.

დღესდღეობით ფეხბურთელები საკუთარ იმიჯზე გაცილებით მეტს ზრუნავენ, თუმცა ხანდახან მიზნისკენ სავალ გზაზე ცდუნებას ვერ უძლებენ და მართალია, უფრო ფრთხილად, თუმცა მაინც – მეტოქის პროვოცირებას ცდილობენ. სტადიონზე დამონტაჟებული ათობით კამერიდან თუ ყველა არა, ერთი მაინც დააფიქსირებს უმსგავსო საქციელს და მაყურებელს მთელი ბრწყინვალებით წარმოუჩენს. არიან მოთამაშეები, რომლებიც კვარცხლბეკზე ასასვლელად საკუთარ რეპუტაციას უყოყმანოდ ლახავენ.

ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაშიც. ცოტა არ იყოს, უხერხულია იმის აღწერა, რაც ხარამ გააკეთა. ეს ის შემთხვევაა, როცა მოყოლას ნახვა სჯობია, ამიტომ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ, თუმც დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ეპიზოდი უკვე არაერთხელ გექნებათ ნანახი. კავანიმ ხარას ლოყაზე “მოთათუნებით” უპასუხა. ამჯერად ჩილელმა მცველმა მსახიობური ნიჭი გამოავლინა და “ნოკდაუნში ჩავარდა”. სამწუხაროდ, არბიტრმა ეპიზოდი სწორად ვერ შეაფასა და კავანი მოედნიდან გააძევა, თუმცა კონმებოლმა იმსჯელა და პროვოკატორ ხარას ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

გონსალო ხარა თუ ვინმეს მოგვაგონებს, ეს, პირველ რიგში, მარკო მატერაცი იქნება, რომელსაც მეტსახელად “მკვლელიც” კი შეარქვეს. იტალიელმა მცველმა იმდენი მოახერხა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული “გმირობა” მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს “ინტერსა” და “სიენას” შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში “ბიანკონერის” მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერებმა ეს ეპიზოდი ვერ დააფიქსირეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე “ინტერის” მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის “გმირული” საქციელის შედეგი.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში “ფრთიან ანგელოზად”. “იუვენტუსის” რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით “ამკობდა”. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, “სკუადრა აძურამ” ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თანამედროვე ფეხბურთში “პროვოკატორთა სკოლის” თვალსაჩინო წარმომადგენელი დიეგო კოსტაა. გაესპანელებულ ბრაზილიელს იმდენად აქვს სახელი გატეხილი, რომ “ჩელსის” მეტოქე გუნდის მწვრთნელები საკუთარ მცველებს აფრთხილებენ, კოსტას პროვოკაციებს არაფრის დიდებით არ წამოეგოთო. სწორედ ასე დაარიგა “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა ლორან ბლანმა თავისი შეგირდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე.

დიეგო კოსტამ რეპუტაცია ჯერ კიდევ “ატლეტიკოში” ყოფნის დროს გაიფუჭა. ესპანეთის თასის 2012/13 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ ანდალუსიელთა იმდროინდელმა თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ მოხდენილად თქვა, ჩვენი ფეხბურთელები დიეგო კოსტას მახეში გაებნენო. მართლაც, გაესპანელებულმა ბრაზილიელმა შეხვედრის განმავლობაში გაუთავებელი კინკლაობითა და სიმულაციებით სისხლი გაუშრო “სევილიას” მოთამაშეებს. გარი მედელმა და ჟოფრე კონდოგბიამ ნერვები ვეღარ მოთოკეს და კოსტას ფეხი უთავაზეს, რის გამოც არბიტრმა ისინი მოედნიდან გააძევა.

დიეგო კოსტას ყოფილმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “გამოიჩინა თავი”. მერვედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის მეხუთე წუთზე სიმეონე მეტოქის საჯარიმოში ბრიტანელთა კიპერ დევიდ სიმენს თავისივე ინიციატივით წამოეგო და არბიტრს პენალტი დაანიშნინა, რომელიც გაბრიელ ბატისტუტამ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი არგენტინელი ძირს დაცემისას 23 წლის დევიდ ბექჰემს მთელი ძალით დააწვა ზურგზე, ინგლისელმაც ვეღარ მოითმინა და უკნიდან წიხლი ამოკრა, რის გამოც მსაჯმა იგი უყოყმანოდ გააძევა მინდვრიდან.

2010 წელს იტალიის თასის ფინალში მარიო ბალოტელის მსახიობური ნიჭის გამოვლენა არ დასჭირვებია მოედნიდან ფრანჩესკო ტოტის გასაძევებლად. “ინტერის” თავდამსხმელმა რომაელთა კაპიტანს გადაკრულად ჰკითხა, თამაშს აპირებ თუ ბავშვივით უნდა მოიქცეო, რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ ტოტისგან ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო. რომაელთა კაპიტანს არც უცდია, ეს ყველაფერი ფარულად გაეკეთებინა. არბიტრმა ფრანჩესკოს უმალ წითელი ბარათი აუფრიალა.

2004 წლის ევროპის ჩემპიონატიც გვახსოვს, როდესაც ტოტიმ დანიელთა ნახევარმცველ კრისტიან პოულსენს შეაფურთხა. რა უთხრა მაშინ დანიელმა იტალიელს, ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მომხდარის გამო ტოტი მაშინ ბევრმა გაკიცხა.

“სუონსი სიტისა” და “ჩელსის” შორის ორწელიწადნახევრის წინათ ინგლისის თასზე გამართული შეხვედრაც გავიხსენოთ. დაფიქსირებული ანგარიში უელსურ კლუბს აძლევდა უპირატესობას. ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა, ე.წ. “ბოლბოიმ” მიირბინა და დროის გაყვანის მიზნით ბურთი ჩაიხუტა, რაც ედენ აზარს არ მოეწონა და ფეხების რტყმით სცადა ბურთის გამორთმევა, თან ნეკნებშიც მიარტყა ერთი-ორჯერ. ამან სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა აღაშფოთა, სიტუაცია ფეხბურთელებს შორისაც დაიძაბა. აშკარა იყო, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა ეპიზოდი გააფორმა, რასაც ჯოი ბარტონი ჩვეულ სტილში გამოეხმაურა: “ეს ბიჭი კინოში უნდა გადაიღონ. ამ ეპიზოდში ისე ითამაშა, თითქოს ტყვია ესროლეს, თუმცა ხალხი დამნაშავედ აზარს თვლის. ამ მომენტში ედენი მხოლოდ ერთ რამეშია დამნაშავე, მან ამ იდიოტს საკმარისად ძლიერად არ დაარტყა”. აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო აზარი არ დასჯილა, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა კი ამ ინციდენტის შემდეგ საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

კავანის აგენტმა „მილანში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ მისი კლიენტის „მილანში“ ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც იტალურმა პრესამ დაწერა, მილანელები ურუგვაელის სანაცვლოდ 50 მილიონის გადასახდელად მზად არიან, მაგრამ აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მის კლიენტს საფრანგეთში ყველაფერი აწყობს.

„ვერ ვხედავ იტალიურ კლუბს, რომელიც კავანის სანაცვლოდ სათანადო თანხას გადაიხდიდა. გარდა ამისა, თავად ედინსონმაც ყველას გააგებინა, რომ პარიზში ყველაფერი აწყობს და პსჟ-ში დარჩენის სურვილი აქვს“, – განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

კავანი: “ათასი წელი გავა ახალი მესის დაბადებამდე”

არგენტინულმა გამოცემა “ოლემ” ურუგვაის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ედინსონ კავანი პარიზში მოიხელთა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეც ჩამოვარდა. ასეთად კავანიმ “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი მოიხსენია.

“კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო, ვის შევიძენდი? რა თქმა უნდა, მესის. მე უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ვთვლი.

ის ბუნებრივად არის ნიჭიერი. რა თქმა უნდა, ბევრსაც შრომობს, თუმცა მესი გვაჩვენებს, რომ მუშაობასთან ერთად განსაკუთრებული თვისებებიც აქვს.

ათასი წელი გავა ახალი მესის დაბადებამდე”, – აღნიშნა კავანიმ.

 

კავანიმ იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია (ვიდეო)

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია.

“პატივი უნდა ვცეთ იამაიკას. როგორც სხვა აფრიკული ქვეყნები, ისინიც ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება”, – თქვა კავანიმ პრესკონფერენციაზე.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.

“პირველ რიგში, იამაიკასა და მის ხალხს ბოდიშს ვუხდი. გონებაში თქვენი ნაკრებისა და სხვა აფრიკული გუნდების სტილი და მახასიათებელი ერთმანეთს შევადარე, თუმცა მე ამ შედარების მხოლოდ ნახევარი განვმარტე, ამიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე არაზუსტად.

საჯარო ბოდიშს გიხდით და იმედია, ამ ყველაფერს იუმორით შეხედავთ”, – დაწერა კავანიმ სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, იამაიკა კარიბის ზღვაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანია.

კოპა ამერიკის ეგიდით ურუგვაისა და იამაიკის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ

მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.

ლიონელ მესი (არგენტინა)

განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.

როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.

Messi

სერხიო აგუერო (არგენტინა)

განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.

ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

BRAZIL SOCCER FIFA WORLD CUP 2014

ნეიმარი (ბრაზილია)

სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.

დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.

Neymar

ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.

ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.

Alexis Sanchez

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.

სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.

Colombia v Uruguay: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.

რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.

Radamel Falcao

რაფაელ მარკესი (მექსიკა)

მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.

Marquez

ედინსონ კავანი (ურუგვაი)

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.

ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…

Cavani

“პსჟ”-ის პრეზიდენტი: “კავანი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ედინსონ კავანი კლუბს არ დატოვებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელი ფეხბურთელით ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “ატლეტიკო” არიან დაინტერესებულნი.

“მე კავანის ყოველთვის ვიცავდი. ის ჩვენთან დარჩება და არასდროს დაგვტოვებს. ედინსონი პარიზში თავს კარგად გრძნობს და ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”, – ალ-ხელაიფის სიტყვებს Telefoot-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი “პარი სენ-ჟერმენში” 2013 წელს იტალიური “ნაპოლიდან” გადავიდა. 28 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 52 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

 

მაროტა: „იუვენტუსს“ კავანისთან მოლაპარაკება არ დაუწყია“

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის მის კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებული ჭორები უარყო.

„კავანი? მის დასამატებლად ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. მასთან მოლაპარაკებაც არ დაგვიწყია“, – განაცხადა მაროტამ.

“იუვენტუსის” წარმომადგენლები კავანის აგენტს ხვალ შეხვდებიან

ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენლები “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ედინსონ კავანის აგენტს ამ ოთხშაბათს შეხვდებიან.

ამ ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

მისი თქმით, “ბებერი სინიორა” ურუგვაელ ფეხბურთელს ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ცნობისთვის, 28 წლის თავდამსხმელს პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

ედინსონ კავანიმ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

 

კავანის მამამ შვილის „იუვენტუსში“ ტრანსფერი არ გამორიცხა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ედინსონ კავანის მამამ ზაფხულში შვილის ტურინის „იუვენტუსში“ ტრანსფერი არ გამორიცხა.

„სურს თუ არა ედინსონს იტალიაში დაბრუნება? სჯობს ჰკითხოთ პსჟ-ს, აპირებს თუ არა ის მის დატოვებას.

„იუვენტუსი“ დიდი კლუბია, ის იტალიაში საუკეთესოა. ტურინელებთან ჯერ არ გვისაუბრია და საფრანგეთში სეზონის დასრულებას ველით. ამის შემდეგ „იუვესთან“ მოლაპარაკებისთვის მზად ვიქნებით.

„მანჩესტერ იუნაიტედი“? ამ კლუბთან კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა უფროსმა კავანიმ.



ბლანი: „ბარსელონასთან“ კავანიმ ცუდად ითამაშა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის განვლილ 1/8-ფინალურ შეხვედრაში ედინსონ კავანის თამაში შეაფასა.

„კავანის, როგორც თავდამსხმელის შეფასება, პირდაპირ მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში ჩვენმა ფორვარდებმა გოლი ვერ გაიტანეს.

ედინსონს ცუდი მატჩი ჰქონდა. სხვა ბომბარდირების მსგავსად, ის ბრაზდება, როდესაც ვერ იტანს.

არის სიტუაციები, როდესაც მოთამაშეები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ იტანენ, რისი ახსნაც რთულია. ამავდროულად, ვხედავ, რომ ის მომენტებს ქმნის, რაც კარგის ნიშანი უნდა იყოს“, – განაცხადა ბლანმა.

კავანი არ დატოვებს “პსჟ”-ს “მანჩესტერ იუნაიტედისთვის”

“პარის სენტ-ჟერმენის” მფლობელმა, ნასერ ალ-ჰელაიფიმ უარყო ჭორები ედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

ცოტა ხნის წინ, პრესა აქტიურად სპეკულირებდა ურუგვაელი შემტევის კლუბის გამოცვლის შესახებ. მიმდინარე სეზონში, ედინსონზე კრიტიკა უფრო მეტია, ვიდრე სადიდებელი სიტყვები. ფეხბურთელმა 29 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.

ყველაზე ხშირად კავანის “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ, რომელსაც რობინ ვან პერსის შემცვლელად მოისაზრებენ. თუმცა, ფრანგთა მფლობელმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ უარყო გავრცელებული ინფორმაციები.

“ედინსონი გუნდში იგივე პრიორიტეტითაა, როგორც სხვები. ის აქ თავს კარგად გრძნობს და ტრანსფერზე საუბარს აზრი არ აქვს. პარიზს უყვარს ის და მას უყვარს პარიზი,”-განაცხადა ჰელაიფიმ.