“ლივერპულის” ყოფილი მცველი და “სქაი სპორტსის” ექსპერტი ჯეიმი კარაგერი კლუბის ფორვარდ მარიო ბალოტელის გაკრიტიკებას არ მოერიდა.
“ბალოტელის შესახებ აზრს ვერ ვიცვლი და ეს არ არის დაკავშირებული “ლივერპულში” მისი თამაშის ხარისხზე. მე მას “მანჩესტერ სიტისა” და “მილანში” თამაშიდან გამომდინარე ვაფასებ.
არა მგონია, ბალოტელი აქ დიდი ხნით დარჩეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდება, თუ ის მომდევნო სეზონსაც “ლივერპულის” რიგებში დაიწყებს. ბალოტელი იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მუდმივად იცვლიან კლუბებს და ამას აქვს გარკვეული მიზეზი”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს “სქაი”.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურში “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (0:3) შემდეგ ბალოტელის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თანამემამულე დაიცვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში იტალიელი თავდამსხმელი ყველაზე სუსტი რგოლი არ ყოფილა. ანჩელოტის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას კარაგერი გამოეხმაურა.
“ვერ ვიტყოდი, რომ ამ მატჩში ბალოტელიმ ყველაზე ცუდად ითამაშა, თუმცა მას “ლივერპულის” ყველაზე ცუდი მოთამაშის წოდებამდე ბევრი არ დაჰკლებია. ბრენდან როჯერსი მის შესახებ ამდენს იმიტომ საუბრობს, რომ მისგან მეტს ელის. არა მგონია, ბალოტელის ასეთი თამაში ან მწვრთნელს გაჰკვირვებოდა, ან ვინმე სხვას”, – აღნიშნა კარაგერმა.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელის, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში ამა წლის ზაფხულს დაბრუნდა, “ლივერპულის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ათ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.