მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგა დაარსდა (1992 წელი), აღნიშნული ტიტული არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია. ამასთანავე ბოლო ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისის საუკეთესო ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა კევინ კიგანი იყო. ეს 20 წლის წინ მოხდა, როცა კიგანი “ნიუკასლ იუნაიტედს” ედგა სათავეში.
ბოლო ორ ათწლეულში მხოლოდ ორმა ინგლისელმა სპეციალისტმა მოახერხა საკუთარი გუნდის მესამე ადგილზე გაყვანა პრემიერ ლიგაში: როი ევანსმა (“ლივერპული”) და 70 წლის სერ ბობი რობსონმა, 2003 წელს “ნიუკასლთან” ერთად.
მართლაც რომ საშინელი სტატისტიკური მონაცემებია. ამ ფონზე გასაკვირი არც ის არის, რომ ინგლისელი მწვრთნელები ვერც სხვაგან ახერხებენ დიდი წარმატებების მიღწევას. გარი ნევილის 4-თვიანი ‘ფორთხიალიც’ სწორედ ბრიტანელების უსუსურობას უსვამს ხაზს, რომლის აწ უკვე ყოფილი გუნდიც სულ რაღაც 6 ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა დიდ ჩემპიონატებში (ესპანეთი, გერმანია,იტალია, საფრანგეთი) სამად-სამმა ინგლისელმა მოახერხა წარმატების მიღწევა: ბილი ბერი (“ლილი”, 1946), ჯეს კარვერი (“იუვენტუსი”, 1950) და ტერი ვენაბლესი (“ბარსელონა”, 1985). საერთაშორისო დონეზე ბოლო წარმატებას კი ინგლისმა ნახევარი საუკუნის წინ, სერ ალფ რემსის წყალობით მიაღწია.
ზემოხსენებული რობსონი იყო ბოლო ინგლისელი სპეციალისტი, რომელმაც კონტინენტის მთავარი ტიტული მოიპოვა – რონალდოს დახმარებით მან “ბარსელონას” თასების მფლობელთა თასი მოაგებინა 1997 წელს. ევროპის თასისა ან უეფა თასის გამარჯვებულების ვინაობების გასაგება 1984 წლამდე მაინც უნდა დავბრუნდეთ, როცა თავი ჯო ფაგანის “ლივერპულმა” და კეიტ ბურკინშოუს (“ტოტენჰემმა” გამოიჩინეს.
ინგლისელი სპეციალისტების მუშაობა უმაღლეს დონეზე აშკარად სამარცხვინოა, დიახაც, ინგლისელებს უნდა რცხვენოდეთ მათი წარმომადგენლების. ამჟამად პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 ინგლისელი მწვრთნელი მონაწილეობს. რომელთაგან ორი ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის (ალან პარდიუ და სემ ალარდაისი). ნევილის გათავისუფლება კი ნიშნავს იმას, რომ ლა ლიგაში, სერია აში, ლიგა 1-სა და ბუნდესლიგაში ინგლისელი მწვრთნელი აღარ დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ნაკრების ბოლო 4 მწვრთნელიდან 2 უცხოელი იყო.
სხვა წამყვანი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მწვრთნელი ევროპის Top-5 ჩემპიონატში ესპანეთსა და იტალიას ჰყავს (20-20), საფრანგეთსკი 19 სპეციალისტი წარმოადგენს, მაშინ როცა ასპარეზზე 12 გერმანელი დამრიგებელია გამოსული.
ესპანელმა, იტალიელმა და გერმანელმა მწვრთნელებმა 16-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მას შემდეგ, რაც ტურნირი ჩამოყალიბდა (1992). ამ პერიოდში იტალიელმა მწვრთნელებმა 26 მთავარი ჩემპიონატის ტიტულის მოგება მოახერხეს, ინგლისელებმა კი ვერცერთის.
ინგლისელ მწვრთნელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, სემ ალარდაისი მუდმივად წუწუნებს იმაზე, რომ ინგლისელ სპეციალისტებს შანსი არ ეძლევათ: “პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ინგლისელ მწვრთნელებს უკანა პლანზე ვწევთ.”
ფაქტია, დღეს პრემიერ ლიგა მაღალი დონის ინგლისელი სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ალბათ, გამოსავალი ის იქნება, რომ ინგლისში ბავშვებს ტაქტიკური დეტალები თავიდანვე კარგად შეასწავლონ. როცა ისინი წამოიზრდებიან, კიდევ უფრო მეტს გაიგებენ, განვითარდებიან, ხოლო როცა სათამაშო კარიერას დაასრულებენ და მწვრთნელები გახდებიან, ცოდნას უკეთესად გამოიყენებენ. მაგალითად, იტალიაში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ ტაქტიკას და ამ ქვეყანას არაერთი ძლიერი მწვრთნელი გაუზრდია.
ინგლისში ტაქტიკაზე სატელევიზიო გადაცემებში ხშირად საუბრობენ, მაგრამ როგორც ჩანს, სჯობს ეს დეტალები მწვრთნელებმა თავიანთ გუნდებში გამოიყენონ.