2015 წლის მოსვლასთან ერთად ქართული სპორტის გულშემატკივრებს ახალი იმედი გაუჩნდათ. მართალია, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, არ სრულდება, მაგრამ სხვა წლებთან შედარებით, ეს წელი საქართველოსთვის საინტერესო მოვლენებით სავსეა.
დავიწყოთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით, რომელშიც 2014 წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ნოემბერში, პოლონეთთან მატჩის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა თბილისში ანგარიშით 0:4 წააგო, თემურ ქეცბაიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ერთი თვის განმავლობაში მისი შემცვლელის ვინაობა უცნობი იყო, მხოლოდ საუბრის დონეზე ვიცოდით, რომ ნაკრებს სათავეში, შესაძლოა, კახა ცხადაძე ჩაუდგეს. შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე გიორგი დევდარიანი და ალექსანდრე ჩივაძე სახელდებოდნენ, ჭორები იყო უცხოელ სპეციალისტებზეც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ასეთ მდგომარეობაში გუნდს ადგილობრივი სპეციალისტი უნდა იბარებდეს, რომელმაც ნაკრების რესურსების შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. პრინციპში, ასეც მოხდა, მართალია, ბოლო წლებში ცხადაძე უცხოეთში მუშაობს, სადაც ბაქოს „ინტერს“ თავკაცობს, თუმცა ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაცია მისთვის დიდი ხანია ცნობილია, ბაქოში გამგზავრებამდე მან სამშობლოში მუშაობა და საკლუბო მდონეზე წარმატების მიღწევაც მოასწრო, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ იგი ფეხბურთელებთან ურთიერთობას დაალაგებს და ნაკრებში მათაც დააბრუნებს, ვინც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ თავის კლუბში გამოდიოდა.
2015 წელს ჩვენი ნაკრები შვიდ მატჩს ჩაატარებს. უახლოესი შეხვედრა კი ამხანაგური იქნება – 25 მარტს „ჯვაროსნები“ მალტასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ახალ მწვრთნელთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებლად ეს სასურველი მეტოქე უნდა იყოს. ხსენებულ შეხვედრაში კახა ცხადაძეს შემადგენლობის როტაციისა და სასურველი წყობის არჩევის საშუალება მიეცემა. თუმცა, ოთხ დღეში გერმანიასთან მატჩის სახით ქართველებს რთული გამოცდა ელით. ბოლო ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის ფავორიტებთან ჩვენი ნაკრები ღირსეულად გამოვიდა. 2012 წლის სექტემბერში ესპანელებთან გოლი მხოლოდ შეხვედრის ბოლოს გავუშვით, ხოლო 2013 წელს საფრანგეთთან მატჩი ფრედ 0:0 დავასრულეთ, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ შეცვლილი ნაკრები ასე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთანაც ითამაშებს. იქნება გასვლითი მატჩი პოლონეთთან, ნაკრებთან, რომელთანაც, როგორც აღვნიშნეთ, შინ დიდი ანაგრიშთ დავმარცხდით, რითაც პირადი ანტირეკორდი დავამყარეთ. ასე რომ, პირველივე მატჩები ცხადაძისთვის საკმაოდ რთული გამოვა, შესაბამისად, ბოლომდე ნაკრების პოტენციალი, შესაძლოა, ამ შეხვედრებში ვერც ვნახოთ. ასეა თუ ისე, წინასწარი პროგნოზებისგან თავის შეკავება აჯობებს, ვნახოთ, ვის მოიწვევს ცხადაძე ნაკრებში და როგორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. ნათელია, მის ადგილზე ყოფნას მხოლოდ ერთეულები თუ ისურვებდნენ, თანაც, მას ორმაგი სამუშაოს შესრულება მოუწევს, რადგან ბაქოს „ინტერში“ იგი მიმდინარე სეზონის ბოლომდე რჩება.
საინტერესო უნდა იყოს უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების გამოსვლაც. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს ბელგიური „გენკია“, რომლის რიგებშიც თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია ირიცხებიან. ლუკასთან შედარებით, თორნიკემ ბელგიურ გუნდში ზაფხულში გადასვლის შემდეგ თავის გამოჩენა შეძლო და გუნდის მნიშვნელოვან გამარჯვებებში თავისი წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, ზარანდიას ამაში ხელი ტრავმებმა შეუშალეს, რაზეც მან Fanebi.com-თან რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა, ამჟამად თურქეთში მყოფი „გენკის“ რიგებში ლუკამ ამხანაგურ მატჩში გოლიც კი გაიტანა. ბელგიის ჩემპიონატი 18 იანვარს განახლდება…
მნიშვნელოვანი გამოსვლები ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებსაც ელით. 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნში 12, 14 და 17 მარტს ითამაშებს. ჰოლანდიაში გოჩა ტყებუჩავას ნაკრების მეტოქეთა შორის ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია მოხვდნენ. საინტერესო იქნება 19-წლამდელების გამოსვლაც, რომელიც მაისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში რთულ ჯგუფში ითამაშებს – ჩვენს მეტოქეთა შორის ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დიდი სპორტული ღონისძიებებიც არ დაგვავიწყდეს. ზაფხულში ჩვენი ქვეყანა ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ამ ღონისძიებისთვის მოსამზადებელი პროცესის დროს გაუმჯობესდა სპორტული კოპლექსები, რომლებიც ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიადის შემდეგაც გამოადგებათ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ თემაზე მუდმივად საუბრობენ და ახალგაზრდული ოლიმპიადის დადგომას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დიდი ხანი ელოდება. აღნიშნული ღონისძიება ქვეყნისთვის დადებითი გამოცდილების მიღების მხვრივაც უნდა იყოს. ვინ იცის, იქნებ, მომავალში ჩვენთან კიდევ რომელიმე მსგავსი ან კიდევ უფრო მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაიმართოს.
ზაფხული ცხელი არამხოლოდ ახალგაზრდული ოლიმპიადის გამო იქნება. აგვისტოს ბოლოს თბილისში ის საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რომელსაც მთელი მსოფლიო იხილავს. საუბარი, რასაკვირველია, უეფა-ს სუპერთასზეა, რომელიც თავდაპირველად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებით, შეხვედრა „დინამო არენაზე“ გადაიტანეს. ქვეყნის მთავარ სტადიონზე ამასთან დაკავშირებით მუშაობები უკვე დაწყებულია, ასე რომ, თბილისის „დინამოს“ საშინაო არენას მორიგი რეკონსტრუქცია ელის. ამ მატჩს ფინანსური მოგებაც ექნება, უეფა-სგან მიღებული თანხის გარდა, შემოსავალი გაყიდული ბილეთების დახმარებითაც გაიზრდება, გულშემატკივრები კი მოედანზე 2015 წლის ევროპის და, დიდი ალბათობით, მსოფლიოს გამორჩეული კლუბების თამაშს იხილავენ.
მოსაწყენი არც სექტემბერი იქნება. შემოდგომის პირველი თვის 5 რიცხვიდან 10 რიცხვის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ითამაშებს, რომლის მეტოქეები C ჯგუფში ჰოლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ხორვატია იქნებიან. ბალკანური ნაკრებების სიძლიერის შესახებ საუბარი, ალბათ, ზედმეტი იქნება, თუმცა ქართველებს ჯგუფიდან გავლის შანსი ნამდვილად გააჩნიათ. ამის ალბათობას უცხოეთში ქართველი ლეგიონერების გამოსვლაც ზრდის. მაგალითად, ზაზა ფაჩულია თავისი პირადი მაჩვენებლით „მილუოკი ბაქსის“ ყოველი მატჩის შემდეგ გვახარებს. საინტერესოა ევროპაში თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმანდინის, ვიქტორ სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის გამოსვლებიც. ეს ყველაფერი ევრობასკეტზე ჩვენი ნაკრების წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ იმ დრომდე ქართველი კალათბურთელები კიდევ უფრო მოუმატებენ და რაც მთავარია, ტურნირს ჯანმრთელები შეხვდებიან.
სექტემბერი ქართული სპორტისთვის არამხოლოდ კონტინენტის საკალათბურთო ჩემპიონატით გამოირჩევა. 18 სექტემბრიდან სტარტს რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს. ჩვენი ნაკრები პლანეტის პირველობის C ჯგუფში გამოვა, სადაც რთული გამოცდის გავლა მოუწევს, რადგან „ბორჯღალოსანთა“ მეტოქეები ტონგა, არგენტინა, ახალი ზელანდია და ნამიბია იქნებიან.
სხვათაშორის, კარგ შედეგს ჩვენმა წარმომადგენელმა ჩოგბურთში უვკე მაიღწია. ერთ-ერთი იმედისმომცემი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალამდე მივიდა, სადაც გამოცდილ ივო კარლოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა. მანამდე ნიკოლოზმა ცნობილი რუსი მიხაილ იუჟნი დაამარცხა. აღნიშნული წარმატება ნიკოლოზისთვის მსოფლიოს რეიტინგის ასეულში შესვლის საწინდარი უნდა გახდეს.
როგორც ხედავთ, 2015 წელი ქართული სპორტისთვის საკმაოდ მდიდარი და საინტერესო უნდა იყოს. იმედი ვიქონიოთ, საქართველო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას სათანადოდ უმასპინძლებს, ჩვენი ნაკრებები კი საერთაშორისო დონეზე, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით კარგად გამოვლენ.