თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცის პოსტზე ფერნანდო იეროს კანდიდატურას განიხილავდნენ

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გურბალ გურბანოვის გათავისუფლების შემდეგ ქევყნის ფეხბურთის ფედერაცია ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

კანდიდატთა შორის დასახელებული იყო მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო აზერბაიჯანელებმა მასზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ფერნანდო იერო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას (1:1, პენ. 3:4) გამოეთიშა.

ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი – ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა. ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს – ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივანს – დავით მუჯირს შეხვდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფერნანდო იერო გვესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მან მომილოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები მისურვა.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე – თუ როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და კარგი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. იგივე გერმანულ მხარესთან, იგივე ესპანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობები ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრესსამსახური

ფერნანდო იერო “რეალს” ტოვებს

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწე ფერნანდო იერო კლუბს ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იეროს გადაწყვეტილება ანჩელოტის გათავისუფლებასთან არ არის დაკავშირებული. ესპანელმა კლუბის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე ამცნო.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო იერო “რეალში” გასული წლის ზაფხულში დაბრუნდა და გუნდის სამწვრტნელო შტაბში ერთი სეზონის განმავლობაში იმუშავა.

გუნდი ასევე დატოვა ანჩელოტის მეორე თანაშემწე პოლ კლემენტმა, რომელიც უახლოეს პერიოდში “დერბი ქაუნთის” ჩაუდგება სათავეში.

 

იერომ კასილასი დაარწმუნა

მადრიდის “რეალის” კიპერმა იკერ კასილასმა, რომელიც აქამდე გუნდიდან წასვლაზე ფიქრობდა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა გადაწყვიტა. ესპანელმა კიპერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ფერნანდო იეროსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იერო “რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაინიშნა.

ფერნანდო იერომ შეძლო, დაერწმუნებინა კასილასი, რომ ის გუნდისთვის კვლავ საჭიროა. იერო და კასილასი ერთად წლების განმავლობაში იცავდნენ “რეალის” ღირსებას.

 

ფერნანდო იერო ანჩელოტის თანაშემწედ იმუშავებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწის პოსტზე „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო იმუშავებს.

აღნიშნულ პოზიციაზე იერო ზინედინ ზიდანს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, „რეალის“ სარეზერვო გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ფერნანდო იერო „სამეფო კლუბში“ 1989-დან 2003 წლამდე გამოდიოდა. „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 601 მატჩში 127 გოლი აქვს გატანილი.

იერომ კარიერა 2005 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ერთხანს იყო „მალაგას“ დირექტორიც.

 

იერო: „ძალიან საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფერნანდო იერო თვლის, რომ წინ მეტად საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტნის თქმით, მოქმედი ჩემპიონის წოდება „ფურია როხას“ დამდეგ მუნდიალზე არავითარ უპირატესობას არ მისცემს.

„თუ ესპანეთის ნაკრები ტიტულის დაცვას მოახერხებს, ეს უდიდესი წარმატება იქნება. რა თქმა უნდა, ტურნირამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ „ფურია როხა“ მოქმედი ჩემპიონია და მეტოქეებმა პატივი უნდა სცენ. ამასთანავე, ყოველთვის ვამბობ, რომ მქომედი ჩემპიონის წოდება გუნდს არავითარ დამატებით ბონუსს არ აძლევს.

საკმაოდ სერიოზული მეტოქეები გვყავს. მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები, რომელიც საკუთარ კედლებში ითამაშებს და გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნება. ყველასთვის რთული ჩემპიონატი იქნება. ამავე დროს, ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვა“, – იეროს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი