ხვალ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის ხუთივე მატჩი შედგება. რა თქმა უნდა, ტურის და სეზონის ცენტრალური მატჩი, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. სიტუაცია მარტივია: დედაქალაქელები 57 ქულით პირველზე არიან, იმერლები, 55-ით – მეორეზე, ფრე ან “დინამოს” მოგება მას აჩემპიონებს, ხოლო “ტორპედო” ჩემპიონი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ხდება.
საკმაოდ პრინციპული დაპირისპირების წინ, Fanebi.Com-თან “დინამოს” კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.
“სეზონის დასაწყისში რომ ეთქვათ, გადამწყვეტი შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგებაო, ალბათ ყველა დათანხმდებოდა. თუმცა, სტარტის შემდეგ დიდი უპირატესობა გვქონდა და უფრო მარტივადაც შეიძლებოდა, საქმე წასულიყო. საჭირო იყო, აღნიშნული დაშორების უკეთ გამოყენება. დასანანი ქულები დავკარგეთ, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ხვალინდელი მატჩი იმ ახალაგაზრდებისთვის, რომლებიც კლუბში ვთამაშობთ, ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. მოტივაცია? ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ შეხვედრას მთელი საქართველო ელის და მიხარია, რომ ასეთი დაპირისპირების ჩატარება გვიწევს.”
“მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და წარსულში გამოუყენებელ შანსებზე არ ვფიქრობთ. მეტოქე საკმაოდ ძლიერია. ისინი კარგ ფორმაში არიან, თუმც მთელი სეზონის განმავლობაში მდევრების როლში იყვნენ. ახლა მათ გადასწრების და გაჩემპიონების შანსი აქვთ. თუმცა, არ ვაპირებთ, რამე დავთმოთ. პირველ ადგილზე ვართ და იმედია, ხვალინდელი თამაშის შემდეგაც ასე იქნება,” – აცხადებს კიტეიშვილი.