რუსეთის ჩრდილოკორეიზაცია გრძელდება, აგრესორი ქვეყნის სპორტული ტელეარხი კი კვლავაც პუტინის რეჟიმის სამსახურშია.
გუშინ ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და “სევილიას” შორის განმეორებითი მატჩი (2:0) გაიმართა. შეხვედრის 87-ე წუთზე მოედანზე ლონდონელთა უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი იარმოლენკო გავიდა, რა დროსაც ტელეკადრში ტრიბუნაზე აფრიალებული უკრაინის დროშები გამოჩნდა. იმისთვის, რომ რუსულ ტელეაუდიტორიას არ დაენახა, თუ როგორ უჭერს მხარს ცივილიზებული სამყარო უკრაინას, რუსულმა ტელეარხმა აღნიშნული ეპიზოდი საარქივო კადრებით გადაფარა, რომელშიც უკრაინის სახელმწიფოს სიმბოლიკა არ ჩანდა. იარმოლენკომ მატჩის დამატებით დროში გოლი გაიტანა და “ვესტ ჰემს” ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუტანა. რეალური ტრანსლაციის კადრში ისევ გამოჩნდა უკრაინის დროშა, რუსულმა ტელეარხმა კი ეს ეპიზოდი კვლავაც ძველი შეხვედრის მომენტით გადაფარა. შესაძლოა, ამის გამო უეფამ გარკვეულ ზომებსაც მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ რუსების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთ პრაქტიკას რუსულმა მაუწყებლებმა ინგლისის პრემიერლიგის მატჩების დროსაც მიმართეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. კერძოდ, რუსეთში ინგლისურ ფეხბურთს ტრანსლირება შეწყდა.