სპალეტი შესაძლოა “პარმასთან” მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გუნდში მუშაობა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე არც კი ჩაამთავრებინონ. იტალიელმა სპეციალისტმა შექმნილი მდგომარეობა “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად “ბოლონიასთან” განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განიხილა.

ANSA-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის ბედი იტალიის სერია А-ს 23-ე ტურში “პარმას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, მის ყველაზე რეალურ შესაძლო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება, რომელიც მაროტასთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერში” 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი დანიშვნიდან ერთ თვეში გუნდმა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი – ჩემპიონთა საერთაშორისო თასი მოიგო. “ნერაძურიმ” სერია A-ს გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა გუნდი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ვენის “რაპიდი” იქნება.

დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

აზარი სამ თვეს გამოტოვებს

ლონდონის “ჩელსისა” და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა ედენ აზარმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. 26 წლის ფეხბურთელმა კოჭის მყესები დაიზიანა.

ტრავმის ხარისხსა და გამოჯანმრთელების ვადებზე ბელგიის ნაკრების ექიმმა კრის ვან კრომბრიუგემ ისაუბრა.

“აზარი სამ თვეში ჯანმრთელად იქნება, საღსალამათი კოჭით. ის პოზიტიურად არის განწყობილი”, – აღნიშნა ვან კრომბრიუგემ.

ამრიგად, ედენ აზარს ინგლისის პრემიერლიგის სტარტის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ახალი სეზონი 12 აგვისტოს დაიწყება. 2016-2017 წლების სეზონში აზარმა “ჩელსის” რიგებში 43 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“ჩელსის” “ევერტონთან” აზარი დააკლდება

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა გუს ჰიდინკმა ინგლისის პრემიერლიგაში ლივერპულის “ევერტონთან” გასამართ მატჩამდე გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

“ვესტ ბრომვიჩთან” გამართულ მატჩში არავინ დაშავებულა. ედენ აზარი მალე გამოჯანმრთელდება, თუმცა ჯერჯერობით ის მზად არ არის. იმედია, მომდევნო კვირაში იგი სრულყოფილად ვარჯიშს შეძლებს, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა იგი “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში. რადამელ ფალკაოც ტრავმირებულია. დანარჩენები მზად არიან”, – ციტირებს ჰიდინკის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

“ჩელსისა” და “ევერტონს” შორის მატჩი შაბათს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

მოურინიო: “მე და აზარს ფლეიმეიქერის როლის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მას და კლუბის ერთ-ერთ ლიდერ ედენ აზარს ფლეიმეიქერის როლის შესახებ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ.

“საუკეთესო “ათიანები”, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია, დეკუ და უესლი სნეიდერი იყვნენ. ჩემი აზრით, მე-10 ნომერი დიდ სამუშაოს უნდა ასრულებდეს როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ჩემს გუნდში “ათიანი” ყოველთვის ასრულებდა განსაკუთრებულ როლს. შესაძლებელია თუ არა, რომ “ჩელსისთვის” ასეთ მოთამაშედ აზარი იქცეს? მეეჭვება. ჩემსა და აზარს შორის “ათიანის” ფუნქციების შესახებ განსახვებული მოსაზრებებია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ტელეგრაფი”.

 

აზარი “ჩელსიში” უკმაყოფილოა და შესაძლოა, “რეალში” გადავიდეს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ მოსწონს და ნავთსაყუდელის შეცლა სურს. აზარი პრიორიტეტულ ვარიანტად “რეალს” თვლის, რომელმაც უკვე გამოხატა მის მიმართ ინტერესი.

ცნობისთვის, ედენ აზარს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება.

 

ანრი: “როდესაც აზარი ფორმაშია, მისი შემჩერებელი არავინაა”

ტიერი ანრიმ ლონდონის “ჩელსის” გარემარბ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა. ფრანგმა აღნიშნა, რომ ბელგიელი ფეხბურთელი სხვებისგან გამორჩეული მოთამაშეა.

“როდესაც აზარი ფორმაშია, მისი შემჩერებელი არავინაა. ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. აზარს არაფრისგან მომენტის შექმნა შეუძლია. ეს იმის ნიშანია, რომ იგი განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

აზარი: “რაც უფრო მეტს მირტყამენ, მით უფრო მიხარია”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა მას სტიმულს მატებს. ბელგიელი ამბობს, რომ მოედანზე მეტოქისთვის სამაგიეროს ფიზიკურად გადახდის სურვილი არ უჩნდება.

“ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვუპასუხო მოწინააღმდეგის მიერ თამაშის წესის დარღვევას. შესაძლოა, ლოგიკურად ასეც უნდა ვიქცეოდე, თუმცა მე უკვე გავიზარდე. უკვე მივეჩვიე, რომ უნდა მირტყან. რაც უფრო ხშირად დამარტყამენ, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ეს მიძლიერებს იმის სურვილს, რომ მეტოქე დავამარცხო. არ მინდა, მათ ფიზიკური ტკივილი მივაყენო, სამაგიეროს საფეხბურთო წესებით გადავუხდი”, – აზარის სიტყვები “ინდეპენდენტმა” გამოაქვეყნა.

 

აზარმა საკუთარ თავს ამ სეზონში 20-25 გოლის გატანა დაუსახა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა, რომელმაც გუშინ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, სეზონის მეორე ნახევარში მის წინაშე არსებული მიზნის შესახებ ისაუბრა.

“იმედი მაქვს, ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 20-25 გოლის გატანას შევძლებ. ეს კარგი შედეგი იქნებოდა როგორ ჩემთვის, ასევე კლუბისთვის”, – აზარის სიტყვებს world soccer talk-ი ციტირებს.

ედენ აზარმა ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებებში ერთად ჯერჯერობით 30 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

 

ოფიციალურად: აზარმა „ჩელსისთან“ გაახანგრძლივა

ლონდონის „ჩელსიმ“ ნახევარმცველ ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ახალი შეთანხმება მხარეებს მომავალი ხუთი სეზონის განმავლობაში დააკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს.

hazard-signs-new-deal_img