არგენტინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ალეხანდრო საბელიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.

ლეო მესიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 49 გადაცემა და კარში 6-ჯერ დაარტყა.

 

მარადონა: „სტადიონზე არ შემიშვეს“

ლეგენდარული დიეგო მარადონა აცხადებს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „მარაკანაზე“ შესვლა ვერ მოახერხა.

„სტადიონზე არ შემიშვეს. მეორე ტაიმის საყურებლად სასტუმროში დაბრუნება მომიწია. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ სტადიონზე შესვლის ნება არ მომცეს. უბრალოდ უარი მითხრეს, მეც ტელევიზიის საშუალებით ვუყურე შეხვედრას. იმედი მაქვს, ეს ამბავი მალე მიეცემა დავიწყებას.

მინდა, რომ არგენტინის ნაკრების მომავალ მატჩებს სტადიონიდან ვუცქირო. ერთია, როცა სტადიონზე მოხვედრის საშუალება არ გაქვს და მეორე, როცა არ გიშვებენ. თუ შენს მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვთ, უპრობლემოდ გატარებენ, მაგრამ როცა ცუდად არიან განწყობილნი, სჯობს, ყველაფერი დაივიწყო და სასტუმროში დაბრუნდე, რაც გავაკეთე კიდეც“, – განაცხადა მარადონამ.

 

არგენტინა — ბოსნია & ჰერცეგოვინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასა და ბოსნია & ჰერცეგოვინას ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა ლიდერი ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 62 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

მარადონა: „ფინალში არგენტინელების მიერ ბრაზილიელების დამარცხება ორგაზმის ტოლფასი იქნება“

არგენტინის ნაკრებთან ერთად 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დიეგო არმანდო მარადონა იმედს გამოთქვამს, რომ მისი თანამემამულეები მუნდიალის ფინალში გასვლას შეძლებენ. მარადონას სურვილია, რომ ფინალურ მატჩში არგენტინელებს ბრაზილიელები დაუპირისპირდნენ.

„იმედი მაქვს, არგენტინის ნაკრები ფინალში გასვლას შეძლებს და მთავარ მიზანსაც მიაღწევს. ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ბრაზილიის ნაკრები ფინალში უეჭველად გავა. ფინალურ მატჩში არგენტინელების მიერ ბრაზილიელების დამარცხება ორგაზმის მსგავსი რამ იქნება“, – მარადონას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი 13 ივლისს გაიმართება.

 

 

კრესპო: „ღმერთმა ქნას, ეს მესის მუნდიალი აღმოჩნდეს“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ თანამემამულეების სამუნდიალე შანსები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ „ალბისელესტე“ მოიგებს. ამასთან, კრესპო არგენტინელ ფეხბურთელებს ხუმრობით ურჩევს, თუ მუნდიალს მოიგებთ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეთო.

„თუ ბრაზილიაში არგენტინის ნაკრები გახდება ჩემპიონი, თანამემამულეებს ვურჩევდი, რომ ვერტმფრენი ახლოს ჰყავდეთ. ეს ყოველი შემთხვევისთვის, არგენტინელები ვინმემ რომ არ დახოცოს (იცინის).

რა თქმა უნდა, მოგება შესანიშნავი იქნებოდა. არგენტინას მშვენიერი გუნდი ჰყავს. ყოველთვის გვაქვს ჩემპიონობის კარგი შანსები, თუმცა მხოლოდ ორჯერ მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი.

ღმერთმა ქნას, ეს მესის მუნდიალი აღმოჩნდეს“, – კრესპოს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებები ჰყავს. არგენტინელები პირველ შეხვედრას 16 ივნისს ბოსნიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

პიკე: „საუკეთესო მესია, მას რონალდუ მოსდევს“

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის თვლის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელად.

„მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლეო მესია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. არცერთი მათგანი ჩვენს ნაკრებში არ თამაშობს, თუმცა ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელთა სიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ფეხბურთელი გვყავს… ჩავი, ინიესტა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს, ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან „რეალთან“ ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ის კლუბთან და ნაკრებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულს დაეუფლა. ამასთანავე, დელ ბოსკე ისეთივე მოკრძალებულ პიროვნებად დარჩა“, – პიკეს სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტ-გამოცემა A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში ეხვევა. El Pais-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს კვლავ სდებენ ბრალს გადასახადების თავიდან არიდებასა და ფულის გათეთრებაში.

ესპანეთის ნაციონალური გვარდიის ყურადღება საქველმოქმედო მატჩებმა მიიქცია, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თითქმის 1 მილიონ ევროს გადაუხადეს.

აღნიშნული თანხა კომპანია G. Marín-Messi-ის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახის მეგობრის გილერმო მარინის დაფუძნებულია.

2012 და 2013 წლებში ჩატარებული მატჩები, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თანხა გადაუხადეს, მექსიკაში, კოლუმბიაში, პერუსა და აშშ-ში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებში ერთმანეთს მესისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მესი ამგვარ ფინანსურ სკანდალში გაეხვა, თუმცა მაშინ ფეხბურთელს ბრალი არ დაუდასტურდა.

ბექა დოგრაშვილი

ოუენი მუნდიალის ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არგენტინის ნაკრებს თვლის.

„არგენტინის ნაკრებს მუნდიალის მთავარ ფავორიტად ვთვლი. არგენტინელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც სერხიო აგუერო და ლეო მესი უდგანან სათავეში.

მათთან მატჩში ძალიან ძნელი იქნება კარის მშრალად შენახვა. არგენტინის ნაკრები პრაქტიკულად სახლში თამაშობს, ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან ამ სიმაღლესა და ამინდს.

არგენტინელებს დაცვაში აქვთ გარკვეული ხარვეზები, თუმცა მათ იციან, როგორ დაიყვანონ ხიფათი მინიმუმამდე. დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინელები უფრო მაღალ დონეზე დგანან, ვიდრე დანარჩენი გუნდები“, – ოუენის სიტყვებს Sportlobster-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელებს მეტოქეებად ირანის, ნიგერიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებები ჰყავთ.

ბექა დოგრაშვილი

რომელი ფეხბურთელები გამოსახეს არგენტინის ნაკრების თვითმფრინავზე?

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქალაქიდან ქალაქში თვითმფრინავ „ბოინგ“ 737-700-ით გადაადგილდება, რომლის ფიუზელაჟზეც „ალბისელესტეს“ თავდამსხმელები ლიონელ მესი, გონსალო იგუაინი და სერხიო აგუერო იქნებიან გამოსახულნი. ეს ფეხბურთელები გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ. გარდა ამიზა, თვითმფრინავის ბორტს დაამშვენებს ნაკრების დევიზი: „წინ, არგენტინა!“

მარადონას არგენტინის ნაკრების იმედი აქვს

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო არმანდო მარადონას მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების იმედი აქვს. მარადონამ არგენტინელთა მთავარი მწვრთნელის, ალეხანდრო საბელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია. საბელიას გაწეული სამუშაოსთვის პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა მარადონამ, რომლის თავკაცობითაც არგენტინის ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწია.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინის, ნიგერიისა და ირანის ნაკრებები ჰყავს.

 

არგენტინის სუპერჩემპიონი „რივერ პლეიტი“ გახდა

არგენტინულმა „რივერ პლეიტმა“ ქვეყნის ჩემპიონატის სუპერფინალი მოიგო. გუნდმა გადამწყვეტი მატჩი „სან ლორენსოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ხერმან პეცელამ თავური დარტყმით გაიტანა.

„რივერ პლეიტმა“ ქვეყნის უმაღლესი ტიტული რიგით 36-ედ მოიგო.

არგენტინის ჩემპიონატში 20 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი ორი ნაწილისგან შედგება — ტორნეო ინისიალისგან და ტორნეო ფინალისგან. ინისიალი 2013 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდა, ჩემპიონი კი „სან ლორენსო“ გახდა. ტორნეო ფინალი მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა, გამარჯვებული კი „რივერ პლეიტი“ გახდა. შესაბამისად, ამ ორ გუნდს შორის მატჩით გაირკვა სუპერჩემპიონის ვინაობა.

ბექა დოგრაშვილი

ტევესი არგენტინის ნაკრებში არგამოძახებას ხუმრობით გამოეხმაურა

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი შესანიშნავ ფორმაშია. 30 წლის ფორვარდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში თანაქალაქელი „ტორინოს“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.

მიუხედავად ასეთი კარგი შედეგისა, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ტევესის სამუნდიალო განაცხადში შეყვანას ჯიუტად არ აპირებს, რასაც თავად ფეხბურთელი ხუმრობით გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, არგენტინის ნაკრების თავკაც საბელიას „სქაი“ (ტელეარხი) არ აქვს, რომ „იუვენტუსის“ მატჩებს უყუროს“, – აღნიშნა ტევესმა „სქაის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი