“ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა 23-კაციანი სია

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე იმ 23 ფეხბურთელის სია გამოქვეყნდა, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ.

სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს — ექვსი ფეხბურთელი, მადრიდის “რეალიდან” და მიუნხენის “ბაიერნიდან” კი 5-5 მოთამაშეა შეყვანილი.

დეკემბრის დასაწყისში იმ სამი მოთამაშის ვინაობა დასახელდება, რომლებიც “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა საბოლოო სიაში შევლენ.

სრული სია ამგვარად გამოიყურება:

სერხიო აგუერო (არგენტინა, “მანჩესტერ სიტი”), გარეტ ბეილი (უელსი, “რეალი”), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი, “რეალი”), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “რეალი”), კევინ დე ბრეინე (ბელგია, “მანჩესტერ სიტი”), ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, “პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”), ტონი კროოსი (გერმანია, “რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, “ბაიერნი”), ხავიერ მასკერანო (არგენტინა, “ბარსელონა”), ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”), ტომას მიულერი (გერმანია, “ბაიერნი”), მანუელ ნოიერი (გერმანია, “ბაიერნი”), ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”), პოლ პოგბა (საფრანგეთი, “იუვენტუსი”), ივან რაკიტიჩი (ხორვატია, “ბარსელონა”), არიენ რობენი (ჰოლანდია, “ბაიერნი”), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, “რეალი”), ალექსის სანჩესი (ჩილე, “არსენალი”), ლუის სუარესი (ურუგვაი, “ბარსელონა”), იაია ტურე (კოტ დივუარი, “მანჩესტერ სიტი”), არტურო ვიდალი (ჩილე, “ბაიერნი”).

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

“ოქროს ბურთი” რონალდუს საკუთრებაა

“ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. მან აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო, საერთო ჯამში კი – მისთვის ეს მესამე “ოქროს ბურთია”. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.

“ჩემს შვილს ვხედავ, ჩემს ოჯახსა და დედას ვხედავ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ კონკურსში მხარი დამიჭირა: ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს, კლუბის პრეზიდენტს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს დაუვიწყარი წელი. ამ ჯილდოს მოგება უნიკალური მიღწევაა. ასეთივე სულისკვეთებით მუშაობას გავაგრძელებ. მინდა, რომ მომავალშიც მოვიგო როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტიტულები. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გავხდე, თუმცა ეს ახალ მსხვერპლს მოითხოვს”, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წელს “რეალთან” ერთად ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” მანამდე 2008 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული.

 

მარადონამ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეებს შორის ფავორიტი დაასახელა.

“არც მესი და არც რონალდუ. ჩემი ფავორიტი მანუელ ნოიერია. 2014 წლის მიხედვით, ის ყველაზე მეტად იმსახურებს “ოქროს ბურთს”, – განაცხადა მარადონამ ვენესუელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილ ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავად შევჩენკომ ეს ჯილდო 2004 წელს მოიგო.

“ოქროს ბურთის” მოგება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოა. ახალგაზრდობაში მის მოპოვებაზე ბევრი მიოცნებია, რამდენჯერმე მიზანთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. უბედნიერესი გახლდით, როდესაც “ოქროს ბურთი” მოვიგე. ვიგრძენი, როგორ ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.

Shevchenko

ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად მანუელ ნოიერს დავასახელებ. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს თვალყური მივადევნე. ნოიერი მუნდიალის მომგები გუნდიდანაა და ტურნირზე ყველა ეპიზოდში თავი ფანტასტიურად წარმოაჩინა. იგი თამაშობდა როგორც მეკარედ, ასევე მცველადაც, რითაც დიდად დაეხმარა დაცვის ხაზს.

თუმცა, ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მაინც აქვთ ჯილდოს მოპოვების შანსი. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რონალდუ კი კლუბის მთავარი ვარსკვლავი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებმა საოცარი ფინალი გვიჩვენეს. მესისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. შესაძლოა, ლეო ინდივიდუალური თვალსაზრისით საუკეთესო არ იყო, თუმცა მან გუნდისთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

Lionel Messi - Cristiano Ronaldo - Manuel Neuer

სამივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მე არჩევანს ნოიერზე ვაკეთებ. ის მართლაც გამორჩეული იყო გერმანიისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში. მან ეს წელიწადი ფანტასტიურად განვლო”, – შევჩენკოს სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

პლატინი: „ოქროს ბურთს“ ათი წლის შემდეგაც მესი ან რონალდუ მოიგებს“

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2013 წლის „ოქროს ბურთი“ ფრანკ რიბერის უნდა გადასცემოდა.

ფრანგმა ნახევარმცველმა გამოკითხვის ბოლო ეტაპზე მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ჯილდოს ან „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლეო მესი ან „რეალის“ პორტუგალიელი ფორვარდი რონალდუ იღებს.

„არსებული სისტემით „ოქროს ბურთს“ ათი წლის შემდეგაც მესი ან რონალდუ მიიღებს. ამ წელს რონალდუმ, მესიმ და რიბერიმ დაიმსახურეს ჯილდოს მოგება, მაგრამ ფრანკმა ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. აქედან გამომდინარე, მე ხმას რიბერის მივცემდი. ასეთი პროზიცია იმიტომ არ მაქვს, რომ ის ფრანგია. არა, ასეთივე სიამოვნებით მხარს არიენ რობენს ან ბასტიან შვაინშტაიგერს დავუჭერდი. ნეიმარს, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონაში“ თამაშობს, კიდევ სჭირდება დრო მესის ტახტიდან ჩამოსაგდებად“, – პლატინის სიტყვები Le Journal du Dimanche-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი თავკაცები

ფიფამ და „ფრანს ფუტბოლმა“ იმ მწვრთნელთა ვინაობა დაასახელეს, რომლებიც 2013 წლის საუკეთესო თავკაცის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

სია ასე გამოიყურება:

კარლო ანჩელოტი (იტალია / „პარი სენ-ჟერმენი“ / მადრიდის „რეალი“), რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი / „ჩელსი“ / „ნაპოლი“), ანტონიო კონტე (იტალია / „იუვენტუსი“), ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი / ესპანეთის ეროვნული ნაკრები), სერ ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია / „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი), იუპ ჰაინკესი (გერმანია / მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავკაცი), იურგენ კლოპი ( გერმანია / „ბორუსია“), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია / მადრიდის „რეალი“/ „ჩელსი“), ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია / ბრაზილიის ეროვნული ნაკრები), არსენ ვენგერი (საფრანგეთი / „არსენალი“).

წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობას 2014 წლის 13 იანვარს, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოაცხადებენ.

გასულ წელს საუკეთესო მწვრთნელად ვისენტე დელ ბოსკე დაასახელეს, მეორე ადგილი ჟოზე მოურინიოს მიაკუთვნეს, მესამე კი – ხოსეპ გვარდიოლას.

ბექა დოგრაშვილი