სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელი საკალათბურთო კლუბი “არმია” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა დაძაბულ, ორ ოვერტაიმიან მატჩში “ბათუმი” 115:105 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპარტონნენ.
შეხვედრის ბედი ძირითადი დროის ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. ბათუმელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა ძირითადის ბოლო წამებზე ყურადღება მოადუნეს და მიზანიც აერიათ. არმიელებმა კი თითქმის უიმედი მატჩი შემოატრიალეს და დამატებით დროში გადაიყვანეს.
მატჩის ბომბარდირს, ბათუმელთა კანადელ გამთამაშებელ ჯუნიორ ქედუგინს საფინალო სირენამდე 4,6 წამით ადრე ორივე საჯარიმო რომ ჩაეგდო, არმიელებს ალბათ აღარაფერი უშველიდათ. კანადელის აცილების შემდეგ არმიელებმა მოასწრეს ბურთის თავისი ფარის ქვეშიდან გამოტანა, მთელი მოედნის გადაკვეთა და… გიორგი შარაბიძემ საფინალო სირენის თანხლებით გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო.
დამატებით დროში უკვე ბათუმელებს მოუწიათ თითქმის უიმედო სიტუაციიდან თავის დაძვრენა. არმიელები 7 ქულას იგებდნენ, ოვერტაიმის დასრულებამდე ორწუთნახევარი რჩებოდა, თუმცა ჯუნიორ ქედუგინმა ბოლო წუთზე 2 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 99:99. არმიელებს ჰქონდათ 11 წამი, თუმცა შარაბიძის ჩაგდებული მსაჯებმა არ ჩათვალეს – არმიელმა ცენტრმა ბურთის გშვება ვერ მოასწრო, სირენამ გაისმა.
მეორე ოვერტაიმში არმიელებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს. ბექა წივწივაძის წინამძღოლობით კოტე ტუღუშის გუნდმა საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 115:110 იმარჯვეს და ბრინჯოს მედლებს დაეუფლნენ.
გამარჯვებულებს 30-30 ქულით ბექა წივწივაძემ და ლაშა ფარღალავამ ულიდერეს. წივწივაძეს ქულებთან ერთად 8 მოხსნა და 7 პასიც ჰქონდა. 12 ქულა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი შარაბიძემ. ბათუმელთაგან 43 ქულით ბომბარდირი ჯუნიორ ქედუგინი გახდა, 25 ქულა დააგროვა ჯერემი სეფოლდმა, ხოლო მამუკა ბოლქვაძემ პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მესამე ადგილოსნებს ბრინჯაოს მედლები და სპეციალური სიგელები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა – კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გადაცეს.
სტსტისტიკა
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა ,,ბათუმს’’, რომელიც სრული პასუხისმგებლობით გამოვიდა სათამაშოდ და ისევე იბრძოლა მოსაგებად, როგორც ჩვენ. საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვამართლებ, როცა ასეთ თამაშებს გუნდები უპასუხისმგებლოდ უდგებიან. მიხარია, რომ ჩემმა გუნდმა მოახერხა ძალიან რთული თამაშების შემდეგ მობილიზება და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. მადლობა მიშას და მთლიანად ,,ბათუმის’’ გუნდს. როცა სეზონი მთავრდება, გუნდებს პრობლემები ექმნებათ, ვუსურვებ მათ მომავალ წელს ბევრად უფრო კარგი სეზონი ჰქონდეთ და რაც მთავარია, მწვრთნელი ჰყავდეთ ჯანმრთელად. დარწმუნებული ვარ, მიშა რომ მთელი სეზონი ყოფილიყო, ,,ბათუმი’’ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელს არსებობას გააგრძელებს ჩვენი გუნდიც. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ვფიქრობ, დღეს ნამდვილად გავახარეთ ასეთი სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრით.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას, იბრძოლეს და დამსახურებულად მოიგეს. ვუერთდები კოტეს სურვილს, არ შეიძლება ისეთი გუნდის დაშლა, როგორიც ,,არმიაა“. პირიქით, მომავალ წელს კიდევ უფრო უნდა გაძლიერდნენ. რაც შეეხება ჩემს გუნდს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები, გვაკლდა მოთამაშეები – ჯექსონი წავიდა, მიშკოვიჩი ტრავმირებული იყო.. თუმცა მადლობა ჩემს გუნდს ბრძოლისთვის. მე შევპირდი მაყურებელს, რომ ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებდი და თუ როგორ გამოგვივიდა, ეს ხელმძღვანელობამ შეაფასოს.
ანატოლი ბოისა(,,არმია’’): სასიხარულოა, რომ სეზონს მოგებით ვამთავრებთ. წარუმატებელი სერიის შემდეგ რთული იყო ძალების მობილიზება, მაგრამ მიხარია, რომ მოვახერხეთ და მე-3 ადგილი მოვიპოვეთ. ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ორივე გუნდმა, იმედია, სამომავლოდ ყველა გუნდი იასპარეზებს ჩემპიონატში, ის საუნივერსიტეტო გუნდებიც, რომლებიც დაიშალა, აღდგებიან და მეტი გუნდი მიიღებს სუპერლიგაში მონაწილეობას.
superleague.ge