მარუან ფელაინიმ იმიჯი შეიცვალა

ბელგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ იმიჯი შეიცვალა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა თმა შეიჭრა. ფელაინის პირობა ჰქონდა დადებული, თუ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, თმას შევიჭრიო. „წითელმა ეშმაკებმა“ მუნდიალის მოგება ვერ მოახერხეს, თუმცა ფეხბურთელმა თმის შეჭრა მაინც გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა, როცა არგენტინის ეროვნული გუნდის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

თავად ფელაინიმ ბრაზილიის მუნდიალზე ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

არგენტინა — ბელგია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა თავდამსხმელი გონსალო იგუაინი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

„ნაპოლიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 81 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ტიმ ჰოვარდი — აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

დღეს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო რამ დაფიქსირდა.

„ვიკიპედიას“ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მეკარე ტიმ ჰოვარდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად იყო წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობმა პირმა განათავსა, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოვარდის საიმედო თამაშის გამო.

 

აღნიშნული ინფორმაცია უკვე წაშლილია.

ამერიკელმა კიპერმა წუხელ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მართლაც საუცხოოდ ითამაშა და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნაკრებმა მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა, ტიმ ჰოვარდი წუხანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მეკარის კარგ თამაშს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ტელეკომპანია abc-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა, ამერიკა“-ს ოფიციალური გვერდი და ამერიკელებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ჰოვარდის არჩევა შესთავაზა, თანაც ხუთივე ვადით.

 

ამერიკელი მეკარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა არც ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ვენსან კომპანიმ. ბელგიელმა მცველმა წუხანდელი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ეს კომენტარი გამოაქვეყნა.

 

ბელგია — რუსეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიის ნაკრების ლიდერი ედენ აზარი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ასისტენტად მოგვევლინა.

ლონდონის „ჩელსიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 33 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

ბელგია — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში 25-ე წუთზე სოფიან ფეგულიმ თერთმეტმერიანით გახსნა, 70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მარუან ფელაინიმ თავური დარტყმით გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი, ასევე შეცვლაზე შემოსულმა დრეს მერტენსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრეინე დაასახელეს.

22 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 56 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.

 

Daily Express: „ჩელსი“ ლუკაკუს „ატლეტიკოში“ გაანათხოვრებს

„დეილი ექსპრესის“ ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დამდეგ სეზონს იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარებს.

ბელგიელმა ფორვარდმა „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ევერტონში“ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გული მაინც ვერ მოიგო.

როგორც მოგეხსენებათ, „პენსიონერებს“ დიეგო კოსტას დამატება სურთ და არ არის გამორიცხული, ლუკაკუს განათხოვრება ამ გარიგების შემადგენელი ნაწილი იყოს.

21 წლის ბელგიელი თავდამსხმელი ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ლუკაკუმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი

აზარი „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონში კლუბის 10-ნომრიან მაისურს ედენ აზარი მოირგებს. ამრიგად, ბელგიელი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ვითამაშებ. ეს ჩემი საყვარელი ნომერია. ეროვნულ ნაკრებშიც ამ ნომრით ვთამაშობ.

10-ნომრიანი მაისური ემოსა ჩემი ბავშვობის გმირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ზინედინ ზიდანი გახლდათ.

იმედი მაქვს, რომ ეს ნომერი წარმატებებს მომიტანს. მოუთმენლად ველი მომავალს სეზონს“, – ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში აზარი 17-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, 10-ნომრიანი ფორმა კი ხუან მატას ემოსა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა.

ბექა დოგრაშვილი

ბელგიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ცვლილება მოხდა

ბელგიის ნაკრების 23-კაციან სამუნდიალო განაცხადში ცვლილება მოხდა.

გუნდის მესამე მეკარედ „ჰოფენჰაიმის“ კარის დარაჯი კოენ კასტეელსი იყო შეყვანილი, რომელმაც ტრავმის სრულად მოშუშება ვერ მოასწრო. ამიტომ, მის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე „ზლიუტე-ვარეგემის“ 28 წლის მეკარე სემი ბოსუტი გაემგზავრება

ბელგიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში პირველ-მეორე მეკარეებად ტიბო კურტუა და სიმონ მინიოლე არიან შეყვანილნი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიას მეტოქეებად რუსეთის, კორეის რესპუბლიკისა და ალჟირის ნაკრებები ჰყავს. ბელგიელები ტურნირის პირველ შეხვედრას 17 ივნისს ალჟირელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ბელგიის ნაკრების გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა გაფართოებული სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა.

სიაში 24 მოთამაშეა, საიდანაც ოთხი მეკარეა. საბოლოო განაცხადში სამი კიპერი უნდა იყოს. შესაბამისად, 2 ივნისამდე სიიდან ერთი მეკარე ამოვარდება და მივიღებთ ბელგიელთა საბოლოო სამუნდიალო განაცხადს.

მეკარეები: კურტუა („ატლეტიკო“), მინიოლე („ლივერპული“), კასტეელსი („ჰოფენჰაიმი“), პროტო („ანდერლეხტი“);
მცველები: ვანდენ ბორე („ანდერლეხტი“), კიმანი („სტანდარდი“), კომპანი („მანჩესტერ სიტი“), ვან ბუიტენი („ბაიერნი“), ვერმალენი („არსენალი“), ლომბერტსი („ზენიტი“), ვერტონგენი („ტოტენჰემი“), ალდერვეირელდი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ვიტსელი („ზენიტი“), დეფური („პორტუ“), ფელაინი („მანჩესტერ იუნაიტედი“), დემბელე („ტოტენჰემი“), შადლი („ტოტენჰემი“), აზარი („ჩელსი“), იანუზაი („მანჩესტერ იუნაიტედი“), დე ბრიუინე („ვოლფსბურგი“);
თავდამსხმელები: ლუკაკუ („ევერტონი“), მერტენსი („ნაპოლი“), მირალასი („ევერტონი“), ორიგი („ლილი“).

 

კურტუა: „მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე ტიბო კურტუა „ლივერპულის“ კარის დარაჯ სიმონ მინიოლეს განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მერსისაიდული გუნდის კიპერმა განაცხადა, რომ სურს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს.

„არ გამიგონია, ესპანელ მეკარეებს ეთქვათ, რომ მათ იკერ კასილასის ადგილის დაკავება სურთ. ასეთი რამ არც დავიდ დე ხეას, არც ვიქტორ ვალდესს და არც პეპე რეინას არ უთქვამს. პირიქით, ისინი მხარს უჭერენ კასილასს.

სიმონს ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც სურს, მაგრამ ვთვლი, რომ ბელგიის ნაკრები უკვე რამდენიმე ქულის დაკარგვას გადავარჩინე. გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ რიგებშიც მშვენივრად ვთამაშობ. მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა და თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს“, – კურტუას სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

13 წლის წინათ გაკეთებული ფსონით მოგებული 125 ათასი ფუნტი

პიტ ედვარდსი უელსის ნაკრების ნახევარმცველ ჰარი უილსონის ბაბუაა, რომელმაც 13 წლის წინათ გაკეთებული ფსონით გუშინწინ 125 000 ფუნტი მოიგო. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2000 წელს, როცა უილსონი მხოლოდ 2 წლის იყო, ედვარდსი ფსონს ჩამოვიდა, ჩემი შვილიშვილი ერთ დღესაც უელსის ეროვნული ნაკრების ფორმას მოირგებსო და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორებმა ფსონი 2 500 კოეფიციენტით შეაფასეს, ედვარდსი 50 ფუნტს ჩამოვიდა და გვარიან ხეირსაც გამოჰკრა ხელი.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ მატჩში, რომელიც უელსის ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა (1:1), უილსონი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა და ბაბუას ფსონი მოაგებინა. ყველაფერთან ერთად, უილსონმა ნაკრებში ყველაზე ადრეული დებიუტით გარეტ ბეილის რეკორდიც დაამხო – 16 წელი და 207 დღე (ბეილი სანაკრებო დებიუტისას 16 წლისა და 315 დღის გახლდათ , – ავტ.).

ცნობისთვის, ჰარი უილსონი „ლივერპულის“ აკადემიაში ირიცხება.

ბექა დოგრაშვილი