Daily Express: „ჩელსი“ ლუკაკუს „ატლეტიკოში“ გაანათხოვრებს

„დეილი ექსპრესის“ ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დამდეგ სეზონს იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარებს.

ბელგიელმა ფორვარდმა „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ევერტონში“ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გული მაინც ვერ მოიგო.

როგორც მოგეხსენებათ, „პენსიონერებს“ დიეგო კოსტას დამატება სურთ და არ არის გამორიცხული, ლუკაკუს განათხოვრება ამ გარიგების შემადგენელი ნაწილი იყოს.

21 წლის ბელგიელი თავდამსხმელი ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ლუკაკუმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

Mirror: დროგბა „ჩელსიში“ დაბრუნდება

თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელი დიდიე დროგბა ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდება. ამ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი მირორი“ აქვეყნებს.

როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს კოტ დივუარელ ფეხბურთელს თურქულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. წყაროს თანახმად, დროგბა „ჩელსის“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონური კლუბის ღირსებას 2004 -დან 2012 წლამდე იცავდა. დროგბამ „ჩელსის“ რიგებში ჩატარებულ 341 მატჩში 157 გოლი გაიტანა. მან ინგლისურ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ოთხჯერ დაეუფლა ასოციაციის თასს, დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასიც.

ბექა დოგრაშვილი

აზარი „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონში კლუბის 10-ნომრიან მაისურს ედენ აზარი მოირგებს. ამრიგად, ბელგიელი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ „ჩელსიში“ 10-ნომრიანი მაისურით ვითამაშებ. ეს ჩემი საყვარელი ნომერია. ეროვნულ ნაკრებშიც ამ ნომრით ვთამაშობ.

10-ნომრიანი მაისური ემოსა ჩემი ბავშვობის გმირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ზინედინ ზიდანი გახლდათ.

იმედი მაქვს, რომ ეს ნომერი წარმატებებს მომიტანს. მოუთმენლად ველი მომავალს სეზონს“, – ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში აზარი 17-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, 10-ნომრიანი ფორმა კი ხუან მატას ემოსა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა.

ბექა დოგრაშვილი

ლამპარდი „ჩელსის“ დაემშვიდობა

ლონდონის „ჩელსის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებს. გამოცდილ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის „სტემფორდ ბრიჯს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

ლამპარდმა „ჩელსიში“ 13 სეზონი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 648 მატჩი ჩაატარა და 211 გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლამპარდმა „ჩელსისთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს.

„ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამ შანსისთვის დიდად მადლობელი ვარ. პორველ რიგში, მადლობას ვუხდი კენ ბეიტს, რომელმაც სრულიად ახალგაზრდა გამიფორმა.

მადლობას ვუხდი რომან აბრამოვიჩს, რომელიც ჩვენს კლუბს მხსნელად მოევლინა. მან „ჩელსი“ ახალ დონეზე გადაიყვანა.

მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, რომლებიც განვითარებაში ხელს მიწყობდნენ. თითოეული მათგანისგან რაღაც ვისწავლე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდებული თანაგუნდელები მყავდნენ. ისინი არამხოლოდ საფეხბურთო კუთხით, არამედ მეგობრულადაც გამოირჩევიან.

მთლიან პერსონალს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ეს ხალხი მუდამ ჩრდილში იყო და დიდებას არასდროს იღებდა.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი, მადლობას ვუხდი „ჩელსის“ ქომაგებს. ვთვლი, რომ ისინი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გულშემატკივრები არიან. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი კარიერა, მე მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები, „ჩელსი“ ჩემს გულში დარჩება.

„ჩელსი“ წინსვლას გააგრძელებს. ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბი ამ ფეხბურთელებით ძველ წარმატებულ გზას გაგრძელებს. მადლობა ყველაფრისთვის, გააგრძელეთ ისტორიის წერა!“ – განაცხადა ლამპარდმა.

„ბიბისის“ ცნობით, ლამპარდის მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა. წყაროს თანახმად, ინგლისელ ფეხბურთელს ამჟამად 16 სხვადასხვა შემოთავაზება აქვს. ლამპარდის მომავალის შესახებ საუბრისას ყველაზე ხშირად ახლადშექმნილ ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ სიტის“ ასახელებენ.

ბექა დოგრაშვილი

ფაბრეგასი „ჩელსის“ უნდა

ლონდონის „ჩელსი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველ ფრანჩესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენდნენ, თუმცა ესპანურ პრესაში წერენ, რომ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად სწორედ „ჩელსი“ ითვლება.

კატალონიური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ „პენსიონერთა“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად არის დაინტერესებული ფაბრეგასის ტრანსფერის გაჩარხვით, რადგან ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი მას ფრენკ ლამპარდის შემცვლელად მოიაზრებს.

კონტრაქტის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ან 40 მილიონ ევროს შეადგენს.

ფაბრეგასმა გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ბრიტანელი მინისტრი უეფას: „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვაზე დაფიქრდით“

დიდი ბრიტანეთის შრომისა და პენსიების მინისტრმა მაიკ პენინგმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან პარიზული კლუბის გარიცხვის შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

მატჩს ლონდონიდან ჩასული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაესწრნენ. ბრიტანელთა თქმით, მათ პარიზელმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამან გამოიწვია პენინგის აღშფოთება.

„კლუბის დაჯარიმებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ვერაფერს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ღირს, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მონაწილეობის მიზანშეწონილობა განიხილოს“, – განაცხადა მინისტრმა.

მატჩზე დამსწრე ერთ-ერთი ქომაგი ლიზი ჰეიდენი ამბობს, რომ მისი და „ჩელსის“ სხვა გულშემატკივრების მიმართულებით მონეტებს, საღეჭ რეზინებს, ბოთლებსა და სხვა საგნებს ისროდნენ.

„სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. ვგრძნობდი, რომ შანსი არ გვქონდა, რომელიმე ჩვენგანი სერიოზულ დაზიანებას მიიღებდა. თავი ჯოჯოხეთში მეგონა. მდგომარეობის გაკონტროლება არ შემეძლო. ჩვენ ათნი ვიყავით, ისინი კი – ათასობით. მეგონა, რომ მათ ვერ გამოვაღწევდით. მატჩის ბოლოს პანიკაში ჩავვარდი“, – აღნიშნა ჰეიდენმა.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: დავიდ ლუისი „პსჟ“-ში ითამაშებს

დავიდ ლუისი „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას  ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

27 წლის მცველს სურდა, რომ საკუთარი მომავალი მაქსიმალურად სწრაფად გაერკვია, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში საკლუბო კარიერაზე ფიქრს ხელი არ შეეშალა. პარასკევს დავიდ ლუისმა „პარი სენ-ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ფრანგული პრესის ცნობით, დავიდ ლუისმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი „4+1″ სქემით გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს.

ამრიგად, თუ უეფა „პარი სენ-ჟერმენს“ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის სანქციას არ შეუმსუბუქებს, დავიდ ლუისი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პარიზელთა ერთადერთი შენაძენი იქნება.

ბექა დოგრაშვილი

დორტმუნდის „ბორუსია“ ნაციზმის წინააღმდეგ

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ნაციზმის წინააღმდეგ ორიგინალური ვიდეორგოლი გადაიღო.

კლუბი დაუშვებლად მიიჩნევს სტადიონზე ნაცისტური პროპაგანდის წარმოებას და ეს ვიდეოც სწორედ ამ გამოვლინების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენი პოზიცია ცალსახად ნათელია. ჩვენს სტადიონზე არ შევეგუებით უფლებების დარღვევას. დაშიანებისა და დისკრიმინაციის ადგილი ჩვენს არენაზე არ არის. თუ ვინმეს აქვს არასწორი წარმოდგენა, რომ საკუთარი არაჰუმანური პროპაგანდისთვის ჩვენს კლუბს გამოიყენებს, ეჭვი არ შეეპაროთ იმაში, რომ ჩვენი ოჯახი მათ წინააღმდეგ იმოქმედებს! ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, რომ ასეთი დამოკიდებულება თავიდან ავირიდოთ. ფეხბურთი და ნაციზმი ერთმანეთთან შეუთავსებელია“.

აქვე შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსის“ ფანებმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრიბუნაზე ნაცისტური ბანერი გამოფინეს. აღნიშნულ ინციდენტს უეფა 17 ივლისს განიხილავს.

 

ბექა დოგრაშვილი

ტერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ის მეუღლეს საგალანტერიო მაღაზიაში გაჰყვა.

ტანსაცმლის განყოფილებაში მოსიარულე ტერიმ თავაზიანობის გამოხატვა გადაწყვიტა და გამყიდველ გოგონებს მიესალმა. „ევროსპორტის“ ბრიტანული ბიუროს ცნობით, გამყიდველთაგან ერთ-ერთმა, სახელად ელაიშა რემმა მოიცადა, სანამ ტერი იქაურობას გაეცლებოდა და შემდეგ თავის კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: „ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც ღორია“.

დანარჩენმა გამყიდველებმა რემის გაჩუმება სცადეს, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ფეხბურთელის მეუღლემ ტონი პულმა გაიგონა.

„ჯერ შემომხედა, შემდეგ კი გატრიალდა, – იხსენებს გამყიდველი მომხდარ ინციდენტს. – არ ვიცოდი, რომ მეუღლეც იქვე იყო. მას სახეზეც ვერ ვცნობდი. თავი ცუდად ვიგრძენი“.

უიღბლო გამყიდველმა სააბაზანო ოთახში დამალვა სცადა, თუმცა მას ტერი წამოეწია და ახსნა მოსთხოვა.

„ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლის წინაშე ღორის სახელით მოხსენიება უღირსი საქციელი იყო. ბოდიში მოვუხადე“, – აღნიშნა გოგონამ.

როგორც აღმოჩნდა, მობოდიშებამ არ გაჭრა, რის შემდეგაც ელაიშა რემმა ტერის ამაზრზენი უწოდა.

„ასეთი საშინელი არ ვარ. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისიც აღვნიშნე, რომ ტერი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა“, – დასძინა 23 წლის გამყიდველმა გოგონამ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღაზიის მენეჯერმა ელაიშა რემს დისციპლინური სანქცია დაუწესა და ის დროებით სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა თუ ეს სკანდალი დიდ რეზონანს გამოიწვევს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა გოგონა დაკავებული პოზიციიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსიმ“ სეზონის საუკეთესო გოლი დაასახელა

ლონდონის „ჩელსიმ“ 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო გოლად ლიუის ბეიკერის მიერ „არსენალის“ სარეზერვო გუნდის კარში გატანილი ბურთი დასახელდა.

გულშემატკივრებს ათი ლამაზი გოლიდან ერთი საუკეთესო უნდა ამოერჩიათ და როგორც გითხარით, ყველაზე მეტი ხმა ბეიკერის მიერ გატანილმა ბურთმა მოაგროვა, რომლის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვე გთავაზობთ.

 

Sky Sports: „ჩელსი“ დიეგო კოსტას გამოსასყიდი თანხის გადახდაზე თანახმაა

„სქაი სპორტსი“ იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ დიეგო კოსტას სატრანსფერო ღირებულებას დათანხმდა.

წყაროს ცნობით, დასავლეთლონდონური კლუბი გაესპანელებული თავდამსხმელის სანაცვლოდ 32 მილიონ ფუნტს სტერლინგს გადაიხდის. კონტრაქტის მიხედვით, სწორედ ეს არის დიეგო კოსტას გამოსასყიდი თანხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი ოფიციალურად მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს.

 

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების პარადოქსი

ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება. მოვლენები შეიძლება ისე პარადოქსალურად განვითარდეს, რომ წინასწარ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყოს. შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი ჰქონდეს დაკავებული, თუმცა შემდეგ საუკეთესო ოთხეულში შესვლა სანატრელი გაუხდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგა გამოირჩევა. მაგალითად, ლონდონის „არსენალი“ გათამაშების სატურნირო ცხრილს 128 დღე ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ქვემოთ დაეშვა და ერთი პერიოდი მისი საუკეთესო ოთხეულში შესვლა-არშესვლაზე იდგა საკითხი. მაშინ, როცა „მანჩესტერ სიტი“ მხოლოდ 15 დღის განმავლობაში ლიდერობდა გათამაშებას, თუმცა სტაბილურობის ხარჯზე დღეს „ქალაქელები“ კვლავ პირველ ადგილზე არიან და საჩემპიონო ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებთ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისის საუკეთესო ოთხი კლუბიდან ის გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სატურნირო ცხრილს ოთხეულში ბოლო ადგილზეა და პირიქით, რომელიც ყველაზე ნაკლებ ხანს ლიდერობდა, ახლაც პირველ პოზიციაზეა.

 

კლუბი: რამდენი დღე ლიდერობდა სატურნირო ცხრილს: რა პოზიცია უკავია ახლა:
„არსენალი“ 128 4
„ჩელსი“ 64 3
„ლივერპული“ 59 2
„მანჩესტერ სიტი“ 15 1