ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მის მიერ სამუელ ეტოოს მიმართ გაკეთებული კომენტარის შესახებ ისაუბრა.
„ჟურნალისტი, რომელმაც ეს სიტყვები გამოაქვეყნა, თავს უხერხულად უნდა გრძნობდეს, რადგან ეს არაეთიკური საქციელია.
პირადი საუბრის ჩაწერა და მისი საჯარო სივრცეში გამოქვეყნება ეს თქვენი პროფესიის ეთიკას ეწინააღმდეგება. ეთიკური თვალსაზრისით, ეს ნამდვილი სირცხვილია.
ამ ჟურნალისტმა თავისი საშინელი თვისებები წარმოაჩინა და ისიც გაირკვა, რომ ჟურნალისტის პროფესიის შესახებ არაფერი არ იცის. ეს კომენტარი არც სერიოზული საუბრის დროს და არც ოფიციალურ ინტერვიუში არ გამიკეთებია.
ეს იყო ხუმრობით წარმართული დიალოგი ჩემსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც საფეხბურთო სამყაროს არ ეკუთვნის. საუბრისას ვიცინით კიდეც. ჩვენი დიალოგი ვიღაცამ ისე ჩაწერა, რომ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით, ეს ნამდვილი სირცხვილია.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ საჯაროდ ასე არ ვხუმრობ. მეორე რიგში, თუ მსოფლიოში არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც საკუთარ ფეხბურთელებს იცავენ, ერთ-ერთი მათგანი მეც გახლავართ. და მესამე, სამუელ ეტოო არის სამუელ ეტოო. ის ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია. ხალხს ჰგონია, რომ მან ეს ტიტული სამჯერ მოიგო, მაგრამ ასე არ არის: ეს თასი მან ერთხელ „რეალში“, ორჯერ „ბარსელონაში“ და ერთხელ „ინტერში“ დაისაკუთრა.
ის იმ გუნდის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. ეტოო იმ მცირეოდენ ფეხბურთელთა შორისაა, ვისთან ერთადაც მეორე გუნდში ვმუშაობ.
მწვრთნელი იმ ფეხბურთელთან ერთად არ იმუშავებდა, რომელიც არ მოსწონს არც როგორც პროფესიონალი და არც როგორც ადამიანი“, – განაცხადა მოურინიომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ბექა დოგრაშვილი