ფეხბურთის ინგლისელმა სპეციალისტმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები აკლია. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშის სურვილი აღარ აქვთ.
„სულაც არ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ინგლისის ნაკრებში პრაქტრიკულად არ არიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები. ბევრ ფეხბურთელს უბრალოდ არ სურს ნაკრებში თამაში. „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც მოთამაშეებმა მთხოვეს, რომ ნაკრებში არ გამეშვა.
ჩემი აზრით, მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ფეხბურთელები კლუბებში ფანტასტიურ თანხებს გამოიმუშავებენ, თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე. მათ აღარ აქვთ ინგლისის ნაკრებში მოხვედრისთვის ბრძოლის მიზეზი“, – განაცხადა რედნაპმა, რომელიც ამჟამად ლონდონური „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი უკვე დათმო და პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსიც მოისპო.