გუშინ საღამოს გერმანიის ეროვნული ნაკრები საქართველოს დედაქალაქში ჩამოფრინდა. გუნდი სასტუმრო “რადისონში” დაბინავდა. გთავაზობთ მსოფლიოს ჩემპიონების თბილისში ჩამოსვლის პირველ კადრებს.
გუშინ საღამოს გერმანიის ეროვნული ნაკრები საქართველოს დედაქალაქში ჩამოფრინდა. გუნდი სასტუმრო “რადისონში” დაბინავდა. გთავაზობთ მსოფლიოს ჩემპიონების თბილისში ჩამოსვლის პირველ კადრებს.
გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. “ბუნდესთიმის” განაცხადში შეყვანილია ილკაი გიუნდოგანიც, რომელმაც დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებებს ერთმანეთთან ვერ შევადარებ. საქართველოს ნაკრები უფრო მეტად დაიცავს თავს, ვიდრე ეს ავსტრალიელებმა გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები დაცვიდან ითამაშებენ და ჩვენს დაჭერას კონტრშეტევებზე შეეცდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და მეტოქეს სუსტი წერტილები მოვუძებნოთ. თავდასხმაში ისევე მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ, როგორც ავსტრალიის ნაკრებთან. თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენსას მივაღწევთ.
არ ვფიქრობ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით. ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ყველა მეტოქესთან ჯერ კიდევ გვაქვს სათამაშო. ვინმეზე დამოკიდებულნი არ ვართ და ეს კარგია”, – გიუნდოგანის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის მატჩი 29 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია ისიც, რომ შეხვედრას კლემან ტურპენის ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
“ბუნდესგუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატჩი შეაჯამა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან კვირას გასამართ შეხვედრასაც შეეხო.
“გუნდში არსებულ საკადრო სიტუაციაზე მორგება მსურდა. საერთო ჯამში, მატჩი ცოტა არეული გამოვიდა. პირველ ტაიმში ღირსეულად გამოვიყურებოდით, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სათანადო დონეზე ვერ ვიყავით. რამდენიმე კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა შემდეგ ჩრდილში აღმოვჩნდით. მეორე ტაიმში გამართული სქემით ვერ ვმოქმედებდით და მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ვერ ვითამაშეთ. ვერ შევასრულეთ ის, რისი იმედიც გვქონდა. გვესმის, რომ კვირას, საქართველოში უნდა მოვიგოთ”, – ლიოვის კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
მასპინძლები შეხვედრის მე-17 წუთზე მარკო როისის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, სამი ხედირამ სწრაფად მარცხენა ფლანგი განვლო და საჯარიმოში გახსნილი როისი მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთის თავისუფლად მოწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით ჯეიმს ტროიზიმ გაათანაბრა, რომელმაც პოზიციურად იონას ჰექტორს აჯობა.
მეორე ნახევრის დებიუტში მაილ ედინაკმა საჯარიმო დარტყმით ავსტრალიელები სულაც დააწინაურა.
აზიის ჩემპიონთან მსოფლიოს ჩემპიონები მარცხისგან ლუკას პოდოლსკიმ იხსნა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა, რვა წუთში კი შიურლე-ჰექტორის კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.
29 მარტს გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამხანაგური მატჩი:
გერმანია — ავსტრალია 2:2 (1:1)
გერმანია: ცილერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (რუდი 46′), მუსტაფი, ჰექტორი, იოზილი, ხედირა (კრამერი 63′), როისი (პოდოლსკი 73′), გიუნდოგანი, ბელარაბი (შიურლე 64′), გიოტცე (კრუზე 73′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
გოლები: როისი 17′, პოდოლსკი 81′ — ტროიზი 40′, ედინაკი 50′.
გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ავსტრალიისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის “ბუნდესთიმის” განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა.
მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”), რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”);
მცველები: შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), ჰოლგერ ბადშტუბერი (“ბაიერნი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”), ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: სამი ხედირა (“რეალი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”), მესუთ იოზილი (“არსენალი”), ანდრე შიურლე (“ვოლფსბურგი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”), კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”), ტონი კროოსი (“რეალი”), მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), კრისტოფ კრამერი (“მიუნხენგლადბახი”), ილკაი გიუნდოგანი (“დორტმუნდი”);
თავდამსხმელები: ლუკას პოდოლსკი (“ინტერი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), მაქს კრუზე (“მიუნხენგლადბახი”).
გერმანელები ავსტრალიელებს ამხანაგურად 25 მარტს გაეჯიბრებიან. რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასამართ შეხვედრას, ის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, 29 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 23 მარტიდან, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 10,15, 20 და 30 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენისას იმოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთ ფიზიკურ პირს მაქსიმუმ 15 ბილეთის შეძენა შეეძლება.
ბერლინის “ჰერტას” ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა პალ დარდაიმ “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკაცრი დისციპლინის მომხრე არ არის. ის თავის ფეხბურთელებს მოწევის უფლებასაც კი აძლევს.
— ჩემს ბიჭებს თავიდანვე ვუთხარი, რომ გასახდელში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ, მაგალითად – ნამცხვრის მირთმევა ან მისი კედელზე სროლა. მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებენ, მთავარი შედეგის ჩვენებაა. რატომ უნდა ავუკრძალო მათ რაიმე, თუ აკრძალვის გარეშეც კარგად მუშაობენ?!
– ესე იგი, თქვენს ფეხბურთელებს მოწევის უფლებაც აქვთ?
– მოწევა ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ თუ სიგარეტი ვინმეს პულსს უმშვიდებს, თუ ეს ფეხბურთელს უნდა და თუ ბავშვების თანდასწრებით არ ეწევა, დაე – მოწიოს, ეს ჩემი საქმე არ არის.
გერმანიის ბუნდესლიგის XIII ტური “ფრაიბურგსა” და “შტუტგარტს” შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა. სამხრეთ გერმანიის დერბი სტუმრების დამაჯრებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
“შტუტგარტის” რიგებში დუბლი გაიფორმა მარტინ ჰარნიკმა, თითო-თითო გოლით კი კარლოს გრუესომ და ტიმო ვერნერმა გამოიჩინეს თავი. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვლადიმირ დარიდამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 70-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან “ფრაიბურგის” მცველი სტეფან მიტროვიჩი გააძევეს.
ამრიგად, “ფრაიბურგმა” სამმატჩიანი მოგებათა, “შტუტგარტმა” კი სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
“ფრაიბურგს” 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება “შტუტგარტს”, გუნდს აქტივში 12 ქულა მოუგროვდა და მე-16 პოზიციაზე აღზევდა.
გერმანიის ბუნდესლიგა
XIII ტური
“ფრაიბურგი” — “შტუტგარტი” 1:4 (1:1)
გოლები: დარიდა 42′ — ჰარნიკი 31′, 76′, გრუესო 52′, ვერნერი 68′.
გაფრთხილებები: მეჰმედი 71′, ჰიოფლერი 90+2′ — გრუესო 19′.
გაძევება: მიტროვიჩი 70′.
ინლისის ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები დაგეგმა.
ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 2015 წელს გაიმართება, გერმანია-ინგლისი კი 2016 წლის მარტში შედგება.
გარდა ამისა, ინგლისელები ამხანაგური მატჩების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ესპანელებთან და ჰოლანდიელებთან.
მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერმა თანაკლუბელი დავიდ ალაბა დაადანაშაულა იმაში, რომ გერმანიის ნაკრებს დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს. გერმანელმა კიპერმა ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა.
“როდესაც დავიდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ვეუბნებოდი, რომ გერმანიის მოქალაქეობა მიეღო (ალაბა ავსტრიის ნაკრებში თამაშობს). ჩვენ არ გვყავს მარცხენაფლანგელი მცველი და ამაში დამნაშავე ალაბაა”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს Goal.com-ი.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” ნახევარმცველმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ ასეთ სუსტ გუნდებთან თამაში ძლიერ ნაკრებებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები არც გულშემატკივრების მხრიდან იწვევს დიდ ინტერესს.
“ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ასეთი მატჩების ჩატარება სულაც არ არის სასიამოვნო. ფეხბურთის ქომაგებს ასეთი შეხვედრები არ აინტერესებთ. საერთოდ რა საჭიროა ასეთი მატჩების ჩატარება?!” – ციტირებს მიულერის სიტყვებს “ბილდი”.
10 ნოემბერს, ბერლინში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მსვლელობის დროს გერმანიის ნაკრების ცხოვრებასა და ტურნირზე ასპარეზობის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა შედგება. დოკუმენტური ფლმის შემქმნელები პირობას დებენ, რომ ბევრ სხვა მომენტთან ერთად სასაცილო ეპიზოდებიც მრავლად იქნება. მაგალითად, მაყურებლებს საშუალება ექნებათ, მუნდიალზე გერმანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ტომას მიულერი ქალის ტრადიციულ ბავარულ ტანისამოსში იხილონ, ასევე სანაპიროზე გოლფით მოთამაშე ბასტიან შვაინშტაიგერის ხილვის შესაძლებლობაც მიეცემათ.
ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა გერმანიის ნაკრების ბოლო ვარჯიში გამოტოვა, რისი მიზეზიც ტრავმა აღმოჩნდა.
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მესუთმა მუხლი დაიზიანა, რის გამოც 10-12 კვირის გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ „ბუნდესტიმის“ ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა.
აღსანიშნავია, რომ იოზილის გარდა, „მეთოფეთა“ ლაზარეთში ამჟამად ოლივიე ჟირუ, აარონ რემზი, მიკელ არტეტა და თეო უოლკოტიც იმყოფებიან.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში რვა მატჩი ჩაატარა.