სფფ-ის 2015 წლის რჩეულები

თბილისის საკრებულოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტრაგიკულად გარდაცვლილი დავით პეტრიაშვილის ხსოვნას.

სფფ-მ გამარჯვებულები ორ ახალ ნომინაციაში გამოავლინა – საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და საუკეთესო მსაჯი. გამარჯვებულები კიდევ ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.

გამოკითხვაში უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და 13 რეგიონალური ფედერაცია იღებდნენ მონაწილეობას.

საუკეთესო მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია (ფიფას კატეგორიის მსაჯი), ლაშა სილაგავა (ფიფას კატეგორიის მსაჯი), გოგა კიკაჩეიშვილი (ეროვნული კატეგორიის მსაჯი) ; საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (თბილისის „დინამო“ / საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები), უჩა სოსიაშვილი (გორის „დილა“), ვარლამ კილასონია (ბოლნისის „სიონი“) ; საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“, ყაზახეთი), თამარ ნადირაშვილი, ლელა ჭიჭინაძე („ადანა“, თურქეთი) ; საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ოთარ კიტეიშვილი (თბილისის „დინამო“), მათე ცინცაძე (თბილისის „დინამო“), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“ / „როსტოვი“) ; ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ალექსანდრე იაშვილი (თბილისის „დინამო“), გიორგი ქვილითაია (თბილისის „დინამო“), ოთარ მარცვალაძე (გორის „დილა“) ; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – ვაკო ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ჯაბა კანაკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი).

ხმათა უმრავლესობით საქართველოს საუკეთესო მსაჯად ფიფას კატეგორიის მსაჯი, გიორგი ვადაჭკორია, დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი თბილისის „დინამოს“ ყოფილ მწვრთნელს და ამჟამად უკვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცს, გია გეგუჩაძეს ერგო. საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გულნარა გაბელია გახდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საფეხბურთო სამყარომ თბილისის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, აირჩია. მისივე თანაგუნდელი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი კი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციას, სპეციალური ჯილდო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მიიღო.

სფფ-ს პრესსამსახური

დღეს სფფ-ის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება – GFF AWARDS 2015, 29 იანვარს ჩატარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლის რჩეულებს ექვს ნომინაციაში გამოავლენს: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო მსაჯი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი. ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობის, ისტორიულ ჰოლში, 19 საათზე დაიწყება.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ასევე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.

სფფ-ს პრესსამსახური

სფფ სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპზე გადავიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპზე გადავიდა, რაც გულისხმობს სხვადასხვა განყოფილების და დეპარტამენტის განახლების პროცესს. ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლთა შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. ახალი სტრუქტურიდან გამომდინარე, რომლის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის იანვარში მოხდება, ფორმდება ახალი ხელშეკრულებები. ამავდროულად, ცვლილებები იქნება ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში. განახლებულ შემადგენლობას საზოგადოებას იანვარში წარვუდგენთ. გვინდა მადლობა გამოვუცხადოთ თითოეულ თანამშრომელს, სხვადასხვა თაობის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის განვითარების სამუშაო პროცესში იყვნენ ჩართული და ვუსურვოთ მათ წარმატება შემდგომ საქმიანობაში.

2016 წლიდან ფეხბურთის ფედერაცია სამუშაო პროცესს განახლებული შემადგენლობით და ახალი პროექტებით დაიწყებს. დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განახლებული სტრუქტურის, ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების და მიმართულებების გაცნობა საზოგადოებისთვის, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. იანვრის დასაწყისში, სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაცია გამოცხადებს ღია კონკურსს კონკრეტულ სამუშაო პოზიციებზე. ასევე იანვარში ჩატარდება წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ღონისძიება, სადაც 2015 წლის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ადამიანებს სპეციალურ პრიზები გადაეცემათ.

სფფ-ს პრესსამსახური

ფეხბურთის დღეს გილოცავთ!

დღეს 10 დეკემბერია — დღე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის გადაწყვეტილებით მსოფლიო ფეხბურთის დღედ დაწესდა. ასე რომ, დღეს იმ მოვლენის დღეა, რომელიც ბევრისთვის არა მხოლოდ სპორტის ერთ-ერთ სახეობას, არამედ ცხოვრების სტილს ნიშნავს.

ამ დღეს დაამთხვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშვნა. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე მინი მოედანზე, ტარდება უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი (დილის 9-დან საღამოს 9-მდე). 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 25 განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლები სიმბოლურად 25 მატჩს ჩაატარებენ.

 

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების წარდგენა (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ვიცე პრეზიდენტები დაამტკიცა. ლევან კობიაშვილის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ და კახა ჭუმბურიძემ აღმასკომის წევრების სრული მხარდაჭერა მოიპოვეს. ნიკოლოზ ჯღარკავა 2006 წლიდან ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე” მუშაობდა. 2011 წლიდან „დინამო არენას“ დირექტორი იყო. მიმდინარე წლის იანვრიდან კი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ აღმსრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. ჯღარკავამ 2015 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი წარმატებით დაამთავრა.

კახა ჭუმბურიძე ვეტერანი ფეხბურთელი, 2000-2002 წლებში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003-2004 წლებში „დინამო თბილისის“ აკადემის დირექტორი იყო, მომდევნო წელს კი კლუბის სპორტული დირექტორი გახდა. 2007 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა. ორივე ვიცე პრეზიდენტი კონკრეტულ დეპარტამენტებს უხელმძღვანელებს. სფფ-ის ვიცე პრეზიდენტებმა საფეხბურთო კლუბებში პოსტები უკვე დატოვეს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ფეხბურთში ილია კოკაიას საფეხბურთო საქმიანობის აღდგენასა და საფეხბურთო კლუბ „გურიას“ მხრიდან მწვრთნელებისადმი არსებულ ფინანსურ დავალიანებაზე მედიის წარმომადგენლებთან ისუბრა. (სფფ-ის პრესსამსახური)

 

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ალბანეთთან მატჩის წინ (ვიდეო)

გასვლაზე ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე ერთ დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ადგილობრივი საფებურთო კლუბის „ტუეტას“ სტადიონზე ივარჯიშა. აღნიშნული ვიდეო სფფ-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა წარადგინა.

ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი – ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა. ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს – ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივანს – დავით მუჯირს შეხვდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფერნანდო იერო გვესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მან მომილოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები მისურვა.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე – თუ როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და კარგი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. იგივე გერმანულ მხარესთან, იგივე ესპანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობები ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც მოგეხსენებათ, სფფ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია და ლევან კობიაშვილი იბრძოდნენ.

ხმის უფლების მქონე 33 დელეგატის არჩევანი ასეთია:

რევაზ არველაძე — 15  ხმა;
მამუკა კვარაცხელია — 0  ხმა;
ლევან კობიაშვილი — 18 ხმა.

 

გეგა გობეჯიშვილს სხვა დელეგატი ჩაანაცვლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინათ გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ უეფას წარმომადგენელის რეკომენდაციით, მას სხვა დელეგატი ჩაანაცვლებს.

“ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან თქვენს გარეშე შესაძლოა, უარესი შედეგი ყოფილიყო. ჩემ მაგივრად იქნება სხვა დელეგატი. მე აღარ ვარ დელეგატი. უეფას წარმომადგენელმა გადაწყვიტა, რომ ასე აჯობებდა.

ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემ ნაცვლად. მე ვარ რეზი არველაძის მხარდამჭერი და იმედია, ჩემი შემცვლელიც მხარს რეზის დაუჭერს. აქ იმისთვის მოვედი, რომ ხმა მიმეცა.

ჩემი დაკავება მოხდა სადარბაზოში, როდესაც მოვდიოდი “ჰოლიდეი ინში” დასარჩენად. დილით ვიცოდი, რომ ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი. დილით უნდა დავეკავებინე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ღამით “ჰოლიდეი ინში” დავრჩენილიყავი და დილით ჩამოვსულიყავი საარჩევნო ყრილობაზე. არ დაივიწყოთ, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველას გვისმენენ. ერთი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გამოვსულვარ, გაფრთხილებული ვიყავი ჩემი მეგობრების მხრიდან, ლევანის წრიდან, რომ ეს იგეგმებოდა”, – განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა.

 

გეგა გობეჯიშვილი გაათავისუფლეს

რამდენიმე წუთის ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო ყრილობის დაკავებული დელეგატი გეგა გობეჯიშვილი გაათავისუფლეს და ის სასტუმრო “ჰოლიდეი ინისკენ” გამოემართა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბრალდებულს ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდა და ჯარიმის სახით 500 ლარი დაეკისრა.

ასე რომ, სავარაუდოდ, დღეს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

 

უეფამ სფფ-ს გამაფრთხილებელი წერილი გამოუგზავნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უეფამ სფფ-ს გამარფთხილებელი წერილი გამოუგზავნა:

“ძვირფასო ბ-ნ ფირცხალავა, (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტი)

ვადასტურებთ თქვენს მიერ 2015 წლის 9 სექტემბერს უეფასთვის გაგზავნილი ორი წერილის მიღებას და მადლობას გიხდით 2015 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საარჩევნო კონგრესის წინასაარჩევნო პროცესის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.
რაც შეეხება სფფ-ს წესდების და საპროცესო ნორმების სავარაუდო დარღვევებს სფფ-ს საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებული წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ:
(ი) საკითხები, რომელიც ეხება სფფ-ს წევრობისთვის ან სფფ-ს კონგრესის დელეგატთა ნომინაციისთვის განაცხადებს, უნდა განხორციელდეს სფფ-ის წესდების და რეგულაციების თანახმად, რომელიც მოქმედია დროდადრო;
(იი) სფფ – როგორც საფეხბურთო მმართველი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე – სრულად არის უფლებამოსილი, გამოიყენოს თავისი საწესდებო და მარეგულირებელი ჩარჩო სამუშაო ისე, როგორც ამჟამად არის მოქმედი ზემოთხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით სფფ-ის საპრეზიდენტო კანდიდატთა მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო პროცესში, მადლობელი ვიქნებით თუ მიაწოდებთ ფიფას და უეფას უფრო დეტალურ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფას წესდების მე-17 მუხლის და უეფას წესდების მე-7(2) მუხლის თანახმად, ფიფას/უეფას თითოეული წევრი ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო (მათ შორის პრეზიდენტი) თავისუფლად უნდა იყოს არჩეული, ე.ი.პროცედურის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სრულ დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში მიიჩნევა მიუღებლად როგორც ფიფას, ისე უეფას მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უეფა ითხოვს, რომ სფფ-მ შეატყობინოს წინამდებარე განხილვები ყველა შესაბამის სამთავრობო ორგანოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში შეწყდეს დაუყოვნებლივ.

პატივისცემით, უეფა
/ხელმოწერილია/
ჯიანი ინფანტინო
გენერალური მდივანი”

UEFA letter

შოტლანდიის მწვრთნელი: „საქართველო სახიფათო მეტოქედ რჩება“

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გორდონ სტრაჩანის ერთ-ერთი თანაშემწე სტიუარტ მაკოლი საქართველოსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი. მაკოლის თქმით, გუნდს კონტინენტის პირველობაზე გასვლის იმედი არ დაუკარგავს.

„მართალია, უელსთან და სერბეთთან მარცხით დავიწყეთ, თუმცა შემდგომ ხორვატიას ამხანაგური მატჩი მოვუგეთ და მომდევნო შეხვედრებში თამაში გავაუმჯობესეთ. ირლანდია დავამარცხეთ და პოლონეთში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა დავუწიეთ.

ერთადერთი, რაც ახლა გაგვაჩნია, რწმენაა. როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე მოთამაშეებსა და გულშემატკვირებს, წარმატების მიღწევის გვჯერა. უბრალოდ, ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – თვლის მაკოლი.

გარდა ამისა, სპეცილისტმა ასევე საქართველოს ნაკრების თავკაცის კახა ცხადაძის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ გუნდმა, შესაძლოა, განსხვავებული თამაში და ტაქტიკა შემოგვთავაზოს.

საქართველომ პოლონეთთან 0:4 წააგო, თუმცა 89-ე წუთამდე მხოლოდ ერთბურთანი სხვაობით აგებდა, რის შემდეგაც რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა. იმ შეხვედრაში ქართველებს გოლის გატანა შეეძლოთ. დიახ, მათ რამდენიმე მოთამაშე დაკარგეს, მაგრამ ეს გუნდი ჩვენთვის მაინც სახიფათო მეტოქედ რჩება“, – დაასრულა მაკოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება.