ივნისის დასაწყისში საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შეკრებას გაივლის და მაკედონიას შეხვდება

როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ივნისის დასაწყისში შეკრებას გაივლიან. „ჯვაროსნები“ სამომავლო შეხვედრებისთვის ავსტრიაში მოემზადებიან.

ცნობილია აღნიშნული შეკრების საკონტროლო მატჩში კახა ცხადაძის მეტოქე გუნდის ვინაობაც – საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, რომელიც ცხრა ივნისს შედგება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს თავის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 25 მარტს გამართავს – ცხადაძის დებიუტი მალტასთან საშინაო ამხანაგურ შეხვედრაში შედგება, ოთხ დღეში კი „ჯვაროსნები“ უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გერმანიას უმასპინძლებენ.

რატომ არ დადიან მაყურებლები საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე?

საქართველოს ჩემპიონატის პრობლემებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის მაყურებელთა დასწრებას ეხება, რაც სრულიად საფუძვლიანია. მატჩების დროს ფანკლუბების გარდა, ჩვეულებრივი გულშემატკივრების რაოდენობა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 200-250 კაცს აღწევს (ისიც რეგიონებში). ამ პრობლემაზე თუნდაც ტელეეთერში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ. წინა წლებში სტადიონებზე მაყურებლების მოსაზიდად სხვადასხვა ხერხიც მოფიქრებულა. ასე, 2005 და 2006 წლებშიც სპეციალური წამახალისებელი ვიქტორინებიც არსებობდა, თუმცა ეფექტი მათ არ ჰქონიათ. სამწუხაროდ, 9 წელიწადში არსებითად არაფერი შეცვლილა და უმაღლესი ჩემპიონატის ნებისმიერ მატჩზე უამრავ თავისუფალ ადგილს ნახავთ.

არადა, ნებისმიერ ქვეყანაში საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო სწორედ გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხაა. იმის ფონზე, რომ ბევრ ქართულ კლუბს სპონსორიც არ ჰყავს და მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხარჯზე ცოცხლობს, მსგავს შემოსავალს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნებოდა. სამწუხაროდ, როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე პირველი ლიგის კლუბების ბიუჯეტი ბილეთებით პრაქტიკულად არ ივსება და გამონაკლისს მხოლოდ ერთეულები თუ წარმოადგენენ. ასევე სათქმელია, რომ არაერთი კლუბის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ასე, რუსთავის „მეტალურგის“ ნებისმიერ საშინაო მატჩზე მისვლა ყველასთვის შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ერთი მხვრივ, ეს კარგია, თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ იგივე რუსთავულ კლუბსაც კი ფინანსური პრობლემები აქვს და მისი ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის, ვხვდებით, რომ ამ კუთხით ცვლილებების დრო დადგა. სხვა მხვრივ, ასეთი დაბალი დასწრებს ფონზე, კლუბი მოგების პერსპექტივას ვერ ხედავთ, შესაბამისად, ბილეთს ვერც მაღალ ფასს დაადებს (რაც სრულიად გამართლებულია). თუ, მაგალითად, „მეტალურგის“ მატჩზე 100 კაცი დადის, ათლარიანი ბილეთების არსებობის შემთხვევაში, მაყურებელთა რაოდენობა, მინიმუმ, ორმაგარად შემცირდება. ამგვარად, პირველ რიგში, სტადიონზე მაყურებელთა მოსაზიდად ახალი ხერხების მოფიქრებაა საჭირო.

იმისთვის, რომ მაყურებლებმა სტადიონზე იარონ, მნიშვნელოვანია, კლუბებმა მათი მოთხოვნილებები გაითვალისწინონ. ბევრისგან არაერთხელ გამიგონია, რომ ჩემპიონატის შეხვედრები ცუდ დროს ტარდება. ზამთარში შეხვედრები 15:00 საათზე იწყება, ხოლო მარტიდან მიმდინარე სეზონში გუნდები, ძირითადად, 16:00 საათზე ითამაშებენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ სტადიონზე განათების სისტემა არ მუშაობს, შესაბამისად, იქ მატჩის ვერც საღამოს ჩატარება გამოვა, ნორმალურ ტელერეპორტაჟზე საუბარი კი უკვე ზედმეტია. შესაბამისად, კლუბებმა, სპონსორებმა, მუნიციპალიტეტებმა ან თუნდაც ფეხბურთის ფედერაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე ეფექტური ხერხი უნდა მოიფიქრონ.

ფედერაცია ამდენჯერ ტყუილად არ ვახსენეთ. თუ, მეორე წრის კალენდარს გადავხედავთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ არაერთი ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც ისედაც თითქმის ცარიელ სტადიონებზე ძალიან ცოტა ადამიანს მოიყვანს. კალენდრის შედგენისას, ასეთი პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალები ყოველთვის გასათვალისწინებელია. არაერთი ტური ოთხშაბათსაც ტარდება და შემდეგი ტურის შეხვედრები შაბათისთვისაა დაგეგმილი. გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ ერთი ტური კვირას გაიმართებოდა, შუა კვირას დაგეგმილი შეხვედრები კი – ხუთშაბათს. ურიგო არც ის იქნებოდა, თუ კლუბები, რომელთა სტადიონებზე განათების სისტემა მუშაობს, საშინაო თამაშებს საღამოს ჩაატარებდნენ. დასვენების დღეს საღამოს 19:00 ან 20:00 საათი საკმაოდ კარგი დრო იქნებოდა, რომელიც ტრიბუნებზე მაყურებელთა რაოდენობას გაზრდიდა და ამით სარგებელს მთლიანად ჩემპიონატსაც მოუტანდა.

მატჩებზე საუბრისას, ყველაზე მნიშვნელოვანი არამხოლოდ მათი დაწყების დრო, არამედ მათი ჩატარების თარიღიცაა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატი გუნდების რაოდენობით რომ გამოირჩევა და ამას არც ისე კარგი შედეგი რომ აქვს, ჩვენს საიტზე არაერთხელ თქმულა. საერთოდ, ცოტა არ იყოს და სასაცილოა, როდესაც უმაღლესი ლიგის სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი მეორე წრის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე ქვეყნდება და თანაც, რამდენიმეჯერ ტურების თარიღებიც იცვლება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? დასკვნა თქვენ გამოიტანეთ…

სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს გრძნობა, რომ ამოწურე შენი მაქსიმუმი. დამრჩა ორი საქმე, რომელიც მართლა მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ერთია ბაზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და მეორე – მინდა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წამოვიღო საქართველოში. ამას გავაკეთებ და თავისუფალი ვიქნები. ფინალის წამოღება საქართველოში 4 ქალაქის ამუშავებას ნიშნავს: გორის, მცხეთის, რუსთავის და თბილისის. ეს არის მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვუყურებ. არ შემიძლია, რადგან რამდენიმე თვე დამრჩა, ხელები ჩამოვყარო. უფრო მეტად უნდა ვიაქტიურო, მეტი გავაკეთო, რადგან, ვინც ჩემ შემდეგ მოვა, მან უფრო მეტს მიაღწიოს”, – ციტირებს სიჭინავას სიტყვებს “პრაიმტაიმი”

 

რას უნდა ელოდოს საქართველო 2015 წლისგან

2015 წლის მოსვლასთან ერთად ქართული სპორტის გულშემატკივრებს ახალი იმედი გაუჩნდათ. მართალია, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, არ სრულდება, მაგრამ სხვა წლებთან შედარებით, ეს წელი საქართველოსთვის საინტერესო მოვლენებით სავსეა.

დავიწყოთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით, რომელშიც 2014 წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ნოემბერში, პოლონეთთან მატჩის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა თბილისში ანგარიშით 0:4 წააგო, თემურ ქეცბაიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ერთი თვის განმავლობაში მისი შემცვლელის ვინაობა უცნობი იყო, მხოლოდ საუბრის დონეზე ვიცოდით, რომ ნაკრებს სათავეში, შესაძლოა, კახა ცხადაძე ჩაუდგეს. შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე გიორგი დევდარიანი და ალექსანდრე ჩივაძე სახელდებოდნენ, ჭორები იყო უცხოელ სპეციალისტებზეც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ასეთ მდგომარეობაში გუნდს ადგილობრივი სპეციალისტი უნდა იბარებდეს, რომელმაც ნაკრების რესურსების შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. პრინციპში, ასეც მოხდა, მართალია, ბოლო წლებში ცხადაძე უცხოეთში მუშაობს, სადაც ბაქოს „ინტერს“ თავკაცობს, თუმცა ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაცია მისთვის დიდი ხანია ცნობილია, ბაქოში გამგზავრებამდე მან სამშობლოში მუშაობა და საკლუბო მდონეზე წარმატების მიღწევაც მოასწრო, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ იგი ფეხბურთელებთან ურთიერთობას დაალაგებს და ნაკრებში მათაც დააბრუნებს, ვინც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ თავის კლუბში გამოდიოდა.

2015 წელს ჩვენი ნაკრები შვიდ მატჩს ჩაატარებს. უახლოესი შეხვედრა კი ამხანაგური იქნება – 25 მარტს „ჯვაროსნები“ მალტასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ახალ მწვრთნელთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებლად ეს სასურველი მეტოქე უნდა იყოს. ხსენებულ შეხვედრაში კახა ცხადაძეს შემადგენლობის როტაციისა და სასურველი წყობის არჩევის საშუალება მიეცემა. თუმცა, ოთხ დღეში გერმანიასთან მატჩის სახით ქართველებს რთული გამოცდა ელით. ბოლო ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის ფავორიტებთან ჩვენი ნაკრები ღირსეულად გამოვიდა. 2012 წლის სექტემბერში ესპანელებთან გოლი მხოლოდ შეხვედრის ბოლოს გავუშვით, ხოლო 2013 წელს საფრანგეთთან მატჩი ფრედ 0:0 დავასრულეთ, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ შეცვლილი ნაკრები ასე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთანაც ითამაშებს. იქნება გასვლითი მატჩი პოლონეთთან, ნაკრებთან, რომელთანაც, როგორც აღვნიშნეთ, შინ დიდი ანაგრიშთ დავმარცხდით, რითაც პირადი ანტირეკორდი დავამყარეთ. ასე რომ, პირველივე მატჩები ცხადაძისთვის საკმაოდ რთული გამოვა, შესაბამისად, ბოლომდე ნაკრების პოტენციალი, შესაძლოა, ამ შეხვედრებში ვერც ვნახოთ. ასეა თუ ისე, წინასწარი პროგნოზებისგან თავის შეკავება აჯობებს, ვნახოთ, ვის მოიწვევს ცხადაძე ნაკრებში და როგორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. ნათელია, მის ადგილზე ყოფნას მხოლოდ ერთეულები თუ ისურვებდნენ, თანაც, მას ორმაგი სამუშაოს შესრულება მოუწევს, რადგან ბაქოს „ინტერში“ იგი მიმდინარე სეზონის ბოლომდე რჩება.

საინტერესო უნდა იყოს უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების გამოსვლაც. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს ბელგიური „გენკია“, რომლის რიგებშიც თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია ირიცხებიან. ლუკასთან შედარებით, თორნიკემ ბელგიურ გუნდში ზაფხულში გადასვლის შემდეგ თავის გამოჩენა შეძლო და გუნდის მნიშვნელოვან გამარჯვებებში თავისი წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, ზარანდიას ამაში ხელი ტრავმებმა შეუშალეს, რაზეც მან Fanebi.com-თან რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა, ამჟამად თურქეთში მყოფი „გენკის“ რიგებში ლუკამ ამხანაგურ მატჩში გოლიც კი გაიტანა. ბელგიის ჩემპიონატი 18 იანვარს განახლდება…

მნიშვნელოვანი გამოსვლები ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებსაც ელით. 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნში 12, 14 და 17 მარტს ითამაშებს. ჰოლანდიაში გოჩა ტყებუჩავას ნაკრების მეტოქეთა შორის ჰოლანდია, ბელგია და ჩრდილოეთ ირლანდია მოხვდნენ. საინტერესო იქნება 19-წლამდელების გამოსვლაც, რომელიც მაისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში რთულ ჯგუფში ითამაშებს – ჩვენს მეტოქეთა შორის ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დიდი სპორტული ღონისძიებებიც არ დაგვავიწყდეს. ზაფხულში ჩვენი ქვეყანა ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ამ ღონისძიებისთვის მოსამზადებელი პროცესის დროს გაუმჯობესდა სპორტული კოპლექსები, რომლებიც ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიადის შემდეგაც გამოადგებათ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ თემაზე მუდმივად საუბრობენ და ახალგაზრდული ოლიმპიადის დადგომას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დიდი ხანი ელოდება. აღნიშნული ღონისძიება ქვეყნისთვის დადებითი გამოცდილების მიღების მხვრივაც უნდა იყოს. ვინ იცის, იქნებ, მომავალში ჩვენთან კიდევ რომელიმე მსგავსი ან კიდევ უფრო მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაიმართოს.

ზაფხული ცხელი არამხოლოდ ახალგაზრდული ოლიმპიადის გამო იქნება. აგვისტოს ბოლოს თბილისში ის საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რომელსაც მთელი მსოფლიო იხილავს. საუბარი, რასაკვირველია, უეფა-ს სუპერთასზეა, რომელიც თავდაპირველად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებით, შეხვედრა „დინამო არენაზე“ გადაიტანეს. ქვეყნის მთავარ სტადიონზე ამასთან დაკავშირებით მუშაობები უკვე დაწყებულია, ასე რომ, თბილისის „დინამოს“ საშინაო არენას მორიგი რეკონსტრუქცია ელის. ამ მატჩს ფინანსური მოგებაც ექნება, უეფა-სგან მიღებული თანხის გარდა, შემოსავალი გაყიდული ბილეთების დახმარებითაც გაიზრდება, გულშემატკივრები კი მოედანზე 2015 წლის ევროპის და, დიდი ალბათობით, მსოფლიოს გამორჩეული კლუბების თამაშს იხილავენ.

მოსაწყენი არც სექტემბერი იქნება. შემოდგომის პირველი თვის 5 რიცხვიდან 10 რიცხვის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ითამაშებს, რომლის მეტოქეები C ჯგუფში ჰოლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ხორვატია იქნებიან. ბალკანური ნაკრებების სიძლიერის შესახებ საუბარი, ალბათ, ზედმეტი იქნება, თუმცა ქართველებს ჯგუფიდან გავლის შანსი ნამდვილად გააჩნიათ. ამის ალბათობას უცხოეთში ქართველი ლეგიონერების გამოსვლაც ზრდის. მაგალითად, ზაზა ფაჩულია თავისი პირადი მაჩვენებლით „მილუოკი ბაქსის“ ყოველი მატჩის შემდეგ გვახარებს. საინტერესოა ევროპაში თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმანდინის, ვიქტორ სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის გამოსვლებიც. ეს ყველაფერი ევრობასკეტზე ჩვენი ნაკრების წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ იმ დრომდე ქართველი კალათბურთელები კიდევ უფრო მოუმატებენ და რაც მთავარია, ტურნირს ჯანმრთელები შეხვდებიან.

სექტემბერი ქართული სპორტისთვის არამხოლოდ კონტინენტის საკალათბურთო ჩემპიონატით გამოირჩევა. 18 სექტემბრიდან სტარტს რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს. ჩვენი ნაკრები პლანეტის პირველობის C ჯგუფში გამოვა, სადაც რთული გამოცდის გავლა მოუწევს, რადგან „ბორჯღალოსანთა“ მეტოქეები ტონგა, არგენტინა, ახალი ზელანდია და ნამიბია იქნებიან.

სხვათაშორის, კარგ შედეგს ჩვენმა წარმომადგენელმა ჩოგბურთში უვკე მაიღწია. ერთ-ერთი იმედისმომცემი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალამდე მივიდა, სადაც გამოცდილ ივო კარლოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა. მანამდე ნიკოლოზმა ცნობილი რუსი მიხაილ იუჟნი დაამარცხა. აღნიშნული წარმატება ნიკოლოზისთვის მსოფლიოს რეიტინგის ასეულში შესვლის საწინდარი უნდა გახდეს.

როგორც ხედავთ, 2015 წელი ქართული სპორტისთვის საკმაოდ მდიდარი და საინტერესო უნდა იყოს. იმედი ვიქონიოთ, საქართველო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას სათანადოდ უმასპინძლებს, ჩვენი ნაკრებები კი საერთაშორისო დონეზე, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით კარგად გამოვლენ.

ზარანდია: „იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და გულშემატკივრებს გვსურს“

ლუკა ზარანდია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლსითვისაც 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის მოთამაშე ბელგიურ „გენკში“ ჩაირიცხა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ დაეხმარა. ამის მიუხედავად, ლუკა მომავალს იმედიანად უყურებს. Fanebi.com-ი ბელგიური კლუბის ქართველ ლეგიონერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– 2014 წელი შენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ორი სიტყვით შეაფასე განვლილი წელი

– კარგ გუნდში გადავედი, რითიც გახარებული ვარ. თამაში ჯერ არ მომიწია, ამას ტრავმებიც დაემატა, რამაც უკან დამწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის

– რამდენად სწრაფად შეეჩვიე ახალ გუნდსა და გარემოს?

– გუნდში გადასვლისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ მეგობრულად მიმიღო. ეს პროფესიონალური კლუბია და სხვანაირად არც შეიძლება. როგორც ფეხბურთელებთან, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, კარგი ურთიერთობა მაქვს

– შენ ორმაგად გაგიმართლა, შენს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილიც ირიცხება. იქონია თუ არა ამ ფაქტორმა შენი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენა? თუ იმ მომენტისთვის თორნიკეს ტრანსფერის შესახებ ჯერ არ იცოდი?

– ჩემი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებდა, თორნიკემდე ორი თვით ადრე ჩავედი, თანაც, არც ვიცოდი, რომ ისიც ჩამოდიოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთად ყოფნა მოგვიწია. თორნიკესგან მოედანზე ბევრის სწავლა შეიძლება.

– ამჟამად რითია დაკავებული გუნდი? სადმე შეკრებას თუ გადიხართ?

– თურქეთში ვართ და ერთკვირიანი ვარჯიში გვაქვს. კვირას ჩავედით და მომზადება იმავე დღეს დავიწყეთ

– ჩემპიონატს 18 იანვრიდან ლოკერენთან გასვლით მატჩით იწყებთ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდი?

– ალბათ, ამ კითხვაზე ყველა ფეხბურთელს ერთნაირი პასუხი ექნება

– ამჟამად მეშვიდე ადგილზე იმყოფებით, თუმცა სამეულამდე მხოლოდ ორი ქულა გაშორებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. რა მიზნები აქვს გუნდს?

– რა თქმა უნდა, სამეულისთვის ბრძოლა გვსურს

– კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოყოფდი?

– ადვილი მატჩი არავისთან გვქონია, მაგრამ „გენტთან“ გასვლაზე და „ბრიუგესთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულად გაგვიჭირდა

– საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ. ნაკრებში რომელიმე თანაგუნდელს თუ აღნიშნავდი?

– გუნდი ერთიანია და ყველა წინასვლაში ხელს მიწყობს. მწვრთნელს აღვნიშნავდი, რომელიც მართლა ამის ღირსია. თამაშში იგი მეთორმეტი მოთამაშის მსგავსადაა ჩართული. იგივეს გულშემატკვირებზეც ვიტყოდი, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მათ მხარდაჭერას განსაკუთრებით ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ შორის არავის გამოვარჩევ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან, გუნდისთვის ყველა დიდ ძალას წარმოადგენს.

– ეროვნულ ნაკრებს, კახა ცხადაძის სახით, ახალი თავკაცი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შედეგებზე?

– წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მე და, ალბათ, ნებისმიერი ქართველი დადებითად და იმედიანადაა განწყობილი. ახალ მწვრთნელსა და ნაკრებს, მსურს, წარმატება ვუსურვო.

– რას ელოდები 2015 წლისგან?

– ჩემი აზრით, შენი წინსვლა წლების ცვლაზე დამოკიდებული არაა. ყველას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის. ჩემს წინსვლას მეც გავაგრძელებ, იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და იმ ხალხს გვსურს, ვისაც ჩემი იმედი აქვს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის – ზვიად სიჭინავას საახალწლო მილოცვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დამდეგ, ახალ 2015 წელს ულოცავს სრულიად საქართველოს, სპორტის ქომაგებს, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებს და მათთან ერთად გამოთქვამს იმედს, რომ ახალი წელი ახალი წარმატებების, ქართული ფეხბურთის განვითარების წელი იქნება.

2014 წლის მიწურულს, უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიის კუთვნილება ხდება კიდევ ერთი, სპორტული თვალსაზრისით დაძაბული წელი, რომელიც სავსე იყო როგორც წარმატებული ნაბიჯებით, სიხარულის მომტანი გამარჯვებებით, ასევე, იმედგაცრუებებით.

2014 წლის შედეგების შეჯამებისას, შეუძლებელია სიხარულით არ გავიხსენოთ ასაკობრივი ნაკრები გუნდების წარმატებები. მწვრთნელთა შტაბის, თითოეული ფეხბურთელის სწრაფვა გამარჯვებისკენ, სპორტული ჟინი და თავდადება. ასევე, გულშემატკივართა საოცარი მობილიზება და მხარდაჭერა, რამაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი შედეგი განაპირობა.

ასაკობრივი ნაკრებების მიერ მიღწეული წარმატება გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ქართულ ფეხბურთში ღირსეული, ბრძოლისუნარიანი თაობა მოდის. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის; მითუმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ნაკრებები კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას ევროპული მასშტაბებით, ფინალურ ეტაპებზე. ვისურვებთ, 2015 წელი ასაკობრივი ნაკრებებისთვის გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს.

2014 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც. როგორც წინა წლებში, 2014 წელსაც ნაკრების სატურნირო მდგომარეობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ამიტომ, კარგად გვესმის იმ გულშემატკივრების, რომლებიც საყვარელი ნაკრებისგან მეტს ითხოვენ; იმის მიუხედავად, რომ ტრადიციულად, ჯგუფში სერიოზულ მეტოქეებთან გვიწევს საფინალო საგზურისთვის ბრძოლა.

2014 წელს, ნაკრებს დაემშვიდობა მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია, რომელმაც გუნდის განვითარებაში მართლაც კოლოსალური შრომა ჩადო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მას გაწეული მუშაობისთვის და წარმატებას უსურვებს ახალ მწვრთნელს – კახი ცხადაძეს, რომელმაც ნაკრები წლის მიწურულს ჩაიბარა და რომელსაც 2015 წლის მარტიდან, ძალიან მნიშვნელოვან ორთაბრძოლებში მოუწევს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდა.
სირთულეებითა და წარმატებებით სავსე წლის მიწურულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბს, მათ გულშემატკივრებს, მსაჯებს. ვისურვებდით, 2015 წელი გამთლიანებულ ქვეყანაში ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების წელი ყოფილიყოს, სადაც დღეს არსებული კლუბების ფეხბურთელებს მშობლიურ, ამჟამად ოკუპირებულ მხარეებში თამაშის საშუალება მიეცემათ.

2014 და 2015 წლების მიჯნაზე შეუძლებელია სიამაყით არ აღინიშნოს, რომ 2015 წელს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენის – ევროპის სუპერთასის ფინალის მასპინძელი საქართველოს დედაქალაქია. ის, რომ ამის მიღწევა გახდა შესაძლებელი, სწორედ, 2014 და წინა წლებში გაწეული დაუღალავი შრომის, ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, საქართველოს პერსპექტივაში ევროპელი კოლეგების დარწმუნების შედეგია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოხარულია, რომ გარკვეული ბარიერების არსებობის მიუხედავად, ეს ღონისძიება, სწორედ, თბილისში, ჩვენი უშუალო ძალისხმევით ჩატარდება.

სამწუხაროდ, 2014-მა წელმა არ ჩაიარა დანაკარგის გარეშეც… ტრაგიკულად დაიღუპა ლანჩხუთის „გურიას“ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი ნიკა კილაძე. ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ იხრის ქედს მისი ხსოვნის წინაშე.

დამდეგი 2015 წელი მნიშვნელოვანი წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. მოგეხსენებათ, სწორედ 2015 გახლავთ ის წელი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების, მათ შორის, არცთუ იშვიათად, ხელისუფლების შტოს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მომხდარა ამ თემით სპეკულირება, ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ არჩევნები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, გამჭვირვალედ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვლავ ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.

დაბოლოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ფეხბურთელ ქალებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს, სპორტულ ჟურნალისტებს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელ; იმ გუნდს, რომელიც არ იშურებს ენერგიას და ძალას საერთო საქმის კეთებაში. ვულოცავთ მათ, ვინც გამოირჩევიან კონსტრუქციულობითა და ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის სურვილით.

ვისურვებთ, 2015 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

საუკეთესო სურვილებით – ზვიად სიჭინავა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი

 

კახა ცხადაძის განვლილი გზა და ნაკრებში სამომავლო პერსპექტივა

რამდენიმე დღის წინ ქართველი გულშემატკივრებისთვის აქტუალური საკითხი გაირკვა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა. 2015 წლიდან ქვეყნის მთავარ გუნდს კახაბერ ცხადაძე გაწვრთნის.

46 წლის სპეციალისტის ნაკრების თავკაცის პოსტზე დანიშნივნის შესახებ აქამდე ბევრი საუბარი იყო. საბოლოოდ, ჭორები რეალობად იქცა.

რუსთავის „მეტალურგი“, თბილისის „დინამო“ (შემდგომ „იბერია“), შვედური გიფ-ი, მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვის „დინამო“, „აინტრახტი“, „ალანია“, „მანჩესტერ სიტი“, თბილისის „ლოკომოტივი“, მახაჭყალის „ანჟი“ – ეს ის კლუბებია, რომლებშიც ცხადაძეს ფეხბურთელობის პერიოდში უთამაშია. ფეხბურთელის რანგში ცხადაძე 1990 და 1991 წლებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1992 წელს კახამ „სპარტაკის“ რიგებში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ წელს კი, უკვე მოსკოვის „დინამოში“ ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა და ცნობილი გამოცემის, „სპორტ-ექსპერსის“ ვერსიით, წლის საუკეთესო მარცხენა მცველად სახელდება.

ასაკის მიუხედავად, ცხადაძე თანამედროვე ქართველ მწვრთნელთა შორის გამოირჩევა. მისი პირველი გუნდი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, რომელსაც იგი 2001-2002 წლებში თავკაცობდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იგი გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო. მხოლოდ სამწვრთნელო საქმიანობით იგი 2004 წელს დაკავდა და წარმატებას მომენტალურად მიაღწია. 2005-2006 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ მისი თავკაცობით ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მაშინვე ცხადაძე პირველ სკანდალში მოექცა. 2006 წლის სექტემბერში, ჩემპიონატის მეოტე ტურში დისციპლინის დაღვევისთვის, ახალგაზრდა ტრიუმფატორმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შემდგომ კი, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის სადიციპლინო და ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბატონ კახას მუშაობა 2007 წლის 31 მაისამდე აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ცხადაძემ ასევე თავშეუკავებლობის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. გარდა ამისა, უკვე ბოლნისის „სიონში“ მუშაობის პერიოდში ემოციურ სპეციალისტს „ბაქოს“ მთავარ მწვრთნელთან ბეიუკა გაჯიევთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩში შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც განმეორებით შეხვედრას მან ტრიბუნიდან უყურა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ „სიონმა“ ცხადაძის ადმინსიტრაციულ სამუშაოზე დატოვება გადაწყვიტა. სხვათაშორის, ცხადაძის თავკაცობით ბოლნისური კლუბი 2006 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

2008 წელს ქართველი სპეციალისტის აზერბაიჯანული ცხოვრებაც დაიწყო. მაშინ იგი ბაქოს „სტანდარტს“ ჩაუდგა სათავეში და კლუბს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე წრიდან თავკაცობდა. ერთ წელიწადში კახა ბაქოს „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რომელშიც იგი დღემდე მუშაობს. აზერბაიჯანის ერთ-ერთ წამყვან გუნდთან მუშაობის პერიოდში საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი ქვეყნის ჩემპიონი გახდა – წარმატებას ბაქოელებმა 2009/2010 წლების სეზონში მიაღწიეს.

ჯამში, რა თქმა უნდა, ცხადაძის მიერ მიღწეული შედეგები მის საფეხბურთო ცოდნას ხაზს უსვამენ – მწვრთნელის სახით სადებიუტო სეზონში ჩემპიონატის მოგება, თუნდაც, თბილისის „დინამოსთან“, ადვილი საქმე არაა, თანაც, ამას ბოლნისის „სიონთან“ ერთ წელიწაში მოგებილ ჩემპიონატიც მივუმატოთ.

თანამედროვე ქართველ მწვრთნელებს შორის ცხადაძე ერთ-ერთი ის მწვრთნელია, რომელსაც, შესაძლოა, ფეხბურთელებთან კავშირი არ გაუჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვარაუდის გამოთქმა თუნდაც მისი ასაკიდან გამომდინარე შეიძლება, რადგან ახაგაზრდა, მაგრამ გამოცდილ სპეციალისტს, წესითა და რიგით, ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ უნდა გაუჭირდეს. არის იმის ალბათობაც, რომ ნაკრებში ის ფეხბურთელები დაბრუნდნენ, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას თემურ ქეცბაიასთან არსებული კონფლიქტის გამო არ იცავდნენ. ფაქტია, ცვლილებების დრო მოვიდა. ნაკრები ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, თუ როგორ დატოვეს დიდმა მწვრთნელებმა დიდი კლუბები, რისი მიზეზიც სწორედ ცვლილებების საჭიროება იყო.

ქართული ფეხბურთი დღეს განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია და ასეთ ვაბანკზე წასული საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სამომავლო პერპექტივას, როგორც ნაკრებს, ასევე დღეს მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწვრთნელს უქმნის. წარმეტების მიღწევის შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავს – „ჯვაროსნები“ შესარჩევ ეტაპზე შედეგს გააუმჯობესებენ და კახა ცხადაძისადმი ნდობა მოიმატებს, რომლის დახმარებითაც, შესაძლოა, მან მომავალში რომელიმე ქართული კლუბი ჩაიბაროს და მასთან ერთად წარმტეაბას, როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროსარბიელზე მიაღწიოს.

მოდით, ნუ ვიყოთ პესიმისტები და დავიჯეროთ, რომ საქართველოს ნაკრებში მომხდარი ცვლილებები სიტუაციას მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლიან. ვნახოთ, რამდენად გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას საკმარისი გამოცდილების მქონე სპეციალისტი…

სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა

დღეს, რესტორან “ქალაქურში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წელი შეაჯამა და ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოავლინა. სულ რამდენიმე წუთის წინათ გახდა ცნობილი გამარჯვებულთა ვინაობა.

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია დასახელდა, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”) და ჯაბა კანკავა (“დნიპრო”) ჩამოიტოვა. ამ ნომინაციაზე წარდგენილ ფეხბურთელთა შორის გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ერთმა ხმამ გადაწყვიტა.

წლის საუკეთესო ლეგიონერი ასევე ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია გახდა, რომელმაც ამ შემთხვევაშიც თორნიკე ოქრიაშვილსა (“გენკი”) და ჯაბა კანკავას (“დნიპრო”) აჯობა.

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო “დინამო თბილისის” ყოფილ თავდასხმელ ჩისკო მუნიოსს გადასცეს, რომელმაც “ზესტაფონის” ყოფილი თავდასხმელი ჯაბა დვალი და გორის “დილას” ფორვარდი ირაკლი მოდებაძე ჩამოიტოვა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “დინამო თბილისის” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი დაასახელეს, რომელმაც ლუკა ზარანდიასა (“გენკი”) და ოთარ კიტეიშვილს (რუსთავის “მეტალურგი”) აჯობა.

გამარჯვებულთა გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს.

 

სტადიონების გარეშე დარჩენილი კლუბები – ქართული სპორტის დიდი პრობლემა

ქართული საფეხბურთო კლუბების დიდ ნაწილს სტადიონებისა და ზოგადად დაფინანსების პრობლემა რომ აქვს, ახალი ამბავი არავისთვისაა. სამწუხაროდ, ახალი არც ისაა, რომ თითქმის არც ერთი ასეთი კლუბი სათანადო დაფინანსების ორმოცდაათ პროცენტსაც ვერ იღებს.

თბილისთან შედარებით, რეგიონებში ამა თუ იმ ქალაქის გუნდის მატჩზე საკმარისი მაყურებელი დადის, შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი ერთი გუნდის თამაშით ცოცხლობს და მისი მატჩის დადგომას მოუთმენლად ელის. თუნდაც სურათზე სავსე სტადიონის ხილვა ყოველთვის სასიხარულოა.

თუმცა, როგორ მოიქცეს მოსახლეობა, თუ მისი ქალაქის გუნდი უკვე დიდი ხანია, რაც საშინაო შეხვედრებს სხვა ქალაქში ატარებს? ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს, ხაშურის „ივერიაა“. ამჟამად ხაშურელები საქართველოს მეორე ლიგაში გამოსვლას აგრძელებენ, თუმცა საშინაო შეხვედრების ჩატარება გუნდს ბორჯომში უწევს.

თითქმის ყოველდღე „ივერიას“ ფეისბუქის გვერდზე იტვირთება სურათები, რომლებიც ქალაქის სტადიონის ამჟამინდელ საშინელ მდგომარეობას ასახავენ.

ეს სურათი ჯერ კიდევ 2011 წელსაა გადაღებული, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, სიტუაცია არც დღეს შეცვლილა და გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონისგან, შესაძლოა, სულ მალე მხოლოდ ნანგრევი დარჩეს:

Iveria Stadium
როგორც ამბობენ, დაპირება ქალაქის მაჟორიტარის ვალერი გელაშვილისგანაც იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, სიტუაციის გამოსასწორებლად პატარა ნაბიჯიც კი არავის გადაუდგამს.

იყო წერილი სამინისტროშიც, თუმცა პასუხად კლუბმა და გულშემატკივრებმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანისგან მხოლოდ ის მიიღეს, რომ კლუბების დასაფინანსებლად სამინსიტროს თანხა გამოყოფილი არ აქვს და ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოვალეობაში შედის. სამწუხაროდ, მისი მოგვარება, როგორც ხვდებით, ვერც (ან არც) მუნიციპალიტეტს გამოსდის.

არაერთ სხვა ქვეყანაში პატარა ქალაქების კლუბებსაც სპონსორები ჰყავს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამა თუ იმ კლუბის აქციების შეძენით ახალი გუნდის აშენებას ცდილობენ, რასაც, ასეა თუ ისე, შედეგი მოაქვს. ასეთ ნათელ მაგალითს ბულგარული „ლუდოგორეცი“ წარმოადგენს, რომელიც წლების წინ ქვეყნის დაბალ დივიზიონში გამოდიოდა, დღეს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგის დონის კლუბთან თანაბრად თამაშობს. ბიზნესმენების და კომპანიების მხრიდან სპორტული კლუბებისადმი უყურადღებობა ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. არც ისე ლამაზია, როდესაც ყველანი ქვეყანაში სპორტის დაბალ დონეზე საუბრობენ, თუმცა, ის, ვისაც, ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად შეუძლია, უმოქმედოდაა.

ამავდროულად, რა კლუბების განვითარებაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს 16-გუნდიან უმაღლეს ლიგასაც კი გუნდები აკლდებიან, თანაც ისეთი გუნდები, რომლებსაც ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასე, ცოტა ხნის წინ, „ზესტაფონი“, მწვრთნელის მსგავსად, ყველა ფეხბურთელმა დატოვა. იგივე პრობლემა ქუთაისის „ტორპედოსაც“ აქვს, „სიონი“ მესამე სეზონია ბოლნისში აღარ თამაშობს და საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სტადიონზე ატარებს, სადაც ასევე ცხინვალის „სპარტაკი“ თამაშობს.

დრო მიდის, ქართულ სპორტში არსებული პრობლემები კი მოუგვარებლად რჩება, რაც იმდენად მოსაბეზრებელია, რომ ხალხს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედიც აღარ აქვს. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში სპორტის დონემ საგრძნობლად აიწიოს, ყველა გუნდს სტადიონი, ინფრასტრუქტურა და საარსებოდ საკმარისი თანხა გააჩნდეს? როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება, თუმცა, ეს „ბოლო“, იქნებ, უკვე დადგა?

საქართველოს მორიგი სუპერთასი, რომელიც უცნაურ დროს ტარდება

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს 2014 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც, შარშანდელი მატჩის მსგავსად, ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდებიან. 2013 წლის 22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი სოსო ფრუიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

ზოგადად კი, საქართველოს სუპერთასს საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს. წესით, უამრავ სხვა ქვეყანაში, თუ ეს შეხვედრა ამ პერიოდში ტარდება, მაშინ ამ ქვეყანაში ჩემპიონატი ზამთარი-შემოდგომის სისტემით ტარდება. თუმცა, არა საქართველოში… საბედნიეროდ, უშუალოდ ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება, რითაც ქართული ფეხბურთი ერთ პრობლემას ავტომატურად იცილებს, სამაგიეროდ, ბევრი სხვა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა სეზონის დაწყება იმ გუნდებისთვის, რომელთა სტადიონებზეც ცუდი მინდორია ან რომლებსაც საშინაო მატჩების ჩატარება რეგულარულად ნეიტრალურ სტადიონებზე უწევთ. მსგავსი კლუბები დღევანდელ 16-გუნდიან ჩემპიონატში დღეს მრავლადაა… არსებობს განათების პრობლემაც, რაზეც თუნდაც ის მეტყველებს, რომ რამდენიმე სტადიონიდან სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოება რთულია. ამის გამო დეკემბერში და თებერვალში მატჩები ადრე იწყება.

ქართულ ფეხბურთში მუდმივი და ჯერჯერობით არაფრის მომტანი ცვლილებების ჩამოთვლა რომ მოგვინდეს, ალბათ, საკმაო დროის დახარჯვა მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებებს სათანადო შედეგი ჯერჯერობით არ მოუტანიათ. როგორც უკვე აქამდე ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნეთ, 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა თავისი უარყოფით მხარეები ამ მცირე პერიოდში უკვე გვაჩვენა. საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის შექმნის პერიოდიდანვე უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, იყო შემთხვევებიც, როდესაც გუნდი სეზონის მიმდინარეობისას არსებობას წყვეტდა. მსგავს მაგალითს დღევანდელ ჩემპიონატში ქუთაისის „ტორპედო“ წარმოადგენს. მართალია, კლუბი არ დაშლილა, თუმცა მისი რიგები მწვრთნელთან და სპონსორ „ვისოლთან“ ერთად უამრავმა ფეხბურთელმა დატოვა.

როდესაც საქართველოს სუპერთასის უცნაურ ისტორიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მისი ჩატარების თარიღს ვგულისხმობთ. უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის არ იყოს, აქაც მუდმივი ცვლილებებია, ოღონდ ეს ცვლილებები მატჩის ჩატარების თარიღთანაა დაკავშირებული. თუ შარშანდელი სუპერთასი დეკემბერის ბოლოს ჩატარდა, 2013 წელს, „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შეხვედრა 22 თებერვალს შედგა. იმავე „ზესტაფონმა“ „გაგრასთან“ 2012 წლის სუპერთასისთვის საერთოდ 29 მაისს ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს სუპერთასი არც კი ჩატარებულა.

ასეთი არასტაბილურობა, როგორც ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, ასევე უშალოდ ქართული კლუბებისთვის მხოლოდ ზარალის მომტანია. წესით, ეს მატჩი სეზონს უნდა ხსნიდეს და წინა სეზონის ტრიუმფატორები ახალ სათამაშო წელს სწორედ ამ შეხვედრით უნდა ხსნიდნენ. უცხოეთში ბევრი გუნდი სუპერთასს სწორედ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებს. ეს შეხვედრა მოახლოებულის სეზონისთვის მოსამზადებლად მართლად კარგია, რადგან ერთმანეთს უშუალო კონკურენტები უპირისპირდებიან და მათ ერთმანეთის მინუსებისა და პლუსების გაგების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შემთხვევით არაა, რომ სუპერთასზე ბევრი გუნდი ძირითადი შემადგენლობით არ გამოდის.

იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დადებით ცვლილებას ამ მხვრივაც შეიტანს. მანამდე კი, ხვალინდელ მატჩს დაველოდოთ, რომელიც მართლაც საინტერესო უნდა იყოს. „დინამომ“ ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი წააგო (ერთ-ერთი სწორედ „ჩიხურასთან“). კახა გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებს არამხოლოდ ბოლო დროინდელი ცუდი სტატისტიკის გამოსწორების, არამედ, შარშან სუპერთასის წაგებისთვის რევაშის აღების შანსი აქვთ. ამავდროულად „ჩიხურა“, მოგების შემთხვევაში, საქართველოს სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლება და მეოთხე ქართული კლუბი გახდება, რომელიც ამ წარმატებას მაიღწევს. აქამდე სუპერთასი ზედიზედ ორჯერ თბილისის „დინამომ“ (1996 და 1997 წლებში), თბილისის „ამერმა“ (2006, 2007) და „ზესტაფონმა“ (2011, 2012) მოიგეს.

ყველაზე მეტჯერ სუპერთასი თბილისის „დინამომ“ მოიგო. „მტკივრისპირელებმა“ აქამდე რვაჯერ ითამაშეს და ხუთი მატჩი მოიგეს. მეორე ადგილს ორ-ორი თასით „ზესტაფონი“ და „ამერი“ იყოფენ, თუმცა, თბილისურ კლუბთან განსხვავებით, ზესტაფონელები სუპერთასზე სამჯერ გამოვიდნენ (2008 წელს „ზესტაფონმა“ სუპერთასის თამაში „დინამოსთან“ წააგო).

ზვიად სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე გასამართ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“რამდენიმე ხნის წინათ განვაცხადე, რომ კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და უკვე დაყენებული კანდიდატურების გამო არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მეც ვიყარო.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალ თავკაცს, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. აგენტები მუშაობენ და გვყავს რამდენიმე ვარიანტი”, – აღნიშნა დღეს ზვიად სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინათ ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა (ვიდეო)

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთელის მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა. თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ძეგლის გახსნას ცნობილი ადამიანები დაესწრნენ, მათ შორის ფეხბურთელის შვილიშვილი, მსახიობი მიხეილ მესხიც იყო.

Meskhi

წარმოგიდგენთ ძეგლის გახსნის ამსახველ ვიდეოს, რომელიც თავისი ფეისბუქის გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდმა გაავრცელა: