შესაძლოა, ჯეკ უილშირი “არსენალის” მწვრთნელი გახდეს

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი “მეთოფეთა” რიგებში შესაძლოა მწვრთნელად დასაქმდეს.

Evening Standard-ის ცნობით, “არსენალი” უილშირის კანდიდატურას 18 და 23 წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს. ლონდონური კლუბი ბევრმა სპეციალისტმა დატოვა და “მეთოფეები” ახლა ახალი მწვრთნელების ძიებაში არიან.

ჯეკ უილშირი უკლუბოდ არის. 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა გასულ თვეს განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა მწვრთნელის ამპლუაში სურს.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირი “არსენალის” აღზრდილი გახლავთ. მან პროფესიული კარიერა “მეთოფეთა” რიგებში 2008 წელს დაიწყო და გუნდის ღირსებას 2018 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 198 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 30 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბოლოს უილშირი დანიურ “ორჰუსში” თამაშობდა.

ჯეკ უილშირი: “არსენალის” დატოვებით შეცდომა დავუშვი”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეკ უილშირმა, რომელიც დღესდღეობით “ბორნმუთის” ღირსებას იცავს, ამბობს, რომ სამი წლის წინ “მეთოფეების” დატოვებით შეცდომა დაუშვა.

“მაშინ მეგონა, რომ “არსენალის” დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი. რას ვიზამთ?!

მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით გუნდი სწორ გზას ადგას. ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ ცდილობენ. თუ სტაბილურობას შეინარჩუნებენ, მათ დიდი წარმატება ელით, ვინაიდან მწვრთნელს სწორი ფილოსოფია აქვს და მოთამაშეები მას პატივს სცემენ. მართებული მიმართულებით მიდიან, თუმცა – ნელა.

ახლა “მეთოფეთა” რიგითი ქომაგი ვარ და ამ სტატუსის ტარება რთულია. გარშემო “არსენალის” უამრავი ფანი მყავს და როდესაც ამ გუნდში ვთამაშობდი, ისინი მეუბნებოდნენ: “რთულია “არსენალის” ფანობა”. ახლა ვხვდები, რას გულისხმობდნენ ისინი. უცნაურია, მაგრამ “არსენალს” დღემდე ჩემს ნაწილად ვთვლი. რთული მათი ამ მდგომარეობაში ცქერა, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – უილშირის კომენტარი “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

გაუთავებელი ტრავმებით გატანჯულმა ფეხბურთელმა 2018 წელს “არსენალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით “ვესტ ჰემ იუნაიტედს” მიაშურა. მას შემდეგ უილშირს კარიერული რეგრესი აქვს. 29 წლის ნახევარმცველი “არსენალთან” კავშირს ინარჩუნებს, თუმცა მხოლოდ გულშემატკივრის რანგში.

ჯეკ უილშირს ინგლისის ნაკრებში დაბრუნება სურს

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ ჯეკ უილშირს ინგლისის ეროვნული ნაკრების განაცხადში დაბრუნება სურს.

“მეამაყება, რომ ინგლისელი ვარ და ჩემი ქვეყნის ნაკრების რიგებში თამაში მინდა. სამწუხაროდ, ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, მან მე არ ამარჩია. მან მითხრა, რომ გუნდში მოსახვედრად მეტი სათამაში პრაქტიკა მჭირდება. შესაბამისად, “არსენალის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა დავიმკვიდრო და თავი კარგად წარმოვაჩინო, რის შემდეგაც ნაკრებშიც გამომიძახებენ.

არსენ ვენგერთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ის შემპირდა, რომ სათამაშო დროს გამომიყოფს. “არსენალში” დარჩენა მინდა”, – ციტირებს უილშირის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

უილშირმა “არსენალს” წაგება უსურვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” მიიღებს. ამ გუნდებს ერთმანეთთან ჯეკ უილშირი აკავშირებთ, რომელიც “არსენალის” საკუთრებაა, “ბორნმუთში” კი განათხოვრების წესით თამაშობს. თავად ფეხბურთელი კონტრაქტით გათვალისწინებული შეთანხმების გამო აღნიშნულ შეხვედრაში თამაშს ვერ შეძლებს.

“რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე მიჯრით და სამწუხაროა, რომ ამ მატჩში ვერ ვითამაშებ, თუმცა, შესაძლოა, კარგიც არის, რომ მხოლოდ ერთი თამაშის გამოტოვება მიწევს, შემდეგ კი ჩვეულად გავაგრძელებ ასპარეზობას. მე ახლა “ბორნმუთის” ფეხბურთელად ვითვლები და მინდა, რომ “ბორნმუთმა” მოიგოს”, – უილშირის კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.

ჯეკ უილშირმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა.

“არსენალსა” და “ბორნმუთს” შორის შეხვედრა კვირას გაიმართება და თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

ოფიციალურად: ჯეკ უილშირი “ბორნმუთში” ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ჯეკ უილშირი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით “ბორნმუთში” გაატარებს.

ინგლისელ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის ტრავმის გამო ბოლო პერიოდში “მეთოფეთა” რიგებში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. გარდა ამისა, არსენ ვენგერის გუნდმა გრანიტ ჯაკა დაიმატა, რამაც აგრეთვე იქონია გარკვეული გავლენა უილშირის გადაწყვეტილებაზე.

24 წლის ინგლისელი ნახევარმცველის დამატების სურვილი “კრისტალ პალასსა” და “რომასაც” ჰქონდათ.

ჯეკ უილშირმა პელეს ინტერვიუ ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ინტერვიუ ჩამოართვა.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე საამაყო ეპიზოდი?
— ღმერთს მადლობას ვუხდი ბევრი საამაყო მომენტისთვის. გამოვყოფდი შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ჩემთვის პირველი იყო. მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატიც, როდესაც იტალია დავამარცხეთ, 1970 წელს.

— ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი?
— ჩემი ბავშვობის გმირი მამაჩემი იყო. ის “სან პაულუს” ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ.

— რა გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება?
— პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 17 წლის ასაკში, შვედეთში ვითამაშე. ეს ჩემთვის ოცნება იყო. მაშინ პასუხისმგებლობა არ მქონდა, ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1970 წელს, უკვე გამოცდილი მოთამაშე გახლდით და გაცილებით რთული იყო, რადგან უდიდესი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბრაზილიაში პოლიტიკური პრობლემა იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. ძალიან რთული იყო.

— რატომ აირჩიეთ 10-ნომრიანი მაისური?
— ეს სრული შემთხვევითობა იყო. როდესაც “სანტოსში” დებიუტი მქონდა, ჩვენი მეათე ნომერი ტრავმირებული იყო და ის მე შევცვალე. 16-17 წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ეს იღბლიანი ნომერი აღმოჩნდა. ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები.

 

ვენგერმა უილშირის ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჯეკ უილშირის ლას-ვეგასში ყოფნის დროს სიგარეტის მოწევის პროცესში დააფიქსირეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

„უილშირთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მიჭირს რაიმე განცხადების გაკეთება.

მას აუცილებლად უნდა დაველაპარაკო და გავარკვიო, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

დიდად არ ვღელავ, უბრალოდ მაინტერესებს, რა მოხდა. მანამდე ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა.

ჯეკი იმ ასაკშია, როდესაც სულ უფრო წინ უნდა წავიდეს. მნიშვნელოვანია მისი სასურველ კონდიციებში ყოფნა.

ის დიდებული ფეხბურთელია. უილშირს საფეხბურთო ტვინი აქვს და ამბიციურიც არის. თუ ჯანმრთელად იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ დიდებულ სეზონს ჩაატარებს“, – ვენგერის სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ უილშირი სიგარეტით ხელში გასული წლის ოქტომბერშიც დააფიქსირეს. მაშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა. შარშან ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა.

 

ინგლისელების გართობა ვეგასში… უილშირი ისევ ეწევა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯო ჰარტმა, ჯეკ უილშირმა და ჯეიმს მილნერმა ჩავარდნილი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლას-ვეგასში განტვირთვა გადაწყვიტეს.

გავრცელდა მათი გართობის ამსახველი ფოტომასალაც. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უილშირი კვლავ გამოიჭირეს სიგარეტის მოწევის პროცესში. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ინგლისელი ნახევარმცველი სიგარეტით ხელში დააფიქსირეს. მაშინ უილშირმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა, თუმცა… შარშან არსენ ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. საინტერესოა, ახლა რა ელის უილშირს.

 

ფლამინი და უილშირი ვარჯიშზე წაკინკლავდნენ

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას, მასპინძელთა ნახევარმცველები მატიე ფლამინი და მესუთ იოზილი ერთმანეთთან წაკინკლავდნენ.

გუნდში ყველაფერი წესრიგში რომ არ არის, ეს დღევანდელმა ვარჯიშმაც დაადასტურა. საწვრთნელი პროცესის დროს ერთმანეთს კვლავ ფლამინი და ჯეკ უილშირი წაეკიდნენ. სიტუაცია ბაკარი სანიამ განმუხტა.

როგორც ჩანს, დისციპლინის მოყვარულ არსენ ვენგერს თავის ფეხბურთელებთან ამ მხრივ მუშაობის ჩატარება მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

უილშირმა მოწევას თავი დაანება

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა, რომელიც ფოტოზე იმ ეპიზოდში აღბეჭდეს, როცა ის სიგარეტს ეწეოდა, აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. ინგლისელმა ფეხბურთელმა პირობა დადო, რომ სიგარეტს აღარ გაეკარება. აღნიშნული ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) შემდეგ მოხდა, როდესაც პაპარაცებმა უილშირი დილის ოთხ საათზე, ღამის კლუბთან დააფიქსირეს. ფაქტს „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად დაგმო ინგლისელი ფეხბურთელის საქციელი.

„შეცდომა დავუშვი. ასეთი რამ ხანდახან ხდება ხოლმე. მეტს აღარ მოვწევ. მწვრთნელს ვესაუბრე, მან მთხოვა, რომ ყველაფერი ამეხსნა. ყველაფერი გავარკვიეთ და მომდევნო მატჩში მან ძირითად შემადგენლობაში გამამწესა. იმედი მაქვს, ის ამ ინციდენტს დაივიწყებს. იმ დღეს უკანასკნელად მოვწიე“, – უილშირის სიტყვები „გარდიანმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

უილშირმა ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ზიდანი სიგარეტს ეწევა

მიმდინარე კვირაში ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჯეკ უილშირი პაპარაცებმა ღამის კლუბთან იმ დროს დააფიქსირეს, როცა ის სიგარეტს ეწეოდა. ინგლისელი ფეხბურთელი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და თავის მიკრობლოგზე ზინედინ ზიდანის ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ფრანგი სიგარეტს ეწევა. ეს სურათი იმ დროს არის გადაღებული, როცა ზიზუ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო.

„მე საერთოდ არ ვეწევი“, – დაწერა უილშირმა.

ფაქტს „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უილშირის სიტუაცია ყოვლად მიუღებელია.

ბექა დოგრაშვილი