ძანეტი, მილიტო და კამბიასო სეზონის ბოლოს „ინტერს“ დატოვებენ?

Football Italia-ის ცნობით, არ არის გამორცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანის „ინტერი“ ერთბაშად სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია ხავიერ ძანეტიზე, ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოზე.

კლუბის ახალი მფლობელი ერკ თოჰირი გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც შესაძლოა, აღნიშნული მოთამაშეები შეეწირნონ.

40 წლის ძანეტი, რომელიც „ინტერის“ ღირსებას 1995 წლიდან იცავს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას „ნერიაძურის“ კაპიტანი ზაფხულში აპირებს. 34 წლის მილიტოს „ინტერთან“ მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება, ახალ შრომით ხელშეკრულებას კი ჯერჯერობით არ სთავაზობენ. რაც შეეხება კამბიასოს, ის შესაძლებელია, დარჩეს კლუბში, თუმც ხელფასი გაუნახევრდება. ამ დროისთვის, მას ჯამაგირის სახით წელიწადში 4,5 მილიონი ევრო აქვს.

ბექა დოგრაშვილი

ხავიერ ძანეტი: „დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს?“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის ახალი ხელმძღვანელობის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასული სეზონის ბოლოს „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მოგვიანებით კი, ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან კლუბი იყიდა.

„ეს წელი დავიწყეთ ახალ მწვრთნელთან ერთად, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენამდე მოიტანოს თავისი იდეები. ვმუშაობთ, რომ მის გეგმებს მივყვეთ. სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მთავარი მიზანი საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაა.

პრეზიდენტი თოჰირი ნათელი იდეების მქონე პიროვნებაა. იმედი გვაქვს, რომ „ინტერს“ მაღალ პოზიციაზე დავაბრუნებთ. ვცდილობთ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მადლობას ვუხდი კლუბის ქომაგებს, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ. მინდა, რომ მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, – აღნიშნა ძანეტიმ.

40 წლის არგენტინელი ფეხბურთელი სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის იმასაც, თუ როდის აპირებს ბუცების ლურსმანზე დაკიდვას.

„რა არის ჩემი საიდუმლო? ვცდილობ, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია, თანაგუნდელებს დავეხმარო. საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელად ვარ.

ვიმედოვნებ, რომ 2014 წელი ბედნიერი იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს „ინტერი“ გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, რაც ყოველ ჩვენთაგანს გაახარებს.

დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს? ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ვფიქრობ, რომ შემიძლია, მოედანზე გუნდს სარგებელი მოვუტანო, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბის მეპატრონეებს მაინც შევხვდები. მინდა თუ არა, რომ კვლავ ვითამაშო? დიახ, მინდა, მაგრამ წინ კიდევ ექვსი თვეა და მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „ინტერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი: „კარიერას „ინტერში“ დავასრულებ“

„ინტერის“ ვეტერანმა ხავიერ ძანეტიმ არ იცის, თუ რამდენი ხნით გაგრძელდება მისი კარიერა, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ თამაშს სწორედ „ნერაძურიში“ დაასრულებს.

„მორატიმ თქვა, რომ თამაში 45 წლამდე შემიძლია? ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიმდინარე სეზონში მსურს, „ინტერს“ დავეხმარო, ხოლო რა იქნება მომავალში, ნამდვილად ვერ გეტყვით“, – აცხადებს არგენტინელი.

„კარიერას „ინტერში“ დავასრულებ, რადგან აქ ჩემი სახლია. იტალია – ჩემი მეორე სამშობლოა, რომელმაც მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად თბილად მიმიღო“, – დაასრულა მილანური კლუბის კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ძანეტი: „ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ თავის მომავალზე ისაუბრა.

„ახლა მხოლოდ მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილზე ვარ კონცენტრირებული. ამის შემდეგ მომავალზე მშვიდ გარემოში ვიფიქრებ. ამ მომენტისათვის გუნდისთვის სარგებლის მოტანა მსურს. არ ვიცი, რითი დავკავდები მომავალში, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ „ინტერის“ სისტემაში სიამოვნებით დავრჩებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ“, – განაცხადა არგენტინელმა ვეტერანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხავიერ ძანეტი – კარიერის დასრულება ჯერ ადრეა

მილანის „ინტერის“ ახალი მფლობელი ერიკ თოჰირი „ნერიაძურის“ 40 წლის მცველ ხავიერ ძანეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი შემოთავაზებას დასთანხმდება.

ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ წერს.

ამასთან, „ინტერი“ მზად არის, ძანეტის ნებისმიერ მომენტში შესთავაზოს კლუბის ვიცე-პრეზიდენტის ან ტექნიკური დირექტორის პოსტი.

თავად არგენტინელი ფეხბურთელი აცხადებს: „კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“

უახლოეს მომავალში ძანეტი „ნერიაძურის“ ახალ მფლობელთან ამ საკითხის განხილვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან ოფიციალურად შეისყიდა „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი.

ბექა დოგრაშვილი

„ინტერის“ გამარჯვება და ძანეტის დაბრუნება

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში მილანის „ინტერმა“ „ლივორნოს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმარი გუნდის მეკარე უხეშად შეცდა და საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა. დიდი ხნის განმავლობაში „ინტერი“ მინიმალური უპირატესონით იგებდა. აღსანიშნავია, რომ ექვსთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ხავიერ ძანეტი, რომელმაც 91-ე წუთზე მასპინძელთა მეორე საგოლე ეპიზოდი წამოიწყო, შეტევა მატეო კოვაჩიჩმა განავითარა, გოლით კი იუტო ნაგატომომ დააგვირგვინა.

„ინტერმა“ აქტივში 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე პოზიციები გაიმყარა. „ლივორნო“ 12 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

სერია A
ტური XII
„ინტერი“-„ლივორნო“ 2:0 (1:0)

გოლები: ბარდი 30′ (ა.გ.), ნაგატომო 90+1′.
გაფრთხილებები: რანოკია 32′, სამუელი 33′, როლანდუ 90+4′ – დუნკანი 24′, პაულინიო 73′, შიატარელა 82′.

 

40 წლის ხავიერ ძანეტი „ინტერის“ განაცხადში ბრუნდება

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მილანის „ინტერი“ „უდინეზეს“ ესტუმრება. „ნერიაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის განაცხადში 6-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიყვანა უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ძანეტიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა პენსიაზე გასვლა არ ისურვა.

„აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, მალე ვითამაშებ. მოვლენების დაჩქარება არ მინდა. ვფიქრობ, იანვრამდე თამაშს შევძლებ.

კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ, ახლა ჩემი მიზანი გამოჯანმრთელება და თამაშია. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“, – განაცხადა ძანეტიმ.

მატჩი „უდინეზესა“ და „ინტერს“ შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ხავიერ ძანეტი: „მაცარი კუპერს მაგონებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტანი ხავიერ ძანეტი მიიჩნევს, რომ კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი საქმის მიმართ დამოკიდებულებით ექტორ რაულ კუპერს ჰგავს, რომელიც „ნერიაძურის“ 2001/03 წლებში თავკაცობდა.

„ჯერ ნაადრევია ჩვენი გამოსვლის შეფასება. ამას სეზონის ბოლოს გავაკეთებთ. საინტერესო სეზონი უნდა გამოვიდეს, რადგან ყველა წამყვანი კლუბი გაძლიერდა. სერიოზული კონკურენცია გაჩაღდება. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებულები ჩვენ გავხდებით. რაც შეეხება მაცარის, მან ჩემზე შთაბეჭდილება ჩვენი შეხვედრის პირველივე დღეს მოახდინა. მას შესანიშნავად ესმის, რასაც აკეთებს. მე მომწონს მისი მსოფლმხედველობა. ის ბევრს ფიქრობს სამუშაოზე და ქმნის გუნდს, რომელსაც გამარჯვება შეეძლება. საქმის მიმართ დამოკიდებულებით ის ექტორ კუპერს მაგონებს“, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ კუპერის თავკაცობით „ინტერმა“ ვერაფერი ვერ მოიგო.

ბექა დოგრაშვილი