ხვალ ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — “ლივერპული” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“ფეხბურთი შეიცვალა და მე შევძელი ამ ცვლილებებთან ადაპტაცია. 2003 წელს ჩატარებული ჩემი პირველი ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ეს პოზიტიური ცვლილებებია. ფეხბურთი ძალიან საინტერესო შოუა და ცვლილებებს ვეჩვევი, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს.
კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულს” ხშირად გადავეკვეთე. პირველად ეს 1984 წელს, რომის ფინალში მოხდა. მაშინ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. შემდეგ იყო 2005 და 2007 წლების ფინალი. ჩვენი მეტოქეობა, რა თქმა უნდა, გამძაფრდა იმ პერიოდში, როდესაც “ევერტონში” ვმუშაობდი.
მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომლის წინააღმდეგაც თამაში რთულია. “ლივერპული” ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ფიზიკურად მშვენივრად არის მომზადებული. კარგია, რომ გადამწყვეტ მატჩში ასეთ მეტოქეს ვხვდებით.
“ლივერპულს” 2018 წლის ფინალისთვის “რეალზე” შურისძიება სურს? 1981 წლის პარიზის ფინალის გამო არც “რეალი” აპირებს რაიმეს დათმობას. არ ვთვლი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთმანეთს ორი დიდებული გუნდი ხვდება, გაიმარჯვებს უფრო გაბედული და ქარიზმატული”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი “ლივერპულსა” და “რეალს” შორის შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.