“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გუნდის კიპერ დავიდ დე ხეას ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ესპანელი მეკარე ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გასამართ მატჩსაც გამოტოვებს.
“ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელმა დე ხეას ჰკითხა, სურს თუ არა თამაში. ესპანელმა უპასუხა, რომ თამაში არ უნდა.
გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში დე ხეას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის იმდენად კარგად ვერ აჩვენებდა საკუთარ თავს, ძველი დე ხეა აღარ არის. შარშან იგი საუკეთესო იყო, ფანებმა ბოლო ორ სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის აირჩიეს.
ახლა ყველაფერი სერხიო რომეროსა და მის ფორმაზეა დამოკიდებული. დე ხეა ამჯერადაც განაცხადს მიღმა დარჩება, კარში კვლავ სერხიო რომერო იქნება”, – ვან გაალის სიტყვები “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ესპანელი მეკარით მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული.
“ასტონ ვილასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.