ფიგუ: “ინტერში” ალექსის სანჩესის მოყვანას ვცდილობდი”

მილანის “ინტერის” ყოფილმა დირექტორმა ლუიშ ფიგუმ, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, განაცხადა, რომ თავის დროზე “ნერიაძურიში” ჩილელი თავდამსხმელის ალექსის სანჩესის მიყვანას ცდილობდა.

“ალექსის სანჩესს კარგად ვიცნობ. მას ჯერ კიდევ იმ პერიოდში ვაკვირდებოდი, როცა იტალიაში თამაშობდა. როდესაც “ინტერის” დირექტორი ვიყავი, გუნდში მის მოყვანას ვცდილობდი, თუმცა ეს ტრანსფერი არ გამოვიდა”, – განაცხადა ფიგუმ “რადიო კოოპერატივას” ეთერში.

 

ფიგუ ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატებს სატელევიზიო დებატებში იწვევს

ლუიშ ფიგუ, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, მხარს უჭერს ტელევიზიის საშუალებით კანდიდატთა შორის საჯარო დებატების ეთერში გადაცემის ინიციატივას.

“ფეხბურთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყვართ და ქომაგებისთვის ამის გაკეთება აუცილებელია. აუცილებელია, რომ ფიფას სამომავლო მართვაზე ღია და გულახდილი საუბრები გავმართოთ.

მხარს ვუჭერ ტელეარხების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატთა შორის საჯარო დებატები უნდა გაიმართოს. ოთხოვე კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

აუცილებელია, ფიფა ახალ გზაზე დავაყენოთ. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, თუ რას სთავაზობენ კანდიდატები”, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს “ტორონტო სანი”.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შედგება.

 

მესიმ ფიგუს რეკორდი მოხსნა

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

კატალონიური გუნდის არგენტინელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემების რაოდენობით ლუიშ ფიგუს რეკორდი დაამხო.

პრიმერადივიზიონის 23-ე ტურში “ლევანტეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:0) მესიმ ლა ლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა, 31-ე ესპანური ჰეთთრიკი გაიფორმა, რითაც ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა და 106-ე შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. ფიგუს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 105 საგოლე პასი ჰქონდა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში მესამე ადგილი “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავის უკავია, რომელსაც 92 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.

 

რაული ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიგუს კანდიდატურის დაყენებას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი რაული ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუიშ ფიგუს მიერ საკუთარი კანდიდატურის დაყენების ფაქტს გამოეხმაურა. ესპანელი ფეხბურთელის აზრით, ფიგუს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია.

“ფიგუ მდიდარი ისტორიის მქონე ფეხბურთელია. მას ფეხბურთისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია. კარგია, რომ მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. დარწმუნებული ვარ, ფიგუ დებატებში მონაწილეობას მიიღებს და ფეხბურთის განვითარებისთვის ახალ იდეებსაც შემოგვთავაზებს. მე მისკენ ვარ”, – რაულის სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ: მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ჟერომ შამპანი, ყოფილი ფეხბურთელები დავიდ ჟინოლა და ლუიშ ფიგუ, აგენტი მინო რაიოლა და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მიქაელ ვან პრააგი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წელს გაიმართება.

 

ფიგუ: “ისეთ ფეხბურთელებთან მითამაშია, რომლებიც, შესაძლოა რონალდუსა და მესის აღემატებიან კიდეც”

“ბარსელონას”, მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ განაცხადა, რომ კარიერის განმავლობაში მას, შესაძლოა, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებთან უთამაშია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან.

“გამიმართლა, რომ ისეთი დიდებული ფეხბურთელების გვერდით მაქვს ნათამაშები, რომლებიც, შესაძლოა დონით რონალდუსა და მესის აღემატებიან კიდეც. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემ მიერ დასახელებული მოთამაშეები დღესდღეობით სააუკეთესოები არიან”, – ფიგუს სიტყვებს “ტუტომერკატო” აქვეყნებს.

 

ლუიშ ფიგუ მესისა და რონალდუს ერთმანეთთან შედარებაზე

“ბარსელონას” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ ამავე კლუბების ამჟამინდელი ლიდერების — ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთთან შედარება არ ისურვა. A Bola-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფიგუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება.

“მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ მე ვარ. აი, ეს არის გამოსავალი ამ კითხვის დასმის დროს, – გაიხუმრა ფიგუმ. – შეუძლებელია, მსოფლოს ორ საუკეთესო მოთამაშეს შორის უკეთესის ამორჩევა. ძალიან რთულია, ვინაიდან ერთის ამორჩევით მეორე მოთამაშეს უკან აყენებ, რითაც გულისხმობ, რომ ის არც ისე კარგი ფეხბურთელია. ეს არასწორი მიდგომაა. ამიტომ, მე მათ შორის არჩევანს არ ვაკეთებ, ორივე ძალიან კარგი მოთამაშეა”.

 

ფიგუ: „არა მგონია, მსოფლიოს თასი ისევ ესპანეთმა მოიგოს“

პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ. პორტუგალიელის თქმით, 2014 წლის მუნდიალის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.

„არა მგონია, ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხოს. ამ გუნდს გამარჯვებისთვის საჭირო ხარისხი არ გააჩნია. ესპანელებისთვის მუნდიალის მოგება რთული იქნება, თუმც არა შეუძლებელი.

ვფიქრობ, რომ ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ლუიშ ფელიპე სკოლარის კარგად ვიცნობ. ის ამ ტიტულის მოსაპოვებლად ზედგამოჭრილი მწვრთნელია. ბრაზილიელ ფეხბურთელებს გულშემატკივართა მხრიდან გამხნევება გარანტირებული აქვთ. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.

რთული გზა აქვს პორტუგალიის ნაკრებსაც. ჩემს ქვეყანაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ადვილია არ არის, იპოვო 18-20 პორტუგალიელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეეძლება. ამასთან ერთად, გუნდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე“, – ფიგუს სიტყვებს goal.com-ი ციტირებს.

პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტად მადრიდის „რეალს“ თვლის.

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს, რადგან კლუბმა ეს ტიტული უკანასკნელად 2002 წელს დაისაკუთრა, როცა ამ გუნდის ნაწილი მეც გახლდით. ასე რომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, „რეალი“ გაიმარჯვებს, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ფინალში ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ფიგუ: „რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არასწორია“

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდუს ეუსებიოსთან შედარება არაკორექტულია. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, სანაკრებო დონეზე 43 გოლი მოაგროვა და პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ეუსებიო უკან ჩამოიტოვა.

„ეს უსამართლო შედარებაა. არა მგონია, რომ ეუსებიოსთან ვინმეს შედარება შეიძლებოდეს. ჩემთვის ის მეფეა. ასეთი შედარება სუბიექტური მიდგომაა. ვიღაცას მოსწონს რონალდუ, ვიღაცას – ფიგუ, ვიღაცას კი მარადონა ან ეუსებიო. ყველას თავისი აზრი აქვს“, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ბექა დოგრაშვილი