სუარესი: „სამწუხაროა, რომ ტორესი გააძევეს“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა „ატლეტიკოსთან“ მატჩში მეტოქე ფერნანდო ტორესის გაძევების შესახებ ისაუბრა. კატალონიელთა კარში გოლის ავტორმა მეორე ყვითელი ბარათი 35-ე წუთზე მიიღო.

„წითელმა ბარათმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ყველამ იცის, რომ ტორესი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მან ორჯერ იუხეშა. ეს სამწუხაროა, რადგან უკეთესი იქნებოდა, თუ თერთმეტი თერთმეტზე ვითამაშებდით“, – ციტირებს სუარესს „Football Espana“.

ლუის სუარესი: “ლივერპული” მენატრება”

“ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა აღიარა, რომ “ლივერპულში” გატარებული დრო ენატრება და აღნიშნავს, რომ ინგლისური კარიერა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო.

29 წლის შემტევმა, რომელიც “წითლების” ვარჯიშს დაესწრო განაცხადა: ” მათი ნახვა მართლაც რომ ფანტასტიური შეგრძნებაა. აქ მომუშავე პერსონალი ნამდვილად მენატრება, ამიტომაც მოვედი აქ, ჩემი მეგობრების სანახავად. აქ ნამდვილად კარგი მეგობრები მყავს.

3-ნახევარი წელიწადი გავატარე აქ და ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ძალიან ბევრი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში.

ყოველთვის ვცდილობ, რომ “ლივერპულის” მატჩებს ვუყურო და შედეგები გავიგო. ძალიან მაინტერესებს “ლივერპულის” მდგომარეობა, რადგანაც ეს გუნდი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.” – განაცხადა ევროპის ჩემპიონმა.

სუარესი: „ჯერარდმა „არსენალში“ გადასვლა არ მირჩია“

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გაიხსენა, რომ 2014 წელს მის „ბარსელონაში“ ტრანსფერზე გავლენა „ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა იქონია.

„არსენალი“ ჩემით ინტერესდებოდა. არამგონია, ეს ვინმესთვის სიახლე იყოს.

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ჯერარდს პირადად გავესაუბრე. მან მითხრა, რომ „ლივერპულში“ კიდევ ერთი სეზონით დავრჩენილიყავი, შემდეგ კი „ბარსელონას“ წინადადებაზე მეფიქრა.

წარსულის გახსენებისას, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი იყო. სტივი ნამდვილი კაპიტანია, რომელიც რჩევის მისაცემად ყოველთვის მზადაა“, – ციტირებს სუარესს „დეილი მეილი“.

სუბისარეტა: “ბარსამ” სუარესი მას შემდეგ აირჩია, რაც აგუეროს ტრანსფერი ჩაიშალა”

კატალონიური “არსელონას” ექს-დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ RAC 1-თან საუბრისას  დიდ ფეხბურთში განვითარებული მოვლენები განიხილა.

“რომა” vs “რეალი: “რომამ” უკეთ ითამაშა, ვიდრე “ბარსასთან”, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადაწყდა.”

მის გათავისუფლებაზე: “კლუბის პრეზიდენტთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყველა გადაწყვეტილებას კლუბი იღებს, მათ შორის კარგ და ცუდ ტრანსფერებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსაც.”

ბრავოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე: “გვეგონა, რომ ვიქტორ ვალდესი ჩვენთან კიდევ დიდი ხანი დარჩებოდა, თუმცა მან სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ტერ შტეგენი ავირჩიეთ, როგორც მომავლის მეკარე, ხოლო კლაუდიო ბრავო ლუის ენრიკეს რჩეული იყო.”

ლუის სუარესზე: “ძალიან მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ შემტევი ტრიო ერთმანეთს ასე კარგად შეეწყო. სუარესს ძალიან უნდოდა ჩვენს რიგებში ყოფნა. ტრანსფერი 2014 წლის მუნდიალამდე გარკვეული მიზეზების გამო არ განხორციელდა, შემდგომ კი მოხდა ის ინციდენტი (კბენა), რაზეც ყველა საუბრობდა. მან შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს აღარავის ახსოვს. ჩვენ მას მეორე შანსი მივეცით.”

სერხიო აგუეროზე:  ” ჩვენ გავმართეთ დისკუსია თემაზე, თუ რომელი თავდამსხმელი უნდა მოგვეყვანა. სერხიო აგუეროს საქმე ძალიან გართულდა, ამიტომაც ლუის სუარესი ჩვენი პირველი სამიზნე გახდა.”

 

გვარდიოლას მთავარი სამიზნე ლუის სუარესი იქნება

მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელ თავკაცს, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” ლუის სუარესის მიყვანა სურს.

Sunday Mirror-ის ცნობით, “ლივერპულის” ექს-შემტევი, რომელიც გასაოცარ სეზონს ატარებს, გვარდიოლასთვის მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

გვარდიოლამ უკვე დაიწყო ფიქრი თავის ინგლისურ კარიერაზე და მზადაა, მისი ყოფილი გუნდის შემტევისათვის 40 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ სუარესის წარმომადგენელი პეპ გვარდიოლას ძმა პერე გვარდიოლაა, ასე რომ მსგავსი ტრანსფერის განხორციელება არც ისე რთული იქნება.

სუარესი: “თუ ინგლისში დავბრუნდები, მხოლოდ “ლივერპულში” ვითამაშებ”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ “ენფილდის” ატმოსფერო ენატრება, სადაც იგი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

“არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. თუ ერთ დღესაც ინგლისში დავბრუნდები, მხოლოდ “ლივერპულში” ვითამაშებ.
ფანები მენატრება. “ენფილდ როუდზე” უბრალოდ წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევს ხოლმე.
ყველამ, ვისაც “ლივერპულში” უთამაშია, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. “ლივერპულის” ფანები ჩემს გულში დარჩებიან”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “სანი”.

ლუის სუარესმა “ლივერპულის” რიგებში 107 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა.

 

სუარესი: “მსოფლიოში მესის შემდეგ ნეიმარია”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაკლუბელების — ლიონელ მესისა და ნეიმარის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. რასაც იგი მოედანზე აკეთებს, აღფრთოვანებას იწვევს, თუმც, ამავე დროს, იგი საოცრად მორცხვი და მოკრძალებულია.

მესის შემდეგ ნეიმარი მოდის. იგი ლეოსგან სწავლობს. ბრაზილიელი ყოველ მატჩში აკეთებს რაღაც საოცრებას. ოდესღაც ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Four four two.

 

სუარესი: „ჩემი სინდისი სუფთაა“

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელმაც ესპანეთის თასის მატჩში „ესპანიოლის“ ფეხბურთელების შეურაცხოფისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა.

„არ ვიცი, შევძლებ თუ არა თამაშს, მაგრამ ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან არაფერი მითქვამს.

„ატლეტიკოსთან“ მატჩი? ჩემი ამბიციები ნორმალური თამაშის ჩვენების საშუალებას მაძლევენ. მთელი თამაში ვიბრძოდი და პენალტის მოპოვება მოვახერხე. ვცდილობ, ჩემი სამუშაო შევასრულო, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთში ჩემზე წინ არიან“, – ციტირებს ურუგვაელს Goal.com-ი.

ლუის ენრიკე: „სუარესი ნამდვილი მკვლელია“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „გუანჩჟოუ ევერგრანდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„გუნდი მატჩს სრული სერიოზულობით მიუდგა. შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია და მეტოქეს ჩვენს კართან ხიფათის შექმნის საშუალება არ მივეცით. ყველა მხვრივ, კარგად ვითამაშეთ, რასაც ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ“.

ენრიკემ ცალკე ლუის სუარესი შეაქო, რომელმაც ხსენებულ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა.

„სუარესი მეტოქის საჯარიმოში ნამდვილი მკვლელია, რომელსაც გატანა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია. თუ ამას მის დაცვაში თამაშის უნარსაც დავუმატებთ, ვიტყვით, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

ტურნირის ფინალში „ბარსელონას“ მეტოქე არგენტინული „რივერ პლეიტი“ იქნება.

სუარესი მესისა და ნეიმარის დაბრუნებას იმედოვნებს

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის, ნეიმარისა და დუგლასის მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას იმედოვნებს. ცნობისთვის, კატალონიელები ფინალში სწორედ ურუგვაელის გოლებით გავიდნენ – სუარესმა „გუანჩჟოუ ევერგრანდთან“ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა.

„იმედია, მესი რაც შეიძლება მალე დაბრუნდება და ფინალისთვის მზად იქნება. იგივეს თავად ლეოც იმეოდვნებს. მსგავსი რამეს ნეიმარსა და დუგლასზეც ვიტყოდი“, – განაცხადა ურუგვაელმა.

სუარესმა აბდენურის ბრალდებას უპასუხა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა „ვალენსიას“ მცველის აიმენ აბედენურის ბრალდებას უპასუხა, რომელიც თვლის, რომ ესპანეთის ჩემპიოანტის ანგარიშით 1:1 დასრულებულ მატჩში ურუგვაელმა მის წინააღმდეგ უხეშად განზრახ ითამაშა. (იხილეთ ვიდეო)

„მსგავსი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე. ეს სპეციალურად არ გამიკეთებია. თამაშის შემდეგ, როდესაც აბდენური ვნახე, ის დამეთანხმა. მის მიერ გამოქვეყნებული განცხადება სასაცილოა“, – თვლის სუარესი.

სუარესი: “ბარსელონას” ფულში არ გავცვლი”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ დიდძალი თანხის შემოთავაზების შემთხვევაშიც კი, კატალონიური გუნდის დატოვებას არ აპირებს.

“აქ გადმოსვლამდე ბევრი რამის გადატანა მომიხდა. ყოველთვის მინდოდა “ბარსელონაში” თამაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე კლუბი სამმაგ თანხას შემომთავაზებს, აქაურობას არ დავტოვებ. ჩემი ოჯახი ბედნიერი. აქ თამაშს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვაპირებ”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისათვის, 28 წლის ურუგვაელ თავდამსხმელს “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.