როგორც მოგახსენეთ, ლუიშ ფიგუმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პორტუგალიელმა ამ გადაწყვეტილების მიზეზები სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტა.
“გადაწყვეტილება მიღებულია. მონაწილეობას არ მივიღებ პროცესში, ფიფას არჩევნები რომ ჰქვია. საკუთარ თავთან ფიქრისა და დანარჩენ ორ კანდიდატთან მსჯელობის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ იმას, რაც 29 მაისს ციურიხში მოხდება, ნორმალური არჩევნები არ უნდა ეწოდოს.
კანდიდატურების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე არცერთი საჯარო დებატი არ გამართულა. ვინმე ნორმალურად მიიჩნევს იმას, რომ არცერთ კანდიდატს არ წარმოუდგენია წინასაარჩევნო პროგრამა?
ეს პროცესი მხოლოდ ერთ პირს ემსახურება. აქედან ფეხბურთი ვერაფერს ვერ მოიგებს. ჩემი თვალით ვნახე ფედერაციის პრეზიდენტები, რომლებიც ფიფას ხელმძღვანელს ეშმაკს უწოდებდნენ, შემდეგ კი იგივე ხალხი მას იესო ქრისტეს ადარებდა. ეს ვინმემ კი არ მითხრა, ჩემი თვალით ვნახე”, – აღნიშნა ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმაც. მან საკუთარი კანდიდატურა იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინის სასარგებლოდ მოხსნა.
ამრიგად, ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი შეეცილებიან.
არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.