კალდერონი: „ფერგიუსონს სურდა, რომ რონალდუ „ბარსელონაში“ გადასულიყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავკაც ალექს ფერგიუსონს კი სურდა, რომ პორტუგალიელი სწორედ კატალონიურ გუნდში გადასულიყო.

„ფერგიუსონს უნდოდა, რომ რონალდუ არა „რეალში“, არამედ „ბარსელონაში“ გადასულიყო. არც თავად კატალონიელები იყვნენ ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგნი, თუმცა უარი კრიშტიანუმ თქვა.

სწორედ ამიტომ გადმოვიდა რონალდუ ჩვენთან. ამით ყველა კმაყოფილი დარჩა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბა, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ, კრიშტიანუმ კი ის მიიღო, რაც სურდა. მისნაირ ფეხბურთელებს მხოლოდ ფული კი არა, დიდება აინტერესებთ. ასეთი მოთამაშეები იმ გუნდს ეძებენ, რომელიც ტიტულების მოგების შესაძლებლობას მისცემს“, – კალდერონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

რიო ფერდინანდი შეფ-მზარეულობას აპირებს?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა მცველმა რიო ფერდინანდმა მუშაობა, შესაძლოა, შეფ-მზარეულად გააგრძელოს.

ინგლისელი მცველის თანაკლუბელმა დავიდ დე ხეამ სოციალურ ქსელში ფერდინანდის ფოტო ატვირთა და წარწერაც გაუკეთა: „ჩვენ ახალი შეფ-მზარეული გვყავს!“

ხუმრობა იქით იყოს და რიო ფერდინანდი მართლაც ფლობს მანჩესტერში რესტორანს.

„ოლდ ტრაფორდის“ გახსნიდან 104 წელი გავიდა

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ღირსშესანიშნავი დღეა. ზუსტად 104 წლის წინათ, 1910 წლის 19 თებერვალს „წითელი ეშმაკების“ სტადიონი „ოლდ ტრაფორდი“ გაიხსნა. სწორედ ამ დღეს გაიმართა პირველი მატჩი, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

მატჩზე დამსწრე ჟურნალისტი სტადიონს ასე აღწერდა: „ყველაზე ლამაზი, ყველაზე ფართო და ყველაზე საოცარი არენა, რომელიც ოდესმე მინახავს. მსოფლიოს მასშტაბით უბადლო საფეხბურთო მოედანია. ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ პატივია. სანამ აქ ითამაშებენ, მათ სასწაულების ჩადენა შეეძლებათ“.

დღესდღეობით „ოლდ ტრაფორდი“, რომელსაც მეორენაირად „ოცნებების თეატრს“ უწოდებენ, 75 ათასზე მეტ ადამიანს იტევს. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით სიდიდით მეორე არენაა (პირველი ლონდონის „უემბლის“ სტადიონია), ევროპის მასშტაბით კი – მეცხრე. მიღებული აქვს უეფას ელიტარული 5 ვარსკვლავი, რომელიც ინგლისში „ოლდ ტრაფორდთან“ ერთად მხოლოდ „უემბლის“ აქვს. სტადიონმა მიიღო 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები, უმასპინძლა 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას, გაიმართა 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო მატჩები. „ოლდ ტრაფორდს“ ეკუთვნის ინგლისის პრემიერლიგაში გულშემატკივართა დასწრების რეკორდიც. 2007 წლის 31 მარტს „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბლექბერნ როვერსს“ შორის გამართულ შეხვედრას 76 098 ადამიანი დაესწრო, რაც ამ დრომდე პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.

ბექა დოგრაშვილი

რუნი კონტრაქტს ამ კვირაში გაახანგრძლივებს

ორიოდე დღის წინათ გაუწყეთ, რომ უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ბრიტანული „გარდიანი“ იტყობინება, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ხელს მიმდინარე კვირაში მოაწერენ. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, კონტრაქტი ორ-სამ დღეში უნდა გახანგრძლივდეს.

რუნის ახალი ხელშეკრულების ვადა 2019 წლამდე იქნება გათვალისწინებული. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით კვირაში 300 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხაა.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი კაპიტანი გახდება.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები მარადონას შეხვდნენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დუბაიში მოკლევადიან შეკრებას გადის. გუნდის დღევანდელ ვარჯიშს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაესწრო. „ფეხბურთის ღმერთის“ სტუმრობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კლუბის მოთამაშეებმა მასთან ფოტოსესიაც მოაწყვეს.

„ძალიან მაგარია, როცა შენს კერპს ხვდები. დიეგო მარადონა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა“, – დაწერა სოციალურ ქსელში რობინ ვან პერსიმ.

„ქალბატონებო და ბატონებო, ისტორიაში საუკეთესო მარცხენა ფეხი. ელ დიეგო!“ – ეს სიტყვები ხუან მატას ეკუთვნის.

„სასიამოვნოა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო „ათიანთან“ ერთად ყოფნა“, – აღნიშნა დავიდ დე ხეამ.

აქვე გთავაზობთ ფოტომასალას.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი ვან პერსის აგენტს შეხვდა

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი გვაუწყებს, რომ ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ რობინ ვან პერსის აგენტს შეხვდა. პალმერი იტყობინება, რომ აღნიშნული შეხვედრა 28 იანვარს შედგა, მთავარი განსახილველი თემა კი ვან პერსის „არსენალში“ დაბრუნება იყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი ფორვარდის ლონდონში დაბრუნების წინააღმდეგი არც „მანჩესტერ იუნაიტედია“.

შეგახსენებთ, რომ რობინ ვან პერსი „არსენალის“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდა. აღნიშნული ტრანსფერის გამო ჩრდილოლონდონური გუნდის ბევრმა ქომაგმა ჰოლანდიელი თავდამსხმელი მოიძულა და საკითხავია, ვან პერსის „ემირეითსზე“ დაბრუნების შემთხვევაში, როგორ შეხვდებიან მას „არსენალის“ გულშემატკივრები.

ბექა დოგრაშვილი

„რეალს“ ვიდალი სურს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი მადრიდის „რეალის“ ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად იქცა.

ჩილელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ინტერესის სფეროში გასულ ზაფხულს მოხვდა, თუმცა აღნიშნული გარიგების განხორციელებას ასიერ ილიარამენდის და გარეტ ბეილის ტრანსფერებმა, ასევე ილკაი გიუნდოგანთან არსებულმა შეთანხმებამ შეუშალა ხელი.

როგორც ჩანს, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ვიდალის დავიწყებას არ აპირებს. კლუბი მზად არის, 26 წლის ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ვიდალის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენს.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერმა ვან პერსიზე საუბარი არ ისურვა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ემირეითსზე“ შედგება, სადაც ლონდონის „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბში რობინ ვან პერსის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი არ ისურვა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი „არსენალის“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა.

„არა მგონია, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვან პერსი განსახილველად საუკეთესო თემა იყოს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ“, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს ბრიტანული „მირორი“.

მატჩი „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსი“ ნანის არ ეშვება

ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის არ ეშვება.

ბრიტანული „თოქსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბი პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცდილობდა, თუმცა გარიგება არ შედგა. ამის მიუხედავად, იტალიური კლუბი დანებებას არ აპირებს და ნანის ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება. 27 წლის ნახევარმცველის დამატებით თავად ანტონიო კონტე არის დაინტერესებული. ნანის მიმართ ინტერესს „ინტერი“ და „მილანიც“ იჩენენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების წინააღმდეგი არც თავად პორტუგალიელი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ნანიმ პრემიერლიგის მიმადინარე გათამაშების 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ბარტონმა ალექს ფერგიუსონს საქციელი დაუწუნა

ინგლისური ფეხბურთის ეპატაჟურმა ფიგურა ჯოი ბარტონმა ალექს ფერგიუსონს საქციელი დაუწუნა. „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მერსისაიდელმა ნახევარმცველმა შენიშნა რა, რომ სერ ალექსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოველ მატჩს ესწრება, მისთვის სოციალური ქსელის მეშვეობით რჩევების მიცემა გადაწყვიტა.

„რა აზრი ჰქონდა ფერგიუსონის გადადგომას? ის მაინც ყოველ მატჩს ესწრება. წადი, არდადეგები მოიწყე, გოლფი ითამაშე… ოჯახთან, ან მეგობრებთან ერთად მაინც გაატარე დრო“, – წერს ბარტონი.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის გაზაფხულზე დატოვა, თუმცა კლუბის თითქმის ყველა მატჩს ტრიბუნიდან ადევნებს თვალყურს.

ბექა დოგრაშვილი

„რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ რუნის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ხელს შეუშლის

ბრიტანელი სპორტული რეპორტიორები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ სურს, უეინ რუნის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ დაუშვას. ინგლისელ თავდამსხმელს „წითელ ეშმაკებთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება, „სამეფო კლუბი“ კი აპირებს, რომ რუნი თავისთან მიიწვიოს.

ინგლისური პრესის ცნობით, „რეალის“ ხელმძღვანელობა 28 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდება და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმას სთხოვს, რის შემდეგაც მის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაყვანას შეეცდება. უცხოური წყაროების თანახმად, თუ რუნი „წითელ ეშმაკებთან“ ახალ კონტაქტს არ გააფორმებს, „რეალი“ შესაძლო ტრანსფერის ღირებულებად 25 მილიონ ევროს დაასახელებს.

როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბის“ ინტერესებში ლუის სუარესიც შედიოდა, თუმცა ორი დღის წინათ ურუგვაელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რამაც მის ტრანსფერთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

ბექა დოგრაშვილი

ფერგიუსონი: „მითხრეს, რომ ანდერსონი რუნის სჯობდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „პორტუდან“ ანდერსონის ტრანსფერთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. ფერგიუსონის თქმით, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაზე მისივე ძმა და ამასთანავე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი მარტინ ფერგიუსონი მუშაობდა.

„მარტინი გავაგზავნე, რომ ანდერსონს 4-5 კვირის განმავლობაში დაკვირვებოდა. ამის შემდეგ მარტინმა მითხრა, რომ ანდერსონი რუნიზე უკეთესია. მე ვუპასუხე: ღვთის გულისათვის, ასეთ რამეს ნუ ამბობ, მას გაცილებით ბევრი რამ დასჭირდება იმისთვის, რომ რუნის აჯობოს. რატომღაც მარტინი თავის სიტყვებში დარწმუნებული იყო“, – აღნიშნა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი „პორტუდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 30 მილიონი ევრო შეადგინა.

ბექა დოგრაშვილი