მარტვილის “მერანი” პოლონურ კლუბთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

მარტვილის “მერანმა” თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე, მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა. თავიდან შეხვედრა “სტალ მიელეცთან” იყო დაგეგმილი, თუმცა საბოლოოდ სხვა პოლონურ კლუბთან – მიეძ ლეგნიცასთან გადაწყდა სპარინგ-მატჩი, რომელიც პოლონეთის პირველ ლიგაში მე-4 ადგილზეა და ელიტარულ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის.

ამხანაგური შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ორმხრივი იერიშებით წარიმართა. 26-ე წუთზე, ლეგნიცას ფეხბურთელმა უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო და დარჩენილი დრო მეტოქე 10 კაცით დარჩა.

“მერანელებმა” მთლიანობაში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და ამ დაპირისპირებაში გამარჯვება თუ არა ფრე მინიმუმ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზას აკლდა სიზუსტე, სხვა შემთხვევაში კი პოლონელთა მეკარე იყო დამაჯერებელი.

ერთადერთი გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე გაიტანა მეტოქემ. დარჩენილ დროში “მერანი” უფრო დიდი ძალებით გადაერთო შეტევაში, თუმცა საბოლოო ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა “ლეგნიცა მიეძის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

14 თებერვალი. 16:30. თურქეთი. სიდე.
საკონტროლო მატჩი.

მიეძ ლეგნიცა – მერანი მარტვილი 1:0 (0:0)

“მერანის” შემადგენლობა: კულუა, ციმაკურიძე, ვ. ფაცაცია, მელიავა, ჟიშკარიანი, ლომაშვილი, ტეიდი, ბოლქვაძე, მათიაშვილი, ტრეტიაკი, ხინთიბიძე.

სათადარიგო: მეშველიანი, გეგია, ჯანჯღავა, ჟვანია, ც. ფაცაცია, შულაია, ლუკავა, მიქავა.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე

მარტვილის “მერანის” ოფციალური გვერდი

ფოთის “კოლხეთი” ეროვნულ ლიგაში დარჩა! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები იმართება.

მარტვილში, “მურთაზ ხურცლავაზე” ადგილობრივი “მერანი” ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. ანგარიში მე-16 წუთზე ვანო კურდღელაშვილმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. პირველ ტაიმშივე სცადა გათანაბრება კოლხეთმა რამდენიმე მომენტით, თუმცა – უშედეგოდ.

მეორ ნახევარში სტუმარი გუნდის მცდელობამ შედეგი გამოიღო: 53-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ შეაგდო. ამას მოჰყვა მისივე დუბლი 90-ე წუთზე. ხოლო, ორ წუთში კურდღელაშვილმა შეასრულა დუბლი. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ თამაში ფოთში, ადგილობრივების გამარჯვებით, ანაგარიშით, 2-1 დამთავრდა: ორი მატჩის ჯამში 4-3 “კოლხების” სასრგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი დარჩა ეროვნულ ლიგაში!

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი: “კოლხეთმა” “მერანი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩები შედგა.

“პარკი არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” მარტვილის “მერანი” მიიღო. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირებაში ანგარიში 36-ე წუთზე ალეკსანდრ დერებჩინსკიმ გახსნა. ზუსტად ხუთ წუთში დავით ბოლქვაძემ “კოლხები” ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. თუმცა, 43-ე წუთზე სერგეი ტრეტიაკმა ერთი გოლი გაქვითა.

საბოლოოდ, ფოთელებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს. განმეორებითი მატჩი უკვე მარტვილში, “მურთაზ ხურცილავაზე” სამ დეკემბერს, 13:00 საათზე აიღებს სტარტს.

“რუსთავი” ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებს!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნულ ლიგა 2-ის ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრა რუსთავში, ადგილობრივმა გუნდმა “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრაში აშკარა უპირატესობას “რუსთავი” ფლობდა. თავდაპირველად გოლი მე-18 წუთზე, გათამაშების ბომბარდირმა დათა სიჭინავამ გაიტანა, ხოლო 61-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ამ გამარჯვების შემდეგ რუსთაველებმა ეროვნულ ლიგა 1-ის საგზური პირდაპირ მოიპოვეს და შემდეგი სეზონიდან საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში იასპარეზებენ. ასევე გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომელებიც გადათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. “მერანი”, დიდი ალბათობით, ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდება, ხოლო “სიონი” ბათუმის “დინამოსთან” მოსინჯავს ძალებს.

ასევე გაირკვა, რომ ეროვნულ ლიგა 2-ს გამოემშვიდობა ტყიბულის “მეშახტე”, ხოლო “ზუგდიდმა” ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდი გავა მე-8 პოზიციაზე. გადარჩენისთვის “გურია” და “ცხინვალი” იბრძვიან. ბოლო ტურში ერთადერთ ინტრიგას სწორედ მერვე-მეშვიდე ადგილზე გასული გუნდების ვინაობი გარკვევა წარმოადგენს.

ეროვნული ლიგა 2: ლიდერების მატჩი “რუსთავის” გამარჯვებთ დასრულდა

დღეს ეროვნული ლიგა 2-ში საინტერესო მატჩი გაიმართა.

მე-15 ტურში, რუსთავში, “ფოლადზე” ადგილობრივი “რუსთავი” “მერანს” შეხვდა. მატჩამდე მასპინძლებს 29 ქულა ჰქონდათ და მეორე ადგილზე იყვნენ, ხოლო “მერანი” 33 ქულით ლიდერი იყო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევრის 61-ე წუთზე რევაზ გეწაძე გააძევეს და მეგრელები ათი კაცით დარჩნენ. ამის შემდეგ “რუსთავი” უფრო გააქტიურად, რაც მალე ანგარიშშიც აისახა. 88-ე წუთზე დათა სიჭინავამ გამარჯვების გოლი გაიტანა და “მერანთან” ახლა სხვაობა ერთი ქულაა.

მომდევნო ტურში რუსთაველები “სიონს”, ხოლო მარტვილელები “გურიას” დაუპირისპირდებიან.

გიორგი ქიმაძე: “მერანს” დიდ წარმატებებს ვუსურვებ!”

გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მეგრულ-იმერული დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქიმაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“პირველ ტაიმში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ეს იყო იდეალური 45 წუთი. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მონდომებული გამოვიდა მოედანზე და აგრესიულადაც შეგვიტია. ეს ყველაფერი აისახა მათ მიერ ერთ გაქვითულ გოლზე. ვთვლი, რომ ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ ეს ტიტული.”

“მარტვილის “მერანი” შესანიშნავი გუნდია. მეგრელებს წარმატებას ვუსურვებ!” – განუცხადა მარცხენა მცველმა.

ქუთაისის “ტოპრედო” საქართველოს თასის გამარჯვებულია!

დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტოპრედო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობა იმერლებს ჰქონდათ. ანგარიში სწორედ მათმა ფეხბურთელმა, გურულმა მე-16 წუთზე გახსნა. ზუსტად 20 წუთში ტუღუშმა “ტორპედო” ორი ბურთით გაიყვანა წინ.

მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე საბანაძემ საჯარიმო დარტყმით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და იგი, ანგარიშით, 1-2 დასრულდა. ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა!

საქართველო თასის ფინალი: წინასამატჩო ვარჯიშები

21 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი მონაწილე გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიშები გამართეს.
მარტვილის „მერანმა“ 14:00 საათზე საკუთარ, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. პირველლიგელთა რიგებში საბრძოლო განწყობაა და გუნდი კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად ემზადება. მარტვილელებს მნიშვნელოვან მატჩში ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილი ვერ დაეხმარებათ, ვაჟა ლომაშვილს კი, პირველი ლიგის გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია აქვს.
ქუთაისის „ტორპედომ“ 17:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. გუნდში მეტოქის მსგავსად საბრძოლო განწყობაა. იმერლებს უკვე 15 წელი ტიტული არ მოუპოვებიათ. ეს კი, რა თქმა უნდა, მათთვის დამატებითი მოტივაციაა. ტორპედოელთა რიგებში დანაკლისი არაა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ნოემბერს, 10:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო: ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია. სტადიონი 4000-მდე გულშემატკივარს იტვევს. ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივარებს კი, საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცათ.

წყარო: Gff.Ge

“რუსთავის” ფან-კლუბი: “ვითხოვთ დეტალურ პასუხს!”

გუშინ სქარათველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა , დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა პირველი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელიც “მერანსა” “რუსთავს” შორის გაიმართა, გარიგებულად სცნო. ორივე კლუბს დაეკისრა სანქციები: ჯარიმა – 10 000 ლარი, ჩამოაკლდათ ექვსი ქულა სატურნირო ცხრილში და ნახსენები მატჩი, ანგარიშით, 0:3 წაგებად ჩაეთვალათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს.კ. “რუსთავის” ოფიციალური ფან-კლუბი განცხადებას ავრცელებს.

“ს.კ. “რუსთავის ” ფან-კლუბი აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ფედერაციისგან, კერძოდ მისი გენერალური მდივნისგან, დავით მუჯირისგან ვითხოვთ დეტალურ პასუხს და ფაქტებს თუ რის საფუძველზე მოხდა კლუბის დაჯარიმება და სანქციების დაწესება. არანაირი მოწმე და არანაირი ვიდეომასალა არ არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება რომ ფედერაციას არ სურს ს.კ რუსთავმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ჩვენ საუბარი გვქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი დანაშაული ჩვენ კლუბს აღნიშნული მატჩის მიმართ არ მიუძღვის. მოვითხოვთ სასწრაფოდ გააუქმონ დაკისრებული საქნციები და ბოდიში მოიხადონ ამ ყოვლად გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო,” – ნათქვამია გულშემატკივრების განცხადებაში.

25-ე ტური „ლოკომოტივისა“ და „მერანის“ ფრით დაიწყო

საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის 25-ე ტური თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, სადაც „ლოკომოტივმა“ მარტვილის „მერანს“ უმაპინძლა. შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-13 წუთზე მასპინძლები დავით უბილავას გოლით დაწინაურდნენ. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე თავისი გუნდი წაგებას ნიკოლოზ საბანაძემ გადაარჩინა.

25 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 23 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება, „მერანი“ კი 18 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

„ლოკომოტივი“ – „მერანი“ 1:1
გოლები: უბილავა 13′ – საბანაძე 85′
გაფრთხილებები: ქიქავა 57′ – ჯიქია 42′, ციმაკურიძე 64′

25-ე ტური ხვალ ორი მატჩით გაგრძელდება. 16:00 საათზე „ჩიხურა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება, პარალელურად კი „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

“მერანმა” საქველმოქმედო აქცია მოაწყო

საფეხბურთო კლუბმა მარტვილის “მერანმა” დღეს საქველმოქმედო აქცია მოაწყო.

კლუბის ხელმძღვანელობა, გუნდის მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები სოფელ დიდ ჭყონში, სოციალურად დაუცველ ავთანდილ კორთხონჯიას მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და სურსათ-სანოვაგე მიუტანეს.

“მერანის” ფეხბურთელების განცხადებით, მათი მხრიდან ქველმოქმედება ამიერიდან სისტემატურ ხასიათს მიიღებს. კერძოდ, კლუბი საქველმოქმედო ფონდ “თანადგომა 2014”-თან ერთად ყოველთვიურად დაეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

 

ბადრი კვარაცხელია: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “მერანი” უმაღლეს ლიგაში დარჩეს”

მარტვილის “მერანს” კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და თითქმის დაუმარცხებელი იყო საკუთარ მოედანზე, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში არასტაბილურად გამოიყურება, რაც კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგზეც აისახა. მარტვილელებს მე-9 ტურის თავზე მხოლოდ 3 ქულა აქვთ, თუმცა არსებულ ვითარებას თავისი მიზეზებიც აქვს, მთავარი მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ გუნდმა ჩემპიონატის დაწყებამდე ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ვერ შეძლო. წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობას გუნდის დატოვება მოუწია ფინანსური კუთხის გამო და შეიძლება ითქვას, ფაქტიურად ახალი გუნდი შეიქმნა დუბლების, ჭაბუკთა ლიგის და რამდენიმე ახალწვეული ფეხბურთელისგან. “მერანს” მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თუ რა მდგომარეობაა გუნდში და რა ცვლილებებია მოსალოდნელი, ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით.

— მართალია გუნდში ახალი მოსული ხართ, მაგრამ მცირე დროც საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ გუნდში არსებულ პრობლემებზე. რაში ხედავთ გამოსავალს?
— პრობლემებს რა გამოლევს საქართველოში. ისევე როგორც სხვა გუნდებს, მარტვილის “მერანსაც” აქვს პრობლემები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდმა ფარ-ხმალი უნდა დაყაროს. საუბარს “საპოვნელასთან” მატჩით დავიწყებ, სადაც “მერანმა” ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, რაც ნებისმიერი გუნდისთვის იქნებოდა დიდი დანაკლისი. ჯერ ავიღოთ “შუქურასთან” მატჩი, სადაც გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში ორი ფეხბურთელი გაგვიძევეს, ასევე ყვითელი ბარათი მიიღო შალიკაშვილმა, რომელსაც გაფრთხილებები დაუგროვდა და გამოტოვა მომდევნო შეხვედრა და დუბლების შეხვედრაში გაძევებული იქნა პაჭკორია. პასუხისმგებლობას კი არ ვიხსნი, უბრალოდ ეს ყველაფერი რომ გავლენას იქონიებდა შემდეგ თამაშზე, ცხადი იყო. აქიდან გამომდინარე, მოგვიწია როტაცია, ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით იმ დასახული ამოცანის შესრულება, რაც გვქონდა. ახლა მთავარია “ლოკომოტივთან” მატჩში მოვიპოვოთ გამარჯვება. “ლოკომოტივთან” მოგებას უდიდესი მნიშნელობა აქვს როგორც შედეგისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის, საკუთარ თავში ძალები რომ ირწმუნონ. “მერანში” ახალი მოსული ვარ და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ძირეული ცვლილებები მომხდარიყო, თუმცა ვცდილობ, გუნდში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, რომ გამარჯვებულის მოტივაცია ჰქონდეთ ფეხბურთელებს, შეთამაშდნენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს. ბევრი სამუშაოა. “შუქურასთან” მატჩი ვახსენეთ და გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით ამ შეხვედრაში, მაგრამ შეცდომის გამო მივიღეთ ბოლო წუთზე გოლი, “საპოვნელასთანაც” იყო შეცდომები.

— ამ კონტიგენტით რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაგიჭირდებათ, ფაქტია და თუ აპირებთ გუნდის გაძლიერებას ახლო მომავალში?
— აუცილებლად გვჭირდება გაძლიერება ყველა რგოლში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი მთლიანად შეიცვლება. საჭიროა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, ერთ პოზიციაზე უნდა იყოს ორი ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ვინც დაიმსახურებს, ის ფეხბურთელი დაიცავს გუნდის ღირსებას. ვინც უფრო მეტს იშრომებს და შედეგიანი იქნება, ის ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მყავს გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე შემოვუშვებ და თამაშის ამინდს შეცვლის, ლიდერის როლს იკისრებს. თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ახალი სისხლია საჭიროა და მეორე წრისთვის ასეც მოხდება.
დუბლშემადგენლობიდან, ჭაბუკთა ლიგიდან გვყავს ჩვენ ნიჭიერი პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ჯერ ადრეა ამ ბავშვებს ასეთი დიდი ტვირთი ავკიდოთ. რა თქმა უნდა, გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც გამოგვადგებიან და ვნახოთ, ყველაფერს გვიჩვენებს მომავალი“.

— სანამ “მერანში” მოხვიდოდით სამუშაოდ, ლანჩხუთიას “გურიას” მთავარი მწვრთნელი იყავით, თუმცა ძალიან ცოტა ხნით. შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა მაშინ?
— იცით რა, მე არ ვარ ის მწვრთნელი, რომ ორი თვით მივიდე გუნდში სამუშაოდ. აი, დღეს “მერანში” ვარ და ჩემთვის ერთ თვეში შედეგი რომ მოეთხოვათ, არ მოვიდოდი. მე ვიცი ეს გუნდი, შესწავლილი მყავს და რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი გუნდის ხელმძღვანელობასთან, მაქვს ჩემი ხედვა და გეგმა. ამისთვის დროა საჭირო, ერთი და ორი თამაშით არ შეიძლება მოხდეს ანალიზი. ვფიქრობ, რომ “გურიას” შემთხვევაში მე და იმ გუნდის პრეზიდენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან, საბოლოო ჯამში, ასე მოხდა. “მერანში” მოვედი იმისთვის, რომ დასახული მთავარი ამოცანა შევასრულო, ამისთვის დროა საჭირო და შედეგიც აუცილებლად მოვა. მე აქ ძმაკაცობით და მეგობრობით არ მოვსულვარ, ჩემი მთავარი მიზანი გუნდის გადარჩენაა და თუ ეს ვერ შევასრულე, ავდგები და წავალ. გუნდის ხელმძღავნელობიდან ხელშეწყობა არის, აქ არის იმის პირობები, გუნდმა ივარჯიშოს, დაისვენოს. ახლა იდეალური მდგომარეობა საქართველოში არსად არ არის, მაგრამ ის პირობები რაც “მერანს” აქვს, არ ასახავს გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს. დღეს “მერანი” არ უნდა იყოს ბოლოსწინა ადგილზე, მაგრამ, როგორც გითხარით, ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ გუნდი წარმატებული გახდეს და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწიოს.

— და ბოლოს, უახლოესი მატჩი თბილისის “ლოკომოტივთან” გაქვთ. როგორი განწყობაა გუნდში?
— მე დავესწარი “ლოკომოტივი” – “საბურთალოს” მატჩს. იცით, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს “ლოკომოტივს” და აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწიეს. ეს მუხტი თითქმის ყველა ახალმა მწვრთნელმა გამოიყენა ჩემ გარდა და იმედია, ჩვენს შემთხვევაში სწორედ “ლოკომოტვთან” გატყდება ნავსი “მერანის” სასარგებლოდ. კარგი ძლიერი გუნდი ჩამოდის გამოცდილი ფეხბურთელებით, მათ შორის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებიც არიან. ასე რომ, სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს, თუმცა ჩვენ, მთავარია, ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ვინც უფრო მეტს მოინდომებს და მეტი ჟინი ექნება, ის გუნდი გაიმარჯვებს. ძალიან გვჭირდება გამარჯვება და იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რაშიც საშინაო არენა და ჩვენი ერთგული გულშემატკივარიც დაგვეხმარება.