კაპელო: „იოზილის გაშვება – „რეალის“ შეცდომაა“

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა ფაბიო კაპელომ აღიარა, რომ მადრიდის „რეალიდან“ მესუთ იოზილის წასვლა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„არ ვიცი, თუ როგორ განხორციელდა ეს ტრანსფერო. მესუთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მადრიდული კლუბისთვის იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა. იგი მსოფლიო დონის ფეხბურთელია. „რეალის“ ხელმძღვანელდბმა დიდი შეცდომა დაუშვეს“, – თვლის კაპელო.

გარდა ამისა, ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატებზეც ისაუბრა:

„ოქროს ბურთი“, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მოიგოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ბწრყინვალე სეზონი ჰქონდა. გარდა ამისა, შვედეთის ნაკრების კარში მან უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა“.

ნური შაჰინი 1:0 მესუთ იოზილი – დორტმუნდელმა ლონდონელს ფეხებში ბურთი გაუძვრინა

როგორც იცით, 6 ნოემბერს, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშულ შეხვედრაში, დორტმუნდელთა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა ლონდონელ მესუთ იოზილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

იოზილმა „არსენალის“ ფერის მანქანაში 400 ათასი ფუნტი გადაიხადა

ლონდონის „არსენალის“ ახალწვეული მესუთ იოზილი ნელ-ნელა ახალ გარემოს ეჩვევა.

ახალ კლუბში მას საქმეები საკმაოდ კარგად მისდის. ყველაფერთან ერთად, პრობლემები მესუთს არც მოედნის გარეთ აქვს. როგორც ცნობილი გახდა, გერმანიის ნაკრების წევრმა წითელი „ფერარი 458“-ის სანაცვლოდ 400 ათასი ფუნტი გადაიხადა, რის შესახებაც ცნობას Sulia ავრცელებს.

აქვე გთავაზობთ იოზილის ახალი ავტომანქანის სურათს.

ალექსანდრე მატევოსოვი

იოზილი საღეჭ რეზინს თავის სტილში ეპყრობა

“სუონსისთან” გასამართი მატჩის წინ, ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა, მესუთ იოზილმა საღეჭი რეზინი პირში თავის სტილში მოათავსა.

ანჩელოტი „რეალიდან“ იოზილის წასვლას არ ნანობს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გუნდი მესუთ იოზილის გარეშე მშვენივრად ასპარეზობს. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტის აზრით, გერმანელი ნახევარმცველის წასვლამ სულაც არ იქონია გუნდის შეტევით პოტენციალზე უარყოფითი გავლენა. შეგახსენებთ, რომ იოზილი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

„იოზილი დიდებული მოთამაშეა, რომელსაც საოცარი შეტევითი უნარები აქვს, თუმცა ბოლო ორ მატჩში – „გალათასარაისაც“ (6:1) და „ხეტაფესაც“ (4:1) მის გარეშე იოლად გავუმკლავდით. 10 გოლი გავიტანეთ, თუმცა 15-ის გატანაც შეგვეძლო. ასე რომ, მესუთის გარეშეც ყველაფერი კარგად არის“, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal-ი.

თავის მხრივ, იოზილმა „არსენალის“ რიგებში 2 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი თავისი მომავლისა და სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მოსაფიქრებლად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს.

„არ მეჩქარება. კონტრაქტი ივნისის თვეში მეწურება, ჯერ კი სექტემბერია. წინ დიდი დროა. ახლა რაიმეს დაგეგმვა საჭირო სულაც არ არის. მინდა, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. შემდეგ დავსხდებით და ვიმსჯელებთ, რა გამოვიდა, რა შეიძლება კიდევ გამოვიდეს და მიღირს თუ არა თანხმობის თქმა“, – აღნიშნა „არსენალის“ თავკაცმა.

გარდა ამისა, ვენგერმა კლუბების სატრანსფერო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა.

„ვიბრძვი იმისთვის, რომ კლუბებმა იმაზე ნაკლები თანხა დახარჯონ, ვიდრე გამოიმუშავებენ. თუ გარკვეულ თანხას მივიღებთ, მოხარული ვიქნები მისი დახარჯვით. გარდა ამისა, მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვეძებთ. რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბს ფინანსური შეზღუდვები ჰქონდა, ახლა „არსენალის“ მდგომარეობა ამ მხრივ უკეთესია“, – განაცხადა ვენგერმა.

„მეთოფეთა“ ფრანგმა დამრიგებელმა მესუთ იოზილის ტრანსფერის შესახებაც ისაუბრა, რაშიც „არსენალმა“ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

„სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ მადრიდის „რეალის“ მხირად იოზილის გაყიდვა გარეტ ბეილის ყიდვასთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა „რეალში“. არსებობდა თუ არა ფინანსური მიზეზი ამ გადაწყვეტილების მისაღებად? შესაძლოა, არსებობდა კიდეც და ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ ვინმე გაეყიდათ“, – დაასრულა ვენგერმა.

ბექა დოგრაშვილი

ბალაკმა იოზილის ტრანსფერზე ისაუბრა

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკი თვლის, რომ მისი თანამემამულე მესუთ იოზილი ლონდონის „არსენალში“ წარმატებას მიაღწევს.

„იოზილი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც კარიერის პიკზე იმყოფება. ის გამოჩენილი ფეხბურთელია და არა მგონია, ინგლისში პრობლემები შეექმნას.
„არსენალი“ დიდებული კლუბია, რომელმაც იოზილის სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღო.
ეს ადასტურებს იმას, რომ მას საერთაშორისო დონეზე განსაკუთერებული ადგილი უკავია. ასეთ თანხას ხშირად არ იხდიან.
იმედი მაქვს, მას საქმეები კარგად წაუვა. მისი სახით პრემიერლიგას შეემატება ფეხბურთელი, რომელიც ტექნიკური შესაძლებლობებითა და ბურთის ფლობით გამოირჩევა“, – განაცხადა ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების წევრი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

იოზილის დებიუტი შესაძლოა 14 სექტემბერს, „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგეს.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალი“ მწვრთნელს დასჯის

ლონდონის „არსენალი“ კლუბის აკადემიის მწვრთნელ მარკ არბერის მიმართ მკაცრი სანქციების გატარებას აპირებს. აღნიშნული პირი „მეთოფეთა“ სკაუტის, ბობ არბერის შვილია და, როგორც ჩანს, კლუბის სატრანსფერო საკითხებში კარგად იყო ჩახედული, რითაც ისარგებლა კიდეც და მადრიდის „რეალიდან“ მესუთ იოზილის „არსენალში“ გადასვლაზე ფსონს ჩამოვიდა, რაც საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო. „დეილი მეილის“ ცნობით, იმ დროისთვის აღნიშნული ტრანსფერის კოეფიციენტი 14/1-ზე იყო. ცნობისთვის, 35 წლის მარკ არბერი პროფესიონალი ფეხბურთელია და „ქორბი თაუნში“ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს. შესაძლოა, ის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც დასაჯოს.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ იოზილის წასვლით უკმაყოფილოა

მადრიდის ”რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მესუთ იოზილის ლონდონის ”არსენალში” წასვლას ვერ ეგუება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშურებით ესპანეთში აბსოლიტურად ყველა არის უკმაყოფილო. თავისი პოზიციის დაფიქსირება როგორც ჟურნალისტებმა, ასვე გულშემატკივრებმა მოასწრეს.

თავად იოზილმა განაცხადა, რომ ”სამეფო კლუბი” მან კარლო ანჩელოტის გამო დატოვა, რომელსაც მისი არ სჯეროდა. იგივე მან ფლორენტინო პერესის დაკავშირებითაც თქვა.

”იოზილის წასვლა ჩემთვის ძალიან ცუდი სიახლეა. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ტრანსფერის გამო ახლაც ვარ გაბრაზებული”, – განაცხადა რონალდუმ, რომელმაც მესუთის წასვლის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დროს შეიტყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

იოზილის ტრანსფერი და განსხვავებული ემოციები

მოგეხსენებათ, მესუთ იოზილი მადრიდის „რეალიდან“ ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდა. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო. აღსანიშნავია, რომ იოზილი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღნიშნულმა ტრანსფერმა არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია – მადრიდელები იოზილს მისტირიან, ლონდონელები კი სიხარულს ვერ მალავენ.

„არსენალის“ თავდამსხმელი თეო უოლკოტი გუნდში მესუთ იოზილის მისვლით ბედნიერია. ინგლისელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იოზილი კლუბს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დიდებული ამბავია. მის წინააღმდეგ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში მითამაშია. მაშინ მან თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. იოზილი თავის დონეს ამ დრომდე გვიჩვენებს. ის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მოუთმენლად ველი მასთან ერთად თამაშს“, – განაცხადა უოლკოტმა.

„რეალის“ მცველი სერხიო რამოსი კი მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბს“ თუ ვინმე უნდა შეენარჩუნებინა, ეს, პირველ რიგში, სწორედ იოზილი იყო.

„ის შესანიშნავი თანაგუნდელი და კარგი მეგობარი იყო. იოზილი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ამ ტრანსფერის გადაწყვეტა ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მესუთი  უკანასკნელი იქნებოდა, რომელიც „რეალს“ დატოვებდა. სამწუხაროდ, კლუბმა სხვაგვარად გადაწყვიტა. რას ვიზამთ?! მას წარმატებებს ვუსურვებ. მასთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. ის მართლაც უნიკალური ფეხბურთელია. ამ ტრანსფერით იმედგაცრუებული დავრჩი“, – ციტირებს რამოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, იოზილი „არსენალში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი