რონალდინიო „პარი სენ-ჟერმენში“?

ლეგენდარული ბრაზილიელი ნახევარმცველი რონალდინიო პსჟ-ში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„პსჟ”? ეს დიდებული გუნდია. ამ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ნებისმიერი მოთამაშე დაასრულებდა კარიერას ისეთ გუნდში, როგორიც “პარი სენ-ჟემენია” და გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ჯერჯერობით მომავალზე არ მიფიქრია. საფრანგეთის ლიგა 1-ში ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე თამაშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამის გამო პარიზში გადავბარგდები“.

– რას იტყვით ლუკას მოურაზე?

– ლუკასი არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა, მას მალე ბევრი ტაშს დაუკრავს“

კავანი: “ლუის სუარესი მადრიდის “რეალზე” ოცნებობს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ედისონ კავანი აცხადებს, რომ მისი თანამემამულე ლუის სუარესი მადრიდის “რეალზე” ოცნებობს.

“სულაც არ გამკვირვებია, რომ სუარესი “ლივერპულს” დაუბრუნდა და გოლების გატანა დაიწყო. ლუისი ინგლისში საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში – ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში, ის ბევრ გოლს გაიტანს.

სუარესი დიდი ფეხბურთელია, ამიტომ “ლივერპულის” გულშემატკივრებს მისი კლუბში დარჩენა გაუხარდათ. ვიცი, რომ ლუისი მადრიდის “რეალზე” ოცნებობს, მას იქ თამაში დიდი ხანია სურს”, – ამბობს კავანი.

იბრაჰიმოვიჩი: „პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირს მოგების შესაძლებლობა აქვს.

„ვფიქრობ, სწორი არ იქნება იმის თქმა, რომ ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული ტურნირის მოგებასაც შეძლებს. წინ არც თუ ისე ადვილი შეხვედრა გველის, რომელშიც უდიდესი გამოცდილების მქონე გუნდს დავუპირისპირდებით. გვესმის, რომ მოგება რთული იქნება, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ“, – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

„რა თქმა უნდა ამ ტურნირის მოგებაზე ვოცნებობ. ჩემი აზრით, პსჟ-სთან ერთად ამის გაკეთების კარგი შანსი მაქვს. ჩვენ ჩინებული გუნდი და შესანიშნავი მწვრთვნელი გვყავს“, – თვლის ზლატანი.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები, რათა სასურველ შედეგს მივაღწიო. პსჟ-ს მხოლოდ უმაღლესი მიზნები აქვს – გუნდი ყველა ტიტულის მოგებას აპირებს“, – დაასრულა 31 წლის ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პსჟ – „ტულუზას“ მატჩი ევრობასკეტის გამარჯვებულებმა გახსნეს

პსჟ-სა და „ტულუზას“ შორის საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის ფარგლებში გამართული შეხვედრა სლოვენიაში დასრულებული ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულებმა, საფრანგეთის ნაკრების წევრებმა ტონი პარკერმა და ნიკოლას ბატუმმა გახსნეს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ფინალურ შეხვედრაში ფრანგებმა ლიტვა დაამარცხეს. რაც შეეხება, პსჟ – „ტულუზას“ მატჩს, იგი პარიზელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვილაშ-ბოაში: „პსჟ? „ტოტენჰემი“ ერთი ნაბიჯით წინ არის“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც მან ზაფხულს ,,პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებების წარმოება არ ისურვა.

„პსჟ-ს პრეზიდენტთან ნასერ ალ-ჰელაიფისთან კარგი ურთიერთობები მაკავშირებს. მოგეხსენებათ, პარიზული კლუბი დამიკავშირდა კიდეც, თუმცა მე „ტოტენჰემში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა ვისურვე. მსურს, რომ ჩემი საქმე აქ ბოლომდე დავასრულო და პირველად ჩემს კარიერაში, ერთ კლუბში ზედიზედ ორი სეზონის განმალობაში ვიყო. „ტოტენჰემი“ – დიდებული გუნდია. პსჟ-ში ამჟამად სტრუქტურული ცვლილებებია. მსგავსი სახის ცვლილებები „ჰოთსპურსს“ უკვე ჰქონდა. შესაბამისად, „ტოტენჰემი“ „პარი სენ-ჟერმენზე“ ერთ ნაბიჯით წინაა. მივიღე თუ არა ფრანგული კლუბისგან კონკრეტული წინადადება? არა, აქამდე საქმე არც მისულა“, – განუცხადა ბოაშმა L’Equipe-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ელ ქეშიკო“

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი „პარკ დე პრენსზე“ შედგება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს. ფინანსურად მოყოჩაღებულმა „მონაკომ“ გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე ლიგა მოიგო და ქვეყნის რანგით პირველ დივიზიონში გადმოინაცვლა, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება „პსჟ“-ს, პარიზელებს აქტივში 11 ქულა აქვთ და დღეს შეეცდებიან, ჩემპიონობისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტი უკან მოიტოვონ. სხვათა შორის, გუნდების ფინანსური შესაძლებლობების გამო, აღნიშნული შეხვედრა „ელ ქეშიკოდაც“ კი მონათლეს.

„კარგია, რომ შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გავიმარჯვეთ. „მონაკოსთან“ გასამართი შეხვედრის წინ, ამას მნიშვნელობა აქვს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ და მოწინააღმდეგეც განსახვავებულია. ათენში გამარჯვება მორაული კუთხით კარგია, თუმცა ეს მოგება უკვე წარსულია, ახლა ყველაზე მეტად „მონაკოსთან“ გასამართ შეხვედრაზე ვღელავ. ალბათ, ეს გუნდი „ოლიმპიაკოსზე“ ძლიერია“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლორან ბლანმა.

„მონაკოს“ აღმასვლა გვიჩვენებს იმას, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი უფრო დაბალანსებული ხდება. მეტოქედ კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ტიტულის მოგება უნდა. ისინი ყველაფერს აკეთებენ წარმატების მოსაპოვებლად. დამდეგი შეხვედრა, ჩვენს მსგავსად, მათთვისაც დიდი გამოცდა იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რათა გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ.

„მონაკოს“ თავკაცი კლაუდიო რანიერი მუდმივად აღნიშნავს, რომ ბლანს მის მეგობრად მიიჩნევს. ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელი თავდამსხმელი სჯობს – რადამელ ფალკაო თუ ედინსონ კავანი.

„პარი სენ-ჟერმენს“ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს. ლორან ბლანს თავისი ფეხბურთელების გამოყენება ისე შეუძლია, როგორც თავად მას სურს. პარიზელებს გრძელი სათადარიგო სკამიც აქვთ“, – განაცხადა რანიერიმ.

– გვითხარით, რომელი სჯობს – კავანი თუ ფალკაო?
– ფალკაო.

სტუმართა პრესკონფერენციაზე მათი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი რადამელ ფალკაოც გამოცხადდა.

„გვესმის, რომ შესათამაშებლად ცოტა დრო გვქონდა. ერთად მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებთ, პარიზელები კი უკვე დიდი ხანია, გუნდად იქცნენ. დამდეგი მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ჩვენი შანსები გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ფალკაომ.

მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ბექა დოგრაშვილი

რომელი ინგლისელი ფეხბურთელი მოსწონს ყველაზე მეტად ზლატანს?

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი მოსწონს. შვედმა დაამატა, რომ რუნისთან ერთად თამაშს ისურვებდა.

„მომწონს, როგორ თამაშობს რუნი. მე მას საოცარ ფეხბურთელად ვთვლი. წარმომიდგენია, როგორ ითამაშებდა ის ჩემთან ერთად ერთ გუნდში. ვთვლი, რომ რუნი მხოლოდ ფეხბურთელი არ არის, რომელიც სეზონში 40 გოლს იტანს. ის ორი-სამი მოთამაშის სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს ბევრი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. როგორც ჩანს, მას გამარჯვებულის სული აქვს. ჩემს მსგავსად, არც მას უყვარს წაგება“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს „ბიბისი“.

„ვთვლი, რომ მის გარშემო გიჟური ამბები ხდება. ჩემს მსგავსად, ისიც იმპულსური ბიჭია. ფეხბურთში იდეალური არავინ არის. ის თავისივე შეცდომებზე სწავლობს, რაც ძალიან მომწონს. ის ისეთია, როგორიც არის და ეს მნიშვნელოვანია. ინგლისელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად სწორედ რუნი მომწონს“, – დაამატა ზლატანმა.

ბექა დოგრაშვილი

„პსჟ“-მ სტუმრად „ბორდო“ დაამარცხა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტური „ბორდოსა“ და  „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. სტადიონ  „შაბან დელმაზე“ შემდგარი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები ბლეზ მატუიდიმ და ლუკას მოურამ გაიტანეს.

ამ დროისთვის  „პსჟ“ გათამაშების ცხრილს ლიდერობს, თუმცა ამავე ტურში პარიზული კლუბის ჩამოტოვების შანსი  „მონაკოს“,  „მარსელსა“ და  „სენტ-ეტიენს“ აქვთ.  „ბორდოს“ სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია აქვს დაკავებული.

მომდევნო ტურში საფრანგეთის ჩემპიონი შინ  „მონაკოს“ დაუხვდება,  „ბორდო“კი გასვლაზე  „ლორიანს“ ეთამაშება.

საფრანგეთის ჩემპიონატი
მე-5 ტური:
„ბორდო“-„პსჟ“ 0:2
გოლები: მატუიდი 30′, ლუკას მოურა 64′.
გაფრთხილებები: ენრიკე 20′, ობრანიაკი 41′ – ონგენდა 69′, ვერატი 80′.

 

ოფიციალურად: სახო – ”ლივერპულის” ფეხბურთელია

თავისი ოფიციალური საიტის საშუალებით, ”ლივერპულმა” საფრანგეთის ნაკრების მცველის მამადუ სახოს შეძენა დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი წლის განმალობაში იმოქმედებს მხარეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა ცნობილია, რომ მათ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. სხვადასხვა წყაროების ცნობით, მერსესაიდელებს ეს ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდათ.

აქამდე სახო მხოლოდ პსჟ-ს ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ლიგა 1-ის 27 მატჩში მისმა მონაგარმა ორი გატანილი გოლი შეადგინა. საფრანგეთის ნაკრების მაისურით კი სახომ 14 მატჩი ჩაატარა.

”ლივერპულის” პროექტი ძალიან მომეწონა, აქ სწორედ ამიტომ ვარ. ჩემს პირველ მატჩს მოუთმენლად ველი”, – განაცხადა 23 წლის მოთამაშემ.

ალექსანდრე მატევოსოვი